1. მოთავსებული პირისთვის იზოლატორში უზრუნველყოფილი უნდა იყოს 24-საათიანი სამედიცინო მომსახურება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ იზოლატორში, არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, სამედიცინო მომსახურების გასაწევად გამოძახებული უნდა იქნეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
2. მოთავსებულ პირს საჭიროების შემთხვევაში უფლება აქვს, იზოლატორში მოთავსების მთელი პერიოდის განმავლობაში მოითხოვოს სამედიცინო შემოწმების ჩატარება, ასევე აღნიშნული შემოწმების ჩატარების მიზნით საკუთარი ხარჯებით მოიწვიოს ექსპერტი.
3. იმ შემთხვევაში, თუ მოთავსებული პირი უჩივის ჯანმრთელობის მდგომარეობას ან გამოვლინდება ავადობის აშკარა ნიშნები, იზოლატორის მოსამსახურე ვალდებულია, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს იგი სამედიცინო პუნქტში, საჭიროების შემთხვევაში გამოძახებული უნდა იქნეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რათა მიღებულ იქნეს დასკვნა ასეთი პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ან მკურნალობის კურსის იზოლატორში ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. როდესაც მთავარ სამმართველოში:
ა) ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმაში ჩანაწერს აკეთებს მთავარი სამმართველოს სამედიცინო მომსახურების დანაყოფის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოსამსახურე;
ბ) არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ ჩანაწერს ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აკეთებს იზოლატორის მოსამსახურე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შევსებული სამედიცინო ბარათის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამედიცინო მუშაკი ვალდებულია სატელეფონო გზით, დაუყოვნებლივ, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე – წერილობითი ფორმით შეატყობინოს საქართველოს პროკურატურას, ასევე აცნობოს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობასა და სამსახურის გენერალურ ინსპექციას:
ა) თუ სამედიცინო მუშაკს წარმოეშობა ეჭვი მოთავსებული პირის მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე ან სხვა ძალადობრივ ქმედებაზე;
ბ) თუ მოთავსებული პირი განაცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ/არაადამიანურ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას ან/და მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით აიძულეს განმარტების/ჩვენების მიცემა.
5. თუკი მოთავსებული პირი საჭიროებს ისეთ სამედიცინო მომსახურებას, რომლის გაწევაც სამედიცინო მუშაკის შეფასებით იზოლატორში შეუძლებელია, იგი იგზავნება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. მკურნალობის კურსის ჩასატარებლად შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადა ჩაითვლება იზოლატორში მოთავსების საერთო ვადაში. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მოთავსებული პირი მკურნალი ექიმის დასკვნით ბრუნდება იზოლატორში, თუ გასული არ არის პირის იზოლატორში მოთავსების ვადა.
6. იმ მოთავსებული პირისათვის, რომელიც იზოლატორში გადის მედიკამენტოზურ მკურნალობას, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სამკურნალო საშუალებები. სამკურნალო საშუალებების მიწოდებას მოთავსებული პირისათვის ახორციელებს სამედიცინო მუშაკი.
7. იზოლატორში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ღონისძიებები მტკიცდება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტი