1. თუ ელექტროძრავაზე ან მის მოყვანილ მექანიზმზე მუშაობისას ადგილი აქვს დენგამტარ და მბრუნავ ნაწილებთან შეხებას, ელექტროძრავა უნდა გამოირთოს წინამდებარე წესებით გათვალისწინებული (შეცდომით ჩართვის გამომრიცხავი) ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებით. ამ დროს ორსიჩქარიან ელექტროძრავებზე უნდა გამოირთოს და დაიშალოს სტატორის გრაგნილის მკვებავი ორივე წრედი.
ა) მუშა მდგომარეობაში მყოფ ელექტროძრავებზე დასაშვებია სამუშაოს ჩატარება, თუ საჭირო არ არის ელექტროძრავების დენგამტარ და მბრუნავ ნაწილებთან ან მათ მიერ მოძრაობაში მოყვანილ მექანიზმებთან შეხება;
ბ) დაუშვებელია მუშაობაში მყოფი ელექტროძრავების და მექანიზმების მბრუნავ ნაწილებზე შემოღობვების მოხსნა.
2. ელექტროძრავაზე მუშაობისას დამიწების დაყენება დასაშვებია ელექტროძრავის გმ-ის სექციასთან, ფართან, ანაკრებთან შემაერთებელ საკაბელო ხაზის ნებისმიერ უბანზე.
ა) ელექტროძრავაზე მიმდინარე გრძელვადიანი სამუშაოების რამდენიმე დღით შეწყვეტის შემთხვევაში მისგან მოხსნილი საკაბელო ხაზი უნდა დამიწდეს ელექტროძრავის მხრიდანაც;
ბ) თუ კაბელის ძარღვების კვეთი არ იძლევა გადასატანი დამიწების გამოყენების საშუალებას, 1000 ვოლტამდე ძაბვის ელექტროძრავებში დასაშვებია საკაბელო ხაზის დამიწება კაბელის ძარღვის კვეთზე არანაკლები კვეთის სპილენძის სადენით, ან შეიძლება კაბელის ძარღვების ერთმანეთთან გადაერთება და იზოლაციის გაკეთება. კაბელის ძარღვების ასეთი დამიწება ან შეერთება ოპერატიულ დოკუმენტაციაში უნდა ჩაითვალოს გადასატანი დამიწების ტოლფასად.
3. ელექტროძრავებზე, რომლებიც ბრუნვაში შეიძლება მოიყვანონ მათთან მიერთებულმა მექანიზმებმა (ტუმბოებმა, კვამლსაწოვებმა, ვენტილატორებმა), სამუშაოდ დაშვების წინ ჩამკეტი არმატურის (საკვალთების, ვენტილების, შიბერების) შტურვალი უნდა ჩაიკეტოს ბოქლომით. გარდა ამისა, მიღებულ უნდა იქნეს ელექტროძრავის როტორის დამამუხრუჭებელი ზომები ან გაიხსნას შემაერთებელი ქუროები. ჩამკეტ არმატურაზე განხორციელებული ოპერაციები უნდა შეთანხმდეს ტექნოლოგიური საამქროს ცვლის უფროსთან და ჩაიწეროს ოპერატიულ ჟურნალში.
4. ჩამკეტი არმატურის და მიმმართველი აპარატების ელექტროამძრავების ხელის დისტანციური ან ავტომატური მართვის სქემებიდან უნდა მოიხსნას ძაბვა. საკვალთების, შიბერების, ვენტილების შტურვალებზე უნდა დაიკიდოს პლაკატები „არ გახსნათ! მუშაობს ხალხი“, ხოლო ელექტროამძრავის ჩამკეტი არამატურის მართვის გასაღებებზე და ღილაკებზე – „არ ჩართოთ! მუშაობს ხალხი“.
5. სამუშაოდ გათვალისწინებული ძრავის გვერდით განთავსებული იმავე ტიპის ან მისი თანაბარი გაბარიტის მქონე ძრავებზე უნდა დაიკიდოს პლაკატები „სდექ, ძაბვაა“, მიუხედავად იმისა, იმყოფება ისინი მუშა მდგომარეობაში თუ არა.
6. ელექტროძრავის მოსინჯვის მიზნით, ჩართვა უნდა განხორციელდეს შემდეგი წესით:
ა) სამუშაოს მწარმოებელმა ბრიგადა უნდა გაიყვანოს სამუშაო ადგილიდან, გააფორმოს სამუშაოს დამთავრება და განწესი ჩააბაროს ოპერატიულ პერსონალს;
ბ) ოპერატიულმა პერსონალმა უნდა მოხსნას დაყენებული დამიწებები, პლაკატები და ააწყოს სქემა;
გ) მოსინჯვის შემდეგ, თუ აუცილებელია ელექტროძრავზე სამუშაოს გაგრძელება, ოპერატიული პერსონალი ხელახლა ამზადებს სამუშაო ადგილს და ბრიგადა განწესით ხელმეორედ დაიშვება სამუშაოდ.
7. მბრუნავ ელექტროძრავაზე დენგამტარ და მბრუნავ ნაწილებთან შეხების გარეშე მუშაობა შეიძლება განკარგულებით.
8. მუშაობაში მყოფ ელექტროძრავის მუსის აპარატის მომსახურება დასაშვებია განკარგულებით ამ სამუშაოებისათვის სპეციალურად მომზადებული უსაფრთხოების III ჯგუფის მქონე მუშაკის მიერ შემდეგი ღონისძიებების დაცვით:
ა) მუშაობისას გამოყენებულ უნდა იქნეს სახისა და თვალების დამცავი საშუალებები, ამასთან სპეცტანსაცმელი უნდა იყოს შეკრული, რათა გამოირიცხოს ელექროძრავის მბრუნავი ნაწილების მიერ მათი წატაცება;
ბ) გამოყენებულ უნდა იქნეს დიელექტრიკული კალოშები ან დიელექტრიკული რეზინის საფენები;
გ) დაუშვებელია ორი პოლუსის დენგამტარ ნაწილებთან ან დენგამტარ და დამიწებულ ნაწილებთან ხელებით ერთდროულად შეხება;
დ) მბრუნავ ელექტროძრავაზე როტორის რგოლები დასაშვებია გაიხეხოს მხოლოდ საიზოლაციო მასალის ხუნდების გამოყენებით.
9. ორგანიზაციების შრომის დაცვის ინსტრუქციებში დეტალურად უნდა იყოს მოცემული მოთხოვნები ელექტროძრავებზე მუშაობისას სამუშაო ადგილის მომზადებისა და სამუშაოს უსაფრთხოდ ჩატარების ორგანიზებაზე, რომლებშიც გათვალისწინებულ უნდა იყოს გამოყენებული ელექტრული მანქანების სახეები, გამშვებ-მარეგულირებელი მოწყობილობების თავისებურებები, მექანიზმის სპეციფიკა, ტექნოლოგიური სქემები და ა.შ