„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.12.2022
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/241/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თავდაცვის კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროს ნომერი 218

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11/11/1997, გვ.86) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჯარო მოსამსახურეს, გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, საქართველოს პარლამენტის წევრისა და საქართველოს მთავრობის წევრისა, უფლება არა აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობის, ასევე თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების მიერ: სამედიცინო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სახელმწიფო ან სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში განხორციელებული საქმიანობისა, ასევე საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციის თანამდებობაზე განხორციელებული საქმიანობა, რომელიც ემსახურება საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესრულებას). საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში (გარდა თავდაცვის ძალების რეზერვისა) ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში. საჯარო მოსამსახურის მიერ შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ ნაწილს. იგი გამომდინარეობს თავდაცვის კოდექსის პროექტიდან და მიზნად ისახავს აღნიშნული კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ახალ სამართლებრივ რეგულაციებთან „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თავდაცვის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანისთვის საჭიროა, კანონში შეტანილი იქნას შესაბამისი ცვლილება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ცვლილების შემდგომ, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის სათანადო ნორმები შესაბამისობაში მოვა თავდაცვის კოდექსთან. თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი კატეგორიის სპეციალობის მქონე პირებს მიეცემათ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გარკვეული კატეგორიის პერსონალის შენარჩუნებას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და ახალი კვალიფიციური პერსონალის მოზიდვისათვის მოტივაციის ამაღლებას. თავდაცვის კოდექსის პროექტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადი იქნება: - სამეცნიერო, შემოქმედებითი, პედაგოგიური, სამედიცინო და სახელმწიფო ან სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში განხორიელებული საავიაციო საქმიანობა; - საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციის თანამდებობაზე განხორციელებული საქმიანობა, რომელიც ემსახურება საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესრულებას. ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამოქალაქო თანამდებობებზე დასაქმებულნი არიან საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები, ავიაციის სპეციალისტები და სამედიცინო განათლების მქონე პირები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პარტნიორ ქვეყნებთან აღებული საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად, ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია აღნიშნული კატეგორიის პირების როგორც შენარჩუნებაზე ზრუნვა, ასევე მათი კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლება და შესაბამის თანამდებობაზე კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოზიდვა. ამდენად, ცვლილება ხორციელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, კანონი შესაბამისობაში მოვა თავდაცვის კოდექსთან. ამასთან, სამინისტროში დასაქმებულ ზოგიერთი კატეგორიის პირებს მიეცემათ შეთავსებით ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების უფლება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია თავდაცვის კოდექსის შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება დაკავშირებული არ არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი გავლენას მოახდენს პროექტით განსაზღვრულ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, ვინაიდან თავსებადი გახდება სამედიცინო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სახელმწიფო ან სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში განხორციელებული საქმიანობა, ასევე საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციის თანამდებობაზე განხორციელებული საქმიანობა, რომელიც ემსახურება საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესრულებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.