ფონდის
უფლებამოსილება
მონიტორინგის
პროცესში

1. ამ წესით განსაზღვრული მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია მიმართოს ნებისმიერ პირს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე, ხოლო შესაბამისი პირი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საპენსიო ფონდი მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით (მათ შორის, მონაწილის/პენსიის მიმღების/მემკვიდრის პერსონალური მონაცემებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ფონდი უფლებამოსილია იმოქმედოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

2. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია მონიტორინგის პროცესში ნებისმიერი პირისაგან ნებისმიერი საშუალებით მიღებული ინფორმაცია/მონაცემები გაითვალისწინოს ამ წესით  სამართალდარღვევის ოქმის ან/და კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ან/და მიუღებელი სარგებლის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ან/და შემდგომი ღონისძიებების განხორციელებისას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპენსიო ფონდის მოთხოვნა სავალდებულოა შესასრულებლად შესაბამისი პირისათვის, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.