1. წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) აბსოლუტური  სიმაღლე – ვერტიკალური მანძილი ზღვის საშუალო დონიდან (MSL) განსაზღვრულ სასურველ დონემდე, წერტილამდე ან ობიექტამდე;

ბ) ადამიანური ფაქტორის ასპექტები – პრინციპები, რომელიც გათვალისწინებულია ავიაციის სფეროში დაპროექტების, სერტიფიცირების, პერსონალის მომზადებისა და საექსპლუატაციო საქმიანობის პროცესში და გამიზნულია ადამიანსა და სისტემის  კომპონენტებს შორის უსაფრთხო ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად, ადამიანის შესაძლებლობების სათანადო გათვალისწინებით;

გ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლი (ადზ) – სახმელეთო აეროდრომზე გამოყოფილი საჰაერო ხომალდების ასაფრენ-დასაფრენად განკუთვნილი მართკუთხა ფართი;

დ) ადზ-ის ზღურბლი – ადზ-ის იმ მონაკვეთის დასაწყისი, რომელიც გამოიყენება დასაფრენად;

ე) აეროდრომი – მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული შენობებით, ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის;

ვ) აეროდრომის კლიმატოლოგიური ცხრილი – ცხრილი, რომელიც აეროდრომის ერთ ან რამდენიმე მეტეოროლოგიურ ელემენტზე დაკვირვების შედეგების სტატისტიკურ მონაცემებს შეიცავს;

ზ) აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი – მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს ოფისი, რომელიც უზრუნველყოფს მეტეოროლოგიურ მომსახურებას  აეროდრომზე;

თ) სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტი – პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს სააეროდრომო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას;

ი) აეროდრომის რაიონში ინფორმაციის ავტომატური გადაცემით მომსახურება (ATIS) – განსაზღვრულ საათებში ან დღე-ღამის განმავლობაში დადგენილი მიმდინარე ინფორმაციის მიწოდება მოსაფრენი და გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, უწყვეტი განმეორებადი რადიოგადაცემების სახით, რომელიც იყოფა შემდეგ მომსახურებებად:

ი.ა) მონაცემთა ხაზებით ავტომატური ინფორმაციის გადაცემის მომსახურება (D-ATIS). ATIS მომსახურების წარმოება მონაცემთა გადაცემის საშუალებებით;

ი.ბ) ხმოვანი ხაზებით ავტომატური ინფორმაციის გადაცემის მომსახურება (Voice-ATIS). ATIS მომსახურების წარმოება განმეორებითი და მუდმივი ხმოვანი საშუალებების გამოყენებით.

კ) აეროდრომის შემაღლება – დასაფრენი მოედნის ყველაზე მაღალი წერტილის შემაღლება;

ლ) აეროდრომის საკონტროლო წერტილი – აეროდრომის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი წერტილი;

მ) აეროპორტი – საწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდების, მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის მიღებას, მომსახურებას, დამუშავებასა და გაშვებას და რომელსაც ამ მიზნით აქვს აეროდრომი, სამგზავრო ტერმინალი, სხვა მიწისზედა ნაგებობები, მოწყობილობები და ჰყავს შესაბამისი მომსახურე პერსონალი;

ნ) ბრიფინგი – ზეპირი გაფრენისწინა ბრიფინგი, ფაქტობრივი და მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების გაცნობა;

ო) დაკვირვება საჰაერო ხომალდიდან – ფრენის დროს საჰაერო ხომალდიდან ერთი ან რამდენიმე მეტეოროლოგიური ელემენტის შეფასება;

პ) დანიშნულების აეროდრომი – აეროდრომი, რომელიც ფრენის გეგმითა და დავალებით მითითებულია მარშრუტის ბოლო პუნქტად;

ჟ) შეხების არე – მონაკვეთი ადზ-ის ზღურბლის შემდეგ, რომელიც საჰაერო ხომალდის დაფრენის დროს განკუთვნილია პირველი შეხებისთვის;

რ) ვერტიკალური ხილვადობა – მაქსიმალური მანძილი დედამიწიდან იმ დონემდე, საიდანაც ვერტიკალურად ქვემოთ ჩანს ობიექტები მიწაზე;

ს) ვიზუალური ფრენა – ფრენა ისეთ პირობებში, როდესაც საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობის განსაზღვრა ხდება ბუნებრივი ჰორიზონტისა და სახმელეთო ორიენტირების საშუალებით;

ტ) ვიზუალური ფრენის წესები (ვფწ) – წესები, რომლებიც ითვალისწინებს ეკიპაჟის მიერ საჰაერო ვითარების ვიზუალური დაკვირვებისა და დაფრენის რეჟიმის ხანმოკლე შეცვლის გზით, ჰაერში და დედამიწის ზედაპირზე საჰაერო ხომალდებსა და სხვა მატერიალურ ობიექტებს შორის დადგენილი შუალედების შენარჩუნებას;

უ) ზონალური პროგნოზების მსოფლიო  სისტემა (ზპმს)  –  მსოფლიო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიო და რეგიონული ზონალური პროგნოზების ცენტრების მიერ საავიაციო მეტეოროლოგიური პროგნოზების წარდგენას ფრენების მარშრუტებზე ერთგვაროვანი სტანდარტიზებული ფორმით;

ფ) ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრი (ზპმც) – მეტეოროლოგიური ცენტრი, რომლის დანიშნულებაა ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზების და სიმაღლეებზე პროგნოზების ციფრულ ფორმატში გლობალური მასშტაბით მომზადება და  სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების ფარგლებში, ინტერნეტის საშუალებით, სახელმწიფოებისათვის დაგზავნა;

ქ) ზონალური პროგნოზი (GAMET) – სერტიფიცირებული მეტეოროლოგიური ოფისის მიერ ღია ტექსტით და შემოკლებებით შედგენილი ზონალური პროგნოზი, რომელიც განკუთვნილია შესაბამის საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში ან ქვერაიონში დაბალ სიმაღლეებზე საფრენად და გადაეცემა მომიჯნავე საფრენოსნო ინფორმაციის რაიონების მეტეოროლოგიურ სამსახურებს შეთანხმების საფუძველზე;

ღ) ინფორმაცია AIRMET – მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ გამოცემული ინფორმაცია ფრენის მარშრუტზე არსებული ან მოსალოდნელი იმ ამინდის მოვლენის შესახებ, რომელსაც შეუძლია მოახდინოს ზეგავლენა დაბალ სიმაღლეებზე მფრენ  საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებაზე, და რომელიც ჯერ არ იყო შეტანილი საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში ან ქვერაიონში დაბალი სიმაღლეების ფრენების პროგნოზში;

ყ) ინფორმაცია SIGMET – მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ გამოცემული ინფორმაცია ფრენის მარშრუტზე ფაქტობრივი ან მოსალოდნელი ამინდის მოვლენის  და ატმოსფეროს სხვა მოვლენის წარმოშობის შესახებ, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს საჰაერო ხომალდის  ფრენის უსაფრთხოებაზე;

შ) კავშირგაბმულობის სადგური – სადგური, რომელიც გამოყენებულია საავიაციო კავშირგაბმულობის მომსახურებაში;

ჩ) კონსულტაცია (მეტეოროლოგიური) – მეტეოროლოგთან ან სხვა სპეციალისტთან ფრენასთან დაკავშირებული ფაქტობრივი ან სავარაუდო მეტეოროლოგიური პირობების განხილვა. განხილვაში შედის პასუხების გაცემაც;

ც) კრეისერული ეშელონი – ფრენის მნიშვნელოვანი ნაწილის განმავლობაში შენარჩუნებული ეშელონი;

ძ) მეტეოროლოგიური ბიულეტენი – შესაბამისი სათაურის მქონე ტექსტი, რომელიც მეტეოროლოგიურ ინფორმაციას შეიცავს;

წ) მეტეოროლოგიური დაკვირვება – ერთი ან რამდენიმე მეტეოროლოგიური ელემენტის და/ან ამინდის მოვლენის შეფასება;

ჭ) მეტეოროლოგიური თანამგზავრი – დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც მეტეოროლოგიურ დაკვირვებებს ატარებს და ამ დაკვირვების შედეგებს დედამიწაზე გადმოსცემს;

ხ) მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო – მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს ორგანო, რომელიც ახდენს ინფორმაციის გავრცელებას განსაზღვრული პასუხისმგებლობის არისთვის ფაქტობრივი ან მოსალოდნელი ამინდის მოვლენის და ატმოსფეროს სხვა მოვლენის წარმოშობის შესახებ, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს საჰაერო ხომალდის  ფრენის უსაფრთხოებაზე;

ჯ) მეტეოროლოგიური ინფორმაცია – მეტეოროლოგიური შეტყობინება ანალიზი, პროგნოზი და სხვა ნებისმიერი ცნობა, რომელიც ფაქტობრივ ან მოსალოდნელ მეტეოროლოგიურ პირობებს ეხება;

ჰ) მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო – სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საწარმო, რომელიც პასუხისმგებელია მეტეოროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფაზე;

ჰ1) მეტეოროლოგიური ცნობა – შეტყობინება განსაზღვრულ ადგილზე და დროს მეტეოროლოგიურ პირობებზე ჩატარებული დაკვირვებების შედეგების შესახებ;

ჰ2) მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე სექტორში (MSA) – უმცირესი აბსოლუტური სიმაღლე, რომლით სარგებლობა შესაძლებელია და რომელიც უზრუნველყოფს სიმაღლის 300 მეტრის (1000 ფუტი) მინიმალურ მარაგს იმ ყველა ობიექტის თავზე, რომელიც მდებარეობს 46 კმ-ის (25 ს.მილი) რადიუსის სექტორში და რომლის ცენტრშიც მდებარეობს ძირითადი წერტილი, აეროდრომის საკონტროლო წერტილი ან ვერტოდრომის საკონტროლო წერტილი;

ჰ3) მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტი – პუნქტი, რომელიც განკუთვნილია იმ საჰაერო ხომალდების კონტროლირებადი ფრენების სამეთვალყურეო მომსახურების უზრუნველსაყოფად, რომლებიც დასაფრენად შედიან ერთ ან რამდენიმე აეროდრომზე ან ასრულებენ ფრენას ამ აეროდრომებიდან;

ჰ4) მომსახურების არე  (ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემა) – გეოგრაფიული რაიონი, რომლის ფარგლებშიც ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრი პასუხისმგებელია მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და სხვა მომხმარებლებისათვის განკუთვნილი ზონალური პროგნოზების გამოშვებაზე;

ჰ5) პროგნოზი (ამინდის) – მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების აღწერა განსაზღვრულ არეში ან საჰაერო სივრცის ნაწილში, გარკვეულ დროს ან დროის მონაკვეთში;

ჰ6) პროგნოზული რუკა – გარკვეული მეტეოროლოგიური ელემენტების, მოვლენების გრაფიკული გამოსახვა რუკაზე დროის გარკვეული მომენტის ან პერიოდისათვის განსაზღვრული ზედაპირის ან საჰაერო სივრცის ნაწილისათვის;

ჰ7) რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმება – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომ – იკაო) საბჭოს მიერ დამტკიცებული შეთანხმება, რომელიც შემუშავებულია რეგიონალურ სააერნაოსნო შეხვედრებზე და ადგენს სავალდებულოდ შესასრულებელ რეგიონალურ დამატებით მოთხოვნებს, რომელიც არ არის ასახული ჩიკაგოს კონვენციის დანართებში არსებულ სტანდარტებში, რეკომენდირებულ პრაქტიკასა და პროცედურებში;

ჰ8) საერთაშორისო ავიახაზებზე ვულკანურ მოქმედებაზე თვალთვალის სამსახური (IAVW) – საერთაშორისო შეთანხმებები ვულკანური მოქმედების მონიტორინგისა და ატმოსფეროში ვულკანური ფერფლის შესახებ საჰაერო ხომალდებისთვის შეტყობინებების, პროგნოზებისა და გაფრთხილებების მიწოდებისთვის.

შენიშვნა: საერთაშორისო ავიახაზებზე ვულკანურ მოქმედებაზე თვალთვალის სამსახური (IAVW) ეფუძნება საავიაციო და სხვა საქმიანობის განმახორციელებელი ერთეულების თანამშრომლობას, სახელმწიფოების მიერ მოწოდებული დაკვირვების წყაროებიდან და ქსელებიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით. დაკვირვებას კოორდინაციას უწევს იკაო სხვა დაინტერესებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

ჰ9) საექსპლუატაციო კონტროლი – შესაბამისი უფლებამოსილების გამოყენება, ფრენის დაწყების, გაგრძელების, მარშრუტის შეცვლის ან ფრენის შეწყვეტის მიზნით ფრენის უსაფრთხოების, რეგულარულობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად;

ჰ10) სათადარიგო აეროდრომი – აეროდრომი, სადაც საჰაერო ხომალდი შეიძლება გაფრინდეს, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომამდე ფრენის გაგრძელება ან დაფრენა. ამგვარი აეროდრომი უნდა იყოს ხელმისაწვდომი გამოსაყენებლად, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჰაერო ხომალდის მახასიათებლების გათვალისწინებით შესაბამისი სერვისით და მომსახურებებით. სათადარიგო აეროდრომებს განეკუთვნება:

ჰ10ა) აფრენის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც საჰაერო ხომალდს შეუძლია დაფრენა, თუ ამის აუცილებლობა იქმნება აფრენისთანავე და გაფრენის აეროდრომით სარგებლობა შეუძლებელია;

ჰ10ბ) მარშრუტის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც საჰაერო ხომალდს შეუძლია დაფრენა, თუ მარშრუტზე ფრენისას ის არასტანდარტულ ან ავარიულ ვითარებაში აღმოჩნდა;

ჰ10გ) დანიშნულების პუნქტის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც საჰაერო ხომალდს შეუძლია დაფრენა, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომზე დაფრენა.

შენიშვნა: გამოფრენის აეროდრომი შეიძლება მიჩნეულ იქნეს მარშრუტის ან დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომადაც.

ჰ11) საკონსულტაციო ცენტრი ვულკანური ფერფლის შესახებ (VAAC) – მეტეოროლოგიური ცენტრი, დანიშნული რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, საკონსულტაციო ინფორმაციის გადასაცემად მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოსთვის, რაიონული სამეთვალყურეო ცენტრებისათვის, საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტისთვის, ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრებისათვის და მონაცემების საერთაშორისო ბანკებისათვის ვულკანური ფერფლის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიმძლავრეებზე, აგრეთვე, ვულკანური ფერფლის პროგნოზირებად გადაადგილებაზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ;

ჰ12) საკონსულტაციო ცენტრი ტროპიკული ციკლონების შესახებ (TCAC) – მეტეოროლოგიური ცენტრი, დანიშნული რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, საკონსულტაციო ინფორმაციის გადასაცემად მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოსთვის, ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრებისათვის და OPMET-ის მონაცემების საერთაშორისო ბანკებისათვის ტროპიკული ციკლონების უშუალო ადგილმდებარეობაზე, გადაადგილების პროგნოზირებად მიმართულებაზე და სიჩქარეზე, ცენტრში წნევის სიდიდეზე და მიწისპირა ქარის მაქსიმალურ სიჩქარეზე;

ჰ13) სამეთვალყურეო არე – დედამიწის ზედაპირიდან დადგენილ ზედა საზღვრამდე გადაჭიმული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საჰაერო სივრცე;

ჰ14) სამეთვალყურეო რაიონი (CTA) – მიწის ზედაპირიდან დადგენილი საზღვრის ზემოთ არსებული კონტროლირებადი საჰაერო სივრცე;

ჰ15) საფრენოსნო დოკუმენტაცია – ხელით შევსებული ან დაბეჭდილი დოკუმენტები, მათ შორის, რუკები ან ბლანკები, რომლებიც საფრენოსნო მეტეოროლოგიურ ინფორმაციას შეიცავს;

ჰ16) საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტი – პუნქტი, რომელიც განკუთვნილია საფრენოსნო საინფორმაციო და ავარიული მომსახურების უზრუნველსაყოფად;

ჰ17) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი (FIR) – დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება და საავარიო შეტყობინება;

ჰ18) საჰაერო მოძრაობის მომსახურება (სმმ) – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევაში ნიშნავს: საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებას, საავარიო შეტყობინებას, საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურებას, საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას (რაიონული სამეთვალყურეო, მისადგომის სამეთვალყურეო და/ან სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურებას);

ჰ19) საჰაერო მოძრაობის მომსახურების (სმმ-ის) პუნქტი – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს: საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების პუნქტს, საფრენოსნო-საინფორმაციო ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების შეტყობინების პუნქტს;

ჰ20) საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმო (შემდგომში – საწარმო) – სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საწარმო, რომელიც პასუხისმგებელია სმმ-ის უზრუნველყოფაზე დადგენილ საჰაერო სივრცის ფარგლებში;

ჰ21) საჰაერო ხომალდი (სხ) – ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაეროვან ურთიერთქმედების გამოკლებით;

ჰ22) საჰაერო ხომალდის ოპერატორი (ექსპლუატანტი) – პირი (ფიზიკური ან იურიდიული), რომელიც ახორციელებს სხ-ის ექსპლუატაციას ან სთავაზობს მომსახურებას ამ სფეროში;

ჰ23) საჰაერო ხომალდის მეთაური – ფრენისას საჰაერო ხომალდის მართვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პილოტი;

ჰ24) ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობა – განსაკუთრებული მომზადების მქონე კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის და მისი აღჭურვილობის საფრენოსნო ექსპლუატირების უფლების დამადასტურებელი მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრები;

ჰ25) საავიაციო მეტეოროლოგიის საკითხებში უფლებამოსილი უწყება – სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული, საერთაშორისო ჰაერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფის ორგანიზებაზე, რეგულირებაზე და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყება;

ჰ26) სტანდარტული იზობარული ზედაპირი  –  სტანდარტული ზედაპირი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ატმოსფერული პირობების გრაფიკული წარმოდგენისა და გაანალიზებისათვის გამოიყენება;

ჰ27) ტროპიკული ციკლონი – სინოპტიკური მასშტაბის არაფრონტალური ციკლონის აღსანიშნავი საერთო ტერმინი, რომელიც წარმოიქმნება ოკეანის ტროპიკულ ან სუბტროპიკულ არეში, სადაც მიწისპირა ქარების ციკლონური ცირკულაციაა განვითარებული;

ჰ28) უმეტესი ხილვადობა – ხილვადობის სიდიდე, ტერმინი „ხილვადობის“ განსაზღვრების შესაბამისად, რომელიც ჰორიზონტის ხაზის ან აეროდრომის ფართობის, სულ მცირე, ნახევრის ტოლია; ეს არეები შეიძლება მოიცავდეს როგორც მომიჯნავე, ისე არამომიჯნავე სექტორებს.

შენიშვნა: სიდიდე შეიძლება შეფასდეს ადამიანის მირ განხორციელებული დაკვირვებით ან ხელსაწყოს მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ შეფასება ხორციელდება ხელსაწყოების მეშვეობით, ისინი გამოიყენება უმეტესი ხილვადობის მაქსიმალურად ზუსტი შეფასების მისაღებად.

ჰ29) ფრენის ეშელონი – მუდმივი ატმოსფერული წნევის მქონე ზედაპირი, რომელიც შეესაბამება წნევის დადგენილ სიდიდეს (1013,2ჰპა) და სხვა ასეთი ზედაპირებიდან წნევის დადგენილი ინტერვალებით არის დაცილებული.

შენიშვნა 1:  ბარომეტრული სიმაღლის საზომი, რომელიც სტანდარტული ატმოსფეროს მიხედვით არის დაგრადუირებული:

ა) QNH-ზე დაყენებისას, აბსოლუტურ სიმაღლეს აჩვენებს;

ბ) QFE-ზე დაყენებისას, ფარდობით სიმაღლეს აჩვენებს QFE-ის საყრდენი წერტილის თავზე;

გ) 1013,2 ჰპა-ზე დაყენებისას ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფრენის ეშელონის მისათითებლად.

შენიშვნა 2:  შენიშვნა 1-ში გამოყენებული ტერმინი „ფარდობითი სიმაღლე“ და „აბსოლუტური სიმაღლე“ ნიშნავს სახელსაწყო ფარდობით და აბსოლუტურ სიმაღლეებს და არა გეომეტრიულს.

ჰ30) ფრენის სამუშაო გეგმა – ექსპლუატანტის მიერ შედგენილი გეგმა, საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლების, საექსპლუატაციო შეზღუდვების, დასახელებულ მარშრუტზე და შესაბამის აეროდრომებზე ამინდის მოსალოდნელი პირობების გათვალისწინებით, ფრენის უსაფრთხოდ შესასრულებლად;

ჰ31) ფრენებისათვის მნიშვნელოვანი ღრუბელი – ღრუბელი, რომლის ქვედა ზღვარი მდებარეობს 1 500 მ-ის (5 000 ფუტის) ქვემოთ ან სექტორის უმაღლესი მინიმალური სიმაღლის ქვემოთ, იმისდა მიხედვით, თუ რომელია უმაღლესი, ან რომელიც წარმოადგენს გროვა-საწვიმარ ღრუბელს ან კოშკისმაგვარ გროვა ღრუბელს ნებისმიერ სიმაღლეზე;

ჰ32) შემაღლება – ვერტიკალური მანძილი ზღვის საშუალო დონიდან წერტილამდე ან დედამიწის ზედაპირის დონემდე ან მასთან დაკავშირებულ ობიექტამდე;

ჰ33) შეტყობინებათა გადაცემის პუნქტი – განსაზღვრული გეოგრაფიული ორიენტირი, რომლის მიმართაც შეიძლება საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობის შეტყობინება;

ჰ34) შეტყობინება საჰაერო ხომალდიდან – ფრენის მსვლელობისას საჰაერო ხომალდიდან გადმოცემული შეტყობინება, რომელიც შედგენილია ადგილმდებარეობის, ფრენის მსვლელობისა და/ან მეტეოროლოგიური პირობების შესახებ შეტყობინების მიმართ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ჰ35) ფარდობითი სიმაღლე – ვერტიკალური მანძილი განსაზღვრული საწყისი დონიდან აღნიშნულ (სასურველ) დონემდე, წერტილამდე ან ობიექტამდე;

ჰ36) ციფრული მონაცემები რეგულარული ბადის კვანძებში – კომპიუტერით დამუშავებული მეტეოროლოგიური მონაცემები რუკაზე თანაბრად განლაგებულ წერტილთა ჯგუფისათვის, რომელიც განკუთვნილია ერთი კომპიუტერიდან მეორეში გადასაცემად კოდური ფორმით და ვარგისია ავტომატიზებულ სისტემებში გამოსაყენებლად;

შენიშვნა: უმეტეს შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემები გადაიცემა საშუალო ან მაღალი სისწრაფის სატელეკომუნიკაციო არხების მეშვეობით.

ჰ37) ხარისხის მართვა – კოორდინირებული ქმედებები, რომელიც გამოიყენება საწარმოს მართვისა და კონტროლის თვის ხარისხის მოთხოვნების (ისო 9000) უზრუნველსაყოფად;

ჰ38) ხარისხის უზრუნველყოფა – ხარისხის სისტემის ფარგლებში დაგეგმილი და სისტემატურად განხორციელებული საქმიანობის სახეობები, აგრეთვე იმის მტკიცებულება, რომ ობიექტი ხარისხისადმი წაყენებულ მოთხოვნებს (ISO 9000*) შეესაბამება;

ჰ39) ხილვადობა – ხილვადობა საავიაციო მიზნებისათვის არის შემდეგი სიდიდეებიდან უდიდესი:

ჰ39.ა) ის უდიდესი მანძილი, რომელზეც შესაძლებელია ხმელეთის სიახლოვეს ნათელ ფონზე განთავსებული მისაღები სიდიდის შავი ობიექტის ამოცნობა;

ჰ39.ბ) ის უდიდესი მანძილი, რომელზეც შესაძლებელია გაუნათებელ ფონზე განთავსებული 1000 კანდელი სინათლის ძალის მქონე ნათურის შემჩნევა და ამოცნობა;

შენიშვნა: ეს ორი მანძილი განსხვავდება ჰაერის შთანთქმის კოეფიციენტის მიხედვით. ამასთან, „ჰ42.ა“ ხასიათდება ხილვადობის მეტეოროლოგიური ოპტიკური სიშორით (MOR), „ჰ42.ბ“ კი – ფონის განათებულობაზეა დამოკიდებული;

ჰ40) ხილვადობის სიშორე ადზ-ზე – მანძილი, რომლის ფარგლებშიც ადზ-ის ღერძულა ხაზზე მდებარე საჰაერო ხომალდის პილოტს შეუძლია შეამჩნიოს ადზ-ის ზედაპირზე განლაგებული სიგნალები (ნიშნები) ან ადზ-ის შემომსაზღვრელი ან მისი ღერძული ხაზის მანიშნებელი ნათურები;

ჰ41) VOLMET - მეტეოროლოგიური ინფორმაცია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის;

ჰ42) VOLMET-ის მონაცემების გადამცემი ხაზი D-VOLMET – აეროდრომზე მიმდინარე რეგულარული მეტეოროლოგიური ცნობების (METAR) სპეციალური მეტეოროლოგიური ცნობების (SPECI), აეროდრომზე პროგნოზების (TAF), ინფორმაცია SIGMET-ის, AIRMET-ის, საჰაერო ხომალდიდან სპეციალური შეტყობინებების, როდესაც ისინი არ არის გათვალისწინებული SIGMET-ში;

ჰ43) სარადიომაუწყებლო გადაცემა VOLMET – შესაბამის შემთხვევებში მიმდინარე ცნობების METAR, SPECI, პროგნოზების TAF-ი, ინფორმაცია SIGMET-ის მიწოდება უწყვეტი, განმეორებადი რადიოგადაცემის საშუალებით;

ჰ44) აეროდრომის კლიმატოლოგიური ცნობები – სტატისტიკურ მონაცემებზე დაფუძნებული მოკლე ცნობები, მითითებული მეტეოროლოგიური ელემენტების შესახებ აეროდრომზე;

ჰ45) სააერნაოსნო მობილური მომსახურება (RR S1.32) – მობილური მომსახურება სააერნაოსნო სადგურებსა და საბორტო სადგურებს ან საბორტო სადგურებს შორის, სადაც შეიძლება შევიდეს სამაშველო სადგურები. ეს მომსახურება ასევე შეიძლება მოიცავდეს ავარიის ადგილის ინდიკატორ რადიოშუქურებს, რომლებიც მუშაობენ განსაცდელის და ავარიულ სიხშირეებზე;

ჰ46) საავიაციო ფიქსირებული კავშირგაბმულობის ქსელი (AFTN) – სააერნაოსნო ფიქსირებული კავშირგაბმულობის მსოფლიო სისტემა, რომელიც წარმოადგენს საავიაციო ფიქსირებული მომსახურების ნაწილს და განკუთვნილია შეტყობინებების და/ან ციფრული მონაცემების გაცვლისთვის, თავსებადი საკომუნიკაციო მახასიათებლების მქონე სააერნაოსნო ფიქსირებულ სადგურებს შორის;

ჰ47) სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურება (AFS) – კავშირგაბმულობის მომსახურება განსაზღვრულ ფიქსირებულ პუნქტებს შორის, რომელიც ძირითადად განკუთვნილია სააერნაოსნო უსაფრთხოების, ასევე საჰაერო მიმოსვლის რეგულირების, ეფექტურობისა და ეკონომიურობის უზრუნველსაყოფად;

ჰ48) რაიონული სამეთვალყურეო ცენტრი – პუნქტი, რომელიც განკუთვნილია თავის დაქვემდებარებაში არსებულ შესაბამის სამეთვალყურეო რაიონებში კონტროლირებადი ფრენების სამეთვალყურეო მომსახურების უზრუნველსაყოფად;

ჰ49) დონე – ზოგადი ტერმინი, რომელიც შეეხება მფრენი საჰაერო ხომალდის მდებარეობას ვერტიკალურ სიბრტყეში და, შესაბამის შემთხვევებში, ნიშნავს ფარდობით სიმაღლეს, აბსოლუტურ სიმაღლეს ან ფრენის ეშელონს;

ჰ50) საექსპლუატაციო დაგეგმვა – ფრენების განხორციელების დაგეგმვა ნებისმიერი ექსპლუატანტის მიერ;

ჰ51) ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრი – სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ძებნა-შველის ოპერაციების კოორდინირებაზე, ძებნა-შველის რაიონის საზღვრებში ძებნა-შველის სამსახურების/დანაყოფების სამუშაოების ეფექტურად ჩატარების ხელშეწყობასა და, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებაზე;

ჰ52) ძებნა-შველის მომსახურების პუნქტი – საერთო ტერმინი, რომელიც ნიშნავს სხვადასხვა შემთხვევებისას ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრს, ძებნა-შველის დამხმარე ცენტრს ან საავარიო შეტყობინების პოსტს;

ჰ53) სიმაღლის რუკა – მეტეოროლოგიური რუკა განსაზღვრული სიმაღლის ზედაპირისათვის ან ატმოსფეროს ფენისათვის;

ჰ54) ავტომატური დამოკიდებული დაკვირვება (ADS-C) – სახმელეთო სისტემასა და საჰაერო ხომალდს შორის მონაცემთა გადაცემის ხაზით ADS-С შეთანხმების  პირობების გაცვლის საშუალება, სადაც კონკრეტულადაა ინიცირებული ADS-C შეტყობინებების გადაცემის პირობები და მონაცემები, რომელიც აისახება ამ შეტყობინებებში;

შენიშვნა: შემოკლებული ტერმინი „ADS-C“ ჩვეულებრივ გამოიყენება ADS-შეტყობინებების მოვლენის გადაცემის ხელშეკრულების, ADS-შეტყობინებების მოთხოვნის მიხედვით გადაცემის ხელშეკრულების, ADS-შეტყობინებების პერიოდული გადაცემის ხელშეკრულების ან საგანგებო რეჟიმის მიმართ;

ჰ55) საავიაციო მეტეოროლოგიური სადგური – საერთაშორისო სააერნაოსნო მომსახურებისთვის განკუთვნილი სადგური, რომელიც დანიშნულია დაკვირვებების განსახორციელებლად და მეტეოროლოგიური შეტყობინებების შესადგენად;

ჰ56) სახელმწიფო ვულკანოლოგიური ობსერვატორია – რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით დანიშნული ვულკანოლოგიური ობსერვატორია, სახელმწიფოს ფარგლებში მოქმედი და პოტენციურად მოქმედი ვულკანების მონიტორინგის,  ვულკანური მოქმედებისა და ატმოსფეროში გატყორცნილი ვულკანური ფერფლის შესახებ შესაბამისი სამეთვალყურეო ცენტრისათვის/საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტისთვის, მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოსა და ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრისათვის ინფორმაციის გადაცემის მიზნით;

ჰ57) იკაო-ს მოდელი მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლისათვის (IWXXM) – მონაცემების მოდელი საავიაციო მეტეოროლოგიური ინფორმაციის წარდგენისათვის;

ჰ58) კოსმოსური ამინდის ცენტრი (SWXC) – კოსმოსური ამინდის საინფორმაციო მომსახურების ფარგლებში იკაოს მიერ დანიშნული მსოფლიო ან რეგიონალური ცენტრი, იმ კოსმოსური ამინდის მოვლენების საკონსულტაციო ინფორმაციის მონიტორინგისა და უზრუნველყოფისათვის, რომლებიც, როგორც მოსალოდნელია, უარყოფით გავლენას მოახდენენ მაღალსიხშირული საკომუნიკაციო საშუალებებზე, სატელიტურ კომუნიკაციებზე, GNSS-დაფუძნებულ სანავიგაციო და სარადიოლოკაციო სისტემებზე და/ან წარმოადგენენ რადიაციულ რისკს საჰაერო ხომალდზე მყოფი პირებისთვის;

შენიშვნა: იკაოს მიერ დანიშნული რეგიონალური ცენტრები მხარს უჭერენ მსოფლიო ცენტრებს, მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში;

ჰ59) კოსმოსური ამინდის საინფორმაციო მომსახურება - მსოფლო მასშტაბით კოორდინირებული მომსახურება, რომლის ფარგლებში კოსმოსური ამინდის  ცენტრები უზრუნველყოფენ ინფორმაციის მიწოდებას ისეთ კოსმოსური წარმოშობის მოვლენებზე, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინონ  საკომუნიკაციო, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო სისტემებზე და/ან წარმოადგენდეს რადიაციულ რისკს საჰაერო ხომალდზე მყოფი პირებისთვის;

ჰ60)     ოპერატიული მეტეოროლოგიური  ინფორმაცია  „OPMET“ – საავიაციო  მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მომზადებაში/დაგეგმვაში;

ჰ61) ოპერატიული მეტეოროლოგიური ინფორმაციის მონაცემთა ბანკი „OPMET databank“ – მონაცემთა ბანკი, რომლის მიზანია საერთაშორისო ოპერატიული მეტეოროლოგიური ინფორმაციის შენახვა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საავიაციო მიზნებისათვის.

2. წესში გამოყენებული შემოკლებები მოცემულია ამ წესის №14 დანართში.

თავი IIსამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის საერთო ორგანიზებ