1. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს:
ა) საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
ბ) საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ჩანაწერების წარმოება და შენახვა;
გ) საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის კომპეტენციის შეფასება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს მიერ შემუშავებული „კომპეტენციის შეფასების პროცედურის“ შესაბამისად;
დ) სხვადასხვა ოპერატიული კატეგორიის პერსონალისათვის შესაბამისი კომპეტენციის შეფასების პროცესების დანერგვა;
ე) საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის პროფესიული დონის მუდმივი ამაღლება და განვითარება კომპეტენციის შენარჩუნების მიზნით.
შენიშვნა 1: სახელმძღვანელო მასალა კომპეტენციასთან მიმართებაში მოცემულია მმო-ს „კომპეტენციის შესახებ სახელმძღვანელოში“ (N-1205);
შენიშვნა 2: კომპეტენციის შეფასებები უნდა განმეორდეს რეგულარულად და იმ დადგენილი ინტერვალით, როგორც ეს გაწერილია შესაბამის პროცედურაში.
2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო შეიმუშავებს პერსონალის ყოველწლიურ სასწავლო გეგმას და უზრუნველყოფს მის ყოველწლიურ განახლებას.
3. მეტეოროლოგიურმა საწარმომ უნდა შეიმუშაოს პერსონალის სწავლების პროგრამა, რომელიც მოიცავს:
ა) საწყის სწავლებას, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ სწავლებას (სამუშაო ადგილზე სწავლება) და ტარდება გამოცდილი პერსონალის (მეტეოროლოგის) მიერ, რომელმაც გაიარა ამ პუნქტით განსაზღვრული სწავლებები და აქვს მინიმუმ ხუთი წლის სამუშაო გამოცდილება;
ბ) განმეორებით სწავლებას, რომელიც ტარდება მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ და მიმართულია კვალიფიკაციის შენარჩუნებისკენ;
გ) სპეციალიზებულ სწავლებას, რომელიც მიმართულია ახალი ფუნქციების, სტანდარტების და ტექნოლოგიების ათვისებისკენ.
4. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ, მმო-ს მიერ დადგენილი კომპეტენციის მოთხოვნების შემუშავების და დანერგვის დროს უნდა გაითვალისწინოს მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს ადგილობრივი პირობები, მუშაობის სპეციფიკა და პროცედურები.
5. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო უზრუნველყოფს, რომ საავიაციო მეტეოროლოგ-სინოპტიკოსმა, პასუხისმგებლობის არეში შემავალი რაიონის და საჰაერო სივრცის, ავიაციაზე მეტეოროლოგიური პარამეტრების და მოვლენების ზეგავლენით, მომხმარებლის მოთხოვნების, საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმების, პროცედურების და პრიორიტეტების გათვალისწინებით, დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) მუდმივად გაანალიზოს და აკონტროლოს ამინდის პირობები;
ბ) შეეძლოს მეტეოროლოგიური პარამეტრების და მოვლენების საავიაციო პროგნოზირება;
გ) გამოსცეს საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებები;
დ) უზრუნველყოს მეტეოროლოგიური მომსახურების და ინფორმაციის ხარისხიანობა;
ე) უზრუნველყოს მეტეოროლოგიური ინფორმაციის გავრცელება/მიწოდება შიდა და გარე მომხმარებლებისათვის.
6. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო უზრუნველყოფს, რომ საავიაციო მეტეოროლოგ-დამკვირვებელმა პასუხისმგებლობის არეში შემავალი რაიონის და საჰაერო სივრცის, ავიაციაზე მეტეოროლოგიური პარამეტრების და მოვლენების ზეგავლენით, მომხმარებლის მოთხოვნების, საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმების, პროცედურების და პრიორიტეტების გათვალისწინებით, დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი/დაკვირვება მეტეოროლოგიურ მდგომარეობაზე;
ბ) უზრუნველყოს ავიაციისათვის მნიშვნელოვან მეტეოროლოგიური პარამეტრებსა და მოვლენებზე დაკვირვება და მისი რეგისტრაცია;
გ) უზრუნველყოს მეტეოროლოგიური სისტემების და ინფორმაციის ხარისხი;
დ) უზრუნველყოს მეტეოროლოგიური ინფორმაციის გავრცელება/მიწოდება შიდა და გარე მომხმარებლებისათვის.
7. აღნიშნული მოთხოვნები ეხება როგორც პერსონალის დასაქმების პირველ ეტაპს, ისე პროფესიული უნარების მუდმივ ამაღლებას სამუშაო პროცესის განახლების, ტექნიკისა და მეცნიერების ახალი მიღწევების და საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით მთელი კარიერის მანძილზე.
8. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ, არსებული ხარისხის მართვის სისტემის ფარგლებში, მმო-ს დოკუმენტის №1083-ის შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს მისი პერსონალის განათლებისა და პროფესიული მომზადების შესახებ ჩანაწერების წარმოება და შენახვა, აგრეთვე პერსონალის სწავლების შედეგების დოკუმენტირება და მათი შენახვა დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში, ადამიანური რესურსების მართვის განვითარების და აუდიტების ხელშეწყობის მიზნით.
9. სააერნაოსნო მეტეოროლოგიურ უზრუნველყოფაში ჩართული პერსონალი იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მეტეოროლოგი-სინოპტიკოსი – პირი, რომელმაც წარმატებით დაასრულა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა საწარმოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და ფლობს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ბ) მეტეოროლოგი-დამკვირვებელი – პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა სასწავლო კურსი საწარმოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და ფლობს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს;
გ) მეტეოროლოგიური ტექნიკური სპეციალისტი – პირი, რომელიც პასუხისმგებელია მეტეოროლოგიურ მომსახურებაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებებისა და სისტემების ექსპლუატაციაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და გამართულ ფუნქციონირებაზე და ფლობს შესაბამის ტექნიკურ განათლებასა და კვალიფიკაციას.
10. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის განათლების, მომზადების, კვალიფიკაციის, კომპეტენციის და სწავლებების შესაბამისობა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ №49 გამოცემაში („ტექნიკური წესები“, პირველი ტომი, „საერთო მეტეოროლოგიური სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა“, მე-5 თავის („მეტეოროლოგიურ მომსახურებაში ჩართული მეტეოროლოგიური პერსონალის კვალიფიკაცია და კომპეტენცია“), მე-6 თავის („მეტეოროლოგიური პერსონალის განათლება და სწავლებები“) დამატება A-ში („საბაზისო ინსტრუქციული პაკეტი“) დადგენილ მოთხოვნებთან.