1. მმართველობითი საბჭო ქმნის შემდეგ მუდმივმოქმედ კომიტეტებს: აუდიტის, რისკის, საინვესტიციო, ასევე ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტებს. თითოეულ კომიტეტს აქვს წესდება, ჰყავს თავმჯდომარე და მოადგილე. აღნიშნული კომიტეტები უნდა დაკომპლექტდეს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საინვესტიციო კომიტეტი შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და მისი განხორციელების პროცედურებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს, აგრეთვე, მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევს აქტივების მმართველ კომპანიას/კომპანიებს და სპეციალიზებულ დეპოზიტარს. საინვესტიციო კომიტეტი, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

3. რისკის კომიტეტი შეიმუშავებს რისკის მართვის ჩარჩოს და მისი განხორციელების პროცედურებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს. რისკის კომიტეტი, რისკის მართვის ჩარჩოს შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებებს რისკის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

4. შიდა აუდიტის უფროსი ესწრება აუდიტის კომიტეტის ყველა სხდომას, თუ აუდიტის კომიტეტის მიერ კონკრეტულ სხდომასთან დაკავშირებით სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული. შიდა აუდიტის უფროსი უფლებამოსილი არ არის, მონაწილეობა მიიღოს სხდომაზე აუდიტის კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში. აუდიტის კომიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს ზედამხედველობა საპენსიო ფონდის ყველა საქმიანობაზე, მათ შორის,  განიხილავს და ზედამხედველობს საპენსიო ფონდის ფინანსურ ანგარიშგებასთან, რისკების მართვასთან, შიდა კონტროლის სისტემასთან, შიდა აუდიტის საქმიანობასა და აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარე აუდიტის განსახორციელებლად შეარჩევს აუდიტორულ ფირმას და წარუდგენს მმართველობით საბჭოს დასანიშნად. აუდიტორული ფირმა უნდა შეირჩეს მსოფლიოს 4 (ოთხი) უმსხვილესი აუდიტორული ფირმიდან. აუდიტის კომიტეტი ადგენს და გენერალურ დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს წესებს ყველა იმ ოპერაციისათვის, რომელიც დაკავშირებულია საპენსიო ფონდის გადარიცხვებთან, საბანკო ოპერაციებთან და საგადახდო ინსტრუმენტებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხებისა.

5. ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი შეიმუშავებს ანაზღაურების პოლიტიკის დოკუმენტს და საშტატო პოლიტიკის დოკუმენტს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად და წარუდგენს მათ მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად.

6. ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი წარმართავს საპენსიო ფონდის თანამშრომლების, მათ შორის, აღმასრულებელი დირექტორებისა და მათი მოადგილეების შეფასების პროცესს ანაზღაურების პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე და შედეგად მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პრემიების გაცემის ერთიან პაკეტს. საპენსიო ფონდის თანამშრომლების (გარდა აღმასრულებელი დირექტორებისა და მათი მოადგილეებისა) შეფასების პროცესი წარიმართება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ჩართულობით.

7. ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი უზრუნველყოფს აღმასრულებელი დირექტორებისა და მათი მოადგილეების პრემიების მოცულობის დადგენის მიზნით შესაბამისი კომიტეტებისაგან ინფორმაციის გამოთხოვას, რის შემდგომაც ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი ახდენს აღნიშნული ინფორმაციის კონსოლიდაციას და დამუშავებას.

8. პრემიების გაცემის ერთიანი პაკეტი უნდა ეფუძნებოდეს შესრულების ძირითად ინდიკატორებს, რომლის დადგენის პრინციპებიც განსაზღვრულია ანაზღაურების პოლიტიკის დოკუმენტით. შესრულების ძირითად ინდიკატორებს შეიმუშავებს ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტი და დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს.

9. თითოეული კომიტეტი შეიმუშავებს თავის წესდებას, რომლითაც განისაზღვრება ამ კომიტეტის მანდატი, საქმიანობის მიმართულებები და პროცედურები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს მმართველობითი საბჭოს წინაშე კომიტეტის რეგულარული ანგარიშგების, სხვა კომიტეტებთან თანამშრომლობის, კომიტეტის წევრობასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და კომიტეტის წევრთა ფუნქციების შესახებ ინფორმაციას. კომიტეტის წესდებას ამტკიცებს მმართველობითი საბჭო.

10. მმართველობითი საბჭოს წევრების, აღმასრულებელი დირექტორების ან საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომლის საქმიანობა კომიტეტში არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

11. კომიტეტების შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ მმართველობითი საბჭოს წევრები (გარდა თანამდებობრივი წევრისა), აღმასრულებელი დირექტორები, საპენსიო ფონდის თანამშრომლები ან მოწვეული ექსპერტები, გარდა აუდიტის კომიტეტისა. კომიტეტის წევრებს ნიშნავს მმართველობითი საბჭო. კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლება აქვთ მმართველობითი საბჭოს წევრებსა და აღმასრულებელ დირექტორებს, იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი აღმასრულებელი დირექტორი არის კომიტეტის წევრი, გარდა აუდიტის კომიტეტისა. კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე აირჩევა კომიტეტში შემავალი მმართველობითი საბჭოს წევრთაგან. თითოეულ კომიტეტს ჰყავს მდივანი, რომელსაც ნიშნავს შესაბამისი კომიტეტი.

12. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე და მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე შეიძლება იყოს კომიტეტის წევრი, თუმცა იმავდროულად არ შეიძლება იყოს კომიტეტის თავმჯდომარე და მოადგილე.

13. კომიტეტის სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა არანაკლებ ორი მესამედი. კომიტეტზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომიტეტის თავმჯდომარის ხმა, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილის ხმა.

14. კომიტეტის სხდომის ჩატარება და გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია ფიზიკური შეხვედრების გზით და ასევე კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით:

ა) ტელეკონფერენციის მეშვეობით, წინამდებარე მუხლით განსაზღვრული კვორუმის დაცვით, ან;

ბ) კომიტეტის თავმჯდომარის მიერ საკითხის კომიტეტის თითოეულ წევრთან წერილობით გაგზავნით, რა შემთხვევაშიც კომიტეტის თითოეული წევრი კომიტეტის თავმჯდომარეს წერილობით შეატყობინებს საკითხზე პოზიციას (მისცემს ხმას) წინამდებარე მუხლით განსაზღვრული კვორუმის დაცვით.

15. თუ კომიტეტის შესაბამისი სხდომისთვის სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ესწრება საინვესტიციო კომიტეტის ყველა სხდომას.

16. თუ კომიტეტის შესაბამისი სხდომისთვის სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, მთავარი რისკის ოფიცერი ესწრება რისკის კომიტეტის ყველა სხდომას.

17. თუ შესაბამისი კომიტეტის მიერ კომიტეტის შესაბამისი სხდომისთვის სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, გენერალური დირექტორი ესწრება ყველა შესაბამისი კომიტეტის სხდომებს.

18. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას სხვა დამატებითი კომიტეტები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა.

19. თითოეული კომიტეტი ვალდებულია მმართველობით საბჭოს მოთხოვნის შესაბამისად, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ წარუდგინოს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ.

20. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას სპეციალური დროებითი კომიტეტები კონკრეტულ საკითხებზე სამუშაოდ, რომლებიც საჭიროებენ მიზნობრივ ექსპერტიზას, გაძლიერებულ ზედამხედველობას ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის მართვას. ასეთი კომიტეტების მუშაობის შედეგად მიღებული დასკვნები სარეკომენდაციო ხასიათისაა და საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებას ინარჩუნებს მმართველობითი საბჭო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეროვნული ბანკის მიერ წინასწარ სხვაგვარად არის დადგენილ