1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-40 ნაწილის შესაბამისად, ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯად ითვლება ხარჯები, რომლებიც აამაღლებს ძირითადი საშუალებების ამოსავალ (თავდაპირველ, ნორმატიულ) მწარმოებლურობას (მათ შორის, შენობა-ნაგებობების ელემენტების მოდიფიკაცია, რეკონსტრუქცია მათი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით და მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად; მანქანა-დანადგარების ნაწილების გაუმჯობესება მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად და ახალი საწარმოო პროცესების დანერგვა), გარდა მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისა, რომლებიც გაიწევა ძირითადი საშუალებების ამოსავალი მწარმოებლურობის აღდგენის ან შენარჩუნების მიზნით. რემონტის ხარჯის ნაწილი, რომელიც აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ზღრულ ოდენობას, ზრდის ჯგუფის ღირებულებით ბალანსს.
მაგალითი 1:
ძირითადი საშუალებების პირველი ჯგუფის მიხედვით 2005 წლის ბოლოს ჯგუფის ღირებულებითმა ბალანსმა 300 000 ლარი შეადგინა. საწარმომ 2006 წელს ამ ჯგუფის ძირითადი საშუალებების მიხედვით 18 000 ლარის ხარჯი გასწია, მათ შორის, 10 000 ლარის სარემონტო და 8 000 ლარის მიმდინარე საექსპლოატაციო.
მოცემულ პირობებში:
გადასახადის გადამხდელს 2006 წელს უფლება აქვს სრულად გამოქვითოს 18 000 ლარი, მათ შორის, 10 000 ლარი როგორც ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯი, რადგან აღნიშნული თანხა ნაკლებია 15 000 ლარზე – ამ გამოსაქვითი ხარჯის ზღრულ ოდენობაზე (300000 X 5%) და 8 000 ლარი როგორც მიმდინარე საექსპლოატაციო ხარჯი, რაზედაც არ არის დადგენილი შეზღუდვა.
მაგალითი 2:
პირველი მაგალითის პირობები უცვლელია იმ განსხვავებით, რომ გადასახადის გადამხდელმა 2006 წელს გაწია მხოლოდ ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯი 25 000 ლარის ოდენობით.
მოცემულ პირობებში:
2006 წლის ერთობლივი შემოსავლებიდან სარემონტო ხარჯის სახით უნდა გამოიქვითოს 15 000 ლარი (300 000 X 5%), ხოლო 10 000 ლარით უნდა გაიზარდოს ამ წლის პირველი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი.
მაგალითი 3:
პირმა ავტომანქანას გამოუცვალა სათადარიგო ნაწილები (საბურავი, აკუმულიატორი, სანთლები, სამუხრუჭე ხუნდები და სხვა). ნაწილების გამოცვლას-თან დაკავშირებულმა ხარჯმა შეადგინა 900 ლარი, მათ შორის, სათადარიგო ნაწილების ღირებულებამ 700 ლარი და მომსახურების ღირებულებამ 200 ლარი.
მოცემულ პირობებში :
ჩამოთვლილი ხარჯი განიხილება (საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-40 ნაწილი) ავტომანქანის გამართული მდგომარეობისათვის ამოსავალი მწარმოებლურობის აღდგენის ან შენარჩუნების მიზნით გაწეულ მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯად და იგი ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება რემონტისათვის დაწესებული შეზღვუდვის გაუთვალისწინებლად.
2. თუ გადასახადის გადამხდელს ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებები ლიზინგით (საფინანსო იჯარის წესით) აქვს აღებული, მაშინ დაბეგვრის მიზნით მოიჯარე – ლიზინგის მიმღები ითვლება ამ ქონების მფლობელად და მასზე გავრცელდება ყველა ზემოაღნიშნული საგადასახადო პროცედურები, გარდა იმისა, რომ ასეთი ძირითადი საშუალებები აღირიცხება ცალკე ჯგუფად. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა გათვალისწინებით მოიჯარეს (გარდა საფინანსო იჯარისა) არ გადაეცემა აქტივთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი რისკი და ისინი აღირიცხებიან მეიჯარესთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო აღრიცხვის თვალსაზრისით ჩვეულებრივი იჯარით გადაცემული ძირითადი საშუალებები მოიჯარის ძირითადი საშუალებების ჯგუფის ღირებულებით ბალანსში ასახვას არ ექვემდებარება
3. თუ გადასახადის გადამხდელს ძირითადი საშუალებები აღებული აქვს იჯარით და თავისი წარმოების ინტერესებიდან გამომდინარე მის რეკონსტრუქციაზე და რემონტზე გასწია ხარჯი და ეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე, მას უფლება აქვე ასეთ აქტივზე მის მიერ გაწეული ხარჯი, თუ ის იწვევს აქტივის არსებით და განუყოფელ გაუმჯობესებას და პირდაპირ კავშირშია ეკონომიკური სარგებლის მიღებასთან, აღიაროს აქტივად (ძირითად საშუალებად), წლის ბოლოს შექმნას ცალკე ჯგუფი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ ზემოაღნიშნული უფლების გამოყენებისას, აღნიშნული აქტივი იმავდროულად როგორც ძირითადი საშუალება ჩართული უნდა იყოს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტშიც. ზემოაღნიშნული პირობის დაცვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელმა შესაძლოა გამოიყენოს აქტივზე გაწეული ხარჯების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის უფლება, რომელიც უნდა განხორციელდეს საამორტიზაციო ანარიცხებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესი. ამასთანავე, საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და დარჩენილი თანხა ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება.
მაგალითი 4:
პირმა მაღაზიის მოსაწყობად 10 წლის ვადით იჯარით აიღო 500 000 ლარის ღირებულების შენობა, მოიჯარესთან შეთანხმებით თავისი საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე შენობის ქვეშ მოაწყო სასაწყობო სარდაფი, რომლის რეკონსტრუქცია-მშენებლობაზე დახარჯა 100000 ლარი.
მოცემულ პირობებში:
პირმა იჯარით აღებული ქონების რეკონსტრუქცია-მშენებლობაზე დახარჯული 100 000 ლარი უნდა აღიაროს აქტივად, ასახოს ცალკე ჯგუფში და გამოქვითვის მიზნით ამორტიზაციის დარიცხვა განახორციელოს მე-5 ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებათა ამორტიზაციის ნორმის მიხედვით.
მაგალითი 5:
პირობები იგივეა, რაც მე-4 მაგალითის იმ განსხვავებით, რომ პირებმა ვადაზე ადრე (მესამე წელს) შეწყვიტეს საიჯარო ხელშეკრულება და შენობა დაუბრუნდა მესაკუთრეს. იჯარის მიმღებ პირთან ამ პერიოდისათვის აღნიშნული ჯგუფის ღირებულებით ბალანსში დარჩენილმა თანხამ შეადგინა 72200 ლარი 100000-(100000X15%)+(85000 X15%).
მოცემულ პირობებში:
აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და ჯგუფში დარჩენილი თანხა 72200 ლარი ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება.
4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ გავრცელდება ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ამორტიზაციადაქვემდებარებულ იმ ძირითად საშუალებათა სარემონტო ხარჯების მიმართ, რომელთა გამოქვითვა ხორციელდება საქართველოს საგადასახდო კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული ამორტიზაციის 100%-იანი დარიცხვის ნორმით, აგრეთვე 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯების მიმართ.
მაგალითი 6:
გადასახადის გადამხდელმა 2006 წელს 300 000 ლარად შესყიდულ და ექსპლუატაციაში შესულ ეკონომიკურ საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებებს, რომლის მიხედვითაც გაწეული ხარჯი სრულად გამოქვითა ამ წლის ერთობლივი შემოსავლიდან, 2007 წელს ჩაუტარა 25 000 ლარის სარემონტო სამუშაოები.
მოცემულ პირობებში:
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა აღნიშნული ძირითადი საშუალებების მიმართ შეადგენს 15 000 ლარს (300 000 X 5%), გადასახადის გადამხდელი 2007 წლის ერთობლივი შემოსავლებიდან მთლიანად გამოქვითავს მასზე გაწეულ სარემონტო ხარჯებს 25 000 ლარს.
მაგალითი 7:
პირმა საანგარიშო წელს შეიძინა და ექსპლოატაციაში გადასცა 10 საოფისე კომპიუტერი, თითოეული 900 ლარად. იმავე წელს მოახდინა მისი გამოქვითვა, როგორც 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალება. მომდევნო საანგარიშო წელს მასზე გასწია 500 ლარს სარემონტო ხარჯი.
მოცემულ პირობებში:
1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯი 5-პროცენტიანი შეზღუდვის გარეშე გამოიქვითება იმ წლის ერთობლივი შემოსავლიდან, როცა განხორციელდა მისი ფაქტობრივი გაწევა.
მაგალითი 8:
პირმა, განულებულ ჯგუფში რიცხულ ძირითად საშუალებას ჩაუტარა 10 000 ლარის რემონტი.
მოცემულ პირობებში:
რადგან ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულის ტოლია, ამ ჯგუფში არსებული ძირითადი საშუალებების რემონტზე გაწეული ხარჯით (10000 ლარით) უნდა გაიზარდოს აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი.
5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, ერთობლივი შემოსავლებიდან გამოიქვითება ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ყველა ამორტიზაციადაქვემდებარებული ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები.
მაგალითი 9:
გიორგიმ შემდგომი გაქირავების მიზნით 150 000 ლარად შეიძინა საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2006 წლის 1 იანვრიდან გააქირავა თვეში 500 ლარად.
მოცემულ პირობებში:
გიორგი ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას და მისი ერთობლივი შემოსავალი 2006 წელში შეადგენს 6 000 ლარს (12X500). გიორგის შეუძლია შენობას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ძირითად საშუალებად განიხილება, დაარიცხოს ამორტიზაცია მე-4 ჯგუფის მიხედვით (5%) და გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლებიდან. ამასთან, გიორგის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ აქტივზე გამოქვითვა (ამორტიზაციის დარიცხვა) დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ ამ აქტივზე დანახარჯი დოკუმენტალურად არის დადასტურებული და გაწეულია ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში. ამასთან, გასათავლისწინებელია ის გარემოებაც, რომ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში განხორციელებული გამოქვითების გათვალისწინებით, შესაძლებელია წარმოიშვას სარგებელი, რომელიც უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახდით დადგენილი წესის მიხედვით.
მაგალითი 10:
მე-9 მაგალითის პირობები იგივეა იმ დამატებით, რომ გიორგიმ შენობას 2006 წელს ჩაუტარა 3 000 ლარის სარემონტო სამუშაოები, რომელზეც არ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.
მოცემულ პირობებში:
მიუხედავად იმისა, რომ რემონტის ხარჯი არ აღემატება ამ მუხლით დადგენილ ზღვრულ დონეს გიორგი ერთობლივი შემოსავლიდან ვერ გამოქვითავს მას, რადგან არ გააჩნია ამ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 17.06.2010
მუხლი 4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის გამოყენება
მთავარი მონაცემები
- თანხა 300 000 ლარი
- თანხა 18 000 ლარის
- თანხა 10 000 ლარის
- თანხა 8 000 ლარის
- თანხა 18 000 ლარი
- თანხა 10 000 ლარი
- თანხა 15 000 ლარზე
- თანხა 8 000 ლარი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. საამორტიზაციო ანარიცხები და გამოქვითვები ძირითად საშუალებათა მიხედვით
- მუხლი 2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის გამოყენება
- მუხლი 3. ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა
- მუხლი 5. გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები
- მუხლი 6. საქართველს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის გამოყენება
- მუხლი 7. არამატერიალური აქტივების ხარჯები
- მუხლი 8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის გამოყენება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 4, №656, 12.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.013.646 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86590/muxli-4/