1. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო ვალდებულია, უზრუნველყოს მჭიდრო კავშირი მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიწოდებასა და მის გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირებს, სამსახურებსა ან/და უწყებებს შორის იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს საერთაშორისო  მეტეოროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფაზე.

2. საწარმომ უნდა უზრუნველყოს მეტეოროლოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP).

3. საწარმომ მეტეოროლოგიური მომსახურების გაწევისას უნდა იხელმძღვანელოს იკაოს შემდეგი ოფიციალური გამოცემებით:

ა) Doc.10157 – „მეტეოროლოგიური სახელმძღვანელო“;

ბ) Doc.7030 – „დამატებითი რეგიონული სახელმძღვანელო“;

გ) Doc 7754 – „რეგიონალური განვითარების გენერალური გეგმა“.

4. საწარმოს უნდა გააჩნდეს:

ა) ხარისხის მართვის სისტემა;

ბ) ადამიანური და ფინანსური რესურსები;

გ) კვალიფიციური პერსონალი, რომელსაც:

გ.ა) გავლილი აქვს ყველა საჭირო სწავლება და

გ.ბ) აქვს სახელმძღვანელო მასალები და თანამდებობრივი ინსტრუქციები.

დ) ტექნიკური უზრუნველყოფა, როგორიცაა: ავტომატიზებული სისტემები, პროგრამული უზრუნველყოფა, აღჭურვილობა და სხვა;

ე) „სახელმძღვანელო დოკუმენტი“, რომელიც აღწერს საწარმოს მიერ მეტეოროლოგიური მომსახურებისათვის დადგენილ პროცესებსა და პროცედურებს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით და რომელიც უნდა მოიცავდეს:

ე.ა) საწარმოს ორგანიზაციულ სტრუქტურას, მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების სახელის, გვარის, თანამდებობის, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების მითითებით;

ე.ბ) საჭირო საკადრო რესურსების გამოთვლას;

ე.გ) პერსონალის კვალიფიკაციის შენარჩუნების პროცესის აღწერას;

ე.დ) მეტეოროლოგიური მომსახურების პროცესის აღწერას;

ე.ე) ტექნიკური საშუალებების ჩამონათვალს, რომელიც გამოიყენება მეტეოროლოგიური მომსახურებისათვის;

ე.ვ) მეტეოროლოგიური მომსახურების პროცესში არსებული თითოეული პოზიციისთვის ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების ჩამონათვალს;

ე.ზ) მეტეოროლოგიური მომსახურებისთვის საჭირო ინფორმაციის მიღების პროცესის აღწერას;

ე.თ) ჩანაწერების შენახვის პროცესის აღწერას;

ე.ი) მეტეოროლოგიური მომსახურებისთვის მესამე პირის მოწვევის პროცესის აღწერას;

ე.კ) მეტეოროლოგიური მომსახურებისთვის არსებული პროცედურების, ინსტრუქციების, სახელმძღვანელო მასალის ჩამონათვალს.

ვ) მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოში დასაქმებული პერსონალისთვის სამსახურებრივი მოვალეობის ხარისხიანად და შეუფერხებლად შესრულებისთვის საჭირო სამუშაო და დასვენების პირობებს.

5. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო უზრუნველყოფს „სახელმძღვანელო დოკუმენტის“ მუდმივ განახლებას, სახელმძღვანელოში ზუსტი ინფორმაციის ასახვას და საჭირო ცვლილებების შეტანას. „სახელმძღვანელო დოკუმენტი“ შეიძლება შეიქმნას ძირითადი დოკუმენტის ან/და ცალკეული დოკუმენტების კრებულის სახით.

6. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო ვალდებულია, შეიმუშაოს და დანერგოს ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც მოიცავს იმ პროცედურებს, პროცესებსა და რესურსებს, რომელიც აუცილებელია მომხმარებლებისთვის მიწოდებული მეტეოროლოგიური ინფორმაციის ხარისხის უზრუნველყოფისთვის.

7. ხარისხის მართვის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების 9000 სერიას.

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა ხარისხის მართვის სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების შესახებ მოცემულია მმო-ს დოკუმენტში (WMO-No.1100) „ხარისხის მართვის სისტემის დანერგვის სახელმძღვანელო ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურებისა და სხვა შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლებისათვის“.

8. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს ხარისხის მართვის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მომხმარებლისათვის წარდგენილი ინფორმაცია შეესაბამებოდეს დადგენილ მოთხოვნებს მოქმედების არის, ფორმატის, შინაარსის, გამოშვების სიხშირის, მოქმედების ვადის, გაზომვების, დაკვირვებებისა და პროგნოზების სიზუსტის შესახებ.

9. როდესაც ხარისხის სისტემის ფარგლებში გამოვლინდება, რომ მომხმარებლებისთვის მიწოდებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია და შეცდომების ავტომატური შესწორების პროცედურები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასეთი ინფორმაცია არ უნდა მიეწოდოს მომხმარებლებს, სანამ არ იქნება გადამოწმებული საწარმოს მიერ.

10. საექსპლუატაციო მიზნებისათვის მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის დროს ხარისხის სისტემა უნდა მოიცავდეს ინფორმაციის ვალიდაციისა და ვერიფიკაციის პროცედურებს, მათი გადაცემის ვადებს, აგრეთვე, რესურსებს, ინფორმაციის გაცვლისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური შეტყობინებებისა და/ან ბიულეტენების დადგენილი განრიგით გამოცემაზე ზედამხედველობის განხორციელებისთვის.

11. ხარისხის სისტემის ფარგლებში ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მიღებული შეტყობინებებისა და ბიულეტენების გადაცემის გადაჭარბებული დროის აღმოჩენის შესაძლებლობა.

12. ხარისხის მართვის სისტემის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება ხორციელდება აუდიტის მეშვეობით. სისტემაში შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები მისი მიზეზების დასადგენად და აღმოსაფხვრელად. ყველა აუდიტის შედეგი უნდა იყოს სათანადოდ დადასტურებული და დოკუმენტირებული.

13. მომხმარებლებისთვის მიწოდებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ადამიანური ფაქტორების პრინციპებს და წარმოდგენილი იყოს ისეთი ფორმით, რომელიც აღნიშნული მომხმარებლების მხრიდან მოითხოვს მინიმალურ ინტერპრეტაციას.

შენიშვნა: ადამიანური ფაქტორების პრინციპების გამოყენების შესახებ სახელმძღვანელო მასალა მოცემულია „ადამიანური ფაქტორების სწავლების სახელმძღვანელოში“ (Doc 9683).

14. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიწოდება საინფორმაციო სერვისების საშუალებით.

შენიშვნა 1: ინფორმაციის სისტემური მართვის (SWIM) კონტექსტში ცნება „საინფორმაციო სერვისები“ გულისხმობს ტექნიკური საშუალებების ურთიერთქმედებას (მანქანა-მანქანა), მომსახურებაზე ორიენტირებულ არქიტექტურაში;

შენიშვნა 2: საინფორმაციო მომსახურების პროცედურები მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საჰაერო ნავიგაციის პროცედურები – ინფორმაციის მართვა“ (PANS-IM, Doc 10199);

შენიშვნა 3: საინფორმაციო მომსახურების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „ინფორმაციის სისტემური მართვის (SWIM) დანერგვის სახელმძღვანელო“ (Doc 10203).

15. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო ვალდებულია, მუდმივ 24-საათიან ცვლაში მომუშავე პერსონალი უზრუნველყოს სათანადო სამუშაო და სოციალური პირობებით. აღნიშნული პირობები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შესაბამისი ავეჯით აღჭურვილ დასვენების სივრცეს, კვების კუთხეს, უსაფრთხო სასმელი წყლის ხელმისაწვდომობას და სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს.

16. სათანადო სამუშაო და სოციალური პირობები ასევე უნდა მოიცავდეს კლიმატკონტროლის სისტემებს, ავარიულ ელექტრომომარაგებას, პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებს, უსაფრთხო შენახვის სივრცეებსა და უწყვეტი ოპერაციების მხარდასაჭერად აუცილებელ საკომუნიკაციო საშუალებებს.

17. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო ასევე ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურა მუდმივად იყოს ჰიგიენურ, უსაფრთხო და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში და უზრუნველყოფდეს პერსონალის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ოპერატიული მზადყოფნის მხარდაჭერა