1. ინტერპელაცია, საკრებულოს წევრის შეკითხვისგან განსხვავებით, არის საკრებულოს წევრთა გარკვეული ჯგუფის მიერ, საკრებულოში საკითხის დაყენება, საკრებულოს თავმჯდომარის, აღმასრულებელი ორგანოს – მერის, მერიის თანამდებობის პირის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის თანამდებობის პირის წინაშე მოთხოვნის სახით.
2. ინტერპელაციის მიზანია, მოპასუხე თანამდებობის პირისგან დეტალური ინფორმაციის მიღება, მის მიერ შესაბამის სფეროში განხორციელებული, მიმდინარე ან განსახორციელებელი საქმიანობის ზოგადი ან/და კონკრეტული საკითხების შესახებ.
3. ინტერპელაციის სახით საკრებულოში საკითხის ინიციირების უფლება აქვს:
ა) საკრებულოს;
ბ) საკრებულოს კომისიას;
გ) საკრებულოს ფრაქციას;
დ) საკრებულოს წევრთა ჯგუფს (არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით).
4. საკრებულოს ინიციატივით, მოპასუხე თანამდებობის პირის წინაშე, ინტერპელაციის სახით საკითხის – მოთხოვნის დასაყენებლად, საკრებულო იღებს შესაბამის განკარგულებას.
5. საკრებულოს კომისიის, ფრაქციის ან საკრებულოს წევრთა არანაკლებ 5-კაციანი ჯგუფის ინიციატივით, მოპასუხე თანამდებობის პირის წინაშე, ინტერპელაციის სახით საკითხის დასაყენებლად, ინტერპელაციის ინიციატორებმა წერილობითი ფორმით უნდა მიმართონ საკრებულოს თავმჯდომარეს.
6. საკრებულოს თავმჯდომარისადმი მიმართვაში უნდა აისახოს:
ა) ინტერპელაციის ინიციატორი კომისიის, ფრაქციის თამჯდომარის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია;
ბ) ან ინტერპელაციის ინიციატორი საკრებულოს წევრთა ჯგუფის სია და საკონტაქტო ინფორმაცია;
გ) ინტერპელაციის სახით მოპასუხე თანამდებობის პირის წინაშე საკითხის დასმის მოთხოვნა;
დ) ინტერპელაციის ავტორისა და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებლის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია;
ე) საკრებულოში ინტერპელაციის განხილვის სავარაუდო ვადა;
ვ) საკრებულოს აპარატში მიმართვის ჩაბარების თარიღი.
7. ინტერპელაციის ტექსტში ზუსტად და მოკლედ უნდა იყოს ჩამოყალიბებული დაინტერესებული მხარის მოთხოვნა. მას შეიძლება ახლდეს მოპასუხე თანამდებობის პირის მიერ ამ მოთხოვნის შესრულების აუცილებლობის დასაბუთება.
8. ინტერპელაციის ინიციატორთა მიმართვა, მასზე თანდართულ ინტერპელაციასთან ერთად, საკრებულოს აპარატში ბარდება უფლებამოსილ ინიციატორთა მიერ დანიშნული წარმომადგენლის (ან მომხსენებლის) მიერ.
9. ინტერპელაცია, როგორც უფლებამოსილი სუბიექტების მიერ საკითხის ინიციირება, აუცილებლად უნდა შევიდეს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში.
10. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია, საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე გაიტანოს ინტერპელაციის სახით დასმული საკითხი. საკრებულოს ბიურო, ინტერპელაციის ინიციატორთა უფლებამოსილ წარმომადგენელთან და მიმართვის სუბიექტთან შეთანხმებით, ადგენს დასმული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის ვადას.
11. ინტერპელაცია, როგორც საკრებულოს დღის წესრიგის დამოუკიდებელი საკითხი, განიხილება მხოლოდ საკრებულოს სხდომაზე, დღის წესრიგის საკითხის განხილვის საკრებულოს მიერ დადგენილი ჩვეულებრივი წესით.
12. ინტერპელაციის სახით საკრებულოს სხდომაზე წარდგენილ საკითხზე, ინტერპელაციის ინიციატორთა მიერ დანიშნულ მომხსენებელს, მოხსენებისთვის მიეცემა არანაკლებ 10 წუთისა. ინერპელაციის მოპასუხე თანამდებობის პირის პასუხის შემდეგ შეიძლება გაიმართოს დებატები. მომხსენებელს დასკვნითი სიტყვისთვის მიეცემა 5 წუთი მაინც.
13. ინტერპელაციის სახით დაყენებულ საკითხზე, საკრებულოს სხდომა იღებს გარკვეული ხასიათის გადაწყვეტილებას, საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ის