მონიტორინგის
დაგეგმვა
1. ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლ(ებ)ის გეგმური ან არაგეგმური მონიტორინგი.
2. გეგმური მონიტორინგი ხორციელდება გეგმური მონიტორინგის თაობაზე შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
3. არაგეგმური მონიტორინგი ხორციელდება არაგეგმური მონიტორინგის თაობაზე შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. ასეთი ბრძანების გამოცემისა და არაგეგმური მონიტორინგის ინიცირების საფუძველი შესაძლოა იყოს დაინტერესებული პირის განცხადება ან/და ნებისმიერი სხვა ფაქტი ან/და გარემოება, რომელიც მიზანშეწონილს ხდის არაგეგმური მონიტორინგის ჩატარებას.
4. გეგმური და არაგეგმური მონიტორინგი ტარდება შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ დროსა და ფარგლებში, რაც შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს მონიტორინგის ბრძანებაში ცვლილების შეტანის გზით.
5. მონიტორინგის ბრძანება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგს:
ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს;
ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს დასახელებას;
გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს, გამოცემის თარიღსა და სარეგისტრაციო ნომერს;
დ) მითითებას იმ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე ან მის შესაბამის ნორმაზე, რომლის საფუძველზეც გამოიცემა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს, რომელიც, მათ შორის, მოიცავს:
ე.ა) იმ დამსაქმებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომელიც წარმოადგენს ფონდის მონიტორინგის სუბიექტს;
ე.ბ) მონიტორინგის ფარგლებს და ჩატარების პერიოდს/ვადებს;
ე.გ) 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებასთან მიმართებით მონიტორინგის განხორციელებისას, გაფრთხილებას დამსაქმებლისთვის შემოწმებამდე განსაზღვრულ 20 (ოცი) კალენდარულ-დღიან ვადაზე, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული პირი უფლებამოსილია აღმოფხვრას ვალდებულების შეუსრულებლობის (საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის) ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე.დ) ინფორმაციას უფლებამოსილი თანამშრომლის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს შემოწმების/მონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებებს. მონიტორინგის სირთულის, მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, მონიტორინგის ბრძანებით შესაძლოა განისაზღვროს რამდენიმე უფლებამოსილი თანამშრომელი, რომლებიც ერთობლივად ან ცალ-ცალკე განახორციელებენ მონიტორინგს;
ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის წესს;
ზ) ინფორმაციას გასაჩივრების უფლების შესახებ;
თ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ადგილს, გამომცემი პირის თანამდებობას, ვინაობას და ხელმოწერას.
6. მონიტორინგის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 (ექვს) თვეს. თუ დაწყებული მონიტორინგის გაგრძელება ვერ ხერხდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების გამო (მათ შორის, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მოპოვების მიზეზით), საპენსიო ფონდი უფლებამოსილია შეაჩეროს მონიტორინგის პროცესი. მონიტორინგის პროცესი განახლდება ამ გარემოებების აღმოფხვრისთანავე. შეჩერების პერიოდი არ შედის მონიტორინგის საერთო ვადაში.
7. საპენსიო ფონდი მონიტორინგის დროს უფლებამოსილია არ გამოიყენოს სახდელი:
ა) თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი არ არსებობს;
ბ) თუ მიღებული ამნისტიის (ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ) აქტი აუქმებს ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას;
გ) თუ გაუქმდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტი;
დ) თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისთვის გასულია კანონით დადგენილი ვადები;
ე) თუ არსებობს იმავე ფაქტზე დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
ვ) თუ ფიზიკური პირი, რომლის მიმართაც დაწყებული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, გარდაიცვალა და კანონი არ ითვალისწინებს უფლებამონაცვლეობას.
8. პირს, რომელმაც 2025 წლის 1 მაისამდე დაარღვია კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება, მათ შორის, დაარღვია ვადა, თუმცა სრულად შეასრულებს ამ ვალდებულებას არაუგვიანეს საპენსიო ფონდის მიერ შემოწმების დაწყებისა, არ დაეკისრება ჯარიმა, აღნიშნულ პერიოდამდე წარმოშობილი ვალდებულების დარღვევისათვის.
9. სახელმწიფო დამსაქმებლების მიერ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის ფაქტი გამოვლინდება მონიტორინგის საფუძველზე, მათ შორის, სახაზინო სამსახურის სისტემით მოწოდებული ინფორმაციის და საპენსიო ფონდის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით.