„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.05.2019
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/349/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 7 ✗ 12
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. იარაღის ბრუნვის შეზღუდვა 1. აკრძალულია სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულ იქნეს: ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა; ბ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები; გ) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა; დ) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს; ე) გაზის (აირის) იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით; ვ) პნევმატური იარაღი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ზ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის ხმის დასახშობად; თ) გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი; ი) მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი; კ) იარაღი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს. 2. აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ცივი სასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე. 3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება განისაზღვროს სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღის ჩამონათვალი. 4. ამ კანონის მე-15 - მე-18, მე-19, 21-ე, 22-ე, 24-ე, 26-ე, 30-ე, 31-ე მუხლების მოქმედება არ ვრცელდება ცივ იარაღზე. 5. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ.“. 2. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღმასრულებელი და კერძო აღმასრულებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღადადებული იარაღის იძულებით აუქციონზე რეალიზაციისას;“. 3. 182 მუხლის მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 183 მუხლი: „მუხლი 183. ცივი იარაღით ვაჭრობა და ვაჭრობის ლიცენზიის გაცემის საფუძველი 1. ცივი იარაღით ვაჭრობის უფლება აქვს იურიდიულ პირს და ინდივიდუალურ მეწარმეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. 2. ცივი იარაღით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული ცივი იარაღის აღრიცხვა, აგრეთვე სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით; ბ) ცივი იარაღის რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ ნასამართლობის არ მქონე სრულწლოვან პირზე; იურიდიული პირის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნეს იურიდიული პირის ხელმძღვანელ(ებ)ის ნასამართლობის არქონისა და სრულწლოვანების დამადასტურებელი დოკუმენტები; ნასამართლობის ცნობის წარმოდგენა არ მოეთხოვება პირს, რომელსაც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი; გ) მოახდინოს მხოლოდ იმ ცივი იარაღის რეალიზაცია, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით ცივი იარაღის მყიდველის შესახებ ინფორმაცია აღრიცხოს ელექტრონულად და საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; ე) სავაჭრო ობიექტში თვალსაჩინო ადგილას განათავსოს არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერი; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად უზრუნველყოს ცივი იარაღის შენახვის უსაფრთხოება და მის ბრუნვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 3. საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ცივი იარაღების ის სახეობები, რომელთა ვაჭრობა საჭიროებს ლიცენზიის მოპოვებას. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ლიცენზიას არ საჭიროებს: ა) ცივი იარაღის ის სახეობები, რომელიც განკუთვნილია საოჯახო, საყოფაცხოვრებო, საკანცელარიო, სასოფლო-სამეურნეო, სახელოსნებო, სასუვენირო დანიშნულებისთვის ან წარმოადგენს ეროვნული ტანისამოსის ატრიბუტიკის ნაწილს ან გამოიყენება სხვა მსგავსი მიზნებისთვის; ბ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღმასრულებელი და კერძო აღმასრულებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღადადებული ცივი იარაღის იძულებით აუქციონზე რეალიზაციისას; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ცივი იარაღის რეალიზაციისას. 5. ცივი იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს: ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება; ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ; გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, ცნობები/ინფორმაცია მათი ნასამართლობის, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევის არქონის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების არქონის, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ; დ) ინდივიდუალური მეწარმისათვის -ცნობები/ინფორმაცია მისი ნასამართლობის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების არქონის, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევის არქონის, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ; ე) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფისა და შენობა-ნაგებობების საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები; ვ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომსახურებისათვის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 6. ცივი იარაღით ვაჭრობის უფლების მქონე იურიდიულ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს იმავდროულად აქვს ცივი იარაღის იმპორტის უფლება. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე, არასამეწარმეო მიზნით ცივი იარაღის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა დასაშვებია საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“. 4. 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ1) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ფსიქიკურად დაავადდა; ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანო უფლებამოსილია საკითხის სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, გამოითხოვოს სამედიცინო დაწესებულებიდან ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.“. 5. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. იარაღის ბრუნვის კონტროლი სათანადო ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე იარაღით ვაჭრობაზე, იარაღის დამზადებაზე, შეძენაზე, შენახვაზე, ტარებაზე, გამოყენებაზე, გადატანა-გადაზიდვასა და გადაგზავნაზე კონტროლს, მათ შორის, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი სამსახურები, ხოლო უწყებრივ კონტროლს – ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებები.“. 6. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. 2019 წლის 1 აგვისტომდე: ა) საქართველოს მთავრობამ მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა.ა) „ცივი იარაღის იმ სახეობების დამტკიცების შესახებ, რომელთა ვაჭრობა საჭიროებს ლიცენზიას“; ა.ბ) „ტექნიკური რეგლამენტის - ცივი იარაღის ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობანაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დამტკიცების შესახებ“; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები: ბ.ა) „ცივი იარაღის მყიდველის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვისა და საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წარდგენის, აგრეთვე შეძენილი და რეალიზებული ცივი იარაღის აღრიცხვისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“; ბ.ბ) „ცივი იარაღის შენახვის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“. 7. 2019 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთობლივად დაამტკიცონ ცივი იარაღის საქართველოში შემოტანისა ან/და საქართველოდან გატანის წესი.“. მუხლი 2. ფიზიკური პირი/ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი, რომელიც ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ახორციელებს ცივი იარაღით ვაჭრობას, ცივი იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის მისაღებად უნდა მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 ოქტომბრამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ცივი იარაღით ვაჭრობა გამოიწვევს დადგენილი წესით. პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით მუხლი 3. 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2019 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2019 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს ამ კანონის აღსრულებისათვის აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 4. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებისა და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-5 პუნქტები და მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: იარაღი არის იმგვარი საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. აღნიშნული მიუთითებს იარაღის მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების არსებობაზე და მისი ბრუნვის მიმართ კონტროლის განსაკუთრებული მექანიზმების შემოღების საჭიროებაზე. საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესები მოითხოვს იმგვარი რეგულაციების დაწესების აუცილებლობას, რომელიც ცივი იარაღის ხელმისაწვდომობას და მის თავისუფალ ბრუნვას მკაცრი კონტროლის ქვეშ მოაქცევს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: დღეს არსებული რეგულაციებით ცივი იარაღის ტარება აკრძალულია. აღნიშნულს განაპირობებს ის მიზეზი, რომ ცივი იარაღის ტარების დროს პირს აქვს მისი გამოყენების დაუყოვნებლივი შესაძლებლობა, ეს კი ფატალური შედეგების დადგომის შესაძლებლობას ცალსახად ზრდის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ცივი იარაღის ტარების აკრძალვა არ არის საკმარისი მისი უკანონო ბრუნვის ეფექტიანი და ქმედითი კონტროლისთვის. არსებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მისი მარტივი მოპოვების შესაძლებლობა ზრდის ცივი იარაღის უკანონო ბრუნვის შესაძლებლობასაც. შესაბამისად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით დღის წესრიგში დგას აუცილებლობა, ცივი იარაღით ვაჭრობა და შემოტანა დაექვემდებაროს სახელმწიფო კონტროლს. ცივი იარაღით ვაჭრობისთვის, იმპორტისთვის ლიცენზიის დადგენის შედეგად შესაძლებელი იქნება განისაზღვროს ამ საქმიანობის უსაფრთხოების სტანდარტები, აღრიცხვის წესი, ვაჭრობის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირთა წრე, ცივი იარაღის ის სახეობები, რომელიც, თავისი მომეტებული საშიშროებიდან გამომდინარე, სრულად იქნება ამოღებული სამოქალაქო ბრუნვიდან. ეს შესაძლებლობას მისცემს ასევე სახელმწიფოს განსაზღვროს იმ სუბიექტთა წრე, რომელთაც აეკრძალებათ ცივი იარაღის შეძენა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე ცივი იარაღით ვაჭრობის, ასევე ცივი იარაღის იმპორტის ლიცენზირებად საქმიანობად განსაზღვრა. აღნიშნულის შედეგად ცივი იარაღის ბრუნვა მოექცევა მკაცრი კონტროლის ქვეშ, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ეფექტიან დაცვას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცივი იარაღით ვაჭრობა, იმპორტი ხდება ლიცენზირებადი საქმიანობა. ლიცენზიას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. პირს, რომელიც ახორციელებს ცივი იარაღით ვაჭრობას, პროექტის თანახმად, მიეცემა გარკვეული ვადა, რათა მიმართოს მომსახურების სააგენტოს ლიცენზიის მისაღებად. საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ცივი იარაღის ის სახეობები, რომელთა ვაჭრობა საჭიროებს ლიცენზიის მოპოვებას. ამასთან, ლიცენზიას არ საჭიროებს:    ცივი იარაღის ის სახეობები, რომელიც განკუთვნილია საოჯახო, საყოფაცხოვრებო, საკანცელარიო, სასოფლო-სამეურნეო, სახელოსნებო, სასუვენირო დანიშნულებისთვის ან წარმოადგენს ეროვნული ტანისამოსის ატრიბუტიკის ნაწილს ან გამოიყენება სხვა მსგავსი მიზნებისთვის; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღადადებული იარაღის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია; საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იარაღის რეალიზაცია. პროექტით, ცივი იარაღით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირი ვალდებულია დაიცვას მთელი რიგი მოთხოვნები, მათ შორის, უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული ცივი იარაღის აღრიცხვა, ცივი იარაღის რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ ნასამართლობის არმქონე სრულწლოვან პირზე, უზრუნველყოს ცივი იარაღის შენახვის უსაფრთხოება და სხვა. პროექტი ასევე ადგენს დოკუმენტთა ნუსხას. ცივი იარაღით ლიცენზიის მისაღებად წარსადგენ ცივი იარაღის იმპორტის უფლება ენიჭება მხოლოდ ცივი იარაღის ვაჭრობის უფლების მქონე პირს. ამასთან, ფიზიკური პირის მიერ ისეთი არაკომერციული მიზნით, როგორებიცაა, სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, გამოფენა/ექსპონირებისთვის, ან პირადი სარგებლობისთვის, ასეთ შემთხვევაში ცივი იარაღის საქართველოში შემოტანის ან გატანის წესს დაარეგულირებს საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება იარაღის ბრუნვაზე განახორციელოს კონტროლი, აღნიშნული უფლებამოსილება ფართოვდება და სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს, მათ შორის, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც მოიცავს მეწარმე სუბიექტების ადგილზე შემოწმების უფლებამოსილებას. პროექტის თანახმად, სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღების ჩამონათვალი შეიძლება განისაზღვროს საქართველოს მთავრობის დადგენილებით. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტის თანახმად, იარაღის ნებართვის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ნებართვის მფლობელის ფსიქიკურად დაავადების ფაქტი, რომლის შესახებაც ცნობილი გახდა ნებართვის გამცემი ორგანოსათვის. თუმცა, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც ვერ ხორციელდება პირის ფსიქიკური დაავადების ფაქტის დადასტურება, რადგან ვერ ხერხდება ნებართვის მფლობელთან კომუნიკაცია. სამედიცინო დაწესებულებებიც ასევე უარს აცხადებენ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე, რადგან ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ'' საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანხმად, ინფორმაციის გაცემა მესამე პირზე შესაძლებელია პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, ან/და სასამართლოს გადაწყვეტილებით. კონფიდენციალობის დარღვევა ასევე შესაძლებელია, თუ საფრთხე ექმნება პაციენტის ან მესამე პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის გამჟღავნების შესახებ იღებს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია. ასეთი ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობისას – ნათესავს. არსებული რეგულაციებით, იქმნება რეალობა როდესაც ერთი მხრივ, ლიცენზიის (ნებართვის) გამცემ ორგანოს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ეფექტიანი დაცვა - არ გასცეს ან გააუქმოს იარაღის ნებართვა პირზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაუშვებელია მის მიერ იარაღის ფლობა, ხოლო მეორე მხრივ, მას არ გააჩნია ცალსახა ბერკეტი აღნიშნულის უზრუნველსაყოფად. პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება, შესაბამისი მყარი ნორმატიული საფუძვლის არარსებობის გამო სააგენტო დამოკიდებულია დაწესებულების (სადაც დაცულია ინფორმაცია) კეთილ ნებაზე. აქედან გამომდინარე, პროექტით ლიცენზიის (ნებართვის) გამცემ ორგანოს, მითითებული მიზნით, პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღადადებული იარაღის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის წესთან დაკავშირებით განხორციელდა ტექნიკური ხასიათის ცვლილება, რომლის თანახმადაც მიეთითა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღადადებული იარაღის იძულებით აუქციონზე რეალიზაციისას „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ლიცენზიას არ საჭიროებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღმასრულებელი და კერძო აღმასრულებელი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებისა და მე-2 მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-5 პუნქტებისა და მე-2 მუხლის ამოქმედების თარიღია 2019 წლის 1 აგვისტო. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯები დაფინანსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ამ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს განახორციელებს საკუთარი შემოსულობების ფარგლებში. პროექტი ასევე არ გამოიწვევს დასახელებული უწყებების ადამიანური რესურსების ზრდას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს 2019-2022 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ცივი იარაღის ვაჭრობის ლიცენზირების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს შემოსავალს სალიცენზიო მოსაკრებლის სახით. ხოლო ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მიიღებს შემოსავალს ლიცენზიის გაცემის მომსახურების გაწევისთვის, რომლის საფასურიც დადგენილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამასთან, ცივი იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის საფასური შეადგენს 100 ლარს, შესაბამისად, აღნიშნული შემოსავალი დამოკიდებულია ლიცენზიის მაძიებელთა რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის თანახმად ფართოვდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფუნქციები. მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი სამსახურების უფლებამოსილების სფეროს ემატება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. ამ და პროექტით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯები დაფინანსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ამ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს განახორციელებს საკუთარი შემოსულობების ფარგლებში. პროექტი ასევე არ გამოიწვევს დასახელებული უწყებების ადამიანური რესურსების ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ცივი იარაღის ვაჭრობის განხორციელებისთვის საჭირო იქნება ლიცენზიის მოპოვება, რაც დაკავშირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოსაკრებლისა და მომსახურების საფასურის გადახდასთან. აღნიშნული მოსაკრებელი იქნება 100 ლარი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიის გაცემის მომსახურების გაწევისთვის საფასური დადგენდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამასთან, პროექტის თანახმად პირს ეკისრება რიგი ისეთი ვალდებულებები, როგორიცაა, შეძენილი/რეალიზებული ცივი იარაღისა და ცივი იარაღის მყიდველის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვის უზრუნველყოფა, სავაჭრო ობიექტში თვალსაჩინო ადგილას არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის განთავსება და ა.შ. დასახელებული ვალდებულებების შესრულების წესის განსაზღვრა მოხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, რაც თავის მხრივ შესაძლოა ითვალისწინებდეს პირისათვის დამატებით ფინანსურ ხარჯებს. კანონპროექტს ფინანსური შედეგები ექნება იმ კუთხითაც, რომ ცივი იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის მოსაპოვებლად პირებს ეკისრებათ ვალდებულება, რომ წარადგინონ ცნობები თავიანთი ნასამართლობის, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ.ამასთან, ცივი იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი ვალდებულია ცივი იარაღის რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ ნასამართლობის არ მქონე სრულწლოვან პირზე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნეს იურიდიული პირის ხელმძღვანელ(ებ)ის ნასამართლობის არქონისა და სრულწლოვანების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული ზეგავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომელთაც სურთ შეიძინონ ცივი იარაღი. ნასამართლობის და მსჯავრდების არქონის ცნობებისათვის საფასური დადგენილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: პროექტის თანახმად, ცივი იარაღით ვაჭრობა, იმპორტი ხდება ლიცენზირებადი საქმიანობა. დასახელებული ლიცენზიის მოსაკრებელი განსაზღვრულია შესაბამისი კანონმდებლობით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და აგრეთვე, მრავალმხრივ ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: უნდა აღინიშნოს, რომ ცივი იარაღი, როგორც მომეტებული საფრთხის შემცველი საგანი, საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობაშიც ექვემდებარება მკაცრ კონტროლს. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში უკანონოდ ითვლება შემდეგი სახის იარაღის ყიდვა, გაყიდვა, ვინმესთვის მიცემა ან თხოვება:  ე. წ. პეპელა დანა;  შენიღბული დანა, რომელიც ერთი შეხედვით ჰგავს ყოველდღიური მოხმარების საგანს, მაგალითად, ტელეფონს, ტუჩსაცხს და სხვა;  ავტომატური დანა, რომელიც იხსნება ღილაკზე თითის დაჭერით;  გრავიტაციული დანა;  დანა, რომლებიც არ არის დამზადებული მეტალისაგან;  კბილანებიანი დანა, წარწერებით ან გამოსახულებებით, რომელიც ძალადობისკენმოწოდებას შეიცავს;  ხმალი;  ტელესკოპური ხელკეტი, რომელიც იხსნება ავტომატურად ღილაკზე თითის დაჭერით;  კასტეტი;  ე.წ. „სასროლი ვარსკვლავი“ (ვარსკვლავის ფორმის ბასრი პირის მქონე იარაღი). გაერთიანებულ სამეფოში ცივი იარაღის ტარებისთვის პირს მოეთხოვება შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტის წარდგენა. დაიშვება ფიქსატორიანი დასაკეცი დანა არაუმეტეს 7,6 სმ-ისა. დაუშვებელია დანის ტარება სტადიონზე ან ბარში. იტალიაში დანის ნებისმიერი ტიპის ტარება აკრძალულია, თუ პირს არ გააჩნია შესაბამისი ნებართვა. დასაკეცი ან დაუკეცავი დანა დაიშვება კონკრეტული გარემოებების პირობებში. აუცილებელია, რომ ტრანსპორტირებისას დანა იყოს სათანადოდ დაცული ადვილად ხელმისაწვდომობისაგან. ნორვეგიაში აკრძალულია დანის ტარება ღია სივრცეში, მათ შორის, ფლობა ღილაკიანი დანების, ე.წ. პეპელის და ხანჯლების. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ე.წ. დასვენების მიზნებისთვის გამოსაყენებელი ცივი იარაღი (outdoor activities). ესტონეთში სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია შემდეგი სახეობის ცივი იარაღები: კასტეტი, დანა კასტეტით, ხიშტი, ხელკეტი, ჯაჭვის ჯავზი და სხვა ობიექტები, რომლებიც სპეციალურად გამიზნულია სხეულის დაზიანებისთვის. ასევე, ისეთი ნივთები, რომლებიც შეფარულად წარმოადგენს თავდასხმის საშუალებას. ამასთან, დანები, რომელთა პირებიც იხსნება და იკეტება მექანიკურად და რომელსაც აქვს დანის პირი 8.5 სანტიმეტრზე მეტი ან აქვს ორმაგი დანის პირი. ესტონეთის მოქალაქეების მიმართ მოქმედებს შემდეგი სახის რეგულაცია: პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, შეუძლია შეიძინოს და ფლობდეს ცივ იარაღს (გარდა ხელკეტისა) სპორტული აქტივობებისათვის, იმ პირობით, რომ აღნიშნული პირი წარმოადგენს ასეთი სპორტული კლუბის ან ასოციაციის წევრს. ცივი იარაღის ტარება აკრძალულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აღნიშნული საჭიროა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. იარაღის შეძენის ნებართვას საჭიროებს ისეთი იარაღები, რომლების არ წარმოადგენს შეუზღუდავი კომერციის საგანს. ასევე ყველა სახის სამოქალაქო მოხმარების იარაღი, რომლებიც არ წარმოადგენს შეუზღუდავი კომერციის საგანს უნდა დარეგისტრირდეს სამოქალაქო და სამსახურებრივი იარაღების რეესტრში. აკრძალული ცივი იარაღის უკანონო ტარება, ფლობა, ყიდვა, გაყიდვა, დამზადება, ან სხვა სახის უკანონო მოქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით. შოტლანდიაში აკრძალულია კონკრეტული სახეობების დანების თხოვება, ჩუქება, გაყიდვა, გაქირავება და გასხვისება. კერძოდ: ღილაკიანი დანა, გრავიტაციული დანა, ქამართან ინტეგრირებული დანა, შენიღბული დანები, მუჭის დანა, ე.წ. „პეპელა“ დანა, ე.წ „კუბოტანი“, ე.წ. „სასროლი ვარსკვლავი“. გარდა ამისა, ცივი იარაღით ვაჭრობა მოითხოვს ლიცენზიას. კერძოდ, არასაყოფაცხოვრებო დანების გაყიდვისათვის აუცილებელია ლიცენზიის ქონა. 2010 წლის 1 ივნისიდან დილერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოპოვებული დანების მიწოდების ლიცენზია. ლიცენზია კი გაიცემა შემდეგი სახეობის დანებზე: დანები, რომლებიც არასაყოფაცხოვრებო მიზნებისათვის გამოიყენება; ხმლები; ნებისმიერი სხვა სახეობის დანა, რომელსაც აქვს ბასრი პირი და შეუძლია სერიოზული ზიანის მიყენება. ნაჯახებისა და სამართებლის პირების გაყიდვას ლიცენზიის მოპოვება არ სჭირდება. თუმცა, მათი 18 წლამდე ასაკის პირებზე მიყიდვა კანონით აკრძალულია. 16-დან 18 წლამდე ასაკის პირს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის აუცილებელი დანების ყიდვა შეუძლია. მოპოვებული ლიცენზია პირს 3 წლის ვადით უნარჩუნდება. ლიცენზიის პერიოდში შესაძლებელია ლიცენზირებად დაწესებულებაში ცივი იარაღის მყიდველის პირადი მონაცემების ნახვა, მათ შორის მისი ასაკის განსაზღვრა და დაზუსტება ფაქტისა, რომ კონკრეტული ნივთი 18 წელს მიღწეულმა პირმა შეიძინა. ლიცენზია აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოპოვებული ისეთ დილერს, რომელიც ნივთებს ინტერნეტის, ელ. ფოსტისა და კატალოგების მეშვეობით ყიდის. ლიცენზირებულ ნივთებზე კი დეტალური ინფორმაციის აღრიცხვა ხდება, კერძოდ შეკვეთის მიღების ადგილისა და გადასაგზავნი ნივთის ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ (შოტლანდიის ან მის ფარგლებს გარეთ). ლიცენზიის არ ქონა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით ან განუსაზღვრელი ოდენობის ფულად ჯარიმას. არასრულწლოვანისათვის დანების არალეგალურად მიყიდვა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 თვემდე ან ჯარიმას £5000. გერმანია მოძრავი ნივთები, რომლებიც თავიანთი დანიშნულების გათვალისწინებით შექმნილია თავდასხმის ან თავდაცვის მიზნით (მჭრელი და მჩხვლეტავი იარაღები) მიეკუთვნება იარაღების კატეგორიას. დაუშვებელია აკრძალული იარაღების კატეგორიაში შემავალი დანებით ვაჭრობა. იკრძალება მათი ნებისმიერი სახის ბრუნვა. იმ შემთხვევაში, თუ დანა არ განეკუთნება აკრძალული იარაღების კატეგორიას, არის ფიქსირებული (არ გააჩნია ღილაკი, არ იხსნება ან იკეცება) და მისი პირის სიგრძე აღემატება 12 სმ-ს, ვაჭრობა ექვემდებარება ლიცენზირებას. პირი, რომელსაც სურს ვაჭრობის ლიცენზიის მოპოვება, ვალდებულია მიმართოს პოლიციას, სადაც ის აბარებს თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას. ის დანები, რომლებიც მიჩნეულია ნებადართულ იარაღებად, შეიძლება გაიყიდოს მხოლოდ სრულწლოვან პირზე. გამყიდველი უნდა დარწმუნდეს პირის სრულწლოვანებაში. ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში, ფოსტა ვალდებულია დარწმუნდეს ადრესატის ვინაობასა და ასაკში. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნდება განცხადება დანის გაყიდვის ან გაცვლის თაობაზე, გამყიდველი ვალდებულია განცხადებაში მიუთითოს, რომ ნივთი გაიცემა მხოლოდ სრულწლოვან პირზე. პირი, რომელიც აკრძალულ დანას ფლობს, ექვემდებარება თავისუფლების აღკვეთას 3 წლის ვადით ან ფულად ჯარიმას. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.