1. 1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის სეგხ-ები უნდა დამიწდეს ყველა გმ-ში და იმ მასექციონირებელ საკომუტაციო აპარატებთან, სადაც გამორთულია ხაზი. დასაშვებია:
ა) 35 კვ და მეტი ძაბვის სეგხ-ები, რომელთაც აქვთ განშტოებები, არ დამიწდეს ამ განშტოებებზე მიერთებულ ქვესადგურებში, იმ პირობით, რომ სეგხ დამიწებულია ორივე მხარეს და დამიწებები დაყენებულია გამორთული სახაზო გამთიშველების შემდეგ (დანართი №7, ნახ. 5.);
ბ) 6-10 კვ სეგხ-ები დამიწდეს მხოლოდ ერთ გმ-ში ან ერთ მასექციონირებელ აპარატთან, ან გმ-სთან და მასექციონირებელ აპარატთან უახლოეს ანძაზე. ამ ძაბვის დანარჩენ გმ-ებში და მასექციონირებელ აპარატებთან, სადაც გამორთულია სეგხ, დასაშვებია იგი არ დამიწდეს იმ პირობით, რომ სეგხ-ზე დამიწება დაყენებულ იქნება სამუშაო ადგილსა და ამ გმ-სა ან მასექციონირებელ აპარატს შორის. სეგხ-ზე აღნიშნული დამიწებები უნდა მოეწყოს იმ ანძებზე, რომლებსაც აქვს დამამიწებელი მოწყობილობები (დანართი №7, ნახ. 6).
გ) 1000 ვოლტამდე ძაბვის სეგხ-ზე საკმარისია დამიწების დაყენება მხოლოდ სამუშაო ადგილზე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დამიწებების გარდა თითოეული ბრიგადის სამუშაო ადგილზე დამატებით უნდა დამიწდეს ყველა ფაზის სადენი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მეხამრიდი გვარლებიც.
3. ანკერულ მალში სადენების მონტაჟის დროს, აგრეთვე სეგხ-ის დამონტაჟებული უბნის ანკერულ ანძებზე მარყუჟების შეერთებების შემდეგ, სადენები (გვარლები) უნდა დამიწდეს საწყის ანკერულ ანძაზე და ბოლო ანკერული ანძის წინ უახლოეს შუალედურ ანძაზე.
4. აკრძალულია სადენების (გვარლების) დამიწება დამონტაჟებული ანკერული მალის, აგრეთვე სეგხ-ის დამონტაჟებული უბნის ბოლო საანკერო ანძაზე, რათა თავიდან იქნეს აცილებელი სეგხ-ის მზა უბნის სადენებიდან (გვარლებიდან) ჭექა-ქუხილის განმუხტვის პოტენციალის და სხვა სახის გადამეტძაბვის გადასვლა მომდევნო დასამონტაჟებელ უბანზე.
5. გახლეჩილფაზიან სეგხ-ებზე დასაშვებია თითოეულ ფაზაზე დამიწდეს მხოლოდ ერთი სადენი; მაიზოლირებელი განმბრჯენების არსებობისას კი აუცილებელია ყველა სადენის დამიწება.
6. ერთჯაჭვა სეგხ-ებზე სამუშაო ადგილზე დამიწების დაყენება აუცილებელია იმ ანძაზე, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა ან მეზობელ ანძაზე. დასაშვებია დამიწების დაყენება სეგხ-ის იმ უბნის ორივე მხარეს, რომელზედაც მუშაობს ბრიგადა, იმ პირობით, რომ დამიწებებს შორის მანძილი არ აღემატებოდეს 2 კმ-ს.
7. ანძებიდან იზოლირებულ მეხამრიდ გვარლზე ან ანძის კონსტრუქციებზე მუშაობისას, როდესაც საჭირო ხდება ამ გვარლთან 1 მ-ზე ნაკლებ მანძილზე მიახლოება, გვარლი უნდა დამიწდეს. დამიწება უნდა მოეწყოს მალში სამუშაო ადგილზე ან იმ მალის მხარეს, რომელშიც გვარლი იზოლირებულია.
ა) მიწიდან იზოლირებულ მეხამრიდ გვარლზე დამამიწებელი ჩამომყვანის მიერთება ან მისგან მოხსნა უნდა მოხდეს გვარლის წინასწარი დამიწების შემდეგ;
ბ) თუ ამ გვარლზე გათვალისწინებულია ლიპყინულის დნობა, სამუშაოს დაწყების წინ გვარლი უნდა გამოირთოს და დამიწდეს იმ მხრიდან, საიდანაც შესაძლებელია მასზე ძაბვის მიწოდება.
8. გადასატანი დამიწება ლითონის ანძების შემთხვევაში უნდა მიერთდეს ანძის ელემენტებზე, ხოლო დამამიწებელ ჩამომყვანებიან რკინაბეტონისა და ხის ანძებზე – ჩამომყვანებზე, ჩამომყვანების სიმთელის შემოწმების შემდეგ. თუ რკინაბეტონის ანძებს არა აქვთ დამამიწებელი ჩამომყვანები, დამიწება შეიძლება მიუერთდეს ტრავერსებს და ანძის სხვა ლითონის ელემენტებს, რომელთაც აქვთ კონტაქტი დამამიწებელ მოწყობილობასთან.
ა) 1000 ვოლტამდე ძაბვის დამიწებულნეიტრალიან ელექტროქსელებში, თუ არსებობს ნულოვანი სადენის განმეორებითი დამიწება, დასაშვებია გადასატანი დამიწების მიერთება ამ ნულოვან სადენთან;
ბ) გადასატანი დამიწების დამამიწებელ გამტარებთან ან კონსტრუქციებთან მიერთების ადგილები უნდა გაიწმინდოს. გადასატანი დამიწება სამუშაო ადგილზე შეიძლება მიუერთდეს გრუნტში არა უმცირეს 0,5 მ სიღრმეზე ვერტიკალურად ჩასმულ დამამიწებელს. აკრძალულია დამამიწებლის დაყენება ნაყარ გრუნტში.
9. 1000 ვოლტამდე ძაბვის სეგხ-ზე, თუ მუშაობა წარმოებს ანძიდან ან ტელესკოპური კოშკურიდან მაიზოლირებელი რგოლის გარეშე, დამიწება უნდა მოეწყოს როგორც შესაკეთებელ ხაზზე, ასევე ამ ანძაზე დაკიდულ ყველა სადენზე, მათ შორის, რადიოტრანსლიაციის და ტელემექანიკის ხაზების არაიზოლირებულ სადენებზეც.
10. შესაკეთებლად გამორთულ სეგხ-ზე გადასატანი დამიწების დაყენება – მოხსნა და ანძებზე არსებული დამამიწებელი დანების ჩართვა უნდა განახორციელონ მუშაკებმა ოპერატიული ან ოპერატიულ-სარემონტო პერსონალის შემადგენლობიდან, რომელთაგან ერთს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების IV ჯგუფი (1000 ვ-ზე მაღალი ძაბვის სეგხ-ზე) ან III ჯგუფი (1000 ვ-მდე ძაბვის სეგხ-ზე), ხოლო მეორეს – უსაფრთხოების III ჯგუფი. დასაშვებია III ჯგუფის მქონე მეორე პირი იყოს სარემონტო პერსონალის შემადგენლობიდან, ხოლო მომხმარებლის მკვებავ სეგხ-ზე – მომხმარებლის პერსონალიდან.
ა) დამამიწებელი დანების გამორთვის უფლება აქვს უსაფრთხოების III ჯგუფის მქონე ერთ პირს ოპერატიული ან ოპერატიულ-სარემონტო პერსონალიდან;
ბ) სეგხ-ის სამუშაო ადგილებზე გადასატანი დამიწების დაყენება შეუძლია სამუშაოს მწარმოებელს უსაფრთხოების III ჯგუფის მქონე ბრიგადის წევრთან ერთად. მისი მოხსნა კი შეუძლია უსაფრთხოების III ჯგუფის მქონე ბრიგადის ორ წევრს სამუშაოს მწარმოებლის მითითებით.
11. სეგხ-ზე ძაბვის არარსებობის შემოწმების, დამიწების დაყენებისა და მოხსნის დროს ორი მუშაკიდან ერთ-ერთი უწევს მეთვალყურეობას მეორეს ქვევიდან.
12. სხვა სეგხ-ებთან გადაკვეთის მალებში, მრავალჯაჭვა სეგხ-ის ერთ გამორთულ ჯაჭვზე, ინდუცირებული ძაბვის ქვეშ მყოფ სეგხ-ზე მუშაობის და ცალკეული ფაზის რემონტის დროს სეგხ-ზე დამიწების დაყენებაზე მოთხოვნები მოცემულია წინამდებარე წესების 44-ე მუხლში