შემდგომი
საანგარიშო პერიოდისთვის წარმოშობილი
საპენსიო
შენატანის
განხორციელების
ვალდებულების
შეუსრულებლობის
შედეგები
1. 2025 წლის 1 მაისის შემდგომი პერიოდისთვის წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებასთან მიმართებით, ინსტრუქციით და ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით შესაბამისი საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის გამო, ამასთან, ინსტრუქციით დადგენილი წესით სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შესაბამის დამსაქმებელს დაეკისრება:
ა) კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, ან/და
ბ) მიუღებელი სარგებელი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა.
2. დამსაქმებელს არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა 2025 წლის 1 მაისის შემდგომი პერიოდისათვის წარმოშობილ საპენსიო შენატანთან მიმართებით, თუ:
ა) დამსაქმებელმა მოახდინა საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება და მისი გათვალისწინებით, ინსტრუქციითა და ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, დროულად და ჯეროვნად განახორციელა საპენსიო შენატანი (შენატანები);
ბ) დამსაქმებლის მიერ, ინსტრუქციითა და ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, 1 საანგარიშო თვეში განსახორციელებელი საპენსიო შენატანების ჯამური ოდენობა 1 ლარს არ აღემატება, რაც გულისხმობს, დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე ინიცირებული 1 საპენსიო დეკლარაციით გათვალისწინებული ჯამური მოცულობის საპენსიო შენატანები 1 ლარს არ აღემატება, ხოლო შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის არარსებობის გამო აღნიშნული საპენსიო დეკლარაციის დახურვა ვერ განხორციელდა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში, დაკისრებული ჯარიმის/მიუღებელი სარგებლის გადახდასთან ერთად დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების სრულად შესრულება, საკუთარი ხარჯით (დასაქმებულის ხელფასიდან გამოქვითვის გარეშე).
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მონაწილის მიუღებელი სარგებლის დაკისრება არ ზღუდავს დამსაქმებელს, განახორციელოს საპენსიო შენატან(ებ)ი. განსახორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის დაფარვა ხორციელდება კალენდარული თვეების რიგითობით: უპირველესად ხორციელდება შესაბამისი საპენსიო შენატანი, ხოლო შემდგომ – მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის გადახდა. საპენსიო შენატანის არასრულად განხორციელების შემთხვევაში, მიუღებელი სარგებელი დაირიცხება დარჩენილი ვალდებულების პროპორციულად. დამსაქმებელი ვერ განახორციელებს მომდევნო საპენსიო შენატან(ებ)ს, თუ სრულად არ დაიფარება არსებული საპენსიო შენატან(ებ)ი და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებელი.
5. მიუღებელი სარგებლის დარიცხვა განხორციელდება წელიწადში 365 დღეზე დაანგარიშებით, საპენსიო შენატანის განხორციელების ვადის მომდევნო კალენდარული დღიდან და წყდება მხოლოდ შესაბამისი საპენსიო შენატანის სრულად განხორციელებით, საპენსიო შენატანის განხორციელების დღის ჩათვლით.
6. 2025 წლის 1 მაისის შემდეგ პერიოდისათვის წარმოშობილი ვალდებულებისათვის საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის ფაქტი გამოვლინდება ავტომატურად, საქართველოს საგადასახადო კოდექსით შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის ვადის მომდევნო კალენდარულ დღეს ან საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების შემთხვევაში, აღნიშნული შესწორების მომდევნო კალენდარულ დღეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რის შედეგად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჯარიმისა ან/და მიუღებელი სარგებლის დაკისრება ხორციელდება ავტომატურად, თითოეული საშემოსავლო დეკლარაციასთან მიმართებით.
7. 2025 წლის 1 მაისის შემდეგი პერიოდისათვის წარმოშობილი ვალდებულებისათვის ერთობლივი ნორმატიული აქტით ან/და ინსტრუქციის საფუძველზე, ელექტრონულ სისტემაში საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება, არამედ ელექტრონული სისტემა ავტომატურად აგენერირებს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ჯარიმის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს სამართალდარღვევის ოქმს.
8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში დამსაქმებლის მიმართ გამოიცემა საპენსიო ფონდის ელექტრონული გადაწყვეტილება მიუღებელი სარგებლის დაკისრებისა და შესაბამისი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არსებობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თაობაზე.
9. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში 2025 წლის 1 მაისის შემდგომი პერიოდისათვის წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოვლენილად ითვლება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოწერის დღეს.
10. ამ მუხლით გათვალისწინებულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს/გადაწყვეტილებას ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურ რეჟიმში დაესმება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა.
11. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გამოიცემა არსებითად ამ წესის დანართ №2-ის ფორმით.
12. დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის ყოველი წარდგენისას ან/და შესწორებისას ავტომატურად განხორციელდება შესაბამისი პერიოდისათვის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის ან ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირება, რის შედეგადაც სათანადო გარემოებების გათვალისწინებით დადგება ამ მუხლით გათვალისწინებული შედეგები.
13. ამ მუხლით გათვალისწინებულის მიუხედავად, საპენსიო ფონდი ასევე უფლებამოსილია განახორციელოს მონიტორინგის პროცესი ამ წესის შესაბამისად, 2025 წლის 1 მაისის შემდგომი პერიოდისათვის წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის/ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით.
14. დამსაქმებელს დაეკისრება მიუღებელი სარგებელი საპენსიო შენატან(ებ)ის ინსტრუქციით/ერთობლივი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ვადაში და წესით განუხორციელებლობის (ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) შემთხვევაში, საპენსიო შენატან(ებ)ის შესაბამისი მოცულობის თანხაზე.