ნებაყოფლობით
შესრულება
1. ამ წესით გათვალისწინებული ჯარიმის, მიუღებელი სარგებლის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დაკისრების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში დამსაქმებელი უფლებამოსილია ნებაყოფლობით შეასრულოს:
ა) გადაწყვეტილების შესაბამისად, საპენსიო შენატანის ფონდის მიერ განსაზღვრული წესით განხორციელება;
ბ) დაკისრებული მიუღებელი სარგებლის გადახდა (2025 წლის 1 მაისის შემდგომი პერიოდისთვის წარმოშობილი ვალდებულების მიმართ);
გ) დაკისრებული ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა. ჯარიმა გადახდილად აისახება ელექტრონულ სისტემაში, სამართალდამრღვევის მიერ საპენსიო ფონდის შესაბამის გადაწყვეტილებაში მითითებული რეკვიზიტების გათვალისწინებით/დაცვით, ჯარიმის გადახდის შემთხვევაში.
2. ამ წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიუღებელი სარგებლის და განუხორციელებელი საპენსიო შენატანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდა განხორციელდება ინსტრუქციითა და ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე არსებული საბალანსო თანხიდან, პირველ რიგში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად დაიფარება განსახორციელებელი საპენსიო შენატანი და შემდგომ მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებელი. თუ საბალანსო თანხა არ არის საკმარისი საპენსიო შენატანისა ან/და მიუღებელი სარგებლის სრულად დასაფარად, დაფარვა განხორციელდება ამ პუნქტით გათვალისწინებული რიგითობით და შესაბამისი პროპორციით.
3. სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ, მონიტორინგის შედეგად მიუღებელი სარგებლის ან/და შესაბამისი საპენსიო შენატანის განხორციელება ხდება სახაზინო სამსახურის სისტემის მეშვეობით.
4. მიუღებელი სარგებლის ან/და ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს სამართალდამრღვევს განუხორციელებელი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებისაგან.
5. დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულების და მიუღებელი სარგებლის გადახდის შემთხვევაში, შესაბამისი თანხა აისახება ფონდის შესაბამის გადაწყვეტილებაში მითითებულ დასაქმებულის/მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.