პროცესი
1. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს შემოწმებას და შეისწავლის/განიხილავს დამსაქმებლის მიერ მე-5 მუხლის შესაბამისად წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას/მტკიცებულებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და სხვა ინფორმაციას/დოკუმენტაციას, რომელიც მოძიებულ/მიღებულ იქნა მონიტორინგის პროცესში. 2025 წლის 1 მაისის შემდგომ მონიტორინგის პროცესი დაიწყება შემოწმებით.
2. მონიტორინგის პროცესში უფლებამოსილ თანამშრომელს შეუძლია შესაბამის დამსაქმებელს მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის/მტკიცებულების დაზუსტება ან/და წარდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადას.
3. თუ შემოწმების შედეგად 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის წარმოშობილ ვალდებულებაზე ფიქსირდება როგორც საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის, ასევე საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი, დამსაქმებლის ვალდებულება კალენდარული წლის (სრული ან არასრული) ჭრილში განისაზღვრება ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად ნაკლებად განხორციელებული საპენსიო შენატანისა და ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის შეჯერებით (გაქვითვით). თუ შესამოწმებელ 1-თვიან პერიოდში, ერთი მონაწილის მიმართ განხორციელებულ და კანონის შესაბამისად განსახორციელებელ საპენსიო შენატანებს შორის სხვაობა 1 ლარს არ აღემატება, აღნიშნული სხვაობა საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევად არ მიიჩნევა.
4. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის მონიტორინგის ფარგლებში შემოწმების შედეგად:
ა) ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარებით გამოვლინდება შეუსაბამობა, რომელიც საპენსიო შენატანის განუხორციელებლობაზე მიუთითებს და საქმეში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება ამ შეუსაბამობის არსებობას არ გამორიცხავს, უფლებამოსილი თანამშრომელი დამსაქმებლის მიმართ ადგენს სამართალდარღვევის ოქმს;
ბ) გამოვლინდება საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი და საქმეში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება ამ ფაქტის არსებობას არ გამორიცხავს, უფლებამოსილი თანამშრომელი მოქმედებს ამ წესის მე-14 მუხლის შესაბამისად;
გ) არ გამოვლინდება შეუსაბამობა ან გამოვლინდება შეუსაბამობა, თუმცა მონიტორინგის პროცესში მიღებული/გამოკვლეული ინფორმაციით/დოკუმენტაციით/მტკიცებულებით დასტურდება, რომ აღნიშნული შეუსაბამობა არ წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობას ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელებას, უფლებამოსილი თანამშრომელი აღნიშნულ ინფორმაციას წარუდგენს ფონდის გენერალურ დირექტორს მონიტორინგის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.