1. 1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარებში სამუშაოს საწარმოებლად გამორთული უბნის ყველა ფაზის (პოლუსის) დენგამტარი ნაწილები უნდა დამიწდეს ყველა მხრიდან, საიდანაც შეიძლება მიეწოდოს ძაბვა, გარდა სამუშაოს ჩასატარებლად გამორთული შემკრები სალტეებისა, რომლებზეც საკმარისია ერთი დამიწების დაყენება (დანართი №7). გამორთულ სახაზო გამთიშველზე მუშაობისას სეგხ-ის მხრიდან ჩამომყვან სადენებზე, მიუხედავად გამთიშველზე დამამიწებელი დანების არსებობისა, უნდა დაიდოს დამატებითი დამიწება, რომელიც გამთიშველზე მანიპულაციების დროს არ უნდა დაირღვეს.
2. დამიწებული დენგამტარი ნაწილები გამოყოფილი უნდა იყოს ძაბვის ქვეშ მყოფი დენგამტარი ნაწილებიდან ხილული წყვეტით. ამასთან, დაყენებული დამიწებები შეიძლება გამოყოფილ იქნეს იმ დენგამტარი ნაწილებიდან, რომლებზეც უშუალოდ წარმოებს მუშაობა, გამორთული ამომრთველებით, გამთიშველებით, განმამხოლოებლებით ან დატვირთვის ამომრთველებით, მოხსნილი მცველებით, დემონტირებული სალტეებით ან სადენებით. უშუალოდ სამუშაო ადგილზე დენგამტარი ნაწილების დამატებითი დამიწება ხდება იმ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელია მათზე ინდუცირებული ძაბვის (პოტენციალის) მოხვედრა.
3. გადასატანი დამიწებები დენგამტარ ნაწილებს უნდა მიუერთდეს საღებავისაგან გაწმენდილ ადგილებში.
4. 1000 ვოლტამდე ელექტროდანადგარებში გმ-ის შემკრებ სალტეებზე, ფარებზე, ანაკრებებზე მუშაობისას სალტეებიდან უნდა მოიხსნას ძაბვა და სალტეები (იზოლირებული სადენებით შესრულებული სალტეების გარდა) დამიწდეს. ამ გმ-ების მიერთებებზე, ფარებზე, ანაკრებებზე და მათთან მიერთებულ მოწყობილობებზე დამიწების დაყენების აუცილებლობას და შესაძლებლობას განსაზღვრავს განწესის ან განკარგულების გამცემი.
5. დასაშვებია სამუშაო ადგილის მომზადების დროს დაყენებული დამიწებების დროებითი მოხსნა, თუ ამას მოითხოვს შესასრულებელი სამუშაოს ხასიათი (იზოლაციის წინააღმდეგობის გაზომვა და ა.შ.).
ა) დამიწების დროებით მოხსნას და განმეორებით დაყენებას ასრულებს ოპერატიული, ოპერატიულ – სარემონტო პერსონალი ან განწესის გამცემის მითითებით – სამუშაოს მწარმოებელი;
ბ) ნებართვა დამიწების დროებით მოხსნაზე, აგრეთვე ამ ოპერაციის შესრულებაზე სამუშაოს მწარმოებლის მიერ, უნდა ჩაიწეროს განწესის სტრიქონში „ცალკეული მითითებები“ იმის აღნიშვნით თუ სად და რა მიზნით უნდა მოიხსნას დამიწება.
6. ისეთი კონსტრუქციის ელექტროდანადგარებში, რომლებშიც დამიწების დაყენება საშიშია ან შეუძლებელი (მაგალითად, ზოგიერთ გამანაწილებელ ყუთებში, ცალკეული ტიპის კგმ-ებში, ანაკრებებში ფაზების ვერტიკალური განლაგებით) სამუშაოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელებული უნდა იქნეს დამატებითი ღონისძიებები (მაგალითად, გამთიშველების დანებზე დიელექტრიკული ხუფების ჩამოცმა, მაიზოლირებელი შუასადების ჩადება ან სადენების, კაბელების და სალტეების გამორთვა). ასეთი ელექტროდანადგარების ჩამონათვალი დამტკიცებული უნდა იყოს სტრუქტურის ხელმძღვანელის მიერ და დაყვანილი პერსონალამდე.
7. 1000 ვოლტამდე ძაბვის ელექტროდანადგარებში დამიწების დაყენებისა და მოხსნის ოპერაციები ნებადართულია შეასრულოს უსაფრთხოების III ჯგუფის მქონე ერთმა მუშაკმა ოპერატიული ან ოპერატიულ-სარემონტო პერსონალის შემადგენლობიდან.
8. 1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარებში გადასატანი დამიწება უნდა დააყენოს ორმა მუშაკმა, რომელთაგან ერთს (ოპერატიული ან ოპერატიულ-სარემონტო პერსონალის შემადგენლობიდან) უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების IV ჯგუფი, ხოლო მეორეს – III ჯგუფი. უსაფრთხოების III ჯგუფის მქონე მუშაკი შეიძლება იყოს სარემონტო პერსონალიდან, ხოლო დამიწების მომხმარებლის მინაერთებზე დაყენებისას – მომხმარებლის პერსონალიდან. ტერიტორიულად დაშორებულ ქვესადგურებში ოპერატიული პერსონალის (დისპეტჩერის) ან ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ნებართვით ძირითად სქემაში დამიწების დაყენებისას დასაშვებია უსაფრთხოების III ჯგუფის მქონე მეორე პირი იყოს მომხმარებლის პერსონალიდან. დამიწების დანების ჩართვის უფლება ეძლვა IV ჯგუფის მქონე ერთ პირს ოპერატიული ან ოპერატიულ-სარემონტო პერსონალის შემადგენლობიდან. დამიწების დანების გამორთვა და გადასატანი დამიწების მოხსნა შეუძლია III ჯგუფის მქონე ერთ პირს ოპერატიული ან ოპერატიულ-სარემონტო პერსონალის შემადგენლობიდან
ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.10.2010
მუხლი 27. დამიწების დაყენება გამანაწილებელ მოწყობილობაში
თავი II — ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 21. ტექნიკური ღონისძიებები
- მუხლი 22. გამორთვების განხორციელების წესები
- მუხლი 23. შეცდომით ჩართვის აღმკვეთი ღონისძიებები
- მუხლი 24. ამკრძალავი პლაკატების გამოკიდება
- მუხლი 25. ძაბვის არარსებობის შემოწმება
- მუხლი 26. დამიწების დაყენება
- მუხლი 28. დამიწების დაყენება საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებზე
- მუხლი 29. სამუშაო ადგილის შემოღობვა, პლაკატების გამოკიდება
- მუხლი 30. უსაფრთხოების ზომები ცალკეული სამუშაოების შესრულებისას
- მუხლი 31. გენერატორები და სინქრონული კომპესატორები
- მუხლი 32. გენერატორების წყალბადით გაციების აირზეთიანი სისტემა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 27, №100, 18.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.22.025.012.407 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80518/muxli-27/