„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.05.2019
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/349/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 1 ✗ 10
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-20
ბიუროს ნომერი 260

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) ინფორმაცია უფლებამოსილ ორგანოს მიეწოდება „იარაღის შესახებ“ ან/და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: პროექტის მიზანია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) წინაშე პრაქტიკაში არსებული სირთულეების აღმოფხვრა. სააგენტო წარმოადგენს როგორც იარაღის მარეგისტრირებელ და ლიცენზიის (ნებართვის) გამცემ, ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიმნიჭებელ ორგანოს. მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, საკუთარი უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების ჯეროვნად და ეფექტიანად განხორციელების პროცესში, სააგენტოს ექმნება დაბრკოლება, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას. დასახელებული დაბრკოლებები დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე/იარაღის შენახვის ან/და ტარების ლიცენზიის (ნებართვის) მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დადასტურებული სანდო ინფორმაციის მოპოვებასთან, რაც არსებული საკანონმდებლო რეგულაციების ფარგლებში თითქმის შეუძლებელია. ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა, ხოლო 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა'' ქვეპუნქტის მიხედვით, შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს. იმავე კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერების ერთ-ერთი საფუძველია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა. ასევე, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტის თანახმად, იარაღის ნებართვა უქმდება თუ ნებართვის მფლობელი ფსიქიკურად დაავადდა და ამის შესახებ ცნობილი გახდა ნებართვის გამცემი ორგანოსათვის. მართალია კანონი ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ რეგულაციებს, თუმცა, როგორც აღინიშნა, სააგენტოს ხშირად ექმნება პრობლემები სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე/იარაღის შენახვის ან/და ტარების ლიცენზიის (ნებართვის) მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დადასტურებული სანდო ინფორმაციის მოპოვების კუთხით, ვინაიდან ვერ ხერხდება აღნიშნულ პირებთან დაკავშირება და მათთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარმოდგენის მოთხოვნა, სამედიცინო დაწესებულებები კი მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით უარს აცხადებენ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: სააგენტოს ეფექტური საქმიანობისათვის აუცილებელია მისი სათანადო ნორმატიული ბაზით აღჭურვა. არსებული რეგულაციებით, იქმნება რეალობა, როდესაც ერთი მხრივ, სააგენტოს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ეფექტიანი დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, მას არ გააჩნია ცალსახა ბერკეტი აღნიშნულის უზრუნველსაყოფად. პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება, შესაბამისი მყარი და მკაფიო ნორმატიული საფუძვლის არარსებობის გამო ხშირად დამოკიდებულია დაწესებულების (სადაც დაცულია ინფორმაცია) კეთილ ნებაზე. აქედან გამომდინარე აუცილებელია კანონში ცვლილების შეტანა, რომლის თანახმად, შესაბამის ორგანოს, მითითებული მიზნით, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება მიენიჭება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს გაეზრდება შესაძლებლობები საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად აღსასრულებლად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ უფლებამოსილ ორგანოს მიენიჭოს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების, კერძოდ კი პირის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებებიდან გამოთხოვის უფლება, რაც შეიძლება გახდეს, კანონმდებლობის შესაბამისად, პირისათვის მინიჭებული მართვის უფლების შეჩერების და იარაღის ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების საფუძველი. კანონპროექტის მიღება შესაძლებლობას მისცემს უფლებამოსილ ორგანოს „იარაღის შესახებ“ ან/და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითხოვოს კონკრეტული პირის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის 2019 წლის 1 აგვისტოდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს 2019-2022 წლების სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს 2019-2022 წლების სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება 2019-2022 წლებში არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და აგრეთვე, მრავალმხრივ ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.