„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.12.2022
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/241/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თავდაცვის კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროს ნომერი 218

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“, „ო1“ და „ტ5 “ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, ხოლო იმავე პუნქტის „ნ“, „ჟ“, „ტ5“, „ქ“ და „შ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასრულებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.“. 2. 27-ე მუხლის: ა) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომელიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად ახორციელებს სამხედრო მომზადებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ახორციელებს მის სახელმწიფო კონტროლს. ეს დაწესებულება: ა) გაივლის ავტორიზაციას მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით; ბ) ფინანსდება ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან.“; ბ) 13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის შეიმუშავებს სამხედრო მომზადების სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამას და უზრუნველყოფს მის განხორციელებას;“. 3. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ახორციელებს სამხედრო მომზადებას, შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს: ბ.ა) სამხედრო ხელმძღვანელის თანამდებობის არსებობა, რომლის დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და დაწესებულების წესდებით; ბ.ბ) განსხვავებული სტრუქტურა.“. 4. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისგან, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისა და სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისგან, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, – აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისგან. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისთვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (მათი არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება სამინისტროს თანხმობით. მშობლებისგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“. 5. 38-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. ეს წესი არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას; ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებენ ამ დაწესებულების დირექტორი და სამეურვეო საბჭო;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ (გარდა წლიურ ანგარიშთან დაკავშირებული ფუნქციებისა და „ბ“ ქვეპუნქტის მეორე წინადადებისა) და „ვ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას.“. 6. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ2) სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობით გადის შვებულებაში. სკოლის დირექტორის შვებულებიდან გამოძახება არის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილება. სამხედრო მომზადების განმახორციელებელი სკოლის დირექტორი შვებულებაში გადის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობით და მისი შვებულებიდან გამოძახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა;“. 7. 44-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, ახალი დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ ნაწილს. იგი გამომდინარეობს თავდაცვის კოდექსის პროექტიდან და მიზნად ისახავს აღნიშნული კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ახალ სამართლებრივ რეგულაციებთან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თავდაცვის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანისთვის საჭიროა, კანონში შეტანილი იქნას შესაბამისი ცვლილება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ცვლილების შემდგომ, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის სათანადო ნორმები შესაბამისობაში მოვა თავდაცვის კოდექსთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აფუძნებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას. თავდაცვის კოდექსის პროექტის მიხედვით, საკანონმდებლო დონეზე, განისაზღვრა სამხედრო განათლების არსი, პროგრამა და სახეები, ასევე სამხედრო განათლების განმახორციელებელი სუბიექტები. კერძოდ:  სამხედრო განათლების მიზანია - საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარება;  სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამა - საჭირო კვალიფიკაციის მისაღებად სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს სწავლების მიზნებს, თემატიკას, შეფასების სისტემას, მეთოდებს, მათ შორის, დისტანციური სწავლების გამოყენების შესაძლებლობას და სწავლების შედეგებს;  სამხედრო განათლების სახეებია: - საკარიერო სამხედრო განათლება, რომელიც თავის მხრივ, იყოფა: ა) ოფიცრის საკარიერო სამხედრო განათლებად - მოიცავს ოფიცერთა კარიერული განვითარებისათვის შესაბამის საფეხურების სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებს; ბ) სერჟანტის საკარიერო სამხედრო განათლებად - მოიცავს სერჟანტთა კარიერული განვითარებისათვის შესაბამის საფეხურების სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებს. - სპეციალური სამხედრო განათლება - რომელიც მოიცავს თავდაცვის ძალების სახეობების, გვარეობების, სპეციალობებისა და საჭიროებების მიხედვით განათლების მიღებას/მომზადებას. ოფიცრისა და სერჟანტის საკარიერო სამხედრო განათლების საფეხურებრივი დონეები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაცვის სამინისტროს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, არ ახორციელებს ზემოაღნიშნულ სამხედრო განათლების პროგრამებს. აღნიშნულ დაწესებულებაში ხორციელდება მხოლოდ სამხედრო მომზადება. შესაბამისად, კანონის შესაბამის ნორმებში, თავდაცვის სამინისტროს სფეროში მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან მიმართებით, ნაცვლად სამხედრო მომზადებისა და განათლებისა, უნდა მიეთითოს მხოლოდ სამხედრო მომზადება. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულები არიან სამხერო მოსამსახურეები შესაბმისად, სამხედრო სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით, ცვლილება შედის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც სამხედრო მომზადების განმახორციელებელ დაწესებულებას შესაძლებლობა ექნება ჰქონდეს განსხვავებული სტრუქტურა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია თავდაცვის კოდექსის შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება დაკავშირებული არ არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.