1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ხელი შეუწყოს საქართველოს პრეზიდენტისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობას, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის საქმიანობას, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის კოორდინაციასა და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლს.
2. დეპარტამენტი კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს სამართალდაცვის და სპეციალური სამსახურების საქმიანობას, აგრეთვე სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას სახელმწიფო უშიშროების, სამართალდაცვის, კორუფციასთან ბრძოლის, შიდა კონფლიქტების მოწესრიგების, ადამინის უფლებათა დაცვისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სხვა სფეროებში, რისთვისაც იგი:
ა) განახორციელებს ქვეყნის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის, აგრეთვე შიდა საფრთხის ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების შეფასებასა და პროგნოზირებას;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ქვეყნის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ;
გ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
დ) ახორციელებს ქვეყნის სახელმწიფო უშიშროების, კორუფციასა და სხვა სახის დამნაშავეობასთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში შესაბამისი სამართალდაცვისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას;
ე) ახორციელებს ქვეყნის სამართალდაცვისა და სპეციალური სამსახურების მიერ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლს;
ვ) კოორდინაციას უწევს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებს და სახელმწიფოს მიერ ანტიკორუფციული ხასიათის ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს;
ზ) ხელს უწყობს სახელმწიფოს ერთიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის ფორმირებას და აწარმოებს მისი შემდგომი იმპლემენტაციის მონიტორინგს;
თ) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას, საჭიროების შემთხევევაში მათ წარდგენას საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისათვის, საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
კ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავალების, ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების პროექტებს და ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა აღსრულების მდგომარეობის შეფასებასა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას;
ლ) ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების პროექტებს უშიშროებისა და სამართალდაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობის პირთათვის სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;
მ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავალებით, საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად, განიხილავს სპეციალური სამსახურებისა და სამართალდაცვის ორგანოების მიმართვებსა და წერილებს;
ნ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათაშორის თანამშრომლობას;
ო) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ქვეყანაში არსებული კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;
პ) ახორციელებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს;
ჟ) მონაწილეობს ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების სტრატეგიის შემუშავებაში.
3. დეპარტამენტი დაკისრებულ ამოცანათა შესრულებისას სამსახურებრივად ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის იმ მოადგილის წინაშე, რომელსაც კომპეტენციის სფეროდ განსაზღვრული აქვს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი