1. ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების დარღვევის, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით, განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლები ვალდებული არიან ადგილზე შეადგინონ შესაბამისი აქტი.
2. აქტს განაწილების ლიცენზიატი ანიჭებს ნომერს და აღრიცხავს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.
3. აქტში უნდა აღინიშნოს:
ა) გარემოება, რომლის დაფიქსირების მიზნითაც დგება აქტი;
ბ) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები მომხმარებლის შესახებ; საქმის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები (ინფორმაცია);
გ) აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას), ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც;
დ) აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები;
ე) იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, აქტში კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომელმაც უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე, უფლება აქვს აქტს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.
4. მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი;
ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში, მათი ვინაობა და მისამართი;
გ) ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში);
დ) მომხმარებლის კუთვნილი დანადგარების დადგმული სიმძლავრე (აუცილებლობის შემთხვევაში);
ე) აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა – უკანონო მოხმარების შემთხვევაში;
ვ) მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწორება.
5. ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) ადგილზე შემოწმების აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) ბუნებრივი გაზის მრიცხველის ტიპი და ნომერი, ჩვენება შემოწმების მომენტში და ბუნებრივი გაზის მრიცხველის კორექტორის პარამეტრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) მრიცხველზე დადებული ბრჯენის (ბრჯენების) ნომრები, ბრჯენების დადების ადგილისა და მთლიანობის მითითებით; აღრიცხვის მექანიზმისა და მისი დამცავი ხუფის მდგომარეობა (მთლიანობა);
გ) დამოწმების ვადა, სიზუსტის კლასი და მრიცხველის მაკორექტირებელი ხელსაწყოს მონაცემები (დასახელება და საქარხნო ნომერი);
დ) კორექტორის ტიპი, ქარხნული ნომერი და პროგრამულად შეყვანილი პარამეტრები, ასევე წნევის, ტემპერატურის, სიმკვრივის პარამეტრების და სხვა მონაცემები (ასეთი მრიცხველის შემთხვევაში);
ე) გაზდანადგარის დატვირთვისას მრიცხველსა და შემოწმების ხელსაწყოს შედარების მაჩვენებლები; ასევე მრიცხველის გამართულობის და აღრიცხვის კვანძის მოწყობის ჰერმეტულობის შესახებ მონაცემები;
ვ) აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა.
6. ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენების ან მოხსნის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება:
ა) შესაბამისი ბუნებრივი გაზის მრიცხველის (მრიცხველების) ტიპი (ნომინალის მითითებით) ტექნიკური მახასიათებლები (გაზომვის დიაპაზონი), საქარხნო (საინვენტარიზაციო) ნომერი, დამზადების (გამოშვების) წელი და ჩვენება;
ბ) არსებული კორექტორის ტიპი, ქარხნული ნომერი და პროგრამულად შეყვანილი პარამეტრები, ასევე წნევის, ტემპერატურის, სიმკვრივის პარამეტრების და სხვა მონაცემები (ასეთი მრიცხველის შემთხვევაში);
გ) მრიცხველზე დადებული ბრჯენის (ბრჯენების) ნომრები ბრჯენების დადების ადგილის მითითებით; მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში ასევე უნდა აღინიშნოს ბრჯენის მთლიანობისა და აღრიცხვის მექანიზმისა და მისი დამცავი ხუფის მდგომარეობის (მთლიანობის) შესახებ;
დ) მრიცხველის მოხსნამდე და დაყენების შემდეგ გაზდანადგარის დატვირთვისას მრიცხველსა და შემოწმების ხელსაწყოს შედარების მაჩვენებლები; ასევე მრიცხველის გამართულობის და აღრიცხვის კვანძის მოწყობის ჰერმეტულობის შესახებ;
ე) მრიცხველის მოხსნისა და დალუქვის შემთხვევაში – ბრჯენის ნომერი, რომლითაც დაილუქა მოხსნილი მრიცხველი ცალკე პაკეტში;
ვ) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა ბუნებრივი გაზის მრიცხველი;
ზ) მრიცხველის მოხსნისა და დროებითი მრიცხველის არდაყენების შემთხვევაში მრიცხველის გარეშე მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვაზე მომხმარებლის თანხმობის, უარის ან თანხმობის არარსებობის შესახებ;
თ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც ჩატარდება შემოწმება (ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში);
ი) მრიცხველის მოხსნამდე და მისი დამონტაჟების შემდეგ აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა.
7. თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო საჭიროა მომხმარებელთან არსებული ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა ჩაიდოს ცალკე პაკეტში და დაილუქოს იმგვარად, რომ პაკეტის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს მრიცხველის ხელყოფა. დალუქული პაკეტის ხელშეუხებლობა, ბრჯენის გარდა ასევე დამოწმებულ უნდა იქნეს დაინტრესებული პირების ხელმოწერით, ისე რომ დალუქული პაკეტის გახსნამ გამოიწვიოს ამ ხელმოწერის (წარწერის) დაზიანება. საჭიროების შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მრიცხველი შესამოწმებლად, აქტთან ერთად, განაწილების ლიცენზიატის მიერ გადაიგზავნება დაინტერესებული პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში.
8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება ბუნებრივი გაზის შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას, ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.
9. მიღებული და მოხმარებული ბუნებრივი გაზის ორი ან მეტი ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით აღრიცხვის შემთხვევაში აქტი უნდა შედგეს ბუნებრივი გაზით მომარაგების შესაბამის კვების წყაროზე არსებულ ბუნებრივი გაზის მრიცხველზე.
10. აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ ადმინისტრაციული ორგანოს ან დაწესებულების წარმომადგენლები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით.
11. აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა მომხმარებელს, ხოლო მეორე – განაწილების ლიცენზიატს; ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში კი აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მესამე გაიგზავნება ლაბორატორიაში ბუნებრივი გაზის მრიცხველთან ერთად.
12. დაუშვებელია აქტის საფუძველზე რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, თუ ეს აქტი შედგენილია ამ წესებით გათვალისწინებული პირობების ან/და პროცედურების დარღვევით.
13. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მის მიერ შედგენილი აქტი და ტექნიკურად გაუმართაობის მიზეზით მოხსნილი ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმართაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებულ იქნა იმავე მომხმარებელთან)
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.08.2025
მუხლი 17. აქტის შედგენის წესი
თავი II — ბუნებრივი გაზის მიწოდება და მომარაგება
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი წლის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
- მუხლი 12. ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა
- მუხლი 13. დავის განხილვა
- მუხლი 14. ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება
- მუხლი 15. ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა
- მუხლი 16. განაწილების ლიცენზიატის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება
- მუხლი 18. აბონენტად რეგისტრაცია
- მუხლი 19. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესი
- მუხლი 20. საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობების გაზრდა
- მუხლი 21. საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური
- მუხლი 22. საცალო მომხმარებლების ქსელისა და დანადგარების შემოწმება და ზედამხედველობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 17, №12, 09.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.16.009.013.285 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84724/muxli-17/