1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის (შემდგომში – საპენსიო ფონდი) მოწყობისა და საქმიანობის ძირითად პრინციპებს.

2. საპენსიო ფონდი არის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია კანონით განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.

3. საპენსიო ფონდი დამოუკიდებელია თავისი საქმიანობის, ფუნქციებისა და კომპეტენციის განხორციელებაში, მათ შორის, ორგანიზაციული, ადმინისტრაციული და ბიუჯეტის თვალსაზრისით.

4. საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო (შემდგომში – მმართველობითი საბჭო) არის საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო.

5. საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) ახორციელებს საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირებასა და ზედამხედველობას კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

6. საპენსიო ფონდი დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და სასამართლოში გამოდის მოსარჩელედ და მოპასუხედ.

7. ამ დებულებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება კანონის შესაბამისად, თუ ამავე დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. დებულების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) მარეგულირებელი წესი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 28 თებერვლის №51/04 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესი;

ბ) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობა – კანონი და მის საფუძველზე ეროვნული ბანკისა და საპენსიო ფონდის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

გ) პრემია – აღმასრულებელი დირექტორების, მათი მოადგილეებისა და საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომლების მატერიალური წახალისების ფორმა, რომელიც მოიცავს ჯილდოს, დანამატს და წახალისების სხვა ზომებს;

დ) პრემიის გაცემის ერთიანი პაკეტი – საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორებისათვის, მათი მოადგილეებისა და საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომლებისთვის მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული პრემიების გადახდის შესაბამისი მოცულობები;

ე) ანაზღაურების პოლიტიკის დოკუმენტი – ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს შესრულების ძირითადი ინდიკატორების შემუშავების პრინციპებს, პერიოდულობას და მათი შეფასების წესებს, პრემიის გადახდის პაკეტის შემუშავების ძირითად პრინციპებს და წესებს, ასევე ზომებს, რომელთა მიზანია ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება;

ვ) საშტატო პოლიტიკის დოკუმენტი – ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელსაც ამტკიცებს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე განკარგულების სახით, მმართველობითი საბჭოს შესაბამისი სხდომის ოქმის საფუძველზე და რომელიც მოიცავს საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესს, კანდიდატთა შერჩევის და მათი შეფასების კრიტერიუმებსა და წესებს, თანამშრომლების დაწინაურებისა და გადაყვანის წესს, თანამშრომლად აყვანის და დანიშვნის წესს, აღმასრულებელი დირექტორების, მათი მოადგილეების, თანამშრომლების შეფასების პროცესს, მოტივაციისა და კარიერული წინსვლის სისტემებს, ასევე შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელ სხვა საკითხებ