„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი სოფო კილაძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - პაატა ტურავა
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, კარლო კოპალიანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ლევან ბეჟანიძე, კობა ლურსმანაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი კახიანი, ცოტნე ზურაბიანი, აკაკი ზოიძე, დიმიტრი მხეიძე, გოგა გულორდავა, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, მახირ დარზიევი, მირიან წიკლაური, მამუკა მდინარაძე
ნომერი
#07-3/282/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილე პირების სპეციალიზაცია 1. არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობენ არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში სპეციალიზებული მოსამართლე, ადვოკატი, სოციალური მუშაკი ან/და არასრულწლოვნის საჭიროებების გათვალისწინებით მოწვეული სხვა შესაბამისი სპეციალისტი. 2. სპეციალიზაციის სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო მოსამართლის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.“. 2. 81-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 81. სამოქალაქო საპროცესო ქმედუნარიანობა „5. მცირეწლოვნის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავს მისი კანონიერი წარმომადგენელი – მშობელი, მშვილებელი, მეურვე. სასამართლო უფლებამოსილია კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით ან მცირეწლოვნის საუკეთესო ინტერესების ინიციატივით, საქმეში მცირეწლოვანიც ჩააბას.“. გათვალისწინებით, საკუთარი 3. 811 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 811. არასრულწლოვნის უფლება დაცვაზე არასრულწლოვანს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას საკუთარი თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებზე ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები.“. 4. 83-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. არასრულწლოვანს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ უფლებებთან ერთად აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებზე, იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.“. 5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2511 მუხლი „მუხლი 2511. გადაწყვეტილება არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებზე 1. არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლო უპირატესობას ანიჭებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. 2. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების მიზნით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით.“. 6. 268-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ნაწილი: „12. არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცემა, თუ ამას მოითხოვს ბავშვის საუკეთესო ინტერესები, რაც მიეთითება ამავე გადაწყვეტილებაში.“. 7. 350-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შვილად აყვანის საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება. მხარეებს შეუძლიათ მოითხოვონ ღია სასამართლო სხდომის გამართვა. თუ მშვილებელი (მშვილებლები) და 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვი ან მისი წარმომადგენელი ვერ თანხმდებიან, სასამართლო სხდომა დახურული იყოს თუ ღია, საკითხს სასამართლო წყვეტს. 10 წლამდე ასაკის ბავშვის სასამართლო სხდომაზე დასწრების შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნულ საკითხს წყვეტს ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი დღეის მდგომარეობით არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანთან დაკავშირებული საქმის წარმოება უნდა განახორციელონ საამისოდ სპეციალიზებულმა პირებმა. კანონმდებლობა ასეთ სტანდარტს მხოლოდ სისხლის სამართლის პროცესში ადგენს. საპროცესო კანონმდებლობით, სამოქალაქო საქმეებზე მცირეწლოვნის პროცესში მონაწილეობის საკითხი დამოკიდებულია მის ასაკზე ან კანონიერი წარმომადგენლის ნებაზე და არ ითვალისწინებს 10 წლამდე ბავშვის პროცესში ჩაბმის შესაძლებლობას სასამართლოს ინიციატივით, თუნდაც ეს შეესაბამებოდეს მის საუკეთესო ინტერესებს. მოქმედი რეგულაციებით, 14 წლამდე არასრულწლოვანს უფლება არ აქვს მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ბავშვის უფლებათა კოდექსი აწესებს ბავშვისთვის მთელი რიგი სამოქალაქო საპროცესო და სხვა კატეგორიის უფლებების განმარტების, ასევე მისი მონაწილეობით გამართულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისას საკითხთა ფართო წრის გათვალისწინების ვალდებულებას, რაც საჭიროებს შესაბამის ასახვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას სავალდებულო წესით, რაც არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების პრინციპს. ამავე პრინციპს ეწინააღმდეგება არსებული რეგულაციები იმის თაობაზე, რომ 10 წლამდე ბავშვის მონაწილებით გამართული შვილად აყვანის საქმეების განხილვისას სასამართლო სხდომის დახურვის საკითხის გადაწყვეტა ხდება ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გაუთვალისწინებლად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; კანონის მიღება აუცილებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოსაყვანად „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით აღმოიფხვრება ზემოთ დასახელებული პრობლემური საკითხები, რაც უზრუნველყოფს სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში ბავშვის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, კოდექსს ემატება 51 და 2511, ხოლო 81-ე, 811, 83-ე, 268-ე და 350-ე მუხლებში გათვალისწინებულია ცვლილებების განხორციელება. აღნიშნული ცვლილებების თანახმად; არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობენ არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში სპეციალიზებული მოსამართლე, ადვოკატი, სოციალური მუშაკი ან/და სხვა შესაბამისი სპეციალისტი; საქმეში მცირეწლოვნის ჩაბმის გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს სხვა გარემოებებთან ერთად, ასევე მცირეწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით; არასრულწლოვანს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად, თავისი ასაკის მიუხედავად; არასრულწლოვანს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებზე, იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად; არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლო უპირატესობას ანიჭებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. გადაყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით, რისი მიზანიც იქნება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინება; არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცემა, თუ ამას მოითხოვს ბავშვის საუკეთესო ინტერესები, რაც მიეთითება ამავე გადაწყვეტილებაში; შვილად აყვანის საქმეზე თუ 10 წლამდე ასაკის ბავშვი სასამართლო სხდომას ესწრება, საკითხს, სხდომა დახურული იყოს თუ ღია, სასამართლო წყვეტს ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით.“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; აღნიშნული კანონი უნდა ამოქმედდეს „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ ერთად, შესაბამისად ამოქმედდება 2020 წლის 1 ივნისიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ ააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა დაცვის ფონდის (უნისეფის) საქართველოს წარმომადგენლობა. ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - სოფო კილაძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - პაატა ტურავა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, კარლო კოპალიანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ლევან ბეჟანიძე, კობა ლურსმანაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი კახიანი, ცოტნე ზურაბიანი, აკაკი ზოიძე, დიმიტრი მხეიძე, გოგა გულორდავა, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, მახირ დარზიევი, მირიან წიკლაური, მამუკა მდინარაძე.