1. აკადემია წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ასევე ახორციელებს სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლებას.
2. აკადემიას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, უფლება აქვს განახორციელოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით განსაზღვრული საქმიანობა.
3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, აკადემიას გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. ის საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, დებს გარიგებებს, შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
4. აკადემიის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ წესდებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
5. აკადემიის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია“, ხოლო ინგლისურ ენაზე „Legal Entity Of Public Law – State Security Academy (SSA)“.
6. აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, გმირი კურსანტების ქუჩა №4.
7. აკადემიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი – მცირე სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი, შტამპი, ოფიციალური ვებგვერდი, ლოგო და იურიდიული პირისთვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
8. აკადემია ანგარიშვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (შემდგომში – სამსახურის უფროსი) და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე