1. საკომუტაციო აპარატზე სამუშაოდ დაშვება შეიძლება წინამდებარე წესებით გათვალისწინებული ტექნიკური ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხო მუშაობას და გამორიცხავენ საკომუტაციო აპარატის შეცდომით ამუშავებას.
2. მუშა წნევის ქვეშ მყოფ საჰაერო ამომრთველებზე ასვლა დაშვებულია მხოლოდ გასამართი სამუშაოებისა და გამოცდის დროს (დემფერების დარეგულირება, ვიბროგრამების მოხსნა, გამტარების მზომ ხელსაწყოებთან მიერთება ან მათი გამორთვა, ჰაერის გადინების ადგილის განსაზღვრა და ა.შ.). გამორთულ საჰაერო ამომრთველზე ასვლა, თუ მისი ჰაერსავსე გაამხოლოებელი იმყოფება მუშა წნევის ქვეშ, აკრძალულია ყველა შემთხვევაში.
3. საჰაერო ამომრთველებზე გამოსაცდელად ან გასამართად ასვლის წინ საჭიროა:
ა) გამოირთოს მართვის წრედები;
ბ) დაბლოკირდეს ადგილობრივი მართვის ღილაკი ან გამშვები სარქველები (სპეციალური სახშობების დაყენებით), ან დაიკეტოს კარადები და ამომრთველთან დადგეს ბრიგადის ინსტრუქტირებული წევრი, რომელიც ამომრთველით ოპერირებაზე დაუშვებს (მართვის წრედების ჩართვის შემდეგ) მხოლოდ ერთ გარკვეულ პირს სამუშაოს მწარმოებლის მითითებით;
გ) თუ წნევის ქვეშ მყოფ საჰაერო ამომრთველზე იმყოფებიან მომუშავეები, აუცილებელია ყოველგვარი მუშაობის შეწყვეტა მართვისა და გამანაწილებელ კარადებში;
დ) 220 კვ და მეტი ძაბვის ამომრთველების გამომყვანები უნდა დამიწდეს ინდუცირებული ძაბვის მოხსნის მიზნით.
4. სამუშაოზე, რომლის განხორციელებისას საჭიროა ჰაერშემკრებების შიგნით ადამიანის ყოფნა, მისი დაშვების წინ აუცილებელია:
ა) ყველა ჰაერსადენზე დაიკეტოს საკვალთეები, რომლიდანაც შეიძლება მიწოდებულ იქნეს ჰაერი, მათი ამძრავები (შტურვალები) დაიკეტოს ჯაჭვით და ბოქლომით და საკვალთების ამძრავებზე დაიკიდოს პლაკატები: „არ გახსნათ! მუშაობს ხალხი“;
ბ) ჰაერშემკრებიდან გამოშვებულ იქნეს ჭარბი წნევის ქვეშ მყოფი ჰაერი, გამოსაშვები სადრენაჟო ვენტილი, საცობი ან საკვალთი დატოვებულ იქნეს ღია მდგომარეობაში;
გ) ჰაერშემკრებიდან მოიხსნას ჰაერის მიმწოდებელი ჰაერსადენები და განხორციელდეს მათზე სახშობების დაყენება.
5. ამომრთველებზე და ჰაერშემკრებებზე მანომეტრების ნულოვანი მაჩვენებლები არ შეიძლება ჩაითვალოს შეკუმშული ჰაერის არარსებობის დამადასტურებელ უტყუარ ნიშნად;
ა) ჰაერშემკრების ლუკების სახურავებზე და საძრომებზე ჭანჭიკებისა და ქანჩების ამოხრახვნის წინ სამუშაოს მწარმოებელი პირადად უნდა დარწმუნდეს შეკუმშული ჰაერის არარსებობაში გამშვები საკვალთების, საცობებიდან სარქველების გახსნილობის შემოწმებით;
ბ) გამშვები საკვალთების, საცობების (სარქველების) დაკეტვა შეიძლება მხოლოდ ლუკების (საძრომების) სახურავების დასამაგრებელი ყველა ჭანჭიკისა და ქანჩის ჩახრახვნის შემდეგ.
6. მოსინჯვის, გამართვისა და გამოცდის მიზნით საჰაერო ამომრთველების გამორთვისა და ჩართვისას აკრძალულია ადამიანების მათთან ახლოს ყოფნა. სამუშაოს მწარმოებელმა ბრძანება ამომრთველით ოპერაციების შესრულებაზე უნდა გასცეს ბრიგადის წევრების ამომრთველიდან უსაფრთხო მანძილზე ან თავშესაფარში გაყვანის შემდეგ.
7. გამართვისა და რეგულირების მიზნით საკომუტაციო აპარატის სასინჯი ჩართვის და გამორთვის დროს დასაშვებია ჩაუბარებელი განწესის შემთხვევაში ოპერატიული დენის წრედის, ამძრავის ძალოვანი წრედის ძაბვის ქვეშ დაყენება, აგრეთვე ჰაერის მიწოდება ამომრთველზე.
ა) მოხსნილი მცველების დაყენება, გამორთული ავტომატების ჩართვა, ჰაერის მიმწოდებელი საკვალთების გახსნა, აგრეთვე მოსინჯვის პერიოდში უსაფრთხოების პლაკატების მოხსნა უნდა განახორციელოს ოპერატიულმა პერსონალმა;
ბ) საკომუტაციო აპარატის მოსინჯვის ოპერაციები შეუძლია განახორციელოს სამუშაოს მწარმოებელმა, თუ ამის თაობაზე არის ჩანაწერი განწესის სტრიქონში „ცალკეული მითითებები“, ან ადგილობრივმა ოპერატიულმა პერსონალმა სამუშაოს მწარმოებლის მოთხოვნით;
გ) მოსინჯვის შემდეგ, თუ აუცილებელია საკომუტაციო აპარატზე მუშაობის გაგრძელება, ოპერატიული პერსონალის მიერ უნდა განხორციელდეს ბრიგადის სამუშაოზე დაშვებისათვის საჭირო ტექნიკური ღონისძიებები.
8. ელეგაზური ამომრთველის ექსპლუატაციისას პერსონალს საფრთხე შეიძლება შეუქმნას შემდეგმა ფაქტორებმა:
ა) ელექტრულმა ძაბვამ;
ბ) აირის წნევამ პოლუსების საყრდენ იზოლატორებში;
გ) ელეგაზმა და მისი დაშლის პროდუქტებმა;
დ) მბრუნავმა დეტალებმა.
9. ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩატარებისას უნდა დაინიშნოს სამუშაოს ხელმძღვანელი.
10. სამუშაო უნდა შეასრულოს კვალიფიციურმა და ინსტრუქტირებულმა პერსონალმა.
11. სამუშაო ადგილზე გამოკიდებული უნდა იყოს ინსტრუქცია დანადგარის ექსპლუატაციის შესახებ.
12. პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს საჭირო ინსტრუმენტებით, ხელსაწყოებით და მოწყობილობებით.
13. პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამცავი საშუალებებით.
14. გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ დამამზადებლის მიერ რეკომენდებული (დაშვებული, მითითებული) სათადარიგო ნაწილები, შესაზეთი და სახარჯი მასალები.
15. სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია:
ა) ამომრთველის მთლიანად გამორთვა;
ბ) მეორადი წრედების ბლოკირება, რომ არ მოხდეს ხელმეორედ ჩართვა;
გ) ძაბვის არარსებობის შემოწმება;
დ) დამიწება;
ე) მეზობელი, ძაბვის ქვეშ მყოფი, ნაწილების შემოღობვა.
16. ელეგაზური ამომრთველის ჩამრთველი და გამომრთველი ზამბარები შეიძლება იყოს მომართული, ვინაიდან, თუ ელექტროძრავაზე არ გამოირთო ძაბვა, ჩამრთველი ზამბარა ავტომატურად იჭიმება ყოველი კომუტაციის შემდეგ. ზამბარის კომუტაციური მდგომარეობის მაჩვენებელი უჩვენებს ჩამრთველი და გამომრთველი ზამბარების მხოლოდ კომუტაციურ მდგომარეობას, რის გამოც არაკორექტული კომუტაციების შესრულებისას შეიძლება წარმოიშვას სერიოზული საფრთხე. აქედან გამომდინარე ტექნიკური მომსახურების სამუშაოების დაწყებამდე საჭიროა პირველ რიგში მოეშვას ჩამრთველი და გამომრთველი ზამბარები, რაც უნდა განხორციელდეს შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) გაითიშოს ელექტროძრავის კვება;
ბ) გამოირთოს ამომრთველი (თუ ამომრთველი იმყოფება ჩართულ მდგომარეობაში);
გ) ისევ ჩაირთოს ამომრთველი;
დ) გამოირთოს ამომრთველი;
ე) გამოირთოს მართვის ძაბვა;
17. თუ ამომრთველის პოლუსები იმყოფება ჭარბი წნევის ქვეშ, ფაიფურის იზოლატორის დაზიანებამ შეიძლება პერსონალს შეუქმნას საფრთხე. ამდენად აუცილებელია განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მქრობი კამერის გახსნამდე მოხდეს წნევის დაგდება ამისათვის გათვალისწინებულ მოწყობილობაზე;
ბ) წნევის დაგდების შემდეგ ნელა და თანაბრად მოეშვას ხრახნული შეერთებები;
გ) არ მოხდეს ფაიფურის კორპუსზე ინსტრუმენტების ან ამწევი ელემენტების მირტყმა;
დ) არ შეიძლება კიბის მიყუდება საყრდენ იზოლატორებზე. ამისათვის გამოყენებულ იქნეს სადგამი კიბეები.
18. ელეგაზი ჰაერზე მძიმე აირია და აქედან გამომდინარე დახურულ სათავსოებიდან ის გამოდევნის ჰაერს, რაც ქმნის ხუთვის საშიშროებას.
სუფთა ელეგაზს არა აქვს სუნი, არ არის შხამიანი, დაახლოებით 5-ჯერ მძიმეა ჰაერზე. ელეგაზი იწვევს ჟანგბადის გათხელებას (გათხევადებას). თუ ელეგაზის კონცენტრაცია მოცულობაში 19%-ზე მეტია, უნდა განხორციელდეს დაცვის განსაკუთრებული ზომები. ასეთი კონცენტრაცია შეიძლება გაჩნდეს ღია და გაუნიავებელ კამერებში, დანადგარების დახურულ სათავსების იატაკზე, აგრეთვე სარდაფებში, საკაბელო არხებში.
ა) დაუშვებელია ელეგაზის გაშვება ატმოსფეროში;
ბ) მუშაობის დროს აუცილებელია სპეციალური რესპირატორების ხმარება.
19. ელექტრული რკალის ზემოქმედებით წარმოიქმნება დაშლის აირისებური პროდუქტები და „კომუტაციური“ მტვერი, რომლებიც წარმოადგენს შხამიან ნივთიერებებს და რომლებთანაც შეხებამ ან მათმა მოხვედრამ სასუნთქ გზებში შეიძლება გამოიწვიოს კანის, თვალების გაღიაზიანება, ხმაური ყურებში, გულის რევის შეგრძნება, ღებინება და ფილტვების შეშუპება. აქედან გამომდინარე, საჭიროა:
ა) მტვერდამცავი ნიღაბის გამოყენება, რათა თავიდან იქნეს აცილებული კომუტაციური მტვერის შესუნთქნა და ჩაყლაპვა;
ბ) აირშეუღწევადი სათვალეების გაკეთება კომუტაციური მტვერის თვალში მოხვედრის ასაცილებლად;
გ) სპეციალური სამუშაო ტანსაცმლის ხმარება (მტვერგაუმტარი კოსტუმი, რეზინის ხელთათმანები და ჩექმები) – კომუტაციური მტვერის კანზე მოხვედრის ასაცილებლად;
დ) კანზე მოხვედრილი კომუტაციური მტვერი უნდა ჩამოირეცხოს წყლის ჭავლით;
ე) საფილტრე ტომრები არ უნდა გაიხსნას;
ვ) კომუტაციურ მტვერში მოხვედრის შემდეგ სამუშაო ტანსაცმელი, საფილტრე ტომრები, გასაწმენდი ჩვრები და სხვა უნდა იქნეს უტილიზირებული ისე, რომ მტვერი ხელახლა არ გაიბნეს;
ზ) უტილიზაციის დროს დაცულ უნდა იქნეს გარემოს დაცვის მითითებები;
თ) სამუშაოზე შესვენების დაწყებისას და მუშაობის ბოლოს აუცილებელია სახის, კისრის, ხელების გულმოდგინედ დაბანა საპნით და გამდინარე წყლით;
ი) სათავსოებში, სადაც განლაგებულია ელეგაზის შემცველი ღია რკალმქრობი კამერები, დაუშვებელია ჭამა, სმა, მოწევა და საკვები პროდუქტების შენახვა