1. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ჯარიმის დაკისრებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში სრულად უზრუნველყოფს ამ წესის მე-8 ან/და მე-9 მუხლის საფუძველზე იდენტიფიცირებული განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის (მისი არსებობის შემთხვევაში) გადახდას, მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულება უქმდება. ამ ვადაში შესაბამისი საპენსიო შენატან(ებ)ის სრული მოცულობის განუხორციელებლობის და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, დამსაქმებელი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საშეღავათო პერიოდი აითვლება ჯარიმის დაკისრების შესახებ ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოცემის თარიღის მომდევნო დღიდან და სრულდება აღნიშნული თარიღიდან მე-10 სამუშაო დღის 24:00 საათზე.
3. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გრძელდება მიუღებელი სარგებლის დარიცხვა, დამსაქმებლის მიერ სათანადო საპენსიო შენატანის სრულად განხორციელებამდე.
4. დამსაქმებელს განესაზღვრება საშეღავათო პერიოდი კანონისა და ამ წესის შესაბამისად დაკისრებულ თითოეულ ჯარიმასთან მიმართებით ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, მათ შორის, საშემოსავლო დეკლარაციის თითოეული შესწორების შემთხვევაში, ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების ყოველი შეუსრულებლობის ფაქტის გამოვლენისას.
5. დამსაქმებლის მიერ საშეღავათო პერიოდში საპენსიო შენატანის სრულად განხორციელებისა და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის სრულად გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული ვალდებულებების შესრულებიდან გონივრულ ვადაში საპენსიო ფონდი გამოსცემს გადაწყვეტილებას ჯარიმის გაუქმების შესახებ, მათ შორის, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად.