1. მმართველობითი საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. მმართველობითი საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით. მმართველობითი საბჭო ყოველი წლის ბოლოს ადგენს მომდევნო წლის სხდომების კალენდარს.

2. საჭიროების შემთხვევაში მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ერთპიროვნულად ან მმართველობითი საბჭოს არანაკლებ 3 (სამი) წევრი ერთობლივად უფლებამოსილია თავმჯდომარისათვის მიმართვის გარეშე მოიწვიოს მმართველობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომა. გენერალური დირექტორი ან არანაკლებ ორი აღმასრულებელი დირექტორი ერთობლივად უფლებამოსილია მოითხოვოს მმართველობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარისათვის შესაბამისი მოთხოვნისა და მის მიერ შეთავაზებული დღის წესრიგის წარდგენით.

3. მმართველობითი საბჭოს სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე. მისი არყოფნის შემთხვევაში მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მმართველობითი საბჭოს სხდომის ჩატარებამდე მმართველობითი საბჭოს წევრთაგან ერთჯერადად განსაზღვროს სხდომის თავმჯდომარე.

4. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს მმართველობითი საბჭოს თითოეული წევრისათვის და სხდომაზე მოწვეული სხვა პირებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სხდომის ჩატარების ადგილისა და სხდომის დღის წესრიგის შეტყობინებას და მიაწვდის მათ შესაბამის მასალებს სხდომის თარიღამდე არანაკლებ 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე. სხდომაზე დასწრება შესაძლებელია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.

5. მმართველობითი საბჭოს თითოეული სხდომის დაწყებამდე აუცილებელია, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო კვორუმი. მმართველობითი საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მმართველობითი საბჭოს სხდომას ესწრება მმართველობითი საბჭოს ხმის უფლების მქონე არანაკლებ 6 (ექვსი) წევრი.

6. მმართველობითი საბჭოს თითოეულ წევრს აქვს 1 (ერთი) ხმის უფლება და მას არ შეუძლია საკუთარი ხმის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა. მმართველობითი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელია საკითხის მხარდასაჭერად მმართველობითი საბჭოს არანაკლებ 6 (ექვსი) წევრის ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის ხმა, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სხდომის თავმჯდომარის ხმა.

7. მმართველობითი საბჭოს სხდომის სამუშაო პროცესი და სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით სხდომის მდივნის მიერ. მას ხელს აწერენ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე და მმართველობითი საბჭოს დამსწრე წევრები.

8. მმართველობითი საბჭოს მიერ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, რისკის მართვის ჩარჩოსა და ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მმართველობითი საბჭოს ფიზიკურ სხდომაზე. სხვა დანარჩენი საკითხების თაობაზე მმართველობითი საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის შემდეგი საშუალებით:

ა) ტელეკონფერენციის მეშვეობით, წინამდებარე მუხლით განსაზღვრული კვორუმის დაცვით, ან

ბ) მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის ან გენერალური დირექტორის მიერ საკითხის მმართველობითი საბჭოს თითოეულ წევრთან წერილობით გაგზავნით, რა შემთხვევაშიც მმართველობითი საბჭოს თითოეული წევრი მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეს ან გენერალურ დირექტორს წერილობით შეატყობინებს საკითხზე პოზიციას (მისცემს ხმას) წინამდებარე მუხლით განსაზღვრული კვორუმის დაცვით.

9. მმართველობითი საბჭოს სხდომაზე მისი წევრის გამოუცხადებლობა, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სხდომაზე გამოცხადებას, ჩაითვლება საპატიო მიზეზად. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს (შესაძლებელია ელექტრონულად) მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეს პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ მმართველობითი საბჭოს სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 48 საათისა. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამის სხდომაზე დაადგინოს, მიიჩნევა თუ არა მიზეზი საპატიოდ. მმართველობითი საბჭოს წევრის მიერ საბჭოს სხდომაზე ზედიზედ სამჯერ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მიიღება კანონით გათვალისწინებული ზომ