„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.12.2022
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/241/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თავდაცვის კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროს ნომერი 218

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფები აერთიანებს სამსახურის იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამსახურის ერთიან ლოჯისტიკურ, სამედიცინო, ფინანსურ, ორგანიზაციულ და სამართლებრივ უზრუნველყოფას, აგრეთვე სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის, მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების, სამსახურში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს, შემოწმებასა და სისტემური მონიტორინგის უზრუნველყოფას.“. 2. 56-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები ამოღებულ იქნეს. 3. 1252 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1253 მუხლი: ,,მუხლი 1253. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში 2025 წლის 1 იანვამდე: ა) გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი. გარე დაცვის სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი. მისი სამსახურის ვადა განისაზღვრება თავდაცვის კოდექსის შესაბამისად. ბ) გარე დაცვის სამსახურში წვევამდელის მიერ სამსახურის გავლა ითვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლად და ხორციელდება თავდაცვის კოდექსის შესაბამისად. გარე დაცვის სამსახურში ჩასარიცხ პირთა შერჩევის და მათ მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. გ) გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება თავდაცვის კოდექსით.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი გარდა, ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ ნაწილს. იგი გამომდინარეობს თავდაცვის კოდექსის პროექტიდან და მიზნად ისახავს აღნიშნული კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ახალ სამართლებრივ რეგულაციებთან პატიმრობის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: პატიმრობის კოდექსის თავდაცვის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანისთვის საჭიროა, კანონში შეტანილი იქნას შესაბამისი ცვლილება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ცვლილების შემდგომ, პატიმრობის კოდექსის სათანადო ნორმები შესაბამისობაში მოვა თავდაცვის კოდექსთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: თავდაცვის კოდექსის პროექტის მიხედვით ერთი-ერთი ფუნდამენტური სიახლეა სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. კერძოდ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი, ასევე სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, სამხედრო სამსახურს გაივლის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. თავდაცვის კოდექსის პროექტის გარდამავალი დებულებების თანახმად, აღნიშნული სიახლე ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. რაც შეეხება პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება და სამხედრო სამსახურს გადის სხვა უწყებაში მიეცემა შესაძლებლობა თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული მორიგი წოდების მინიჭებისათვის დადგენილი ვადებისა და უწყების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სპეციალური კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით იმსახუროს ამ უწყების სამხედრო სამსახურში 2025 წლის 1 იანვრამდე. 2025 წლის პირველი იანვრის შემდგომ, სხვა უწყებაში არსებული სამხედრო წოდებები, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით, უნდა გაუთანაბრდეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის პატიმრობის კოდექსის იმ ნორმებში, რომლებიც არეგულირებენ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, კანონს ემატება ნორმები გარდამავალი პერიოდისათვის. თავდაცვის კოდექსის პროექტის მიხედვით, სამხედრო სამსახურის სახეებია: რეგულარული სამხედრო სამსახური და სარეზერვო სამხედრო სამსახური. თავის მხრივ, რეგულარული სამხედრო სამსახური იყოფა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურად და პროფესიულ სამხედრო სამსახურად. ამდენად, კანონის შესაბამის ნორმებში ზუსტდება ტერმინები და „სამხედრო სავალდებულო/სავალდებულო სამხედრო სამსახურის“ ნაცვლად მიეთითება „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი გარდა, ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია თავდაცვის კოდექსის შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან. ხოლო კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან, თავდაცვის კოდექსის პროექტის შესაბამისად, ნორმები, რომლებიც უკავშირდება სამხედრო სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, უნდა ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. შესაბამისად, გამომდინარე იქედან, რომ პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებები დაკავშირებულია ზემოაღნიშნულ რეფორმასთან, აღნიშნული ნორმები ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება დაკავშირებული არ არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.