1. სამსახურმა, საავიაციო რუკების შექმნა და განახლება უნდა განახორციელოს, ამ წესის და ICAO Dос 8697-ის (საავიაციო რუკების სახელმძღვანელო) შესაბამისად.

2. სამსახური უფლებამოსილია:

ა) აუცილებლობის შემთხვევაში, ამ წესით დადგენილი მოთხოვნებისგან განსხვავებულად  განახორციელოს რუკების შედგენა. ასეთ შემთხვევაში, სამსახური ვალდებულია, წერილობით აცნობოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს  (შემდგომში – სააგენტო) ამ წესის მოთხოვნების განსხვავებულად შესრულების თაობაზე, დაასაბუთოს და დეტალურად განსაზღვროს აღნიშნული განსხვავებების მიზეზ(ებ)ი;

ბ) მოთხოვნის შემთხვევაში, ICAO-ს ხელშემკვრელ სახელმწიფოს გადასცეს ამ წესით დადგენილი საავიაციო რუკა უსასყიდლოდ.

3. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით, სამსახურს უნდა გააჩნდეს:

ა) ხარისხის მართვის სისტემა;

ბ) საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები;

გ) კვალიფიციური პერსონალი, რომელსაც:

გ.ა) გავლილი აქვს ყველა საჭირო სწავლება, და

გ.ბ) გააჩნია სახელმძღვანელო მასალები და თანამდებობრივი ინსტრუქციები;

დ) სამუშაო პროცედურა(ები), რომელიც მოიცავს რუკების შედგენას, ხელმისაწვდომობას და მუდმივ განახლებასთან დაკავშირებული პროცესების სრულყოფილ აღწერას;

ე) საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფა, როგორიცაა, ავტომატიზებული სისტემები, აღჭურვილობა და სხვა;

ვ) „სახელმძღვანელო დოკუმენტი“, რომელიც აღწერს სამსახურის მიერ რუკების შედგენისათვის დადგენილ პროცესებს და პროცედურებს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით