1. რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის (შემდგომ – წესი) მიზანია მგზავრთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის, ბარგთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანის ზედამხედველობისა და სსიპ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მგზავრთა საჩივრის განხილვის წესის რეგულირება.

2. წინამდებარე წესი ადგენს:

ა) მგზავრთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის დაუშვებლობას;

ბ) სარკინიგზო საწარმოების პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს მგზავრებთან და მათ ბარგთან დაკავშირებით;

გ) მგზავრთა უფლებებს სარკინიგზო შემთხვევის, სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის შემთხვევაში, რომელმაც გამოიწვია გარდაცვალება, ჯანმრთელობის დაზიანება, მგზავრთა ბარგის დაკარგვა ან დაზიანება;

დ) სარკინიგზო საწარმოს მიზეზით გამოწვეული დაგვიანებისთვის კომპენსაციის მიღების უფლებას;

ე) მგზავრთათვის სამგზავრო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებასა და სამგზავრო მატარებლების განრიგის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს;

ვ) ბილეთის საფასურის ანაზღაურებისა და მარშრუტის შეცვლის წესებს;

ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებით უზრუნველყოფის წესებს;

თ) მგზავრთათვის შეზღუდვების დაწესების დაუშვებლობას;

ი) მგზავრთა გადაყვანის ზედამხედველობის წესს;

კ) სსიპ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მგზავრთა საჩივრის განხილვის წესს.

3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ქვეყნის შიდა სარკინიგზო-სამგზავრო, აგრეთვე საერთაშორისო სარკინიგზო-სამგზავრო გადაყვანებზე, რომელთაც ახორციელებს საქართველოში რეგისტრირებული სარკინიგზო საწარმო საკუთარი ან მის მართვაში არსებული მოძრავი შემადგენლობით.

4. საერთაშორისო სარკინიგზო-სამგზავრო გადაყვანისას წარმოშობილ დავაზე ვრცელდება იმ ქვეყნის იურისდიქცია, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ფარგლებში. ასეთი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში საერთაშორისო სარკინიგზო-სამგზავრო გადაყვანისას წარმოშობილ დავაზე ვრცელდება იმ ქვეყნის იურისდიქცია, სადაც მდებარეობს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი, მოპასუხის ძირითადი საქმიანობის ადგილი ან მოპასუხის ფილიალი, რომელმაც გაყიდა ბილეთი ან/და მგზავრთან დადო გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება.

5. რეგისტრირებულ ბარგთან და ჯავშანთან დაკავშირებული ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მომსახურება შეთავაზებულია გადამყვან-გადამზიდველის მიერ.

6. ამ წესის მე-11 თავით განსაზღვრული შესაბამისი ვალდებულებები გადამყვან-გადამზიდველს არ წარმოეშობა იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირების მიმართ, რომელთაც სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაში ესაჭიროებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირებზე ადაპტირებული ადგილებით სარგებლობა, თუ გადაყვანა-გადაზიდვისთვის გამოყენებული სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება არ არის აღჭურვილი ასეთი ადგილებით და გამგზავრების პუნქტში არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა არ არის ადაპტირებული.

7. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, რეგისტრირებულ ბარგთან, ჯავშანთან, ერთიან ბილეთთან, სეზონურ ბილეთთან და ვაუჩერთან დაკავშირებული ამ წესით განსაზღვრული დებულებები, ასეთი მომსახურების/მომსახურებების არარსებობის შემთხვევაში, არ აკისრებს გადამყვან-გადამზიდველს, რკინიგზის სადგურის მენეჯერს ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერს ვალდებულებას, დანერგოს აღნიშნული მომსახურება/მომსახურებებ