1. იზოლატორში მოთავსებული პირის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, იზოლატორში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, მოთავსებული პირის მიერ იზოლატორის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით მოთავსებული პირის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) ხელბორკილის/შებორკვის საშუალების გამოყენება;

ბ) სხვა მოთავსებული პირებისგან მისი განცალკევება;

გ) მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მოთავსება.

2. ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენება დასაშვებია მოთავსებული პირის დაწყნარებამდე, მაგრამ არაუმეტეს უწყვეტად 2 საათისა. ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენებისას უნდა გამოირიცხოს მოთავსებული პირის მიერ საკუთარ სხეულზე ზიანის მიყენების შესაძლებლობა. ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენების თითოეულ შემთხვევაში იზოლატორის ცვლის უფროსი ადგენს ოქმს, რომელშიც მიუთითებს შერჩეული ღონისძიების გამოყენების ადგილს, საფუძველსა და ხანგრძლივობას. ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ ეცნობება მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობას, მთავარი სამმართველოს მონიტორინგის დანაყოფს და საქართველოს პროკურატურას.

3. თუ მოთავსებული პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ან არსებობს ასეთი ქმედების განხორციელების საფრთხე, იგი შეიძლება მოთავსდეს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში პირი მოთავსდება იზოლატორის სათანადოდ აღჭურვილ დეესკალაციის ოთახში სამედიცინო მუშაკის უწყვეტი ხელმისაწვდომობის და 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის პირობებში. დეესკალაციის ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ლეიბით, ვიდეომეთვალყურეობის კამერით, რომლის ხედვის არეც არ მოიცავს ტუალეტის ნიჟარას, დისტანციურად მართვადი, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და სათანადო ვენტილაციით. იმ იზოლატორში, რომელშიც არ არის სათანადოდ აღჭურვილი დეესკალაციის ოთახი, პირი თავსდება განცალკევებით და იზოლატორის ცვლის მორიგე-გუშაგი ვალდებულია, მასზე განახორციელოს მუდმივი მეთვალყურეობა მდგომარეობის შემოწმების მიზნით. მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ პირის მოთავსებისთანავე დგება სათანადო დოკუმენტი და გონივრული შუალედებით კეთდება შესაბამისი ჩანაწერები პირის მდგომარეობის შესახებ.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება დაუყოვნებლივ წყდება იმ საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც გამოიყენებოდა აღნიშნული ღონისძიებები.

5. დაუშვებელია ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენება მოთავსებული პირის დასჯის მიზნი