1. ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემა უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოებსა და სხვა მომხმარებლებს სიმაღლეებზე ქარის, ჰაერის ტემპერატურის და ჰაერის ტენიანობის გლობალური პროგნოზებით, მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარის და სიმაღლის, ტროპოპაუზის სიმაღლის და ტემპერატურის, აგრეთვე ამინდის განსაკუთრებული მოვლენების პროგნოზებით, ციფრული სახით.
2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრების მიერ მომზადებული შემდეგი ინფორმაციისა და მონაცემების მიღება:
ა) გლობალური პროგნოზები რეგულარული ბადის კვანძებში ციფრული ფორმით სიმაღლეებზე, მათ შორის:
ა.ა) სიმაღლეებზე ქარის;
ა.ბ) სიმაღლეებზე ჰაერის ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობის;
ა.გ) ფრენის ეშელონების გეოპოტენციალური აბსოლუტური სიმაღლის;
ა.დ) ტროპოპაუზის სიმაღლისა და ტროპოპაუზის ტემპერატურის;
ა.ე) მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარისა და სიმაღლის;
ა.ვ) გროვა-საწვიმარი ღრუბლების;
ა.ზ) შემოყინულობის;
ა.თ) ტურბულენტობის.
ბ) ამინდის განსაკუთრებული მოვლენების (SIGWX) გლობალური პროგნოზები ციფრული ფორმით;
გ) რადიოაქტიური ნივთიერებების ატმოსფეროში გატყორცნის შესახებ, მიღებული მმო-ს შესაბამისი რეგიონული სპეციალიზებული ცენტრიდან, რადიოლოგიური საგანგებო გარემოსდაცვითი სიტუაციებისას რეაგირების უზრუნველსაყოფად, ტრანსპორტის მოდელზე დაფუძნებული პროდუქტების მიწოდების მიზნით, რათა აღნიშნული ინფორმაცია გათვალისწინებული იყოს ამინდის განსაკუთრებული მოვლენების გლობალურ პროგნოზებში (SIGWX);
დ) ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრებიდან მიღებული ინფორმაცია ვულკანური მოქმედების შესახებ, რათა აღნიშნული მონაცემები გათვალისწინებული იყოს ამინდის განსაკუთრებული მოვლენების გლობალურ პროგნოზებში (SIGWX).
შენიშვნა: ზპმც-ის მუშაობის შეწყვეტის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს სხვა ზპმც