წესი
1. ამ წესის შესაბამისად გამოცემული გადაწყვეტილების/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან/და სხვა ინფორმაციის/დოკუმენტის დამსაქმებლისათვის გაგზავნა და ჩაბარება ხორციელდება კანონის 377 მუხლით დადგენილი წესით, ელექტრონული სისტემისა და შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, თუ ადრესატი ელექტრონულ სისტემასა და შემოსავლების სამსახურის სისტემაში განთავსებულ გადაწყვეტილებას/ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და ნებისმიერ სხვა ინფორმაციას/დოკუმენტს განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში არ გაეცნო, ფონდი უზრუნველყოფს მის საჯაროდ გავრცელებას ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით. საჯაროდ განთავსებული გადაწყვეტილება/აქტი/ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ განთავსებიდან მე-10 კალენდარულ დღეს.
3. საპენსიო ფონდი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საჯარო გავრცელებას უზრუნველყოფს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე – pensions.ge. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია არ გაასაჯაროოს/დაფაროს გადაწყვეტილების/ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ან/და ნებისმიერ სხვა ინფორმაციის/დოკუმენტის ის ნაწილ(ებ)ი, რომლებიც შეიცავს მონაწილის/პენსიის მიმღების/მემკვიდრის პერსონალურ მონაცემებს.
4. ელექტრონულ სისტემაში ან შემოსავლების სამსახურის სისტემაში დოკუმენტის გაცნობის (ნახვის) თარიღი და დრო სისტემის მიერ ავტომატურად ფიქსირდება და წარმოადგენს ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებას.
5. საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ ინფორმაცია დამსაქმებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საშუალებასთან ერთად დამატებით ეცნობება მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და სხვაგვარი ელექტრონული შეტყობინების სახით, თუ ელექტრონულ სისტემაში ან/და შემოსავლების სამსახურის სისტემაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. თუ საპენსიო ფონდს არ აქვს დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია, იგი უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან მოპოვებას.
6. იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, ასეთ შემთხვევაში ფონდი უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაგზავნას ადრესატისათვის ფოსტის მეშვეობით. ფოსტით გაგზავნისას დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატისთვის მისი გადაცემის დღეს, ხოლო თუ ადრესატის მისამართზე ჩაბარება ორჯერ გაგზავნის მიუხედავად ვერ ხერხდება – ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
7. ელექტრონულ სისტემაში და შემოსავლების სამსახურის სისტემაში ფონდის მიერ განთავსებულ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხელმოწერილ ან/და შტამპდასმულ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალური ფორმით შედგენილ, სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს.
8. ფონდისთვის ნებისმიერი ფორმით წარდგენილი ყველა დოკუმენტის/ინფორმაციის ნამდვილობაზე, უტყუარობაზე და სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმდგენ პირს, განურჩევლად იმისა, თუ კომუნიკაციის რა საშუალებით არის შესაბამისი დოკუმენტი წარდგენილი.
9. ამ მუხლით განსაზღვრული წარდგენის/გაგზავნის და გაცნობის (ჩაბარების) წესი ვრცელდება ამ წესის ფარგლებში მომზადებულ ნებისმიერ დოკუმენტზე, ინფორმაციასა და შეტყობინებაზე.
10. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჩივრის ავტორი ვალდებულია აქტის სასამართლოში გასაჩივრებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში საპენსიო ფონდს წარუდგინოს სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული აქტი ან ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ საჩივრის განხილვა არ დასრულებულა, წინააღმდეგ შემთხვევაში საპენსიო ფონდი გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ უფლებამოსილია დაიწყოს აღსრულების ღონისძიებები.