„თავდაცვის კოდექსი“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.12.2022
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/241/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თავდაცვის კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-06
ბიუროს ნომერი 218

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი თავდაცვის კოდექსი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კოდექსის მიზანი ამ კოდექსის მიზანია ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად, თავდაცვის ორგანიზების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. მუხლი 2. კოდექსის რეგულირების სფერო ამ კოდექსის რეგულირების სფეროს განეკუთვნება: თავდაცვის ორგანიზება, რომელიც ეფუძნება ტოტალური თავდაცვის მიდგომას, ეროვნული მედეგობის გაძლიერებას, ეროვნული წინააღმდეგობის ორგანიზებასა და ამოცანით მართვას, რომელთა განხორციელების გზები და პრინციპები უნდა აისახოს ეროვნული და უწყებრივი დონის კონცეპტუალურ დოკუმენტებში/სამართლებრივ აქტებში; სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილებისა და სტრუქტურის განსაზღვრა; სამხედრო აღრიცხვა; სამხედრო სამსახურის გავლა; თავდაცვის რეზერვის მართვა; სამხედრო განათლება; საერთაშორისო სწავლება; სამშვიდობო ოპერაცია; წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა; საომარი მდგომარეობის რეგულირება; მოხალისეობა თავდაცვის სფეროში. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისთვის, ამ მუხლში მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ამოცანით მართვა - სტრატეგიულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება ცენტრალიზებული დაგეგმვისა და დეცენტრალიზებული აღსრულების პრინციპით, მიზანზე ორიენტირებული დავალებების გაცემისა და ამოცანის შესრულების პროცესში დისციპლინირებული ინიციატივის წახალისების გზით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სწრაფად ცვალებად გარემოსთან მუდმივი ადაპტირება და დასახული მიზნის ეფექტიანად მიღწევა; ბ) გვარეობა - საქართველოს თავდაცვის ძალების (შემდგომ - თავდაცვის ძალები) სახეობის საბრძოლო, საბრძოლო მხარდაჭერის ან/და საბრძოლო უზრუნველყოფის ამოცანების განმახორციელებელი ქვედანაყოფისათვის დამახასიათებელი ტაქტიკის, ტექნიკის, შეიარაღების, ფუნქციების, შესაძლებლობების და პერსონალის კარიერული განვითარების ერთობლიობა; გ) დაქვემდებარებული – თანამდებობით ან/და სამხედრო წოდებით ქვემდგომი პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს უფროსის კანონიერი ბრძანება; დ) დისციპლინური გადაცდომა – სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი დისციპლინური მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება; ე) დოქტრინა - ძირითადი პრინციპებისა და მითითებების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს თავდაცვის ძალების მიზნის მიღწევას; ვ) ეროვნული თავდაცვის სისტემა - ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ნაწილი, რომელიც ერთობლივად მოიცავს სახელმწიფო თავდაცვაში ჩაბმულ სახელმწიფო ორგანოებს, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საწარმოებს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვის მიზნით შექმნილ სამხედრო ქონებას და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას; ზ) ეროვნული მედეგობა - სახელმწიფოსა და საზოგადოების უნარი, გაუძლონ გარე სამხედრო და არასამხედრო ზემოქმედებას, გაუმკლავდნენ აღნიშნული ზემოქმედების შედეგებს და შეძლონ ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნება/აღდგენა; თ) ეროვნული წინააღმდეგობა - სამხედრო და არასამხედრო მეთოდებით მოწინააღმდეგეზე მუდმივი წნეხის შენარჩუნება, რაც მას ხელს შეუშლის ქვეყნის ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარებაში; ი) თავდაცვის ორგანიზება - სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზება შესაბამისი დაგეგმვის მექანიზმების, დამხმარე სისტემებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხოების გარემოში ქვეყნის არსებულ ვითარებასა და ტენდენციებს; კ) თავდაცვის ძალების სახეობა - თავდაცვის ძალების შემადგენელი ძირითადი კომპონენტი, რომლის დანიშნულებაა განსხვავებულ საბრძოლო გარემოში სამხედრო ოპერაციების წარმოება ან/და თვისობრივად განსხვავებული საბრძოლო ფუნქციების შესრულება; ლ) სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკა - ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კომპონენტი, რომელიც არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების უზრუნველსაყოფად განხორციელებული საქმიანობა და გულისხმობს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ არსებული თავდაცვის საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენას, პროგნოზირებას, იდენტიფიცირებას, შეფასებას, თავიდან აცილებასა და აღკვეთას; მ) იუნკერი - სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი, რომელმაც ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსი მოიპოვა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ნ) კადეტი - სამინისტროს სისტემაში მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე; ო) მეთაური - სამხედრო თანამდებობის პირი, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება, გასცეს დაქვემდებარებულის მიმართ სამსახურებრივად სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებები, ბრძანებები და უზრუნველყოს მათი შესრულების შემოწმება; პ) მინისტრი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი; ჟ) მსმენელი - სამინიტროს საგანმანათლებლო ერთეულში, აგრეთვე სამხედრო სასწავლებელში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მიღმა არსებულ პროგრამებზე ჩარიცხული პირი; რ) მხარდამჭერი დოკუმენტი - სამშვიდობო ოპერაციასთან ან საერთაშორისო სწავლებასთან დაკავშირებით სამინისტროსა და უცხო სახელმწიფოს შესაბამის უწყებას ან საერთაშორისო ორგანიზაციას შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმება (მიუხედავად მისი სახელწოდებისა და ფორმისა), რომელიც არ წარმოადგენს „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას. თუ სამშვიდობო ოპერაციაში ან საერთაშორისო სწავლებაში სამინისტროსთან ან/და სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ერთად მონაწილეობს სხვა ადმინისტრაციული ორგანოც, მხარდამჭერი დოკუმენტის მხარე შესაძლოა ასევე, იყოს ეს ადმინისტრაციული ორგანო; ს) რეზერვისტი - თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხული პირი; ტ) სადისციპლინო ქულა – იუნკერისათვის სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში, ხოლო პირველ კურსზე მყოფი იუნკერისათვის სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვის დღიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში მინიჭებული 100 სადისციპლინო ქულა, რომელიც მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში მცირდება კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით; უ) საერთაშორისო სწავლება - საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ სამინისტროს ან/და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და ერთი ან მეტი უცხო სახელმწიფოს შესაბამისი უწყების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი სწავლება მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის, საბრძოლო მომზადების, ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვისუნარიანობის, პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის შესაძლებლობებისა და უნარების ამაღლების მიზნით; ფ) სამინისტრო - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ქ) სამინისტროს მოსამსახურე - სამინისტროს სამოქალაქო ოფისსა ან/და თავდაცვის ძალებში დასაქმებული სამხედრო მოსამსახურე, სამოქალაქო პირი ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი; ღ) სამშვიდობო ოპერაცია - საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების ფარგლებში განხორციელებული საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების ოპერაცია, ასევე სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობა; ყ) სამხედრო სწავლება - საქართველოში სამინისტროს ან/და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და ერთი ან მეტი საქართველოს შესაბამისი უწყების ერთობლივი სწავლება საბრძოლო მომზადების, ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვისუნარიანობის, ურთიერთთავსებადობის შესაძლებლობებისა და უნარების ამაღლების მიზნით; შ) სამხედრო დისციპლინა – კანონმდებლობით დადგენილი წესრიგი, რომელთა დაცვა სამხედრო მოსამსახურის ვალდებულებაა; ჩ) სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა - სამხედრო ამოცანების, ფუნქციებისა და მოვალეობების განსახორციელებლად საჭირო პროფესიული კვალიფიკაცია, უნარები და გამოცდილება, რომელიც წარმოადგენს საფუძველს პერსონალის მონაცემთა აღრიცხვის, აგრეთვე, სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობებზე დანიშვნისა და კარიერული განვითარებისათვის; ც) სამხედრო მოსამსახურე - სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი; ძ) სამხედრო სასწავლებელი – სამინისტროს სისტემაში მოქმედი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; წ) საპატიო მიზეზი – სამხედრო მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს აძლევს დაკისრებული მოვალეობებისაგან გათავისუფლების საფუძველს. საპატიო მიზეზი დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულის დოკუმენტურად დადასტურება შეუძლებელია. ოჯახის წევრისა და ახლო ნათესავის პირთა წრე განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით; ჭ) სახელმწიფო თავდაცვა - ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისაკენ მიმართული ღონისძიებების ერთობლიობა; ხ) ტოტალური თავდაცვა - სახელმწიფოს მიერ აღმატებული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ სამხედრო და სამოქალაქო რესურსებისა და აქტივების გამოყენება, ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, რომელიც ემსახურება ეროვნული მედეგობის მიღწევას. თავი II სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა მუხლი 4. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის არსი სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა მოიცავს ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც ემსახურება, როგორც თავდაცვის პოლიტიკის მიზნების, ასევე მისი განხორციელების გზებისა და რესურსების განსაზღვრას. მუხლი 5. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის პრინციპები სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განუხრელი დაცვა და პატივისცემა; გ) ერთიანი სამთავრობო მიდგომა; დ) უწყვეტობა; ე) გეგმურობა; ვ) საჯაროობა და სამოქალაქო ჩართულობა. მუხლი 6. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტები სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება ეროვნული და უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების საფუძველზე. მუხლი 7. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის დოკუმენტები 1. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავება და კოორდინაციის წესი რეგულირდება „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია: ა) განსაზღვრავს ეროვნული თავდაცვის ორგანიზების სტრატეგიულ ხედვას, მიმართულებებს, მიზნებს, პრინციპებს და ამოცანებს; ბ) მიმოიხილავს და აფასებს თავდაცვის სფეროში არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს; გ) განსაზღვრავს საზოგადოების ჩართულობას ქვეყნის თავდაცვაში. 3. სახელმწიფო თავდაცვის სფეროს ეროვნული დონის ორგანიზაციული დოკუმენტია საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა, რომელიც ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად პასუხისმგებელ უწყებებს ავალდებულებს განახორციელონ მხარდამჭერი ღონისძიებები მათი კომპეტენციის ფარგლებში. 4. საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია, აგრეთვე საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა მუშავდება მოკლევადიანი (2 წლამდე ვადით), საშუალოვადიანი (5 წლამდე ვადით) და გრძელვადიანი (5 წელზე მეტი ვადით) პერიოდებისათვის, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 5. საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმის საიდუმლო ნაწილი მტკიცდება ცალკე დოკუმენტის სახით საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტების შემუშავების, წარდგენისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 8. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის დოკუმენტები 1. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტი, მუშავდება ეროვნული დონის დოკუმენტების საფუძველზე და მასში განისაზღვრება შესაბამისი უწყების მიზნები და ამოცანები სახელმწიფო თავდაცვის სფეროსთან ან/და მის ცალკეულ მიმართულებებთან/საკითხებთან დაკავშირებით. 2. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები მუშავდება ეროვნული დონის დოკუმენტებისა ან/და უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების საფუძველზე და მათი აღსრულების მიზნით და მოიცავს შესაბამისი უწყების წინაშე მდგარ ამოცანებს და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მათი გადაჭრის გზებს. 3. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალურ და ორგანიზაციულ დოკუმენტებს ნორმატიული აქტით ამტკიცებს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი. 4. უწყებრივ დონეზე სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის განხორციელების წესი, ვადები, უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების სახეები და რეგულირების სფერო განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ნორმატიული აქტით ამტკიცებს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი. 5. უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტის საიდუმლო ნაწილი მტკიცდება ცალკე დოკუმენტის სახით. 6. უწყებრივ დონეზე სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი ორგანოა სამინისტრო. თავი III სამინისტრო მუხლი 9. სამინისტრო 1. სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის განხორციელებაზე. 2. სამინისტროში დასაქმებულნი არიან სამხედრო მოსამსახურეები, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირები. 3. სამინისტროს ხელმძღვანელობს და მართავს მინისტრი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. 4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები მათი ფუნქციების გათვალისწინებით ერთიანდებიან სამინისტროს სამოქალაქო ოფისში (შემდგომ - სამოქალაქო ოფისი) ან თავდაცვის ძალებში. 5. მინისტრი, სამოქალაქო ოფისის მეშვეობით, ახორციელებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასა და მის წარმართვას, აგრეთვე - დემოკრატიულ კონტროლს თავდაცვის ძალებზე. 6. მინისტრი უფლებამოსილია გამოსცეს ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. 7. მინისტრის უფლებამოსილებები, რომლებიც განსაზღვრულია ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შეიძლება დელეგირებული იქნეს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეზე. 8. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები, სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება, მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოვალეობა, მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეების რაოდენობა და მათი უფლებამოვალეობა, სამინისტროს სისტემა, სტრუქტუტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია, ასევე სხვა არსებითი საკითხები სამინისტროს საქმიანობის ორგანიზების შესახებ, განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, რომელსაც მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 9. მინისტრი და მისი მოადგილეები არ არიან სამხედრო მოსამსახურეები. 10. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი. 11. სამინისტრო ახორციელებს ამ მუხლის მე-12-მე-14 ნაწილებით, ასევე სამინისტროს დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 12. სამოქალაქო ოფისის ფუნქციებია: ა) თავდაცვის სფეროში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების აღსრულება; ბ) თავდაცვის ძალების განვითარების ძირითადი პროგრამებისათვის ფინანსური უზრუნველყოფის გეგმების განსაზღვრა/შემუშავება; გ) თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის მომზადება; დ) თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა; ე) თავდაცვის ბიუჯეტისა და ფინანსური პროექტების შემუშავება; ვ) თავდაცვის ძალების საჭირო შეიარაღებით, ტექნიკით, აღჭურვილობითა და სხვა მატერიალური საშუალებებით/მარაგებით უზრუნველყოფა; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციების, სამოქალაქო იარაღის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა; თ) სამინისტროს სისტემის შიდა კონტროლი. 13. თავდაცვის ძალების ფუნქციებია: ა) ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა; ბ) თავდაცვის ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნა; გ) სამხედრო სწავლებებისა და ოპერაციების დაგეგმვა და მათი წარმართვა; დ) საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დაგეგმვა და აღსრულება; ე) დადგენილი წესით, სამინისტროში არსებული ლოჯისტიკური მარაგებით, სამხედრო და სხვა მატერიალურ-ტექნიკური ქონებით, ასევე მომსახურებით უზრუნველყოფის განხორციელება; ვ) სარეზერვო სამხედრო სამსახურის სისტემის მართვა; ზ) ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში; თ) სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფა; ი) სამხედრო ობიექტების დაცვა და თავდაცვა; კ) სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ლ) საინფორმაციო ოპერაციის ჩატარება; მ) თავდაცვის ძალების განვითარებისათვის აუცილებელი პროგრამებისა და გეგმების განსაზღვრა/შემუშავება; ნ) ქვედანაყოფების დასახელებისა და დისლოკაციის ადგილების, აგრეთვე სამხედრო ობიექტების განლაგებისათვის ადგილმდებარეობის განსაზღვრა/შერჩევა, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი; ო) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საძიებო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა, ფეთქებადსაშიში საგნებისაგან/ნივთიერებებისაგან გაწმენდისა და განაღმვითი სამუშაოების ჩატარება, წყლის ფსკერის დათვალიერებისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გატარების ორგანიზება; პ) შეიარაღებისა და ტექნიკის მოდერნიზაციის, მოდიფიკაციის, თავდაცვის ძალების შეიარაღებაში მიღებისა და შეიარაღებიდან მოხსნის თაობაზე წინადადებების მომზადება, რომელსაც დადგენილი წესით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი; ჟ) მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით სამხედრო ცერემონიალებისა და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა; რ) ქვეყნის შიგნით წვრთნებისას სხვა უწყებების ჩართულობის კოორდინაცია; ს) საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტ) თავდაცვის ბიუჯეტისა და ფინანსური პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; უ) საომარი მდგომარეობის დროს ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზება სამხედრო მიმართულებით. 14. სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების ერთობლივი ფუნქციებია: ა) სახელმწიფოში საგანგებო სიტუაციის, საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს დადგენილი წესით რეაგირება; ბ) ეროვნული და უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო საფრთხეებისა და ომის საშიშროების განსაზღვრა; დ) სამხედრო განათლების სისტემის, სამხედრო კვლევებისა და მეცნიერების განვითარება; ე) სამხედრო და სასწავლო ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწყობა-განვითარება; ვ) სამინისტროს მოსამსახურისა და მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მისი ოჯახის წევრის, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული პირის ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები, სამედიცინო, სოციალური უზრუნველყოფა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში; ზ) სამხედრო ქონებისა და სამხედრო პროდუქციის მართვა; თ) სამინისტროს ორგანიზაციული მოწყობა, მისი ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება; ი) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თავდაცვის/სამხედრო სფეროში თანამშრომლობა; კ) თავდაცვის მიზნებისთვის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების უზრუნველყოფა; ლ) სამინისტროს სისტემაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიება, ოპერატიულსამძებრო მოქმედებების განხორციელება, ფარული ვიდეო ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება, ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს; მ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა; ნ) სამინისტროს დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. 15. სამინისტროს, თავდაცვის ძალებსა და მის შემადგენლობას, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს აქვთ დროშა, ემბლემა, ინსიგნია და სხვა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო, რომელსაც „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებზე/სტრუქტურულ ერთეულებზე, თავდაცვის ძალების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს მიკუთვნების საკითხი, განისაზღვრება თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 16. სამინისტროს, სამინისტროს ქვედანაყოფის/სამხედრო ობიექტის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით, ნებისმიერი საქმიანობა ან/და მშენებლობა უნდა შეთანხმდეს სამინისტროსთან თუ აღნიშნული: ა) ხორციელდება/მდებარეობს დასახლებულ ზონაში სამინისტროს ობიექტიდან 100 მეტრის რადიუსში; ბ) ხორციელდება/მდებარეობს დაუსახლებელ ზონაში სამინისტროს ობიექტიდან 300 მეტრის რადიუსში. 17. სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების: ა) მფლობელობაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების მართვის (განკარგვა, აღრიცხვა, ჩამოწერა, სარგებლობა და სხვა) წესი; ბ) მონაწილეობით დაგეგმილ ან მიმდინარე ღონისძიებებში (წვრთნები/სწავლებები, კურსები, სამუშაო შეხვედრები/ვიზიტები და სხვა) მონაწილე ან სტუმრად მყოფი პირების, მათ შორის უცხო ქვეყნის წარმომადგენლების, კვებით, ტრანსპორტით, განთავსებით, სამედიცინო მომსახურებით, ფარმაცევტული საშუალებებით, შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, სანივთე ქონებით, აღჭურვილობითა და სხვა სახის უზრუნველყოფის საკითხები. მუხლი 10. მატერიალური უზრუნველყოფა, სოციალური გარანტია და სამსახურთან დაკავშირებული საკითხები 1. სამინისტროს მოსამსახურის მატერიალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის საკითხები განისაზღვრება ამ კოდექსით, ასევე სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების თანახმად. 2. სამხედრო მოსამსახურეს შრომის ანაზღაურება ეძლევა მისი სამხედრო წოდებისათვის განსაზღვრული შესაბამისი წოდებრივი სარგოს მიხედვით. სამხედრო მოსამსახურის შრომის ანაზღაურება ასევე, შეიძლება მოიცავდეს მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა კომპონენტებს. 3. მინისტრის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება: ა) სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის, ასევე თავდაცვის ძალებში დასაქმებული სამოქალაქო პირის შრომის ანაზღაურების ოდენობა, მისი შემადგენელი კომპონენტები, გაცემის წესი და პირობები; ბ) საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა და ანაზღაურების შენარჩუნების წესი; გ) სამინისტროს მოსამსახურის: გ.ა) კვებისა და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმა, ასევე კვებისა და სანივთე ქონების კმაყოფაზე აყვანისა და კმაყოფიდან მოხსნის წესი; გ.ბ) კვების ნაცვლად დაწესებული საკომპენსაციო თანხის ოდენობა და მისი გაცემის წესი; გ.გ) წახალისების, ფასიანი საჩუქრის, ფულადი ჯილდოს/დახმარების/დანამატის ოდენობა, ასევე მათი გაცემის წესი და პირობები; დ) სამინისტროს მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრის სხვა დამატებითი მატერიალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიები. 4. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს, სამშვიდობო ოპერაციაში როტაციის ვადის ამოწურვისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეძლევა ერთჯერადი, დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ვადით. 5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სამინისტროს მოსამსახურეს სხეულის დაზიანების, დაჭრის, დასახიჩრების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონედ აღიარების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 20 000 ლარამდე ოდენობით. 6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სამინისტროს მოსამსახურის, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა, დაღუპვისას, მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით. 7. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, საბრძოლო დავალების შესრულების, სამშვიდობო ოპერაციაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის, ასევე საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს სამინისტროს მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (განკარგულებით), ამავე განკარგულებით განსაზღვრულ მის ოჯახის წევრს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით. 8. სახელმწიფოს ხარჯზე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას ექვემდებარება: ა) სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურე და მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მისი ოჯახის წევრი; ბ) სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების სამოქალაქო პირი და მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მისი ოჯახის წევრი; გ) კადეტი; დ) იუნკერი; ე) მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამინისტროს სისტემის მოსამსახურე; ვ) მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ამ ნაწილის „გ“-„ე“ ქვეპუნქტში მოცემული პირის ოჯახის წევრი. 9. სამინისტროს მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან, მის მიმართ განსახორციელებელ სამედიცინო მომსახურებასთან და შესაბამის ანაზღაურებასთან, ასევე ჯანმრთელობის გამო შვებულებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მინისტრის სამართლებრივი აქტით. 10. სამინისტროს სისტემის მოსამსახურე სახელმწიფოს ხარჯზე, მინისტრის მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით, უზრუნველყოფილია კვებით ან კვების ნაცვლად დაწესებული საკომპენსაციო თანხითა და სანივთე ქონებით. 11. სამინისტრო ვალდებულია ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, სამხედრო მოსამსახურეთათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა. 12. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა მინისტრის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებითა და დადგენილი წესით. 13. სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების უზრუნველსაყოფად, მინისტრის მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით, სახელმწიფოს ხარჯზე, უზრუნველყოფილია საწვავით ან/და სასაუბრო დროით თუ იგი იყენებს პირად სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ან/და მობილურ ტელეფონს. 14. ამ კოდექსითა და მის საფუძველზე, ასევე შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული სოციალური გარანტიები, მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილ შემთხვევაში, შეიძლება გავრცელდეს: ა) სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სამხედრო მოსამსახურეზე, სამოქალაქო პირზე და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, რომელიც არ წარმოადგენს სამინისტროს მოსამსახურეს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრზე; ბ) სამინისტროდან/სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულ/დათხოვნილ პირზე, აგრეთვე მისი ოჯახის წევრზე; გ) სამინისტროს მიზნებიდან გამომდინარე, პირზე, რომელიც არ წარმოადგენს სამინისტროს/სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს; დ) სამინისტროს სისტემაში მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღებ პირზე; ე) სამინისტროს სისტემაში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირზე, იუნკერზე, მსმენელზე, კადეტზე, რეზერვისტზე. 15. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს, მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით ეძლევა სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 16. სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, აგრეთვე კადეტი უფლებამოსილია ატაროს ფორმის ტანსაცმელი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 17. სამინისტროს სისტემაში არსებული ფორმის ტანსაცმლის განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე მისი ტარების წესი განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით. სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ან/და მისი განმასხვავებელი ნიშნის უკანონოდ ტარება გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 18. სამხედრო მოსამსახურისა და თავდაცვის ძალებში დასაქმებული პირის სამსახურის წესი განისაზღვრება თავდაცვის ძალების სამსახურის დებულებით, რომელსაც ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი. 19. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლება აქვს: ა) შეინახოს, ატაროს, ასევე ამ კოდექსის 30-ე და 31-ე მუხლებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი; ბ) განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ატაროს სამხედროსაბრძოლო იარაღი. მუხლი 11. თავდაცვის ძალები 1. ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანებისა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ჰყავს თავდაცვის ძალები. 2. თავდაცვის ძალები არის ეროვნული თავდაცვის სისტემის პოლიტიკურად ნეიტრალური და შეიარაღებული სამხედრო ინსტიტუცია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აუცილებელ სამხედრო და სხვა სახის ღონისძიებებს. 3. საქართველოს პრეზიდენტი არის თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 4. თავდაცვის ძალები, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოქმედებენ მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რომლის აღსასრულებლად, თავდაცვის ძალებს მართავს თავდაცვის ძალების მეთაური. 5. საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალები მოქმედებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რომლის აღსასრულებლად თავდაცვის ძალებს მართავს თავდაცვის ძალების მეთაური. მუხლი 12. თავდაცვის ძალების სახეობა და შემადგენლობა 1. თავდაცვის ძალების სახეობაა - სახმელეთო, საჰაერო, ეროვნული გვარდია, სპეციალური ოპერაციების ძალები. 2. თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შედის სამინისტროს შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები: ა) გენერალური შტაბი, რომელიც ახორციელებს თავდაცვის ძალების სამხედრო სტრატეგიული და ოპერატიული გეგმების შემუშავებას, დაგეგმვას და მისი ძირითადი დანიშნულებაა ხელი შეუწყოს თავდაცვის ძალების მეთაურს თავდაცვის ძალების მართვასა და კონტროლში; ბ) აღმოსავლეთის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა განსაზღვრული ოპერაციის რაიონში დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვა, კონტროლი და დასახული ამოცანების შესრულება; გ) დასავლეთის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა განსაზღვრული ოპერაციის რაიონში დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვა, კონტროლი და დასახული ამოცანების შესრულება; დ) ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა საჰაერო სივრცეში დასახული ამოცანების შესრულება, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების საავიაციო მხარდაჭერა და ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვა; ე) სპეციალური ოპერაციების სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა სპეციალური ოპერაციების ჩატარება, თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფების მხარდაჭერა; ვ) ეროვნული გვარდია, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ტერიტორიული და სამობილიზაციო რეზერვის მართვა; ზ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომ - სამხედრო პოლიცია), რომლის ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კოდექსის IV თავით; თ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი დანიშნულებაა, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სადაზვერვო საქმიანობა; ი) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა, კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის ძალების პერსონალის სპეციალური სამხედრო განათლებით უზრუნველყოფა, ქვედანაყოფების წვრთნა და შეფასება, აგრეთვე თავდაცვის ძალების დოქტრინებითა და სხვადასხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებით უზრუნველყოფა; კ) ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური მხარდაჭერა. 3. საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალებში აგრეთვე შედის: ა) სამინისტროს სისტემაში მოქმედი შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა.ა) დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია; ა.ბ) გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი; ა.გ) კიბერუსაფრთხოების ბიურო; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ბ.ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია; ბ.ბ) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი; ბ.გ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი; ბ.დ) ობიექტების დაცვის დეპარტამენტი; ბ.ე) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის: გ.ა) საბრძოლო ან დაცვის ფუნქციის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფები; გ.ბ) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი; დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტი. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თავდაცვის ძალებში გაერთიანებულ სახელმწიფო ორგანოების მოსამსახურეებზე, საომარი მდგომარეობის განმავლობაში, ვრცელდება სამინისტროს მოსამსახურისათვის ამ კოდექსითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები. 5. საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, თავდაცვის ძალების მეთაურის გადაწყვეტილებით თავდაცვის ძალები გადადის წინასწარ განსაზღვრულ განსხვავებულ საშტატო სტრუქტურაზე. 6. საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემოსული სუბიექტების სამხედრო მართვას ახორციელებს თავდაცვის ძალების მეთაური. 7. საგანგებო სიტუაციისას, საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს კოორდინირებულად ურთიერთქმედების მიზნით, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტები, სამინისტროს კოორდინაციით, უფლებამოსილნი არიან მშვიდობიანობის დროს გაცვალონ სათანადო ინფორმაცია, უზრუნველყონ ერთობლივი წვრთნების/ტრეინინგების/სწავლებების დაგეგმვა/ჩატარება, მოამზადონ ოპერატიული გეგმები, სტანდარტული სამოქმედო პროცედურები, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტები. მუხლი 13. თავდაცვის ძალების სამხედრო მართვის დონეები 1. თავდაცვის ძალების სამხედრო მართვის დონეებია: ა) სტრატეგიული დონე; ბ) ოპერატიული დონე; გ) ტაქტიკური დონე; 2. სტრატეგიული დონე გულისხმობს სამხედრო სტრატეგიული მიზნის დასახვას, მისი მიღწევის გზების განსაზღვრასა და რესურსების უზრუნველყოფას, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებას, საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფასა და პოლიტიკური გადაწყვეტილების გარდაქმნას სამხედრო ამოცანად. 3. ოპერატიული დონე გულისხმობს სამხედრო სტრატეგიული ამოცანის აღსრულების მიზნით საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად ღონისძიების დაგეგმვას, სამხედრო ოპერაციის დაგეგმვას, აღსრულების მონიტორინგსა და კონტროლს, თავდაცვის ძალების შესაძლებლობათა განვითარებისათვის საჭირო მოთხოვნის განსაზღვრას. 4. ტაქტიკური დონე გულისხმობს ოპერატიულ დონეზე განსაზღვრული ტაქტიკური ამოცანის აღსრულებას. მუხლი 14. თავდაცვის ძალების მეთაური 1. თავდაცვის ძალების სამხედრო მართვას ახორციელებს და მასზე პასუხისმგებელია თავდაცვის ძალების მეთაური. 2. თავდაცვის ძალების მეთაური ანგარიშვალდებულია მინისტრის, საქართველოს პრემიერმინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. 3. თავდაცვის ძალების მეთაურს, საქართველოს მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 4. თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ინიციატივას, საქართველოს მთავრობას წარუდგენს მინისტრი. 5. თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი უნდა იყოს პირი, რომელსაც აქვს ოფიცრის უმაღლესი სამხედრო წოდება და უმაღლესი სამხედრო განათლება. 6. თავდაცვის ძალების მეთაური თანამდებობიდან ვადაზე ადრე შეიძლება გათავისუფლდეს: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; ბ) პირადი ინიციატივით; გ) მის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში; დ) ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით. 7. თავდაცვის ძალების მეთაური არის ეროვნული თავდაცვის საბჭოსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი. 8. თავდაცვის ძალების მეთაური: ა) მართავს თავდაცვის ძალებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების აღსრულების მიზნით; ბ) პასუხისმგებელია თავდაცვის ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნაზე, განვითარებასა და დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე; გ) საბრძოლო ამოცანათა შესასრულებლად, განსაზღვრავს გაერთიანებული ძალების (ერთზე მეტი უწყების კუთვნილი ძალებისგან შემდგარი რამდენიმე ოპერატიული დაჯგუფება, რომლებიც მოქმედებენ გაერთიანებული ძალების მეთაურობის დაქვემდებარებაში) შემადგენლობას, სტრუქტურას, ფუნქციებსა და ხელმძღვანელობის წესს; დ) შეიმუშავებს თავდაცვის ძალების ძირითადი ღონისძიებების გეგმებს, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი; ე) შეიმუშავებს თავდაცვის ძალებისთვის გამოყოფილი რესურსების განაწილების წესს, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი; ვ) შეიმუშავებს სამინისტროსა და მის სისტემაში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ქონების ექსპლუატაციის წესს, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი; ზ) შეიმუშავებს წვრთნებისა და სწავლებებისათვის უსაფრთხოების ნორმებს, რომელსაც ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი; თ) სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით შეიმუშავებს სამხედრო თანამდებობათა ნუსხას, ქვედანაყოფის შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელს, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი; ი) შეიმუშავებს სამხედრო მოსამსახურის კვების, ფულად და სანივთე კმაყოფაზე აყვანისა და კმაყოფიდან მოხსნის წესს და ნორმებს, ასევე კვების სანაცვლოდ დაწესებული საკომპენსაციო თანხის გაცემის წესს, რომელსაც ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი და წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად; კ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ლ) თავდაცვის ძალების მართვის უზრუნველსაყოფად, ორგანიზებას უწევს თავდაცვის ძალებში დოქტრინების, სამხედრო წესდებების და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებას; მ) ახორციელებს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 15. თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნა არსებული ვითარებიდან/საფრთხეებიდან გამომდინარე წესდება შესაბამისი საბრძოლო მზადყოფნის დონეები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 16. თავდაცვის ძალების რაოდენობა 1. თავდაცვის ძალების ზღვრულ რაოდენობას სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის წარდგინებით, ყოველწლიურად ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, თავდაცვის ძალების რაოდენობაში შედიან სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები. 3. საქართველოს პარლამენტს თავდაცვის ძალების რაოდენობა დასამტკიცებლად წარედგინება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტთან ერთად. 4. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული თავდაცვის ძალების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება: ა) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს; ბ) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე; გ) სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე. მუხლი 17. საერთაშორისო სტანდარტები 1. საქართველოს სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, სამინისტრო ორიენტირებულია დანერგოს და განავითაროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელშემწყობი სტანდარტიზაციისა და ეროვნული კოდიფიკაციის სისტემა, რომელიც თავსებადი იქნება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა (ნატო) და ევროკავშირის სტანდარტებთან. 2. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელშემწყობი სტანდარტიზაციისა და ეროვნული კოდიფიკაციის სისტემის დანერგვა გულისხმობს სტანდარტებისა და მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიმოცვლას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა (ნატო) და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან, მონაცემთა გაცვლის ყველა მოთხოვნათა დაცვით. 3. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელშემწყობი სტანდარტიზაციისა და ეროვნული კოდიფიკაციის სისტემის დანერგვა და განვითარება ხორციელდება მჭიდრო უწყებათაშორისი კოორდინაციითა და თანამშრომლობით. 4. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელშემწყობი სტანდარტიზაციისა და ეროვნული კოდიფიკაციის სისტემის დანერგვის, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესს კოორდინაციას უწევს სამინისტრო. თავი IV სამხედრო პოლიცია მუხლი 18. სამხედრო პოლიციის სამართლებრივი სტატუსი 1. სამხედრო პოლიცია არის თავდაცვის ძალების სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას, სამინისტროს ობიექტებისა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილების დაცვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ასრულებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს. 2. სამხედრო პოლიცია მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აგრეთვე უცხო ქვეყნების ტერიტორიებზე არსებულ თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილებში და ფუნქციონირებს ერთიანი, ცენტრალიზებული წესით. მუხლი 19. სამხედრო პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სამხედრო პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ეს კოდექსი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტები. მუხლი 20. სამხედრო პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები 1. სამხედრო პოლიციის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და კანონმდებლობის შესაბამისად საჯაროობის, სამხედრო პოლიციის სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს. 2. სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, პატივი სცეს პირის უფლებებს და დაიცვას იგი. 3. სამხედრო პოლიციის თანამშრომელს ეკრძალება: ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შექმნა, აგრეთვე მასში მონაწილეობა; ბ) სახელმწიფო, სამსახურებრივი ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოძიების მასალების გამჟღავნება; გ) გაფიცვის, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში მონაწილეობა; დ) შეთავსებით მუშაობა ანაზღაურებად სამუშაოზე, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან რაიმე თანამდებობის დაკავება რომელიმე სხვა დაწესებულებაში, ან რაიმე ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება ან/და რაიმე თანამდებობის დაკავება უცხო ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში. მუხლი 21. საპროკურორო ზედამხედველობა კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაულების გამოძიებას ზედამხედველობს საქართველოს გენერალური პროკურატურა. მუხლი 22. საერთაშორისო ურთიერთობანი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სამხედრო პოლიცია თანამშრომლობს უცხო ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 23. სამხედრო პოლიციის თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან სამხედრო პოლიცია დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამართალდამცავ და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 24. სამხედრო პოლიციის საქმიანობის მიზნები და ამოცანები სამხედრო პოლიციის საქმიანობის მიზნები და ამოცანებია: ა) კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულის თავიდან აცილება, გამოვლენა, გამოძიება და დამნაშავეთა ძებნა-დაკავება ამ კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს სარგებლობაში არსებულ ობიექტებსა და ტერიტორიაზე, თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილებში და მათი ფარგლების გარეთ სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილება, გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე; გ) სამინისტროს სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დ) კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს სარგებლობაში არსებული ობიექტებისა და ტერიტორიის, თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილების დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა, სამინისტროს სამხედრო ობიექტების პერიმეტრის დაცვის ღონისძიებებისა და უსაფრთხოების ოფიცრის მეშვეობით ქვედანაყოფების შიდა უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის მოპოვება, გადამუშავება და ანალიზი; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მიზნები და ამოცანები. მუხლი 25. სამხედრო პოლიციის უფლებამოსილება სამხედრო პოლიციის უფლებამოსილებებია: ა) კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულის თავიდან აცილება, გამოვლენა და გამოძიება და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარება; ბ) ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების განხორციელება, დანაშაულის გახსნა/აღკვეთა, გამოძიების წარმოება/დაწყება, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით ფიზიკური იძულების გამოყენება; გ) კანონმდებლობის შესაბამისად, ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება, ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს; დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილება, გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ე) თავდაცვის ძალებში მართლწესრიგის უზრუნველყოფა; ვ) სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სისტემის ობიექტების დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროსა და მისი სისტემის უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს, აგრეთვე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უცხო ქვეყნების თავდაცვის სისტემის მაღალი რანგის სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობის პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, (საჭიროების შემთხვევაში ესკორტით გადაადგილება) შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობით; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მართლწესრიგის დაცვის მოტხოვნა, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში –კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება; კ) თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილებში უზრუნველყოს უსაფრთხოების ოფიცრის ფუნქციონირება; ლ) თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილების შეცვლისას და საბრძოლო-სატრანსპორტო ტექნიკის გადაადგილებისას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, აგრეთვე ცალკეული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით გზებისა და ქუჩების მონაკვეთების ჩაკეტვა ან ამ ადგიპებში მოძრაობის შეზღუდვა; მ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, პირის დევნისას, დაკავებულის პოლიციაში წარსადგენად, აგრეთვე სამკურნალო დაწესებულებაში იმ პირის მისაყვანად, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსასყიდლოდ სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა (გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების და სპეციალური ტრანსპორტისა); ნ) საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს დასახლებულ პუნქტებში, საგზაო მაგისტრალებზე, ტერიტორიულ წყლებში სპეციალური კონტროლის მოწყობა და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება; ო) დანაშაულის გარემოებათა და მის ჩამდენ პირთა დასადგენად, გამოძიებისაგან და სასამართლოსაგან მიმალული, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოსაძებნად, ამოუცნობი გვამის ვინაობის დასადგენად, სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად, მართლწესრიგის განსამტკიცებლად, ისარგებლოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით; პ) მგზავრების პირადი დაცვის უზრუნველსაყოფად, ბრალდებულის დაკავების ან დაპატიმრების მიზნით, დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის ორგანოებს სარკინიგზო, საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტის გასვლის გონივრული ვადით შეყოვნების შესახებ; ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა ოქმი; რ) შეამოწმოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურის სამსახურებრივი დოკუმენტი, აგრეთვე პირის, რომელიც გამოკითხული უნდა იქნეს საქმესთან დაკავშირებით, მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები მათ მიერ დანაშაულის, ადმინისტრაციული გადაცდომის ან დისციპლინური დარღვევის ჩადენის შესახებ; ს) კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთოს სამხედრო მოსამსახურეთა უკანონო გამოსვლების/შეკრებების, მანიფესტაციების და სხვაგვარი აქციების მოწყობა; ტ) კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში, განახორციელოს ბრალდებულის ან/და ამოუცნობი გვამის რეგისტრაცია, დაქტილოსკოპირება, ფოტო, კინო, ვიდეო და აუდიოგადაღება, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება, აგრეთვე ჩაატაროს საექსპერტო გამოკვლევებისისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე; უ) სამხედრო მოსამსახურის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები; ფ) თავდაცვის ძალების აღმშენებლობის, სამობილიზაციო მზადყოფნის და ბრძოლისუნარიანობის განმტკიცების მიზნით, თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების მხარდაჭერა; ქ) კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა და ჩატარების კოორდინაცია; ღ) მანევრებისა და მობილურობის ოპერაციების, ასევე საბრძოლო მოქმედებების რაიონის უსაფრთხოებისა და ზურგის ოპერაციების განხორციელება/მხარდაჭერა; ყ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სპეციალური დავალებების განხორციელება. მუხლი 26. სამხედრო პოლიციის ვალდებულებები სამხედრო პოლიცია ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შესაძლებლობა მისცეს დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს, კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სამართლებრივი დაცვის უფლება, შეატყობინოს მის შესახებ ოჯახს, სამსახურს ან სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობას; ბ) გამოძიების პროცესში დაადგინოს დანაშაულის მიზეზები და პირობები, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად, სამართალდამრღვევთან ჩაატაროს ინდივიდუალური პრევენციული მუშაობა; გ) უზრუნველყოს დაკავებული ან დაპატიმრებული პირის დაცვა და საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა; დ) შეასრულოს, საგამოძიებო ქვემდებარეობით, პროკურორისა და გამომძიებლის წერილობითი დავალებები და მითითებები საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარების შესახებ, დახმარება აღმოუჩინოს მათ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას; ე) გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინოს უბედური შემთხვევისა და საზოგადოებრივად საშიში ქმედების შედეგად დაზარალებულს, აგრეთვე უმწეო მდგომარეობაში, ტოქსიკური, ნარკოტიკული ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს, თუ მას დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, ან შეუძლია საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ; ვ) აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილებები, მოსამართლის, პროკურორისა და გამომძიებლის დადგენილებები იმ პირთა წარმოდგენის შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ სასამართლოში, პროკურატურაში ან საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, აგრეთვე აღასრულოს სასამართლოს, პროკურორისა და გამომძიებლის გადაწყვეტილებები დაკავების ან დაპატიმრების შესახებ; ზ) ითანამშრომლოს ადმინისტრაციული ორგანოების შესაბამის სამსახურებთან, კანონიერი საქმიანობის განხორციელებაში; თ) საომარი მდგომარეობის დროს, კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი წესითა და ფორმით უზრუნველყოს სამხედრო ტყვეთა ბანაკების დაცვა და უსაფრთხო ფუნქციონირება. მუხლი 27. იძულების ღონისძიება და მისი გამოყენების უფლება 1. იძულების ღონისძიება არის სამხედრო პოლიციის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის პოლიციის ფუნქციების შესასრულებლად გამოყენება. 2. სამხედრო პოლიციისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად სამხედრო პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილია პროპორციულად გამოიყენოს გამოსადეგი იძულების ღონისძიებები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას. 3. სამხედრო პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილია გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები, თუ მას გავლილი აქვს სპეციალური მომზადება. 4. სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან/და სამხედრო პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია. 5. იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთანავე, იძულების ღონისძიების გამოყენებისას სამხედრო პოლიციის თანამშრომელი უნდა შეეცადოს, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს. 6. სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია პირველი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს იძულების ღონისძიებების გამოყენებით დაზიანებულ პირს. 7. სამხედრო პოლიციის თანამშრომელს ეკრძალება ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია კანონმდებლობით. მუხლი 28. ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება 1. სამხედრო პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური ძალა, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ილეთები, საკუთარი თავის ან/და პირთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დასაკავებლად, თუ არაძალისმიერი მეთოდების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სამხედრო პოლიციის თანამშრომლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციის შესრულებას. 2. სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია ფიზიკური ძალის გამოყენების შედეგად პირის დაზიანების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს, პროკურორს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ხოლო იმ შემთხვევაში როცა პირის დაზიანების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის, პროკურორისათვის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისათვის შეტყობინება შეუძლებელია, დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან ან ხელს შეუშლის დაკისრებული ფუნქციის შესრულებას, პირველივე შესაძლებლობისთანავე. 3. თუ ფიზიკური ძალა პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ გამოიყენება, ამის შესახებ ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს, პროკურორს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. მუხლი 29. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება 1. სამხედრო პოლიციის თანამშრომელს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად უფლება აქვს გამოიყენოს პასიური და აქტიური სპეციალური საშუალებები. 2. პასიური სპეციალური საშუალებები უზრუნველყოფს სამხედრო პოლიციის თანამშრომლის ან/და მის მიერ დასაცავი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. ასეთი სპეციალური საშუალებებია: ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი, აირწინაღი და სხეულის დაცვის სხვა სპეციალური საშუალებები. 3. აქტიური სპეციალური საშუალებები პირს მოკლე ვადით უსპობს სამხედრო პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს ან/და სამხედრო პოლიციის თანამშრომელს ეხმარება დაკისრებული ფუნქციის შესრულებაში. ასეთი სპეციალური საშუალებებია: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და სასამსახურო ცხენი, ელექტროშოკური მოწყობილობა და შესაბოჭი ბადე. აღნიშნული სპეციალური საშუალებები გამოიყენება: ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს სამხედრო პოლიციის თანამშრომელს, ან გაქცევას ცდილობს; დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირებისას; თუ პირს თავისი საშიში მოქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს საკუთარ თავსა და სხვას; ბ) სპეციალური ხელკეტი – პირზე, სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი ან მართლწესრიგის დამრღვევი პირის დაკავებისას, თუ იგი ბოროტად არ ემორჩილება სამხედრო პოლიციის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; გ) ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი) – პირზე, სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობანაგებობა, სადაც თავს აფარებს; დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა – სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, პირზე ან/და სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად; შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან შეჭრილი დამნაშავის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის გამოსაძევებლად, უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად; ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება – სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა სამხედრო პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნა გაჩერების შესახებ და რომლის მოქმედებაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან თუ ასეთი საშუალების გამოყენება აუცილებელია პროპორციული სამართლებრივი სიკეთის დასაცავად; ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება – დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას, დახურული სივრციდან უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად; ზ) წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება – მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა სამხედრო პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნა გაჩერების შესახებ, შეიარაღებული დამნაშავის დასაკავებლად; თ) სპეციალური საღებავი – დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად; ი) სასამსახურო ძაღლი – მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირებისას, პირზე ან/და სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად; კ) სასამსახურო ცხენი – დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, პატრულირებისას, მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად; ლ) ელექტროშოკური მოწყობილობა – პირზე, სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მ) შესაბოჭი ბადე – სამართალდამრღვევის დევნისას, შეიარაღებული თავდასხმის მოსაგერიებლად, თავდამსხმელის შესაპყრობად. 4. სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს, პროკურორსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ხოლო იმ შემთხვევაში როცა პირის დაზიანების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის, პროკურორისათვის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისათვის შეტყობინება შეუძლებელია, დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან ან ხელს შეუშლის დაკისრებული ფუნქციის შესრულებას, პირველივე შესაძლებლობისთანავე. 5. თუ სპეციალური საშუალება პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ გამოიყენება, ამის შესახებ ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა უნდა აცნობოს უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს. 6. სამხედრო პოლიციის განკარგულებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტებით. მუხლი 30. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება 1. სამხედრო პოლიციის თანამშრომელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად − დამატებითი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. 2. ცეცხლსასროლი იარაღის პასიურ გამოყენებად ითვლება სამხედრო პოლიციის თანამშრომლის მიერ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იარაღის დემონსტრირება. 3. ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებად ითვლება იარაღიდან გამიზნული გასროლა. 4. სამხედრო პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი: ა) პირისა და საკუთარი თავის დასაცავად, როდესაც საფრთხე ექმნება სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ბ) უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად; გ) მისთვის წინასწარი ცნობით ძალადობრივი ქმედებისათვის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულის გაქცევის აღსაკვეთად; დ) ძალადობრივი დანაშაულის აღსაკვეთად, თუ პირი წინააღმდეგობას უწევს სამხედრო პოლიციის თანამშრომელს; ე) დაცულ ობიექტზე, სახელმწიფო ორგანოზე ან/და საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე თავდასხმის მოგერიებისას; ვ) საშიში ცხოველის თავდასხმისაგან ადამიანის დასაცავად; ზ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით მისი დაზიანებისათვის, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და მძღოლი არ ემორჩილება სამხედრო პოლიციის თანამშრომლის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ, გარდა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის სროლისა. 5. პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება − „სამხედრო პოლიციაა, სდექ, თორემ გესვრი!“, შემდეგ − გამაფრთხილებელი გასროლა. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა არ განხორციელდეს. 6. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დასაშვებია: ა) შეიარაღებული თავდასხმისას, აგრეთვე საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას; ბ) სამხედრო პოლიციის თანამშრომელისათვის წინასწარი ცნობით სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულის ან დაპატიმრებულის გაქცევისას; გ) პირის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას; დ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად; ე) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად; ვ) სასიკვდილოდ დაზიანებული ან დასნებოვნებული ცხოველის სიცოცხლის შესაწყვეტად, როდესაც ნათელია, რომ პრობლემის სხვაგვარად გადაჭრა შეუძლებელია. 7. ცეცხლსასროლი იარაღის ისეთი გამოყენება, რომელიც შეიცავს სასიკვდილოდ დაჭრის საფრთხეს, შეიძლება მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. 8. სამხედრო პოლიციის თანამშრომელს ეკრძალება ცეცხლსასროლი იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც არსებობს სხვა პირთა დაშავების საფრთხე, აგრეთვე ცეცხლსაშიშ და აფეთქებასაშიშ ადგილებში, გარდა აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევისა. 9. სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის აქტიური გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს, პროკურორს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი იარაღის აქტიური გამოყენება განხორციელდა ამავე მუხლში მითითებული წინაპირობების არარსებობისას ან/და იარაღის გამოყენებას შედეგად მოჰყვა პირის დაზიანება ან გარდაცვალება, აგრეთვე - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. 10. სამხედრო პოლიციის განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესს ადგენს მინისტრი. 11. სამხედრო პოლიციის განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხა დგინდება კანონმდებლობით. მუხლი 31. იძულების ღონისძიებების გამოყენების შეზღუდვა 1. აკრძალულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ სამხედრო პოლიციის თანამშრომელს, რაც საფრთხეს უქმნის სხვა პირის ან სამხედრო პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმისა და წინააღმდეგობის სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილიდან გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოუყენებლობა შეუძლებელს ხდის სამხედრო პოლიციაზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას. მუხლი 32. სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, ორგანიზება, ხელმძღვანელობა და სამხედრო პოლიციაში სამსახური 1. სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოვალეობა განისაზღვრება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულებით. 2. სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი. თავი V სამხედრო სამსახური მუხლი 33. სამხედრო სამსახურის არსი 1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად თავდაცვის ძალებზე დაკისრებული ამოცანებიდან გამომდინარე სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე. 2. სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. 3. სამხედრო სამსახურში მიღებისა და სამხედრო მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობებთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის საკითხები. 4. თუ, ამ თავით გათვალისწინებული საკითხები წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი/გაწვეული პირის მიმართ ამ კოდექსის შესაბამისად სხვაგვარად არის მოწესრიგებული, რეგულირდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურისათვის განსაზღვრული ნორმით. მუხლი 34. სამხედრო სამსახურის სახეები 1. სამხედრო სამსახურის სახეებია: ა) რეგულარული სამხედრო სამსახური; ბ) სარეზერვო სამხედრო სამსახური. 2. რეგულარული სამხედრო სამსახური მოიცავს: ა) პროფესიულ სამხედრო სამსახურს; ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს. 3. სარეზერვო სამხედრო სამსახური მოიცავს: ა) აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურს; ბ) სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურს. მუხლი 35. სამხედრო ფიცი 1. სამხედრო ფიცის ტექსტს, სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. სამხედრო ფიცის დადება დასტურდება სამხედრო მოსამსახურის ხელმოწერით. მუხლი 36. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი 1. პირს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი აქვს: ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის დღიდან - სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე; ბ) პროფესიულ სამხედრო სამსახურში, აგრეთვე აქტიურ რეზერვში თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან - სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე; გ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სამხედრო სასწავლებელში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვებიდან - სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე; დ) სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სამხედრო თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან - სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე; ე) ამ კოდექსით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 2. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო. 3. სამხედრო მოსამსახურე თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან/სამხედრო სამსახურიდან თავისუფლდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის, მობილიზაცის დროს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის თავისებურებები დგინდება კანონმდებლობით. 5. სამხედრო მოსამსხურე იმყოფება სახელმწიფო კმაყოფაზე. 6. ტყვედ ჩავარდნილ, მძევლად აყვანილ, აგრეთვე ნეიტრალურ სახელმწიფოში ინტერნირებულ სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი, თუ ტყვეობა არ იყო ნებაყოფლობითი და ტყვედ ჩავარდნილმა არ ჩაიდინა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. მუხლი 37. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის რეგულირების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებად ითვლება: ა) საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა; ბ) საბრძოლო მორიგეობის შესრულება; გ) მეთაურის მიერ გაცემული ბრძანების ან დასახული ამოცანის შესრულება; დ) სამსახურის შესრულების ადგილზე ყოფნა დღის განაწესით დადგენილი სამსახურებრივი დროის განმავლობაში ან თუ ეს გამოწვეულია სამსახურებრივი საჭიროებით; ე) სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნა; ვ) სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ ყოფნა; ზ) სამსახურამდე და უკან მგზავრობა; თ) სამსახურებრივი მიმართვის საფუძველზე სამკურნალო ადგილამდე და უკან მგზავრობა; ი) საველე სწავლებისა და სამხედრო შეკრების გავლა; კ) ტყვედ, გარდა წინასწარ განზრახვით ტყვედ დანებებისა, მძევლად ან ინტერნირებულად ყოფნა; ლ) უგზო-უკვლოდ დაკარგვა - უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობამდე ან კანონმდებლობით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე; მ) სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა. მუხლი 38. სამხედრო მოსამსახურის უფლება 1. სამხედრო მოსამსახურე სარგებლობს საქართველოს მოქალაქისათვის დადგენილი უფლებებითა და თავისუფლებებით. უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილობრივი შეზღუდვა დასაშვებია ამ კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, სამხედრო სამსახურის მოთხოვნების პროპორციულად. 2. სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო სამსახურის პირობების გათვალისწინებით, უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისწავლოს ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 3. მეთაური, სამხედრო სამსახურის პირობების გათვალისწინებით, ხელს უწყობს სამხედრო მოსამსახურისათვის განათლების უფლების რეალიზებას. 4. სამხედრო მოსამსახურე ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილებში, სარგებლობს ბიბლიოთეკებით, სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებებით, სპორტული ნაგებობებითა და ინვენტარით. მას, აგრეთვე შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სპორტულ და თვითშემოქმედებით ღონისძიებებში. 5. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს აღასრულოს რელიგიური წეს-ჩვეულებები, თუ ეს ხელს არ უშლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და არ უქმნის პირობებს დამატებითი შეღავათებისათვის. 6. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს შეიცვალოს სამხედრო სამსახურის ადგილი, თუ იგი ან მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მისი ოჯახის წევრი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, საჭიროებს სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლას. მუხლი 39. სამხედრო მოსამსახურის მოვალეობა 1. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია: ა) გაეცნოს და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები; ბ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას; გ) დაიცვას სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი ეთიკის ნორმები; დ) დაიცვას მისთვის განდობილი სახელმწიფო საიდუმლოება; ე) დაემორჩილოს მეთაურს, ზუსტად და დროულად შეასრულოს მისი კანონიერი ბრძანება და დავალება; ვ) შეასრულოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. 2. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, რომელიც განსაზღვრულია ამ კოდექსით და სხვა საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მითითების/მოთხოვნის გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც დაკავშირებულია მის სამსახურთან. 4. სამხედრო მოსამსახურემ უარი უნდა თქვას უკანონო ბრძანების შესრულებაზე, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა მისი უკანონობის შესახებ და უნდა იმოქმედოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უნდა გადაადგილდეს მხოლოდ უშუალო მეთაურის ნებართვის საფუძველზე. 6. სამხედრო სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსამსახურე ვალდებულია მუდმივ მზადყოფნაში იყოს გამოძახებისთანავე სამსახურში გამოცხადებისათვის. მუხლი 40. სამხედრო მოსამსახურისათვის აკრძალული საქმიანობა 1. სამხედრო მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზება ან/და მათში მონაწილეობა და სხვა ანაზღაურებადი საქმიანობა გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადია: ა) სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამედიცინო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სახელმწიფო ან სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში განხორციელებული საქმიანობა; ბ) საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციის თანამდებობაზე განხორციელებული საქმიანობა, რომელიც ემსახურება საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესრულებას. მუხლი 41. სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის ზოგადი დებულებები 1. სამხედრო მოსამსახურეს ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით ეკისრება დისციპლინური, სამოქალაქო, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. კონტრაქტის შესრულების ადგილად ითვლება მუნიციპალიტეტი, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც მდებარეობს სამინისტროს ის ქვედანაყოფი, რომელშიც სამსახურს გადის სამხედრო მოსამსახურე, თუ სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული (ხელშეკრულებით) კონტრაქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. სასამართლო ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს სამხედრო მოსამსახურის მიმართ გამოტანილი განაჩენის ან/და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე განჩინებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გადაწყვეტილების ასლი. 4. სამხედრო მოსამსახურის მიერ ასანაზღაურებელი ზიანის, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურის ფინანსური პასუხისმგებლობის (ადმინისტრაციული ჯარიმა, აგრეთვე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომა) საფუძვლები, აგრეთვე მისი დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით სამინისტროს წარდგინების საფუძველზე. 5. სამხედრო მოსამსახურე არ შეიძლება სამსახურებრივად ან/და წოდებრივად დაწინაურდეს დისციპლინური, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების საფუძვლებით კონტრაქტის შესწყვეტის შემთხვევაში, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირს დაეკისრება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი ადმინისტრაციული -ჯარიმა: ა) 28000 ლარის ოდენობით, თუ მასთან გაფორმებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შესაბამისი კონტრაქტი ითვალისწინებს ამ ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას; ბ) 28000, 20000 ლარის ან 7000 ლარის ოდენობით, თუ მასთან გაფორმებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შესაბამისი კონტრაქტი ითვალისწინებს ამ ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას; გ) 1500, 5000, 10000 ლარის ან 18000 ლარის ოდენობით, თუ მასთან გაფორმებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შესაბამისი კონტრაქტი ითვალისწინებს ამ ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას; დ) 3000 ლარის ოდენობით, თუ მასთან გაფორმებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შესაბამისი კონტრაქტი ითვალისწინებს ამ ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას; ე) 5000 ლარის ოდენობით, თუ მასთან გაფორმებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შესაბამისი კონტრაქტი ითვალისწინებს ამ ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას; ვ) 2000 ლარის ოდენობით, თუ „სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №44 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი ითვალისწინებს ამ ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას; ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით დაჯარიმებას (გარდა ამ ამ მუხლის მე-6 ნაწილის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განასაზღვრული ჯარიმისა), თუ შესაბამისი კონტრაქტი ითვალისწინებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას. 7. სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა მინისტრის ან მისგან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ძალაში შედის გამოცემისთანავე. 9. ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მოქმედებას არ აჩერებს მისი გასაჩივრება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში. 10. ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი წარმოადგენს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 2 მუხლის „ც“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ აღსრულების ქვემდებარე აქტს. მუხლი 42. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა 1. სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფილია სამხედრო სამსახურისთვის ჯანსაღი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით, სამხედრო სამსახურისათვის დამახასიათებელი რისკფაქტორების შემცირების ღონისძიებათა სისტემით, რომელსაც უზრუნველყოფს სახელმწიფო. 2. სამხედრო სამსახურში მისაღები პირისა და სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის სამედიცინო შემოწმება/ექსპერტიზა ხორციელდება სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ. 3. სამხედრო-სამედიცინო კომისია სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის დროს ხელმძღვანელობს შესაბამისი დაავადებათა ნუსხით. 4. სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და ჩატარების წესს, აგრეთვე დაავადებათა ნუსხას, სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 43. შრომის ანაზღაურება განსაკუთრებულ პირობებში 1. საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სამხედრო მოსამსახურეს წოდებრივი სარგო მიეცემა სამმაგი ოდენობით. 2. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში, მაგრამ უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წოდებრივი სარგო მიეცემა ორმაგი ოდენობით. 3. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც მსახურობს კანონმდებლობით განსაზღვრულ ჯანმრთელობისათვის მავნე გარემოში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით წოდებრივი სარგო მიეცემა ერთნახევარი ოდენობით. 4. ამ მუხლის პირველ-მე-3 ნაწილებში მოცემული გარემოებებისათვის, რომელთათვისაც დაწესებულია სამმაგი, ორმაგი და ერთნახევარი ოდენობით წოდებრივი სარგოს გაანგარიშება, იმავე პრინციპით წელთა ნამსახურება სამხედრო მოსამსახურეს დაუანგარიშდება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისათვის. მუხლი 44. უფლება სამსახურებრივი დანიშნულების საცხოვრებელ ფართზე სამხედრო მოსამსახურე, სამსახურის პერიოდში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, უზრუნველყოფილია საცხოვრებელი პირობებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - საცხოვრებელი ფართით (ბინით). მუხლი 45. სამხედრო თანამდებობები 1. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების შესაბამისი სამხედრო თანამდებობები განისაზღვრება საშტატო ნუსხით, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი. 2. გვარეობები, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობები და მათი კოდები, აგრეთვე მათ მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 46. დროებითი ფუნქციის დაკისრება 1. სამხედრო მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე, ასევე თანამდებობაზე დროებით არყოფნისას მისი მოვალეობების სხვა სამხედრო მოსამსახურეზე დაკისრება ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს თავისი ძირითადი თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისაგან. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ვაკანტურ თანამდებობაზე, ასევე სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე დროებით არყოფნისას მისი მოვალეობების დაკისრება სხვა სამხედრო მოსამსახურეზე, ამ თანამდებობაზე, თანხმობის შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადით, შეიძლება დანიშნულ იქნეს აქტიურ რეზერვში მყოფი პირი, რომელიც აკმაყოფილებს თანამდებობისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 3. სამხედრო სასწავლებელში სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე დროებით არყოფნის პერიოდში, მისი მოვალეობის სამოქალაქო პირზე დაკისრების წესი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, მოსამსახურეს ანაზღაურება მიეცემა მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. მუხლი 47. რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამა 1. რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამაზე ნებაყოფლობით და სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, მიიღება: ა) ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი; ბ) პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2. უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამა, მისი ვადა და გავლის საკითხები, პროგრამაზე მიღების წესი და პირობები რეგულირდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით. 3. რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამაზე მიღებული პირი, აღნიშნული პროგრამის გავლის პერიოდში, უზრუნველყოფილი იქნება: ა) სახელმწიფოს ხარჯზე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევით; ბ) სამხედრო მოსამსახურისათვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში კვებითა და შესაბამისი სანივთე ქონებით. 4. სამინისტროს გადაწყვეტილებით რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამაზე მიღებულ პირს, შესაძლებელია: ა) დაუწესდეს სტიპენდია, რომელიც ანაზღაურდება სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასიგნებებიდან; ბ) გაუფორმდეს კონტრაქტი; გ) დაუწესდეს კანონმდებლობით სამხედრო მოსამსახურისათვის განსაზღვრული სხვა შეღავათები. 5. რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამის ფარგლებში პირმა შესაძლებელია გაიაროს სამხედრო შეკრება. 6. რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული პირის დაჭრა/დასახიჩრების ან დაღუპვის შემთხვევაში (მხოლოდ სამხედრო შეკრებების პერიოდში), მასზე/მისი ოჯახის წევრზე ვრცელდება ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით სამხედრო მოსამსახურისათვის ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული სოციალური გარანტიები. 7. პირს, რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამის გავლისა და სამხედრო წოდების მინიჭების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური ეთვლება გავლილად და იხსნება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან. 8. პირმა, რომელმაც ვერ დაასრულა რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამა, არ მიენიჭება შესაბამისი სამხედრო წოდება, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური არ ჩაეთვლება გავლილად და აყვანილი იქნება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე. 9. რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამის დასრულების და სამხედრო წოდების მინიჭების შემდგომ, პირი ჩაირიცხება სამობილიზაციო რეზერვში ან გაწვეული იქნება საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში. მუხლი 48. სამხედრო წოდება 1. სამხედრო წოდებებია: ა) რიგითების შემადგენლობა - რიგითი, I კლასის რიგითი; ბ) კაპრალების შემადგენლობა - კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი; გ) სერჟანტების შემადგენლობა - უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი, მთავარი სერჟანტი; დ) ოფიცერთა შემადგენლობა: დ.ა) უმცროსი ოფიცერთა შემადგენლობა - ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; დ.ბ) უფროსი ოფიცერთა შემადგენლობა - მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; დ.გ) უმაღლესი ოფიცერთა შემადგენლობა - ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალლეიტენანტი, გენერალი. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამხედრო წოდებების, გარდა გენერალისა, ექვივალენტური საზღვაო წოდებებია: ა) საზღვაო რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი; ბ) საზღვაო კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი; გ) უმცროსი მიჩმანი, მიჩმანი, უფროსი მიჩმანი, მასტერ მიჩმანი, მთავარი მიჩმანი; დ) ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტან-ლეიტენანტი; ე) III რანგის კაპიტანი, II რანგის კაპიტანი, I რანგის კაპიტანი; ვ) კონტრადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი. 3. წოდებრივი დაქვემდებარების საკითხები წესრიგდება სამხედრო წესდებით. მუხლი 49. სამხედრო წოდების მინიჭება 1. რიგითის სამხედრო წოდება ენიჭება: ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს; ბ) სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულ იუნკერს, თუ მას არ გააჩნია სხვა სამხედრო წოდება; გ) საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს, თუ მას არ გააჩნია სხვა სამხედრო წოდება; დ) თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხულ პირს, თუ მას არ გააჩნია სხვა სამხედრო წოდება. 2. უმცროსი სერჟანტის სამხედრო წოდება ენიჭება პირს: ა) რომელმაც დაასრულა უმცროსი სერჟანტის შესაბამისი კურსი, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) რომელმაც დაასრულა რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამა და პროგრამის დასრულების დღისათვის არ აქვს მინიჭებული ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და უმცროსი/უფროსი/მთავარი სერჟანტის შემადგენლობის სამხედრო წოდება; გ) რომელმაც დაასრულა 11-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და სამსახურის პერიოდში: გ.ა) გაიარა სერჟანტთა შემადგენლობის შესაბამისი კურსი და დანიშნული იყო სერჟანტთა შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე; გ.ბ) გაიარა რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების შესაბამისი პროგრამა, დანიშნული იყო უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს მეთაურთა თანამდებობებზე და არ აქვს მინიჭებული ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 3. ლეიტენანტის სამხედრო წოდება ენიჭება პირს: ა) რომელმაც დაასრულა სამხედრო სასწავლებლის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა; ბ) რომელსაც მინიჭებული აქვს აკადემიური ხარისხი და დაასრულა უმცროსი ოფიცრის მომზადების საკანდიდატო პროგრამა; გ) რომელმაც დაასრულა რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამა და პროგრამის დასრულების დღისთვის მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან პროგრამის დასრულებიდან 5 წლის ვადაში წარმოადგინა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ შესრულებია 35 წელი; დ) რომელმაც დაასრულა 11-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და სამსახურის პერიოდში გაიარა უმცროს ოფიცერთა მომზადების შესაბამისი პროგრამა, დანიშნული იყო უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს მეთაურთა თანამდებობებზე და სამსახურის დასრულების დღისათვის მინიჭებული აქვს აკადემიური ხარისხი ან სამსახურის დასრულებიდან 10 წლის ვადაში წარმოადგინა აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ შესრულებია 35 წელი. მუხლი 50. მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების ვადა 1. მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილია სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადა: ა) რიგითიდან - I კლასის რიგითამდე – 1 წელი; ბ) I კლასის რიგითიდან - კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე - 1 წელი; გ) კაპრალიდან ან კაპრალ-სპეციალისტიდან - უმცროს სერჟანტამდე - 2 წელი; დ) უმცროსი სერჟანტიდან - სერჟანტამდე – 2 წელი; ე) სერჟანტიდან - უფროს სერჟანტამდე – 4 წელი; ვ) უფროსი სერჟანტიდან - მასტერ სერჟანტამდე – 5 წელი; ზ) მასტერ სერჟანტიდან - მთავარ სერჟანტამდე – 5 წელი; თ) ლეიტენანტიდან - უფროს ლეიტენანტამდე – 2 წელი; ი) უფროსი ლეიტენანტიდან - კაპიტნამდე – 4 წელი; კ) კაპიტნიდან - მაიორამდე – 4 წელი; ლ) მაიორიდან - ვიცე-პოლკოვნიკამდე – 5 წელი; მ) ვიცე-პოლკოვნიკიდან - პოლკოვნიკამდე – 5 წელი. 2. ოფიცრის მორიგი უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად ვადა არ დგინდება. 3. სამხედრო საზღვაო წოდების მისანიჭებლად გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილით მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადა. 4. აქტიურ რეზერვში მყოფი პირისათვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების ვადაა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წოდებისათვის დადგენილ მინიმალურ ვადაზე ორჯერ მეტი. მუხლი 51. მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების წესი 1. სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება თანამიმდევრობით, საფეხურის გამოტოვების გარეშე. 2. სამხედრო მოსამსახურეს, გარდა უმაღლესი ოფიცრის შემადგენლობისა, მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება შემდეგი პირობების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში: ა) გავიდა მორიგი სამხედრო წოდების მინიჭებისათვის დადგენილი ვადა, გარდა ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) სამხედრო მოსამსახურე აკმაყოფილებს მისანიჭებელი სამხედრო წოდებისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; გ) თუ სამხედრო მოსამსახურეს უკავია ფაქტობრივწოდებაზე მაღალი საშტატო კატეგორიის თანამდებობა; დ) თუ მიღებულია შერჩევის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილება მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების (წოდებრივი დაწინაურების) შესახებ, მხოლოდ ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი კატეგორიებისათვის, რომელთა წოდებრივი დაწინაურება ხორციელდება შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. ოფიცრის უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად უნდა დაკმაყოფილდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, ხოლო ოფიცრის პირველი უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად, ასევე - ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი მოთხოვნა. 4. ოფიცრის პირველი უმაღლესი სამხედრო წოდება შეიძლება მიენიჭოს პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს, თუ მას ორი წლის განმავლობაში ეკავა პოლკოვნიკის და ერთი წლის განმავლობაში - უმაღლესი ოფიცრის საშტატო კატეგორიის თანამდებობა. 5. სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი დაწინაურების წესი, პროცედურები და წოდების კატეგორიები, რომლებზეც წოდებრივი დაწინაურება ხორციელდება ცენტრალიზებურად, შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილებით, განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. 6. სამხედრო წოდებას, გარდა ოფიცრის უმაღლესი სამხედრო წოდებისა, ანიჭებს მინისტრი. 7. ოფიცრის უმაღლეს სამხედრო წოდებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი. 8. ოფიცრის უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამხედრო მოსამსახურის კანდიდატურას წარადგენს მინისტრი. 9. მორიგი სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭება, შესაძლებელია მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს. მუხლი 52. სამხედრო წოდების მინიჭების შეზღუდვა სამხედრო მოსამსახურისთვის სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო წოდების მინიჭება დაუშვებელია, თუ: ა) მის მიმართ მოქმედებს ამ კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა; ბ) მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა. მუხლი 53. სამხედრო წოდებისა და სოციალური გარანტიების ჩამორთმევა 1. პირს სამხედრო წოდება, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩამოერთმევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. 2. სამხედრო წოდების ჩამორთმევის შემთხვევაში, პირს შეუწყდება სოციალური გარანტიების მიღების უფლება, რომლებიც წარმოექმნა სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით. მუხლი 54. საკვალიფიკაციო მოთხოვნა და ფუნქცია-მოვალეობა 1. ყოველი სამხედრო თანამდებობისთვის და სამხედრო წოდებისთვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საკვალიფიკაციო მოთხოვნა. 2. სამხედრო მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, როგორც სამსახურში მიღებამდე, ისე სამსახურის გავლისას. 3. სამხედრო მოსამსახურის ფუნქცია-მოვალეობა, თანამდებობრივი ინსტრუქცია და მითითება დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. სამხედრო მოსამსახურე ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად შეიძლება წარგზავნილი/მივლინებული იქნეს სხვა საჯარო დაწესებულებაში. მუხლი 55. მივლინება 1. სამხედრო მოსამსახურის მივლინებაში წარგზავნა ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. მივლინების ბრძანებით განისაზღვრება მივლინების მიზანი, ადგილი, ვადა, მივლინების პერიოდში სადღეღამისო ნორმა, კვების კმაყოფაზე აყვანის, მგზავრობისა და განთავსების საკითხები. 3. სამხედრო მოსამსახურეს სადღეღამისო ან/და საცხოვრებელი ფართის დაქირავებასთან დაკავშირებული ხარჯები აუნაზღაურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. თუ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურე გაემგზავრება მივლინებაში ზეპირი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, შესაბამისი წერილობითი სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს სამი სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 56. მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი 1. საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის, სწავლების, საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების ან სხვა განსაკუთრებული ვითარების დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია თავდაცვის ძალებში ან მის რომელიმე ქვედანაყოფში განსაზღვრული ვადით გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი (ყაზარმული მდგომარეობა), რაც გულისხმობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მუდმივ განთავსებას შესაბამისი ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე. ამ პერიოდში მოსამსახურეს ეკრძალება ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის დატოვება ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე. 2. მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე ყოფნის დროს, მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია: ა) არ დაკმაყოფილდეს მოსამსახურის პატაკი/განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე; ბ) აიკრძალოს მოსამსახურეთა დროებით დათხოვნაში გაშვება ან შვებულებაში გასვლა, გარდა მძიმე ოჯახური მდგომარეობისა ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისა; გ) შეწყდეს მოსამსახურეთა შვებულებები, გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა. 3. საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს: ა) მინისტრის შესაბამის გადაწყვეტილებამდე იკრძალება სამხედრო მოსამსახურის, მათ შორის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირის, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება; ბ) წყდება/ჩერდება ყველა სახის შვებულება, ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორსულობის, მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო გათვალისწინებული შვებულების გარდა; გ) სამსახურში არმყოფი სამხედრო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან სასწრაფოდ დაუბრუნდნენ სამსახურის გავლის ადგილებს; დ) საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 კალენდარულ დღემდე ვადით. მოსამსახურის მიერ ამ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოყენებული შვებულების დღეები არ აკლდება ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შვებულების ვადას; ე) შვებულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია გონივრულ ვადაში დაბრუნდეს თავის დისლოკაციის ადგილზე. თუ ეს შეუძლებელია, იგი უნდა გამოცხადდეს სამინისტროს უახლოეს სტრუქტურულ ქვედანაყოფში, რის შესახებაც ქვედანაყოფმა უნდა შეატყობინოს მის უშუალო მეთაურს. მუხლი 57. თავდაცვის ძალების შინაგანაწესი 1. თავდაცვის ძალების შინაგანაწესი მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს გაეცნობა სამსახურში მიღებისას, სამსახურის ადგილის შეცვლისას და შინაგანაწესში ცვლილების შეტანისას. 2. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული; ბ) სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო; გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი; დ) მოსამსახურეებისათვის სამსახურებრივი საკითხების გაცნობის წესი; ე) შრომის დაცვის ზოგადი ინსტრუქციები; ვ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი; ზ) სამუშაოდან ხანმოკლე გათავისუფლება; თ) შვებულების გამოყენების წესი; ი) გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებები; კ) ქვედანაყოფებსა და მოსამსახურეებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები. 3. შინაგანაწესი ძალაში შედის დამტკიცების მომდევნო სამუშაო დღეს, თუ შინაგანაწესით არ არის დადგენილი ძალაში შესვლის უფრო გვიანი თარიღი. მუხლი 58. სამხედრო სამსახურის სტაჟი 1. სამხედრო სამსახურის ნამსახურობის კალენდარული წლები (სტაჟი) მოიცავს: ა) სამხედრო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, გარდა აქტიურ სარეზერვო სამსახურში თანამდებობაზე ყოფნისა; ბ) სამხედრო ან სასწავლო შეკრებებზე ყოფნის პერიოდს; გ) საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდს (იუნკერი, კურსანტი, მსმენელი, სტუდენტი), აგრეთვე, სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდს; დ) სსრკ-ს ჯარში სამსახურის პერიოდს 1991 წლის 21 დეკემბრამდე; ე) სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდს უწყებებში (ორგანიზაციებში), რომლებშიც სამსახურის გავლა კანონმდებლობის შესაბამისად ითვლება/ითვლებოდა სამხედრო სამსახურად; ვ) კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდს, მაგრამ კადრების განკარგულებაში თითოეული გადაყვანისას არაუმეტეს 4 თვისა; ზ) თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების პერიოდს, მაგრამ თანამდებობიდან დროებით თითოეული გათავისუფლებისას არაუმეტეს 4 თვისა; თ) სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გამოძახების შემთხვევაში - შემკრებ პუნქტში გამოცხადებიდან სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის დასრულებამდე პერიოდს; ი) აქტიურ სარეზერვო სამსახურში მყოფი პირის გამოძახების შემთხვევაში - ქვედანაყოფში გამოცხადებიდან, ქვედანაყოფში აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდს; კ) საქართველოს სახელმწიფო უწყებაში სამსახურის გავლის პერიოდს, თუ სპეციალური წოდება გათანაბრდა სამხედრო წოდებასთან და სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები ჩაითვალა სამხედრო სამსახურის სტაჟში. 2. სამხედრო სამსახურის პერიოდი ითვლება შრომის საერთო სტაჟში. მუხლი 59. სამხედრო სწავლება 1. სამხედრო სწავლება, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილში მოცემული სამხედრო სწავლებისა, ტარდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. ეროვნულ-სტრატეგიული დონის სამეთაურო-საშტაბო სამხედრო სწავლება (ძალების მოზიდვით ან მის გარეშე), რომელშიც სამინისტროს ან/და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეებთან ერთად მონაწილეობენ უცხო ქვეყნის ან/და საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, ტარდება საქართველოს პრემიერმინისტრის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 60. უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამხედრო სამსახურში მიღების წესი 1. უცხოელი და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი საკუთარი სურვილითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს სამხედრო სამსახურში. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 3. ამ მუხლის საფუძველზე სამხედრო სამსახურში მიღებული პირი სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს წერილობით ვალდებულებას საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურისადმი ერთგულებისა და კანონმდებლობის განუხრელად შესრულების თაობაზე. წერილობითი ვალდებულების ტექსტს ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. თავი VI სამხედრო აღრიცხვა მუხლი 61. სამხედრო აღრიცხვის ვალდებულება 1. პირის სამხედრო აღრიცხვა სავალდებულოა. 2. სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება: ა) ამ კოდექსით წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლებული პირი; ბ) ქალი, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ) არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურში მყოფი პირი; დ) პირი, რომელმაც მიაღწია თავდაცვის ძალების რეზერვისათვის დადგენილ ზღვრულ ასაკს; ე) პირი, რომელიც იხდის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით; ვ) სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირი. 3. ქალს, რომელსაც აქვს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა, ან გამოთქვა სურვილი იმყოფებოდეს აღრიცხვაზე ან/და აქვს სურვილი გაიაროს სამხედრო სამსახური, მის სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს სამინისტრო. 4. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალს, რომელიც საკუთარი სურვილის შესაბამისად აყვანილი იქნა სამხედრო აღრიცხვაზე, უფლება აქვს სამხედრო სამსახურის დაწყებამდე უარი თქვას სამხედრო სამსახურის გავლაზე და მოიხსნება სამხედრო აღრიცხვიდან. 5. პირის სამხედრო აღრიცხვა ხორციელდება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო რომელსაც არ აქვს რეგისტრაციის ადგილი – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 6. სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, პირი თავისუფლდება სამსახურიდან/საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სამუშაო/სწავლების ადგილისა და შრომის ანაზღაურების/სტიპენდიის შენარჩუნებით. 7. სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომლის ინიციატორია სამინისტრო. მუხლი 62. სამხედრო აღრიცხვის სახეები სამხედრო აღრიცხვის სახეებია: ა) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვა; ბ) რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა; გ) სპეციალური სამხედრო აღრიცხვა. მუხლი 63. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვა 1. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას სამინისტრო. 2. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, პირი ვალდებულია გამოცხადდეს სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით. 3. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე პირის აყვანა ხორციელდება იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში, როდესაც მას შეუსრულდება 17 წელი, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ პირს ეწოდება წვევამდელი. 5. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე შესაძლებელია აყვანილ იქნეს 17-დან 27 წლამდე ასაკის პირი, რომელიც არ იდგა სამხედრო აღრიცხვაზე. სამინისტრო აღნიშნული პირის სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს ფაქტის გამოვლენისთანავე. 6. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 7. წვევამდელს, სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, აგრეთვე მის ვალდებულებებს სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით, აცნობს სამინისტრო. 8. პირი ვალდებულია: ა) საცხოვრებელი (ფაქტობრივი ან რეგისტრაციის) ადგილის შეცვლისას წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ბ) თუ იგი არ იმყოფება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე, საზღვარგარეთ 6 თვეზე მეტი ვადით წასვლის შემთხვევაში, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, საქართველოს საზღვრის გადაკვეთიდან 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან/და საკონსულო დაწესებულებაში. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 64. რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა ხორციელდება ამ კოდექსის IX თავით განსაზღვრული წესითა და პირობებით. მუხლი 65. სპეციალური სამხედრო აღრიცხვა 1. სამხედრო მოსამსახურე ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი აიყვანება სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე და შესაბამისად, იხსნება წვევამდელის ან/და რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვიდან. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მოცემული პირის აღრიცხვას ახორციელებს ის უწყება, სადაც იგი მსახურობს. 3. სამხედრო მოსამსახურის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, შესაბამისი უწყება ვალდებულია აღნიშნული პირის გათავისუფლებიდან 2 კვირის ვადაში, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო რეგისტრაციის ადგილის არქონის შემთხვევაში – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტი გადაუგზავნოს სამინისტროს. მუხლი 66. სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებები 1. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად სამინისტროს შეტყობინება დაუყოვნებლივ გადასცეს მასთან დარეგისტრირებულ/ჩარიცხულ წვევამდელს. 2. დამსაქმებელი ან საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 17 წელს მიღწეული პირი, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არ ექვემდებარებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას, სამინისტროს მიერ წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან აღრიცხვიდან გათავისუფლების შესახებ გაცემული დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე არ მიიღოს სამსახურში ან არ ჩარიცხოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 3. სამინისტრო წვევამდელთა აღრიცხვის მიმდინარეობისა და შედეგების, ასევე წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას, წარუდგენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) სამინისტროს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიმართ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში (დაბადების, სახელის ან/და გვარის შეცვლის და გარდაცვალების თაობაზე) შეტანილი ცვლილების/შესწორების/დამატების შესახებ; ბ) სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი რეგისტრაციიდან ან რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის ვადაში აცნობოს სამინისტროს მისი რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და რეგისტრაციის ახალი მისამართი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 5. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი წვევამდელი, სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია 2 კვირის ვადაში წარადგინოს ინფორმაცია თავისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო და საცხოვრებელი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) ადგილების, თანამდებობის შეცვლის, განათლების შესახებ. 6. ამ თავით გათვალისწინებული პერსონალური ინფორმაციის დამუშავება (შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, ან გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება) ხორციელდება,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მხოლოდ სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფის, აგრეთვე სტატისტიკის წარმოების მიზნით, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია კანონიერი მიზნის მისაღწევად. მუხლი 67. სამხედრო აღრიცხვის წესის დარღვევა ამ კოდექსითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სამხედრო აღრიცხვის წესის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი VII წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მუხლი 68. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი ასაკი 1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევას ექვემდებარება 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და რომელსაც არ აქვს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების საფუძველი, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისისა. 2. პირს, რომელსაც შეუსრულდა 27 წელი და: ა) იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე, მაგრამ არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში; ბ) არ იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე, აღნიშნული ფაქტის გამოვლენისთანავე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში. მუხლი 69. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა 1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის საფუძველია საქართველოს მთავრობის დადგენილება. 2. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა ხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული: ა) საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის ინიციატორია სამინისტრო; ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტით განისაზღვრება: ბ.ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის კონკრეტული ვადები; ბ.ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობა, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე; ბ.გ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები. 4. შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევას შეიძლება დაექვემდებაროს პირი, რომელიც სარგებლობს/შეუძლია ისარგებლოს ამ კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით. 5. შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევა ხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის მართვისა და ფუნქციონირების საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ. მუხლი 70. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლება 1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდება: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისათვის შეუსაბამოდ ცნობილი პირი; ბ) პირი, რომელმაც სამხედრო ან სამხედრო სამსახურის ალტერნატიული სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარა; გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი; დ) პირი, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონეა; ე) პირი, რომელმაც გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური; ვ) პირი, თუ იგი არის ერთადერთი ვაჟი ოჯახში და რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურისას; ზ) საქართველოს პარლამენტის წევრი. 2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან, შესაბამისი კომიისის რეკომენდაციის საფუძველზე, გაათავისუფლოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ. 4. წვევამდელი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლებას, გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა, სურვილის შემთხვევაში ნებაყოფლობით, გაწვეული იქნება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში. ასეთ შემთხვევაში პირი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გაივლის კანონმდებლობით დადგენილი სრული ვადით, თუ კვლავ არ წარმოიქმნება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მისი გაწვევის გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი. მუხლი 71. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება 1. პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის დროებით (ერთ წლამდე ვადით) შეუსაბამოდ არის ცნობილი; ბ) შეზღუდულად შესაბამისია (3 წლამდე ვადით) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის; გ) მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა – შესაბამისი ორგანოების მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე; დ) არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე; ე) არის უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომის შემდგომი საფეხურის რეზიდენტი ან/და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი განათლების საფეხურზე მყოფი პირი, რომელიც სარეზიდენტო პროგრამის დადგენილ ვადაში გადის პროფესიულ მზადებას ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში − სარეზიდენტო პროგრამის დამთავრებამდე; ვ) არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტი − შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ, იმ შემთხვევაში, თუ მას არ უსარგებლია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ამ ნაწილის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ზ) არის აპლიკანტი − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს, საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე; თ) არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე – 20 წლის ასაკამდე; ი) დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში – იმავე წელს ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე; კ) აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს დარეგისტრირდა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე − საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოცხადებამდე, საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე; ლ) აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოთხოვნით მიმართა გამწვევ კომისიას – აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი განცხადების შეტანამდე, ხოლო აღნიშნული განცხადების შეტანის შემდგომ – იმავე წელს ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე; მ) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა რეზიდენტურაში ჩასარიცხ კონკურსზე − რეგისტრაციის წელს გამოცხადებული კონკურსის დასრულებამდე, ხოლო კონკურსის შედეგების საფუძველზე რეზიდენტურაში საკონკურსო ადგილის დაკავების შემთხვევაში – იმავე წელს ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე; ნ) ჰყავს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრი (მეუღლე, დედა, მამა, და, ძმა, პაპა, ბებია) და ამ ოჯახის წევრს არ ჰყავს სხვა მხარდამჭერი, ასევე, თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოჯახის წევრთან ცხოვრობს პირი, რომელიც ასევე ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაიწვევა ასაკით უფროსი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასაკით უმცროსი პირი ნებაყოფლობით გამოხატავს წერილობით თანხმობას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლაზე; ო) ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი; პ) მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი და ან ძმა; ჟ) არის დედისერთა; რ) მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად; ს) გაწვევის გადავადების უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ; ტ) ჰყავს ერთი შვილი – შვილის შეძენის დღიდან სამი წლის ვადით; უ) მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას; ფ) იგი იმყოფება სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე; ქ) იგი არის მარტოხელა მამა, რომელსაც გარდაცვლილი ჰყავს მეუღლე ან მეუღლეს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება; ღ) იგი არის სტუდენტი და ისარგებლებს მობილობით, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა; ყ) იგი არის საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების არჩევითი ორგანოს წევრი; შ) მან გადაიხადა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებისათვის ამ კოდექსით დადგენილი მოსაკრებელი; ჩ) იგი მუშაობს სამინისტროში ან/და სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, სახელმწიფო უსაფრთხოების, საქართველოს დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურებში; ც) იგი ნასამართლევია სისხლის სამართლის ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ გამოყენებულია თავისუფლების აღკვეთა, აღნიშნული სასჯელის მოხდამდე ან მის მიმართ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი, აღნიშნულის დასრულებამდე; ძ) ჩაირიცხა რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამაზე - პროგრამის გავლის პერიოდში. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი კომიისის რეკომენდაციის საფუძველზე. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. თუ წვევამდელი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დღისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი ან ადგილობრივი ხელისუფლების არჩევითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, მას წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება შესაბამისი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წვევამდელს არ გადაუვადდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა, თუ ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი იმ დაავადების, ანატომიური და გონებრივი დეფექტების გამო, რომელთა არსებობის შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად დასაშვებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სპეციალურ ან ინდივიდუალურ პირობებში შრომა. 5. წვევამდელი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას, გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობისა, სურვილის შემთხვევაში ნებაყოფლობით, გაწვეული იქნება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში. ასეთ შემთხვევაში პირი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გაივლის კანონმდებლობით დადგენილი სრული ვადით, თუ კვლავ არ წარმოიქმნება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მისი გაწვევის გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი. მუხლი 72. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი 1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი არის სავალდებულო გადასახდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც გადაიხდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სარგებლობისათვის. 2. წვევამდელისათვის, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა წარმოადგენს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველს. 3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი, ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის შეადგენს 10 000 (ათი ათას) ლარს. 4. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლებით პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთხელ და შესაბამისად, შემდგომი გამოძახების შემთხვევაში, დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. 5. წვევამდელის მიერ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში სამინისტროს მის პირად საქმეში შეაქვს სათანადო ჩანაწერი და ამ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 6. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის ვადა, წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 7. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების განსაზღვრისა და ამ შემოსავლების მიღებაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამინისტრო, ყოველი წლის 1 აგვისტომდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, დადგენილი წესით წარუდგენს შესაბამის გაანგარიშებებს ამ მოსაკრებლიდან მომდევნო საბიუჯეტო წელს მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების შესახებ. მუხლი 73. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება 1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას ახორციელებს სამინისტრო. 2. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ახორციელებს სამინისტრო. 3. სამინისტრო ვალდებულია შეატყობინოს წვევამდელს, სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფში გამოძახების შესახებ. 4. წვევამდელი ვალდებულია სამინისტროს მიერ, განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით გამოძახების შემთხვევაში, გამოცხადდეს გამწვევი კომისიის სხდომაზე, აგრეთვე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად. 5. ვალდებულებებს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით, წვევამდელს აცნობს სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი. 6. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი, წვევამდელს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან ერთად აცნობებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ. 7. პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამინისტრო უზრუნველყოფს მის წარდგენას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მისამართზე – წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში. 8. გამწვევი კომისიის მიერ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, პირის წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრამდე მიყვანას და უკან მგზავრობას, აგრეთვე აღნიშნულ პერიოდში მის კვებას, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამინისტრო. 9. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის წესი განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომლის ინიციატორია სამინისტრო. 10. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამწვევი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისაგან შეიძლება გათავისუფლდეს ის პირი, რომლის გამოცხადების გარეშეც შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღება მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისთვის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ. 11. სამინისტრო წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიმდინარეობისა და შედეგების, ასევე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მონაცემების სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას. 12. პირს, რომლის მიმართ გამწვევი კომისიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ და არ ცხადდება ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულ წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად, ან წვევამდელთა შემკრებ გამანაწილებელი ცენტრის თვითნებურად მიტოვების შემთხვევაში, სტრუქტურული ერთეული შესაბამის მასალებს გადასცემს სამართალდამცავ ორგანოებს. 13. პირს შეუძლია გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს იგი სასამართლოში. ამ შემთხვევაში გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდება სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე. 14. წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში ფუნქციონირებს ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობიდან შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრი/წევრები განსაზღვრავს/განსაზღვრავენ იმ უწყებას, რომელშიც წვევამდელმა უნდა გაიაროს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. 15. მოქალაქე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით არ ცხადდება გამწვევ კომისიაზე, სამინისტრო შესაბამის მასალებს გადასცემს სასამართლოს. მუხლი 74. ცენტრალური გამწვევი კომისია 1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის საერთო ხელმძღვანელობის, კოორდინაციისა და კონტროლის მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება ცენტრალური გამწვევი კომისია. 2. ცენტრალური გამწვევ კომისიასთან საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი ცენტრი. 3. ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს, სამინისტროს წარდგინებით, დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. მუხლი 75. გამწვევი კომისია 1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის იქმნება გამწვევი კომისია. 2. გამწვევი კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი. 3. გამწვევი კომისიის უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს, სამინისტროს წარდგინებით, დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. მუხლი 76. სამედიცინო შემოწმება 1. ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულ წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია (შემდგომ მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია). 2. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის) ჩატარების შემდეგ ადგენს წვევამდელის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისობის ხარისხსა და კატეგორიას. 3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირი სამედიცინო შემოწმებას გადის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში. 4. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია წვევამდელის შემოწმების შემდეგ იძლევა დასკვნას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისათვის მისი შესაბამისობის თაობაზე, შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) შესაბამისია სამხედრო სამსახურისათვის; ბ) შესაბამისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვით; გ) შეზღუდულად შესაბამისია სამხედრო სამსახურისათვის; დ) დროებით შეუსაბამოა სამხედრო სამსახურისათვის; ე) შეუსაბამოა სამხედრო სამსახურისათვის. 5. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს, ასევე სამედიცინო შემოწმების ორგანიზებისა და ჩატარების წესს, სამინისტროს წარდგინებით, დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 6. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების ჩატარებისას ხელმძღვანელობს მინისტრის მიერ დამტკიცებული დაავადებათა ნუსხით. 7. სამედიცინო შემოწმების დროს პირი თავისუფლდება სამსახურიდან/საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სამუშაო/სწავლების ადგილისა და შრომის ანაზღაურების/სტიპენდიის შენარჩუნებით. 8. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის პირის მოსამზადებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი წვევამდელისთვის ჩატარებული დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან. 9. თუ წვევამდელის მიმართ მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია მიიღებს ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას, გამწვევი კომისია ვალდებულია მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში ძალადაკარგულად გამოაცხადოს წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება და მიიღოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან გამწვევი კომისიის მიერ თავისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე დაუშვებელია წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა. მუხლი 77. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული ღონისძიებები 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია: ა) სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე: ა.ა) მოახდინოს წვევამდელის მოძებნა და წარდგენა გამწვევ კომისიაზე; ა.ბ) წარადგინოს წვევამდელის მიმართ ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შესახებ ინფორმაცია; ბ) სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია წვევამდელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის, აგრეთვე მისი უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ. 2. საქართველოს პროკურატურა ვალდებულია სამინისტროს 10 დღის ვადაში აცნობოს წვევამდელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ან/და შეწყვეტის შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს აღრიცხვაზე. 3. სასამართლო ვალდებულია სამინისტროს 10 დღის ვადაში აცნობოს წვევამდელის მიმართ მსჯავრის დადების შესახებ განაჩენის ძალაში შესვლის შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია სამინისტროს 10 დღის ვადაში შეატყობინოს წვევამდელის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. 5. სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია სამინისტროს 10 დღის ვადაში შეატყობინოს წვევამდელის ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. 6. უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სამინისტროს 10 დღის ვადაში შეატყობინოს წვევამდელთან დაკავშირებით, რომელიც სწავლობს მასთან, სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტში შესატანი მონაცემები. 7. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზების მიზნით, სამინისტროს წვდომა, ამ მუხლში მოცემულ ბაზებთან, მათ შორის პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, უზრუნველყოფილია. ბაზებთან წვდომის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 8. ამ თავით გათვალისწინებული პერსონალური ინფორმაციის დამუშავება (შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, ან გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება) ხორციელდება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფის, აგრეთვე სტატისტიკის წარმოების მიზნით, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია კანონიერი მიზნის მისაღწევად. მუხლი 78. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პირობები 1. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. 2. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადაა: ა) საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე; ბ) დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; გ) უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე. 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარა შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, საკუთარი სურვილით, გაივლის 6, 8 ან 11 თვიან სამხედრო სამსახურს, ან 23 წლის ასაკის ჩათვლით ჩაირიცხება სამხედრო მომზადების პროგრამაზე, რომლის დასრულების შემდგომ მას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური ჩაეთვლება გავლილად და მიენიჭება რიგითის წოდება. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში მოცემული პროგრამის ვადა და მიღების წესი, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ, ხოლო პროგრამის გავლის საკითხები, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი, პირადი სურვილითა და სამინისტროს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შეიძლება გადაადგილდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პოზიციაზე, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნული იწვევს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირებას. 6. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პრიორიტეტები, წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ. 7. ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და პირობებით, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შეიძლება საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახითაც, მათ შორის აქტიურ რეზერვში, აგრეთვე, სამხედრო სასწავლებელში. 8. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს: ა) საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, მისი სურვილის შემთხვევაში, ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება: ა.ა) 6 თვით სამხედრო სამსახურის დროს – არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ოდენობით; ა.ბ) 8 თვით სამხედრო სამსახურის დროს – არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ოდენობით; ა.გ) 11 თვით სამხედრო სამსახურის დროს - არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ოდენობით; ბ) ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისას ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადით, მათ შორის საწყისი საბრძოლო მომზადების პერიოდში. 9. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობას, დასვენების დღეებს (კვირაში არანაკლებ ორი დღისა) განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 10. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურე სარგებლობს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე დღეებით. 11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით განსაზღვრული უქმე/დასვენების დღეების გამოყენების უფლება იზღუდება, როდესაც სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს წვრთნაში/სწავლებაში, ასრულებს სადღეღამისო განწესს ან საბრძოლო მორიგეობას, გამოცხადებულია განსაკუთრებული რეჟიმი ან/და სამხედრო მოსამსახურის მიმართ მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე - დასვენების უფლების შეზღუდვა. 12. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს იხდის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში: ა) ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში თუ კონტრაქტის შეწყვეტის მომენტისათვის მან იმსახურა 12 თვის ვადით; ბ) დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას 6 ან 8 თვის ვადით. 13. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირის სამედიცინო შემოწმებას უზრუნველყოფს სამხედრო-სამედიცინო კომისია. მუხლი 79. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული პრივილეგია 1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს უნარჩუნდება: ა) სამუშაო ადგილი, დაწესებულების სამართლებრივი ფორმის მიუხედავად; ბ) ანაზღაურება საჯარო დაწესებულებაში; გ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სხვა სოციალური დაცვის გარანტიები. 2. პირს, რომელიც გაწვეულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, ან დაასრულა იგი, კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება დაუფინანსდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი. 3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირი, სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სარგებლობს მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლებით. მუხლი 80. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება 1. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან. 2. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია: ა) მინისტრის გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში; ბ) დროებითი შრომისუუნარობა; გ) შვებულება; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა; ე) სამხედრო მოსამსახურის ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნა; ვ) მინისტრის მიერ დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სამსახურიდან ჩამოშორება. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადა აითვლება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მეორე დღიდან და ჩაითვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოხდის პერიოდში. 4. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამხედრო მოსამსახურეს არ უნარჩუნდება წოდებრივი სარგო, სანივთე ქონების მიღების უფლება, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გასაცემლები. მუხლი 81. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება 1. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან სამხედრო მოსამსახურე გათავისუფლდება: ა) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან მომდევნო დღეს, გარდა საომარი მდგომარეობის დროს. ამასთან, პირი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან მეორე დღეს; ბ) ვადამდე, ამ კოდექსით გათვალისწინებული პირობების გათვალისწინებით. 2. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან, მათ შორის ვადამდე, გათავისუფლებული პირი ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში. 3. სამხედრო მოსამსახურე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლდება: ა) ამ კოდექსის 70-ე მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის წარმოქმნისას; ბ) ამ კოდექსის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების წარმოქმნისას, გარდა 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობისა; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე); დ) თუ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად; ე) ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობის განკარგულებით; ვ) ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში; ზ) თუ მას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; თ) გარდაცვალების შემთხვევაში. 4. სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევაში – შესაბამისი ორგანოების მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოსამსახურე დადგენილი ვადით აგრძელებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს, თუ მის მიმართ: ა) გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება (გარდა პატიმრობისა) ან/და ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის შეეფარდა არასაპატიმრო სასჯელი, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) გამოყენებულია პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით და ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის შეეფარდა არასაპატიმრო სასჯელი. პატიმრობის პერიოდი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოხდის პერიოდში არ ჩაითვლება; გ) გამოყენებულია პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით და გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი. პატიმრობის პერიოდი ჩაითვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოხდის პერიოდში; დ) შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, პატიმრობის პერიოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩაითვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოხდის პერიოდში, გარდა განრიდებისა და ქმედითი მონანიების შემთხვევისა. 5. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოსამსახურე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან ვადამდე იქნება გათავისუფლებული სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან მეორე დღესვე, თუ სამხედრო მოსამსახურეს შეეფარდა: ა) სასჯელი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის; ბ) თავისუფლების აღკვეთა. 6. საომარი მდგომარეობის დროს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საკითხს წყვეტს საქართველოს მთავრობა. თავი VIII პროფესიული სამხედრო სამსახური მუხლი 82. პროფესიული სამხედრო სამსახურის ზოგადი პირობები 1. პროფესიული სამხედრო მოსამსახურე (ამ თავის მიზნებისათვის შემდგომ - სამხედრო მოსამსახურე) სამხედრო სამსახურს გადის ამ კოდექსის, მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. პროფესიული სამხედრო სამსახური არის: ა) საკონტრაქტო - ვადიანი, კონტრაქტის საფუძველზე ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური; ბ) არასაკონტრაქტო - უვადო სამხედრო სამსახური. 3. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს მიეკუთვნებიან - რიგითის, პირველი კლასის რიგითის, კაპრალის, კაპრალ-სპეციალისტის, უმცროსი სერჟანტის, სერჟანტის, უფროსი სერჟანტის, ლეიტენანტის, უფროსი ლეიტენანტისა და კაპიტნის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები. 4. არასაკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს მიეკუთვნებიან - მასტერ სერჟანტის, მთავარი სერჟანტის, მაიორის, ვიცე-პოლკოვნიკის, პოლკოვნიკის, ბრიგადის გენერლის, გენერალ-მაიორის, გენერალ-ლეიტენანტისა და გენერლის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები. 5. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო სამსახურის შესასრულებლად უფორმდებათ კონტრაქტი. 6. არასაკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო სამსახურის შესრულების პერიოდში, პრივილეგიის მინიჭების ან/და ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, შეიძლება გაუფორმდეს კონტრაქტი. 7. კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 83. პროფესიულ სამხედრო სამსახურში მიღება 1. პროფესიულ სამხედრო სამსახურში (ამ თავის მიზნებისათვის შემდგომ - სამხედრო სამსახური) მიიღება საქართველოს მოქალაქე არანაკლებ 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2. 17 წლის პირი, შეიძლება გახდეს სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი მშობლების თანხმობით. 3. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მისაღები პირის მაქსიმალური ასაკი შესაძლებელია დადგინდეს მინისტრის ნორმატიული აქტით. 4. სამსახურში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების ფორმები ან/და რეკვიზიტები მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. 5. პირი, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებამდე გადის შერჩევას, რა დროსაც მას შეიძლება ჩაუტარდეს ფიზიკური, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სპეციალური შემოწმება, ასევე წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევაში - გასაუბრება. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული პირი შერჩევის წარმატებით გავლის შემთხვევაში ინიშნება შესაბამის თანამდებობაზე და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გადის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს. საწყისი საბრძოლო მომზადების წარმატებით გავლის შემთხვევაში პირი აგრძელებს სამხედრო სამსახურს კონტრაქტით განსაზღვრული ვადით. 7. საწყისი საბრძოლო მომზადების ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო სამხედრო სასწავლებელში რექტორის სამართლებრივი აქტით. მუხლი 84. პროფესიულ სამხედრო სამსახურში მიღების შეზღუდვები პროფესიულ სამხედრო სამსახურში არ მიიღება პირი: ა) რომელიც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი; ბ) რომელმაც ვერ გაიარა სამხედრო სამსახურში კანონმდებლობით დადგენილი სამსახურში მიღების პროცედურები; გ) რომლის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა – შესაბამისი ორგანოების მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე; დ) რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერის მიმღებად არის ცნობილი; ე) რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ვ) რომელიც დაავადებულია ნარკომანიით, ალკოჰოლიზმით, ტოქსიკომანიით ან ვერ აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის დადგენილ მოთხოვნებს; ზ) რომელიც ვერ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მუხლი 85. სამხედრო სამსახურის ვადა და ზღვრული ასაკი 1. პროფესიული სამხედრო სამსახურის ვადა, რომელიც დაკავშირებულია კონტრაქტით სამხედრო სამსახურის გავლასთან, განისაზღვრება გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე. 2. პროფესიული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის ზღვრული ასაკია: ა) რიგითთა შემადგენლობისათვის - 45 წელი; ბ) კაპრალთა და სერჟანტთა შემადგენლობისათვის (გარდა მთავარი სერჟანტისა) – 50 წელი; გ) მთავარი სერჟანტისათვის - 55 წელი; დ) უმცროსი ოფიცრის შემადგენლობისათვის – 45 წელი; ე) უფროსი ოფიცრის (გარდა პოლკოვნიკისა) შემადგენლობისათვის – 50 წელი; ვ) პოლკოვნიკისათვის - 55 წელი; ზ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის – 60 წელი. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით. 4. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება და ამავდროულად დანიშნულია სამედიცინო ქვედანაყოფში ან უკავია სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობა, ზღვრული ასაკი შეიძლება გაუგრძელდეს 55 წლამდე. 5. სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს თავდაცვის ძალების მეთაურის წარდგინებით აგრძელებს მინისტრი. თავდაცვის ძალების მეთაურს ზღვრული ასაკი უგრძელდება მინისტრის გადაწყვეტილებით. მუხლი 86. სამუშაო და დასვენების დრო 1. სამხედრო მოსამსახურის ყოველკვირეული სამუშაო დროის საერთო ხანგრძლივობა, გარდა ამავე კოდექსით დადგენილი შემთხვევებისა, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობას. 2. სამხედრო მოსამსახურისათვის დგინდება არანორმირებული სამუშაო დრო შემდეგ შემთხვევებში: ა) საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს; ბ) სწავლებების პერიოდში; გ) მორიგეობის დაწესების შემთხვევაში; დ) საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, ან საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის; ე) სადღეღამისო განწესისა და საბრძოლო მორიგეობის დროს; ვ) მობილიზაციისათვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად მშვიდობიანობის დროს ჩატარებული სწავლებისა და სხვა სახის ღონისძიებების განხორციელებისას. 3. მსმენელსა და იუნკერს დასვენების დღეები ეძლევა შესაბამისი სასწავლო გეგმის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ კვირაში ერთი დღისა, გარდა საველე-პრაქტიკული სწავლის პერიოდისა. მუხლი 87. სამხედრო მოსამსახურის შვებულება 1. სამხედრო მოსამსახურეს, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებში მოცემული სამხედრო მოსამსახურეებისა, ეძლევა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ვადით. 2. ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისას სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადით. 3. სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება 30 კალენდარულ დღემდე ვადით. 4. მსმენელსა და იუნკერს სასწავლო გეგმით დადგენილ ვადებში ეძლევათ საარდადეგებო შვებულება. 5. სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულს, რომელსაც მიენიჭა ოფიცრის პირველი სამხედრო წოდება ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ვადით, თუ სასწავლო გეგმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 6. სამხედრო მოსამსახურეს ორსულობის, მშობიარობისა ან/და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება ეძლევა კანონმდებლობის შესაბამისად. 7. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი, ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლოს მომდევნო კალენდარულ წელს. 8. სამხედრო მოსამსახურეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამხედრო სამსახურის ინტერესებს, უფლება აქვს, სამხედრო სამსახურის პერიოდში ერთხელ, ისარგებლოს შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, სანივთე ქონებისა და კვების კომპენსაციის მიღების უფლების, წოდებრივი სარგოსა და დანამატის შენარჩუნების გარეშე. სამხედრო მოსამსახურეს აღნიშნული პერიოდი არ ჩაეთვლება სამხედრო სამსახურის სტაჟში. 9. სამხედრო მოსამსახურემ ამ მუხლის პირველ - მე-3 ნაწილებში მითითებული შვებულება, ხელმძღვანელთან შეთანხმებით, შეიძლება გამოიყენოს ნაწილ-ნაწილ. 10. სამხედრო მოსამსახურეთა გამოძახება შვებულებიდან დასაშვებია მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობით. მუხლი 88. შერჩევის საბჭო 1. სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი დაწინაურებისათვის შერჩევის მიზნით, თანამდებობრივი გადაადგილებისათვის და პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობისათვის, სამინისტროში იქმნება შერჩევის საბჭო. 2. შერჩევის საბჭოს სახეები, შემადგენლობა, სტრუქტურა და საქმიანობის წესი, აგრეთვე შერჩევის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. 3. საომარი მდგომარეობის დროს საკადრო საკითხების უზრუნველყოფა შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლით დადგენილისაგან განსხვავებული, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. მუხლი 89. თანამდებობრივი გადაადგილება 1. თანამდებობრივი გადაადგილება ნიშნავს სამხედრო მოსამსახურის ფაქტობრივი სამხედრო წოდების თანაბარ, მაღალ ან დაბალ საშტატო კატეგორიის თანამდებობაზე დანიშვნას, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებით. 2. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მინისტრმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სამხედრო მოსამსახურის შესაბამისი ფუნქციის/გვარეობის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილების შესრულება აღნიშნული სამხედრო მოსამსახურისთვის სავალდებულოა. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამსახურებრივი გადაადგილება დასაშვებია, თუ სამხედრო მოსამსახურეს, მისი განათლების (კვალიფიკაციის) და მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით, მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება შეუძლია. 4. სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილების წესი/სხვა შემთხვევები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 90. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება 1. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების დროს სამხედრო მოსამსახურე დროებით თავისუფლდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან. 2. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია: ა) შვებულება; ბ) დროებით შრომისუუნარობა; გ) სამხედრო მოსამსახურის საქართველოს პრეზიდენტის, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში კანდიდატად წამოყენება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; დ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსება, თუ სამხედრო მოსამსახურეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა წელიწადში. ამასთანავე, სამინისტროსათვის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მომსახურების გამწევ ორგანიზაციას; ე) სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება; ვ) მინისტრის გადაწყვეტილების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, გარდა ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ზ) სამხედრო მოსამსახურის ფულადი და კვების კმაყოფიდან მოხსნა; თ) მინისტრის გადაწყვეტილება დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის თანამდებობიდან ჩამოშორების შესახებ, თუ დისციპლინური გადაცდომა ითვალისწინებს სამსახურიდან გათავისუფლებას; ი) ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენა ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე; კ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა. 3. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოსამსახურეს არ უნარჩუნდება თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო, კვება, სანივთე ქონების მიღების უფლება, დანამატები ან შესაბამისი კომპენსაცია. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადა აითვლება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მეორე დღიდან. მუხლი 91. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლება 1. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლება ნიშნავს თანამდებობიდან გათავისუფლებას არაუმეტეს 4 თვის ვადით. სამხედრო მოსამსახურის 2. სამხედრო მოსამსახურე თანამდებობიდან დროებით გათავისუფლდება შემდეგ შემთხვევებში: ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას); ბ) თანამდებობრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე. 3. სამხედრო მოსამსახურე თანამდებობიდან დროებით გათავისუფლდება მინისტრის მიერ. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამდებობიდან დროებით გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურე, თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების ვადის ამოწურვამდე შეიძლება დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო გათავისუფლებული იქნეს სამხედრო სამსახურიდან, თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს; ბ) ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე თანამდებობიდან დროებით გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე; გ) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში თანამდებობიდან დროებით გათავისუფლება იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. 5. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების დროს სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება დაევალოს თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის ან ვაკანტურ სამხედრო თანამდებობაზე მოვალეობის შესრულება, არაუმეტეს თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების ვადით. 6. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი, კანონმდებლობით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება და სოციალური გარანტიები. მუხლი 92. სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება 1. სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია: ა) კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვა; ბ) ზღვრული ასაკის მიღწევა; გ) კონტრაქტის პირობების დარღვევა; დ) მხარეთა შეთანხმება; ე) რეორგანიზაცია და შტატების შემცირება; ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობა (სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე); ზ) დისციპლინური გადაცდომა, ამ კოდექსით დადგენილი წესით; თ) სამსახურებრივი შეუსაბამობა; ი) პირადი განცხადება (როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო: მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა); კ) საჯარო დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა; ლ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდამჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; მ) განზრახ ჩადენილ დანაშაულზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულზე სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება; ნ) ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ფსიქოაქტიური საშუალების მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა; ო) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია სამსახურის/მოსამსახურისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ; პ) გარდაცვალება. 2. სამხედრო მოსამსახურეს, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე 7 დღით ადრე. 3. სამხედრო სამსახურიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გასათავისუფლებელი სამხედრო მოსამსახურე იგზავნება სამხედრო-სამედიცინო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის შესაბამისობის დასადგენად. 4. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული იქნება აღკვეთის ღონისძიების შეფარდებიდან მეორე დღეს. თუ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ სამხედრო მოსამსახურე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იგი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული იქნება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მეორე დღიდან. 5. სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ ცნობილია სამხედრო სამსახურისათვის შეუსაბამოდ სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით. ის პირი, რომელიც არის შეზღუდულად შესაბამისი სამხედრო სამსახურისათვის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში. 6. სამხედრო სამსახურიდან უსაფუძვლოდ და უკანონოდ გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურე უნდა აღდგეს იმავე თანამდებობაზე და იმ ქვედანაყოფში, რომელშიც გადიოდა სამსახურს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე, ან სხვა ქვედანაყოფში - ტოლფას თანამდებობაზე. სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ იძულებით გაცდენილი დრო მას ჩაეთვლება ნამსახურობის წლებში და მიეცემა შეასაბამისი ანაზღაურება. 7. პირადი განცხადებით სამხედრო სამსახურის შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება პირის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე სამხედრო მოსამსახურე არ თავისუფლდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ვალდებულებისაგან, გარდა დოკუმენტურად დასაბუთებული საპატიო მიზეზების (სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, საჯარო დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სამხედრო მოსამსახურის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებას) არსებობისას. თავი IX თავდაცვის ძალების რეზერვი და სარეზერვო სამხედრო სამსახური მუხლი 93. თავდაცვის ძალების რეზერვი 1. თავდაცვის ძალების რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად. 2. თავდაცვის ძალების რეზერვის სისტემის ფუნქციონირება უზრუნველყოფილია ამ კოდექსისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. მუხლი 94. თავდაცვის ძალების რეზერვის შემადგენლობა 1. თავდაცვის ძალების რეზერვი მოიცავს: ა) აქტიურ რეზერვს; ბ) სამობილიზაციო რეზერვს. 2. აქტიური რეზერვი შედგება: ა) ტერიტორიული რეზერვისგან; ბ) სპეციალისტთა რეზერვისგან. 3. სამობილიზაციო რეზერვი შედგება: ა) მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვისაგან; ბ) ზოგადი სამობილიზაციო რეზერვისაგან. მუხლი 95. თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხული პირის ასაკი თავდაცვის ძალების რეზერვში, ამ კოდექსით განსაზღვრული წესით, პირი ირიცხება 18-დან 60 წლამდე. მუხლი 96. აქტიური რეზერვის პირობები 1. აქტიურ რეზერვში პირი მიიღება ნებაყოფლობით. 2. აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთან ფორმდება კონტრაქტი, ინიშნება თანამდებობაზე და ენიჭება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. 3. აქტიურ რეზერვში მყოფი პირი ვალდებულია დადგენილი წესით გაიაროს სპეციალური მომზადება, გამოძახების შემთხვევაში გამოცხადდეს მითითებულ დროსა და ადგილას, შეასრულოს კონტრაქტითა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობები. 4. აქტიურ რეზერვში მყოფ პირს აღრიცხავს თავდაცვის ძალები სამხედრო მოსამსახურეთა აღრიცხვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. 5. აქტიური რეზერვისტი თანამდებობაზე ინიშნება მინიჭებული სამხედრო წოდებით, ხოლო სამხედრო წოდების არქონის შემთხვევაში - რიგითის სამხედრო წოდების მინიჭებით. 6. აქტიურ რეზერვში მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კატეგორიის პირთათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა შერჩევის წესი და საკვალიფიკაციო მოთხოვნები მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. 7. აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა რაოდენობას სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 8. აქტიური რეზერვისტის გამოძახებას უზრუნველყოფს ის ქვედანაყოფი, რომელ ქვედანაყოფშიც იგი ირიცხება. რეზერვისტის გამოძახება შესაძლებელია ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. 9. აქტიური რეზერვისტის უფლებები და მოვალეობები, კონტრაქტის ვადა, შრომის ანაზღაურების პირობები, აგრეთვე კონტრაქტის არასაპატიო მიზეზით ვადამდე შეწყვეტისას პასუხისმგებლობა განისაზღვრება კონტრაქტით. აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 10. აქტიური რეზერვისტის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენს მისი წოდებრივი სარგოს 20%-ს, ხოლო ქვედანაყოფში გამოძახებისა და აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში − მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ოდენობას. 11. აქტიური რეზერვისტის გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს, გარდა საომარი, ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის, აგრეთვე დამატებითი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებისა. 12. აქტიური რეზერვისტი სარგებლობს სამხედრო მოსამსახურის სტატუსით და სამხედრო სამსახურის გავლისას მასზე ვრცელდება პროფესიულ სამხედრო მოსამსახურესთან ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა. 13. საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, აქტიური რეზერვისტი ვალდებულია, შესაბამის ქვედანაყოფში გამოცხადდეს დაუყოვნებლივ, გამოძახებისთანავე. ამ შემთხვევაში გამოცხადების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. 14. საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, თუ აქტიური რეზერვისტი ვერ ცხადდება შესაბამის ქვედანაყოფში, იგი ვალდებულია, გამოცხადდეს თავდაცვის ძალების უახლოეს სამხედრო ნაწილში, რაც სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, რომელშიც აქტიური რეზერვისტი გადის სამსახურს, ხოლო, თუ პირი ვერ ცხადდება თავდაცვის ძალების უახლოეს ქვედანაყოფში, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურში და მიიღოს სათანადო ზომები ხელმძღვანელობის ინფორმირების მიზნით. ამ შემთხვევაში სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფში აქტიური რეზერვისტის მიყვანას უზრუნველყოფს სამინისტრო. მუხლი 97. ტერიტორიული რეზერვი 1. ტერიტორიული რეზერვი იქმნება მცირე სამობილიზაციო დროში თავდაცვის ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერის და საბრძოლო უზრუნველყოფის, რაოდენობრივი ზრდისა და ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების მიზნით. 2. ტერიტორიული რეზერვი შედის თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში და ორგანიზებულია ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, რომლებიც, თავის მხრივ, შედგება სამანევრო ელემენტებისგან, აგრეთვე დასახული ამოცანებისა და გეოგრაფიული არეალისთვის მორგებული ტერიტორიული ქვედანაყოფებისაგან. 3. ტერიტორიული რეზერვი კომპლექტდება შესაბამის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირთაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ აქტიური რეზერვისტისათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 4. პირს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად გადავადებული აქვს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და რომლის ასაკი არ აღემატება 22 წელს, უფლება აქვს, იმსახუროს ტერიტორიულ რეზერვში. პირს ტერიტორიულ რეზერვში სამი წლის სამსახურის შემდეგწვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება. კონტრაქტის არასაპატიო მიზეზით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნული პირი დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურში გაწვევას და მას არ უნარჩუნდება სამხედრო სარეზერვო სამსახურში მიღებული წოდება. მუხლი 98. სპეციალისტთა რეზერვი 1. სპეციალისტთა რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების შესასრულებლად, შესაბამისი სამოქალაქო სპეციალობის მქონე პირთაგან. 2. თავდაცვის ძალების საჭიროებისათვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხას თავდაცვის ძალების მეთაურის წარდგინებით, ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი. 3. სპეციალისტთა რეზერვში შეიძლება მიღებული იქნეს მაღალი კვალიფიკაციის, შესაბამისი სპეციალობის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს მისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 4. პირს, რომელმაც სპეციალისტთა რეზერვში იმსახურა არანაკლებ სამი წელი, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება. ამ ვადის გასვლამდე კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნული პირი აყვანილი იქნება წვევამდელთა აღრიცხვაზე. მუხლი 99. სამობილიზაციო რეზერვი 1. სამობილიზაციო რეზერვის დანიშნულებაა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების რეზერვისტებით დაკომპლექტება/შევსება, მათი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, ასევე თავდაცვის ძალების საბრძოლო ძალთა სტრუქტურის გაძლიერება, მხარდაჭერა და დანაკარგების შევსება. 2. პირი, რომელიც სინდისის, აღმსარებლობის ან/და რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვაზე, ჩაირიცხება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეზერვში. 3. პირის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვა ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. 60 წელს გადაცილებული პირი, თავისი სურვილის შემთხვევაში, შეიძლება დარჩეს ან ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში, 5 წლამდე ვადით. 5. სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები. 6. სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და მომზადების მიზნით, ასევე მობილიზაციის დროს გამოძახების შემთხვევაში სამობილიზაციო რეზერვისტის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. მუხლი 100. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვი 1. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების რეზერვისტებით დაკომპლექტების/შევსების, მათი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, ასევე, თავდაცვის ძალების საბრძოლო ძალთა სტრუქტურის, პირველ რიგში, გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით. 2. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ირიცხება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირი, რომელიც აკმაყოფილებს სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობას და რომელსაც: ა) სამინისტროს სისტემის სამხედრო სამსახურში (აქტიური რეზერვის გარდა) ნამსახურები აქვს არანაკლებ 6 თვისა; ბ) აქტიურ რეზერვში ნამსახურები აქვს არანაკლებ სამი წლისა. 3. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით, შესაძლებელია დაინიშნოს/მიეწეროს თავდაცვის ძალების მოქმედ ქვედანაყოფს. ამასთან, თითოეულ საშტატო პოზიციაზე შესაძლებელია დაინიშნოს/მიეწეროს ერთზე მეტი რეზერვისტი. 4. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ყოფნის ვადაა ათი წელი. 5. თავდაცვის სფეროში მოხალისის სტატუსის მქონე პირს, რომელსაც გავლილი აქვს სამხედრო სამსახური, მოხალისედ ყოფნის პერიოდი ჩაეთვლება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვის ვადაში. 6. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხვას არ ექვემდებარება პირი, რომლის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნიდან გასულია 10 წელი და მეტი. მუხლი 101.ზოგადი სამობილიზაციო რეზერვი 1. ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის მიზანია, თავდაცვის ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება. 2. ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის მიზნებისათვის ზოგადი სამობილიზაციო რეზერვის კატეგორიებია - მომზადებული სამობილიზაციო რეზერვი და მოუმზადებელი სამობილიზაციო რეზერვი. 3. მომზადებულ სამობილიზაციო რეზერვში აღრიცხვას ექვემდებარება: ა) პირი, რომელმაც მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში იმსახურა 10 წელი; ბ) პირი, რომელიც ამ კოდექსის ამოქმედებამდე ჩარიცხული იყო სამობილიზაციო რეზერვში და გავლილი ჰქონდა სამხედრო სამსახური და არ ირიცხება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში და ამავდროულად: ბ.ა) სამხედრო სამსახურში (გარდა აქტიური რეზერვისა) ნამსახურები აქვს არანაკლებ 6 თვისა; ბ.ბ) აქტიურ რეზერვში ნამსახურები აქვს არანაკლებ 3 წლისა. 4. მოუმზადებელ რეზერვში აღრიცხვას ექვემდებარება პირი: ა) რომელიც არ ირიცხება ყველა სხვა კატეგორიის რეზერვში; ბ) რომელმაც სამხედრო სამსახური გაიარა სხვა უწყებაში. 5. პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, ჩაირიცხება მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, 27 წლის ასაკის მიღწევამდე არ იხსნება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის აღრიცხვიდან და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. მუხლი 102. სამობილიზაციო რეზერვის მართვა სამობილიზაციო რეზერვის მართვა გულისხმობს: ა) სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის, გაწვევის, გამოძახების, მომზადების, ტრანსპორტირებისა და მართვის პროცესებს, რომლებიც გაზრდის სამობილიზაციო რეზერვისტის ოპტიმალური გადანაწილებისა და გამოყენების, ქვედანაყოფების გაძლიერების და დანაკარგების უწყვეტი შევსების შესაძლებლობებს; ბ) „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეზერვის აღრიცხვის, გაწვევის, გამოძახების, მომზადების, ტრანსპორტირებისა და მართვის პროცესებს. მუხლი 103. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვა 1. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვა ხორციელდება სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომელსაც შეიძლება გააჩნდეს საიდუმლო ნაწილი. 2. სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემას მართავს სამინისტრო. 3. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვას ახორციელებს სამინისტრო. 4. სამობილიზაციო რეზერვში აღრიცხვას არ ექვემდებარება: ა) სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას სურს ჩაირიცხოს თავდაცვის ძალების რეზერვში; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის შეუსაბამოდ ცნობილი პირი; გ) 60 წლის ასაკს მიღწეული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი პირადი სურვილით დარჩება ან ჩაირიცხება სამობილიზაციო რეზერვში; დ) პირი, რომელიც იმყოფება აღრიცხვაზე სამობილიზაციო რეზერვში, ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში იხსნება რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვიდან. 5. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის მიზნით, სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში შეიტანება პირთან დაკავშირებული შემდეგი მონაცემები: ა) საიდენტიფიკაციო მონაცემები - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი, რეგისტრაციისა და საცხოვრებელი მისამართები, საკონტაქტო ინფორმაცია, ფოტოსურათი, ასევე ინფორმაცია მოქალაქეობის შესახებ; ბ) ფიზიკური მახასიათებლები - სისხლის ჯგუფი, სიმაღლე, წონა, ფეხის და თავის ზომა; გ) ინფორმაცია პირის განათლების, კვალიფიკაციის, უნარების, განსაკუთრებული ნიჭისა და სამუშაო გამოცდილების, სპეციფიკური საქმიანობისა და დასაქმების შესახებ, ასევე - გაწვევის პერიოდისათვის არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ; დ) სამართალდამცავი ორგანოების მიერ პირის ძებნის, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია; ე) ინფორმაცია პირისათვის მეურვისა და მზრუნველის სტატუსის მინიჭების შესახებ; ვ) პირის მიერ სამხედრო, სარეზერვო სამხედრო, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის, საბრძოლო მოქმედებებში და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესახებ ინფორმაცია; ზ) ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; თ) პირის ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია, მხოლოდ ამ კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარგლებში; ი) პირის მსჯავრდებისა და ბრალდების შესახებ ინფორმაცია - მხოლოდ ამ კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარგლებში. ასევე, ინფორმაცია არასაპატიმრო სასჯელისა და პრობაციის შესახებ; კ) პირის აღმსარებლობისა და მღვდელმსახურების შესახებ ინფორმაცია. 6. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის წესი, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო და კერძო დაწესებულების უფლებები და მოვალეობები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემის შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირება, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 7. პირის სამობილიზაციო რეზერვიდან ამორიცხვაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა დაარქივდეს სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში სამობილიზაციო რეზერვისტთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც ინახება 75 წელი და შემდეგ იშლება სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემიდან. 8. ამ თავით გათვალისწინებული პერსონალური ინფორმაციის დამუშავება (შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, ან გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება) ხორციელდება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მხოლოდ სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვის, გაწვევის, გამოძახების, მომზადების, აგრეთვე სტატისტიკის წარმოების მიზნით, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია კანონიერი მიზნის მისაღწევად. მუხლი 104. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებები 1. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვისა და სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების მიზნით: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია სამინისტროს, მიაწოდოს შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, რეგისტრაციის მისამართი, ფოტოსურათი, ასევე ინფორმაცია მოქალაქეობის შესახებ; ბ) საქართველოს პროკურატურა ვალდებულია სამინისტროს, მოთხოვნის შემთხვევაში, 10 დღის ვადაში აცნობოს შესაბამისი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ; გ) სასამართლო ვალდებულია სამინისტროს, 10 დღის ვადაში აცნობოს შესაბამისი პირის მიმართ განაჩენის (თუ პირი მსჯავრდებულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულის, ტერორიზმის დანაშაულის, სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ დანაშაულის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისათვის) ძალაში შესვლის შესახებ; დ) სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია სამინისტროს, 10 დღის ვადაში შეატყობინოს შესაბამისი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წარმოადგენს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების ან მისი გადავადების საფუძველს; ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებულია სამინისტროს, 10 დღის ვადაში შეატყობინოს შესაბამისი პირის მიერ პენიტენციალურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შესახებ; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია სამინისტროს, წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, 10 დღის ვადაში შეატყობინოს პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების (თუ პირი მსჯავრდებულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულის, ტერორიზმის დანაშაულის, სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ დანაშაულის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისათვის) შესახებ ინფორმაცია; ზ) საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სამინისტროს, 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი პირის სამოქალაქო და სამხედრო განათლების, პროფესიისა და სპეციალობის შესახებ; თ) ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ სამინისტროს, 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; ი) სპეციალური სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი შესაბამისი უწყება ვალდებულია სამინისტროს, 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; კ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საქართველოს პროკურატურა ვალდებულია სამინისტროს, მოთხოვნის შემთხვევაში, 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; ლ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია სამინისტროს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებულია სამინისტროს 10 დღის ვადაში აცნობოს ინფორმაცია ამ კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ და ,,მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვალდებულია სამინისტროს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; ო) შესაბამისი პირი ვალდებულია სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვაზე უფლებამოსილი დაწესებულების წერილობითი მოთხოვნიდან 10 დღის განმავლობაში ამ დაწესებულებას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ო.ა) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ო.ბ) სამოქალაქო და სამხედრო განათლების, პროფესიისა და სპეციალობის შესახებ; ო.გ) სამუშაო გამოცდილების შესახებ; ო.დ) ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა; ო.ე) ამ კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „რ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტები. 2. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზების მიზნით, სამინისტროს წვდომა ამ მუხლში მოცემულ ბაზებთან, მათ შორის პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, უზრუნველყოფილია. ბაზებთან წვდომის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 105. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გაწვევა 1. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი გაიწვევა: ა) საომარი მდგომარეობის, საგანგებო მდგომარეობის, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის დროს; ბ) სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და რეზერვისტების მომზადების მიზნით. 2. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გაწვევა ხორციელდება: ა) სამინისტროს მიერ განსაზღვრული რაოდენობისა და მოთხოვნის შესაბამისად; ბ) სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის: ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას, სამინისტროს მიმართვის საფუძველზე იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განსაზღვრავს გაწვევის ვადას; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. 4. სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და მომზადების მიზნით: ა) მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გაწვევის ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს, ხოლო 10 წლის განმავლობაში 120 დღეს; ბ) ზოგად სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის (გარდა წვევამდელთა აღრიცხვაზე მყოფი პირებისა) გაწვევის ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს. 5. პირი, რომელსაც აქვს თავდაცვის სფეროში მოხალისის სტატუსი და ირიცხება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში, არ ექვემდებარება სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და მომზადების მიზნით გაწვევას. 6. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის ადგილი განისაზღვრება თავდაცვის ძალების მიერ შემუშავებული გეგმით, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი. 7. სამინისტრო უფლებამოსილია უზრუნველყოს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხული პირის შემკრები პუნქტიდან მიმღებ პუნქტში გადაყვანა. მუხლი 106. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გამოძახება 1. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირს გამოიძახებს სამინისტრო ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. სარეზერვო სამხედრო სამსახურის მიზნების განსახორციელებლად სამინისტრო უზრუნველყოფს სამობილიზაციო რეზერვისტების კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძახებას და შემკრები პუნქტიდან მიმღებ პუნქტში გადაყვანას. 3. სამინისტრომ შესაძლებელია, ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით, შემკრებ პუნქტში გამოიძახოს სამობილიზაციო რეზერვისტი. ასეთ შემთხვევაში სამინისტრომ ხელი უნდა შეუწყოს პირს დამსაქმებლისათვის სამსახურში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაში. 4. სამობილიზაციო რეზერვისტის გამოძახების შემდეგ სამობილიზაციო რეზერვის მართვაზე პასუხისმგებელია სამინისტრო. 5. ამ მუხლის შესაბამისად გამოძახებული სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი, გამოძახების მომენტიდან ითვლება სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეულად. მუხლი 107. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება (გადამოწმება) ხდება სამინისტროს ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ან/და გამოძახების შემდეგ სამობილიზაციო რეზერვისტის სამედიცინო შემოწმების დროს, რომელიც ტარდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. მუხლი 108. რეზერვისტის მიერ სამხედრო ფიცის დადება 1. თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე, თუ მას სამხედრო ფიცი დადებული არ აქვს, სამხედრო ფიცს დებს სამხედრო შეკრების გავლის დროს. 2. სამხედრო ფიცის დადება უნდა დასტურდებოდეს რეზერვისტის ხელმოწერით. 3. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეზერვში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე, სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს წერილობით ვალდებულებას, რომლის ტექსტს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი. მუხლი 109. რეზერვისტის მომზადება 1. რეზერვისტის მომზადების მიზანია: ა) თავდაცვის ძალებისათვის შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებით მომზადებული რეზერვის ჩამოყალიბება; ბ) რეზერვის სამეთაურო რგოლის − ოფიცრის და სერჟანტის შემადგენლობის დაკომპლექტება, აქტიური მომზადება და გადამზადება; გ) რეზერვისტის ინდივიდუალურად, მაღალ დონეზე მომზადება. 2. რეზერვისტის მომზადება ხდება მის მიერ სამხედრო შეკრებისას მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის დროს. მუხლი 110. რეზერვისტის მომზადებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი რეზერვისტის მომზადებას უზრუნველყოფენ სამინისტროს სისტემის შესაბამისი ქვედანაყოფები, ასევე სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები. მუხლი 111. სამობილიზაციო კომისია 1. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლების ან სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამობილიზაციო კომისია. 2. სამობილიზაციო კომისიის შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს, სამინისტროს წარდგინებით, დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 3. სამობილიზაციო კომისია სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გასავლელად გამოძახებულ პირთან დაკავშირებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების და სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ; ბ) სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების შესახებ; გ) ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებზე უარის თქმის შესახებ. 4. პირის სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა ან/და სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. პირის სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის ან/და სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს აღნიშნული აქტების მოქმედებას. მუხლი 112. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის უფლებამოვალეობა 1. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირს გაწვევისას უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის, სარეზერვო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების ან სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების, სარეზერვო სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ. 2. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გასავლელად გამოძახებული პირი ვალდებულია: ა) შეტყობინების მიღებისას გამოცხადდეს შემკრებ პუნქტში მითითებულ დროსა და ადგილას; ბ) შემკრებ პუნქტში გამოცხადების შემდეგ შეასრულოს უფლებამოსილი პირის მითითებები. მუხლი 113. სოციალური და სხვა გარანტიები 1. პირი სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სარგებლობს სამხედრო მოსამსახურისათვის კანონმდებლობით დადგენილი სოციალური გარანტიებით. 2. რეზერვში ყოფნის პერიოდში შრომის სტაჟად ითვლება: ა) აქტიური რეზერვის შემთხვევაში − კონტრაქტით განსაზღვრული პერიოდი; ბ) სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში − გამოძახების შემდეგ შემკრებ პუნქტში გამოცხადებიდან სარეზერვო სამხედრო სამსახურის დასრულებამდე პერიოდი. 3. სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება: ა) აქტიური სარეზერვო სამსახურის შემთხვევაში: ა.ა) სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და სხვა ფულადი გასაცემლების მიზნებისათვის − რეზერვისტის გამოძახების შემთხვევაში ქვედანაყოფში გამოცხადებიდან ქვედანაყოფში აქტიური სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი; ა.ბ) მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების მიზნებისათვის - აქტიურ რეზერვში ყოფნის პერიოდი; ბ) სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში − გამოძახების შემდეგ შემკრებ პუნქტში გამოცხადებიდან სარეზერვო სამხედრო სამსახურის დასრულებამდე პერიოდი. 4. სარეზერვო სამხედრო სამსახურის პერიოდში რეზერვისტს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და შრომის ანაზღაურება, მიუხედავად დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. ამასთანავე, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს რეზერვისტთან შრომით ურთიერთობაში მყოფი დამსაქმებლის შეუფერხებელი საქმიანობა. 5. აქტიურ რეზერვში მყოფ პირს კონტრაქტის მოქმედების პერიოდში, ხოლო პირს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - უნარჩუნდება სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სხვა სოციალური გარანტიები. 6. რეზერვისტის სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობას სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში უზრუნველყოფს სამინისტრო. 7. სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლისას პირს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში გამოუცხადებლობა არ ჩაეთვლება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევად. 8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც იმყოფება სარეზერვო სამსახურში, დაწესებულებაში გამოუცხადებლობა ჩაეთვლება საპატიოდ. 9. პირი, რომელიც სასწავლო ან კვლევითი პროგრამით წარიგზავნება საზღვარგარეთ, გარდა სამინისტროს მიერ წარგზავნის შემთხვევისა, შეუჩერდება უფლებამოსილება აქტიურ სარეზერვო სამსახურში. აღნიშნული ვადა არ ჩაეთვლება კონტრაქტის მოქმედების ვადაში და არ მიეცემა ხელფასი. მუხლი 114. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადება 1. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლა გადაუვადდება: ა) პირს, რომელსაც ჰყავს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრი (მეუღლე, დედა, მამა, და, ძმა, პაპა, ბებია) და მათი ოჯახის წევრს არ ჰყავს სხვა მხარდამჭერი, ასევე, თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოჯახის წევრთან ცხოვრობს პირი, რომელიც ასევე ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ან სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლას, სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაიწვევა ასაკით უფროსი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასაკით უმცროსი პირი ნებაყოფლობით გამოხატავს წერილობით თანხმობას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლაზე; ბ) პირს, რომელიც სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის დღისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია საქართველოს პრეზიდენტობის, საქართველოს პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატად, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად − შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე; გ) პირს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; დ) სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეს; ე) პირს, რომელიც იმყოფება სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე; ვ) მოსამართლეს; ზ) პროკურორს; თ) მობილიზაციის გამოცხადების მომენტისათვის საზღვარგარეთ მყოფ პირს; ი) დიპლომატიური თანამდებობის პირს; კ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს, პოლიტიკური თანამდებობის პირს; ლ) საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ პირს; მ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეს; ნ) მსჯავრდებულ პირს, რომელიც სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში; ო) დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირს, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული; პ) საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულის, ტერორიზმის დანაშაულის, სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ დანაშაულის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ პირს; ჟ) პირს, რომელიც დაჯილდოებულია განსაკუთრებული ნიჭით და საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გათავისუფლებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან - 3 წლის ვადით; რ) ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ პირს. 2. კერძო და საჯარო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს მთავრობა განკარგულებით განსაზღვრავს იმ კერძო და საჯარო დაწესებულებებს, აგრეთვე აღნიშნული დაწესებულებებისათვის იმ პროფესიების/თანამდებობების ნუსხასა და რაოდენობას, სადაც/რომლებზედაც დასაქმებულ პირებს გადაუვადდებათ სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლა. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დაწესებულებები უზრუნველყოფენ სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული პირების (პერსონალის) შესახებ მონაცემების შეტანას, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნულ პირებს სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემდეგ გადაუვადდებათ სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლა. 4. პირს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლა, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გადაუვადდება თუ მას სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში წარმოეშვა სარეზერვო სამსახურიდან გათავისუფლების ან გადავადების რომელიმე გარემოება. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი კომიისის რეკომენდაციის საფუძველზე. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 115. უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღების წესი 1. უცხოელი და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი საკუთარი სურვილითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს სარეზერვო სამხედრო სამსახურში. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 3. ამ მუხლის საფუძველზე სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღებული პირი სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს წერილობით ვალდებულებას საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურისადმი ერთგულებისა და კანონმდებლობის განუხრელად შესრულების თაობაზე. წერილობითი ვალდებულების ტექსტს ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მუხლი 116. პასუხისმგებლობა სარეზერვო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებისათვის სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს, რომელიც გამოძახების შესახებ შეტყობინების მიღებისას მასში მითითებულ ვადაში საპატიო მიზეზის გარეშე არ გამოცხადდება ან სხვაგვარად აარიდებს თავს სარეზერვო სამხედრო სამსახურს, დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. საპატიო მიზეზად, შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, მიიჩნევა ამ პირის ავადმყოფობა, რომელიც შეუძლებელს ხდის რეზერვისტის მიერ სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლას, ან ამ პირის ახლო ნათესავის (პირდაპირი აღმავალი ან დაღმავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მშობელი, მეუღლე ან შვილი/გერი) გარდაცვალება, ან სტიქიური მოვლენით გამოწვეული ან სხვა დაუძლეველი გარემოება. თავი X სამხედრო განათლება მუხლი 117. სამხედრო განათლება სამხედრო განათლების მიზანია საქართველოს თავდაცვისა უზრუნველსაყოფად საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარება. და უსაფრთხოების მუხლი 118. სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამა 1. სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამა არის საჭირო კვალიფიკაციის მისაღებად სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს სწავლების მიზნებს, თემატიკას, შეფასების სისტემას, მეთოდებს, მათ შორის, დისტანციური სწავლების გამოყენების შესაძლებლობას და სწავლების შედეგებს. 2. სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის: ა) ვალიდაცია ნიშნავს სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის დადასტურებას საქართველოს სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამისთვის დადგენილ სტანდარტებთან; ბ) აღიარება ნიშნავს უცხო ქვეყნის სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის გათანაბრებას საქართველოს სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამისთვის დადგენილ სტანდარტთან. 3. სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის აღიარება და ვალიდაცია ხორციელდება მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 4. ამ თავით განსაზღვრული სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება გაიაროს: ა) სამხედრო მოსამსახურემ; ბ) საქართველოს მოქალაქემ, რომელიც არ არის სამხედრო მოსამსახურე; გ) უცხოელმა. 5. სამინისტროს სისტემის მოსამსახურემ სამხედრო განათლება შეიძლება მიიღოს უცხო ქვეყნის შესაბამის სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაში. უცხო ქვეყნის სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებთან თავსებადობის განსაზღვრის პროცედურები მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. მუხლი 119. სამხედრო განათლების სახეები 1. სამხედრო განათლების სახეებია: ა) საკარიერო სამხედრო განათლება: ა.ა) ოფიცრის საკარიერო სამხედრო განათლება, რომელიც მოიცავს ოფიცრის კარიერული განვითარებისათვის შესაბამისი საფეხურების სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებს; ა.ბ) სერჟანტის საკარიერო სამხედრო განათლება, რომელიც მოიცავს სერჟანტთა კარიერული განვითარებისათვის შესაბამისი საფეხურების სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებს; ბ) სპეციალური სამხედრო განათლება, რომელიც მოიცავს თავდაცვის ძალების სახეობის, გვარეობის, სპეციალობისა და საჭიროების მიხედვით განათლების მიღებას/მომზადებას. 2. ოფიცრისა და სერჟანტის საკარიერო სამხედრო განათლების საფეხურებრივი დონეები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 120. საგანმანათლებლო ერთეულები 1. საგანმანათლებლო ერთეულებია: ა) სამხედრო სასწავლებელი; ბ) სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეული. 2. სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეული წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, ან მის სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებს. მუხლი 121. სამხედრო სასწავლებელი 1. სამხედრო სასწავლებლის წესდებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი სტრუქტურისაგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მართვის ორგანოები, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტების, აგრეთვე რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესი. 2. სამხედრო სასწავლებელში პერსონალი შეიძლება დაკომპლექტდეს როგორც სამხედრო მოსამსახურეებით, ისე სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებით. სამხედრო მოსამსახურეს და სპეციალური წოდების მქონე პირს ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან მიმართებაში ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობას შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან მიმართებაში ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა. 3. სამხედრო სასწავლებელში სამხედრო მოსამსახურეთათვის და სპეციალური წოდების მქონე პირთათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია დაწესდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები. მუხლი 122. სამხედრო სასწავლებლის დაფინანსება სამხედრო სასწავლებლის დაფინანსების წყაროებია: ა) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გამოყოფილი ასიგნება; ბ) გრანტი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები. მუხლი 123. სამხედრო სასწავლებელში ან სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხვის წესი 1. აბიტურიენტი, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე, გადის უწყებრივი შერჩევის ეტაპს, რომლის პროცედურებიც განისაზღვრება სამხედრო სასწავლებლის მიერ. 2. სამხედრო სასწავლებელში აბიტურიენტის ჩარიცხვის წინაპირობას, კანონმდებლობით დადგენილი წესის გარდა, წარმოადგენს ამ კოდექსით გათვალისწინებული კონტრაქტის ხელმოწერის ვალდებულება. 3. სამხედრო სასწავლებელში, აგრეთვე სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხვის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით. მუხლი 124. სამხედრო სასწავლებელში ან სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხული პირის სტატუსი 1. პირს, რომელმაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოიპოვა სტუდენტის სტატუსი სამხედრო სასწავლებელში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ენიჭება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამა, პირმა შეიძლება გაიაროს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე. 2. იუნკერის შრომის ანაზღაურებისა და სტიპენდიის ოდენობა და მისი გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით. 3. სამხედრო სასწავლებლის სტუდენტთან დადებული კონტრაქტით შესაძლებელია შეიზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სტუდენტისათვის დადგენილი უფლებები. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობას შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა. 4. იმ შემთხვევაში, თუ: ა) იუნკერს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი, სამინისტრო შეწყვეტს მასთან გაფორმებულ კონტრაქტს, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) იუნკერი სამხედრო სასწავლებლიდან გაირიცხება 100 სადისციპლინო ქულის ამოწურვის გამო, მინისტრი სამხედრო სამსახურის საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მისი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. 5. მინისტრის მიერ ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების დღიდან, სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება კონტრაქტის პირობები, რომელიც უფორმდება საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეს სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების დღეს. 6. პირს, რომელსაც არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, სამხედრო სასწავლებელში სწავლის შეწყვეტისას, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება და რიგითის წოდებით ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში, იმ შემთხვევაში, თუ მან სამხედრო სასწავლებელში ისწავლა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისათვის ამ კოდექსით დადგენილი ვადით. 7. სამხედრო სასწავლებელში ან სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხული მსმენელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება კანონმდებლობით. თავი XI საერთაშორისო სწავლება მუხლი 125. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობის საფუძვლები 1. საერთაშორისო სწავლების საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებისა და საზღვარგარეთ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობის საფუძველია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება ან/და მხარდამჭერი დოკუმენტი. 2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან/და მხარდამჭერი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში საერთაშორისო სწავლების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის საფუძველია: ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება, თუ საერთაშორისო სწავლებაში სამინისტროსთან ან/და სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ერთად მონაწილეობას იღებს ერთი ან მეტი სხვა ადმინისტრაციული ორგანო. 3. ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) წევრ და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნებთან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მხარდამჭერი დოკუმენტით შესაძლებელია განისაზღვროს „ჩრდილო– ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოთა შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ“ შეთანხმებისა და „ჩრდილო–ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ“ შეთანხმების გამოყენების პირობები. 4. საერთაშორისო სწავლებისას მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხები წესრიგდება მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციით. მუხლი 126. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტი 1. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტია სამხედრო კონტინგენტი და არასამხედრო კონტინგენტი. 2. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობის მიზნით, სამხედრო კონტინგენტი იქმნება სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებისაგან. 3. საერთაშორისო სწავლებაში არასამხედრო კონტინგენტის სახით მონაწილეობა შეიძლება მიიღოს სამინისტროს სისტემის სამოქალაქო ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურემ, ასევე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურემ. 4. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე: ა) სამხედრო კონტინგენტი მოიცავს სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს და შესაბამის რესურსს; ბ) არასამხედრო კონტინგენტი მოიცავს სამინისტროს სისტემის სამოქალაქო ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს და შესაბამის რესურსს. არასამხედრო კონტინგენტი შესაძლოა ასევე მოიცავდეს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურეს და შესაბამის რესურსს. 5. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტი შეირჩევა სწავლებაში მონაწილე შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ. 6. საერთაშორისო სწავლებაში სუბიექტის მხარდაჭერა შესაძლებელია უზრუნველყოფილი იქნეს კონტრაქტორის მომსახურებით, რაც წესრიგდება სამინისტროსა და კონტრაქტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. მუხლი 127. საერთაშორისო სწავლების ჩატარების ორგანიზაციული საკითხები საერთაშორისო სწავლების საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარების, ასევე საზღვარგარეთ საერთაშორისო სწავლებაში სუბიექტის მონაწილეობის ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება: ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, თუ საერთაშორისო სწავლებაში სამინისტროსთან ან/და სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ერთად მონაწილეობას იღებს ერთი ან მეტი სხვა ადმინისტრაციული ორგანო. მუხლი 128. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის სამართლებრივი სტატუსი და დაქვემდებარება 1. უცხო სახელმწიფოში საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტზე, ასევე საქართველოში საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე უცხო სახელმწიფოს პერსონალზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის დაქვემდებარების, მართვისა და კონტროლის საკითხები რეგულირდება საერთაშორისო ხელშეკრულებით, მხარდამჭერი დოკუმენტით ან/და ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან/და 127-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებით. მუხლი 129. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის რესურსებით უზრუნველყოფა საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის ფინანსური და სხვა რესურსით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის რესურსებით უზრუნველყოფა შესაძლოა ასევე განახორციელოს საერთაშორისო ორგანიზაციამ ან/და უცხო ქვეყანამ. მუხლი 130. საერთაშორისო სწავლებაში მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის მიერ სხვა პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხვა პირისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ის სახელმწიფო უწყება, რომელშიც დასაქმებულია აღნიშნული მოსამსახურე. თავი XII სამშვიდობო ოპერაცია მუხლი 131. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის საფუძვლები 1. სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და ამ კოდექსის შესაბამისად. 2. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლებელია გაფორმდეს მხარდამჭერი დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტის კონკრეტულ სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური, სამედიცინო, ფინანსური და სხვა საკითხები. 3. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში საქართველო დამოუკიდებლად განსაზღვრავს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მიზანშეწონილობას. მუხლი 132. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტი 1. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტია სამხედრო კონტინგენტი და არასამხედრო კონტინგენტი. 2. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მიზნით, სამხედრო კონტინგენტი იქმნება სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებისაგან. 3. სამშვიდობო ოპერაციაში არასამხედრო კონტინგენტის სახით შესაძლოა წარგზავნილ იქნეს სამინისტროს სისტემის სამოქალაქო ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, ასევე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურე. 4. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე: ა) სამხედრო კონტინგენტი მოიცავს სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს და შესაბამის რესურსს; ბ) არასამხედრო კონტინგენტი მოიცავს სამინისტროს სისტემის სამოქალაქო ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს და შესაბამის რესურსს. არასამხედრო კონტინგენტი შესაძლოა ასევე მოიცავდეს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურეს და შესაბამის რესურსს. 5. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტის მხარდაჭერა შესაძლებელია უზრუნველყოფილი იქნეს კონტრაქტორის მომსახურებით, რაც წესრიგდება სამინისტროსა და კონტრაქტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. მუხლი 133. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტის წარგზავნა და გამოწვევა 1. სამშვიდობო ოპერაციაში სამხედრო კონტინგენტის წარგზავნაზე გადაწყვეტილებას სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობის წარდგინებით, იღებს საქართველოს პრეზიდენტი და დაუყოვნებლივ შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. 2. საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში აღინიშნება სამხედრო კონტინგენტის გამოყენების ადგილი (ქვეყანა) და სამხედრო მოსამსახურეების ზღვრული რაოდენობა. დადგენილებაში ასევე შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს სამშვიდობო ოპერაციაში კონტინგენტის დაქვემდებარების საკითხები. 3. არასამხედრო კონტინგენტის სამშვიდობო ოპერაციაში წარგზავნა ხდება მინისტრის მიერ. 4. სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებისა და მივლინების ორგანიზაციული საკითხები, ასევე არასამხედრო კონტინგენტის მივლინების საკითხები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. 5. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტის სამივლინებო თანხის ოდენობა და ანაზღაურების წესი, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 6. სამშვიდობო ოპერაციიდან: ა) სამხედრო კონტინგენტის გამოწვევაზე გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით. საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს კონტინგენტის გამოწვევაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გადაწყვეტილება არ საჭიროებს საქართველოს პარლამენტის თანხმობას; ბ) არასამხედრო კონტინგენტის გამოწვევაზე გადაწყვეტილება მიიღება მინისტრის მიერ დადგენილი წესით. მუხლი 134. სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სუბიექტის სამართლებრივი სტატუსი და დაქვემდებარება 1. სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სუბიექტზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე სუბიექტის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული დაქვემდებარების, მართვისა და კონტროლის საკითხები რეგულირდება საერთაშორისო ხელშეკრულებით, მხარდამჭერი დოკუმენტით ან/და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 135. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტის რესურსებით უზრუნველყოფა სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტის ფინანსური და სხვა რესურსით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტის რესურსებით უზრუნველყოფა შესაძლოა ასევე განახორციელოს საერთაშორისო ორგანიზაციამ ან/და უცხო ქვეყანამ. მუხლი 136. მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა 1. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე უცხო ქვეყნის პერსონალსა და კონტრაქტორებს, რომლებიც განლაგებულნი არიან ან/და მოქმედებენ საქართველოს ტერიტორიაზე ან ტრანზიტით გაივლიან მას, საქართველოს მხრიდან სამხედრო ან სამოქალაქო მხარდაჭერა გაეწევა მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის შესაბამისად. 2. მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციას სამინისტროს წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 137. სამშვიდობო ოპერაციაში მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტის მიერ სხვა პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხვა პირისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ის სახელმწიფო უწყება, რომელშიც დასაქმებულია აღნიშნული მოსამსახურე. თავი XIII წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა მუხლი 138. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანი 1. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანია, სამხედრო სამსახურის წესების დაცვის უზრუნველყოფა, სამხედრო დისციპლინის დაცვა, დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილება და სამხედრო მოსამსახურის მოტივაციის ამაღლება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად ეს კოდექსი განსაზღვრავს: ა) წახალისების სახეებს; ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებს; გ) წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის განხილვის წესს. 3. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს მის ჩამდენს იმ მოვალეობის შესრულებისაგან, რომლის შეუსრულებლობისთვისაც დაკისრებული ჰქონდა მას დისციპლინური პასუხისმგებლობა, ასევე იმ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც გამოწვეულია დისციპლინური გადაცდომით. 4. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედება ვრცელდება სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს − აგრეთვე თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფო უწყებების, საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებზე. მუხლი 139. დისციპლინური წარმოების პრინციპები 1. დისციპლინური წარმოება ეფუძნება კანონიერების, სამართლიანობის, თანასწორობის, ობიექტურობის, ყოველმხრივობის, კონფიდენციალურობის, მიუკერძოებლობისა და კორექტულობის პრინციპებს. 2. არავის არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ერთი და იმავე დისციპლინური გადაცდომისათვის. 3. სამხედრო მოსამსახურე არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინურ წარმოებაში, თუ მას აქვს პირადი ინტერესი ან/და თუ არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქმის გადაწყვეტაზე. 4. პირი, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, არ ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენად. მუხლი 140. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედება დროში 1. სამხედრო მოსამსახურე წახალისდება ან მას დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ მისი ქმედება ჩადენის დროს, წარმოადგენს წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს. 2. ქმედების ჩადენის დროდ ითვლება მისი განხორციელების თარიღი და შედეგის დადგომის მომენტს მნიშვნელობა არ აქვს. მუხლი 141. დისციპლინური პასუხისმგებლობის უკუძალა ნორმას, რომელიც აუქმებს დისციპლინურ გადაცდომას ან ამსუბუქებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას, აქვს უკუძალა. დისციპლინურ პასუხისმგებლობას, რომელიც აწესებს, ან ამკაცრებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს. მუხლი 142. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ფარგლები წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე მის საზღვრებს გარეთ, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 143. წახალისების საფუძვლები, სახეები და გამოყენების წესი 1. წახალისების საფუძვლებია: ა) დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხოვნად შესრულება; ბ) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების, საბრძოლო დავალების, სამხედრო წვრთნისას დავალების წარმატებით შესრულება; გ) თანამებრძოლის დახმარება, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის თავიდან აცილება; დ) სამეცნიერო საქმიანობაში, აგრეთვე სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებაში მიღწეული წარმატება; ე) ღირსეული საქციელის ჩადენა, რომელიც მიმართულია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესრიგის, სამხედრო დისციპლინის, მოქალაქისა და სამხედრო მოსამსახურის უფლება-მოვალეობებისა და სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესის დასაცავად და იწვევს სამხედრო სამსახურსა და საზოგადოებაში მის მკვეთრად დადებით შეფასებას. 2. წახალისების სახეები: ა) მადლობა; ბ) საპატიო სიგელი; გ) ფასიანი საჩუქარი; დ) ფულადი წახალისება; ე) მოკლევადიანი შვებულება; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნა. 3. მადლობა და საპატიო სიგელი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი ან რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის, ასევე ქვედანაყოფის სრული შემადგენლობის მიმართ. 4. ფასიანი საჩუქრის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს. ფასიანი საჩუქარი არ შეიძლება იყოს იარაღი ან სხვა ქონება, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით არ წარმოადგენს თავისუფალი ბრუნვის საგანს. 5. ამ თავით გათვალისწინებული მოკლევადიანი შვებულება არ უნდა აღემატებოდეს 5 კალენდარულ დღეს. 6. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე სახე. 7. წახალისების გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. მუხლი 144. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, სახეები და გამოყენების წესი 1. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია სამხედრო მოსამსახურისა ან/და სამხედრო სამსახურის დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. 2. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) რიგგარეშე განწესში დანიშვნა; დ) დასვენების უფლების შეზღუდვა; ე) წოდებრივი სარგოს 5 პროცენტიდან 40 პროცენტამდე დაკავება 1-დან 4 თვემდე ვადით; ვ) სადისციპლინო ქულის დაკლება; ზ) სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა; თ) სამსახურიდან გათავისუფლება. 3. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი სახე. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე გამოიყენება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფი პირის მიმართ. 5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე გამოიყენება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიმართ. 6. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები არ გამოიყენება იუნკერის მიმართ. 7. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები არ გამოიყენება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურისა და პირის მიმართ სამობილიზაციო სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლილსას. 8. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები გამოიყენება მხოლოდ იუნკერის მიმართ. 9. სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, გამოიყენება, თუ იუნკერს ამოეწურება 100 სადისციპლინო ქულა. 10. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახის დაკისრებაზე შესაბამისი თანამდებობის პირს შეუძლია დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი ჩამოაშოროს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას. 11. მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება: ა) დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი; ბ) ქმედების სახე, რომლის ჩადენისათვის სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე. მუხლი 145. დისციპლინური პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები 1. სამხედრო მოსამსახურეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ იგი დისციპლინურ გადაცდომას ჩაიდენს: ა) უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში ე.ი., თუ სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით მოსამსახურეს ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე; ბ) აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე.ი., თუ სამხედრო მოსამსახურე მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების უფლება სამხედრო მოსამსახურეს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედების აშკარა შეუსაბამობას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათსა და საშიშროებასთან; გ) დროებითი ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში, როდესაც სამხედრო მოსამსახურეს არ შეეძლო გაეცნობიერებინა ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგობა; დ) გამართლებული რისკის პირობებში, ე.ი., თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურისათვის სასარგებლო მიზნის მისაღწევად დააზიანებს სამართლებრივ სიკეთეს. რისკი გამართლებულია, თუ ეს მიზანი არ შეიძლებოდა მიღწეულიყო რისკის გარეშე ქმედებით და თუ სამხედრო მოსამსახურემ მიიღო ყველა ზომა სამართლებრივი სიკეთის დაზიანების თავიდან ასაცილებლად; ე) სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც აკმაყოფილებს მართლზომიერების პირობებს; ვ) პირველად, რომლისათვისაც გათვალისწინებული არ არის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება ან სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა და დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემდეგ იგი დაუყოვნებლივ აღიარებს მას ან/და აანაზღაურებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიყენებულ ზიანს. 2. სამხედრო მოსამსახურეს არ დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ: ა) დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში არ დაიწყო წარმოება; ბ) დათხოვნის პერიოდში განგაშის დროს, აგრეთვე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მეთაურის გამოძახებით გამოცხადდა სამსახურში ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ. მუხლი 146. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადა 1. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადა აითვლება მისი დაკისრების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან. 2. ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ა”-,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაა 3 თვე; ბ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაა ის პერიოდი რა პერიოდითაც პირს დაეკისრა აღნიშნული დისციპლინური სახე. მუხლი 147. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა 1. დასაშვებია სამხედრო მოსამსახურეზე დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა, თუ სამხედრო მოსამსახურე მისი მოქმედების ვადაში წახალისდება. 2. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნას უზრუნველყოფს მის დაკისრებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი. 3. დისციპლინური პასუხისმგებლობა იხსნება მისი მოქმედების ვადის გასვლით. მუხლი 148. დისციპლინური საქმეების განხილვა 1. დისციპლინური საქმე განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ კოდექსით განსაზღვრული წესით, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართაც გამოთქმულია ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, ვალდებულია ხელი შეუწყოს დისციპლინური საქმის განხილვას. აღნიშნული არ მოიცავს აღიარების და საკუთარი თავის საწინააღმდეგო ახსნა-განმარტების მიცემის ვალდებულებებს. მუხლი 149. დისციპლინური წარმოება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება დისციპლინური ოქმის შედგენით. მუხლი 150. დისციპლინური ოქმი 1. დისციპლინური ოქმი წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე ან დაინტერესებული პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე (გარდა ანონიმური ინფორმაციისა) ან ინსპექტირების/სამსახურებრივი შემოწმების მასალებზე დაფუძნებულ ობიექტურად დასაბუთებულ ვარაუდს, სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე. 2. დისციპლინურ ოქმში აღინიშნება: ა) მისი შედგენის თარიღი, დრო და ადგილი; ბ) შემდგენის თანამდებობა, წოდება, სახელი და გვარი; გ) იმ პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ადგილი, თარიღი, დრო და არსი; ე) ნორმა, რომელიც შესაბამისი დისციპლინური გადაცდომისათვის ითვალისწინებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას; ვ) მოწმის ან დაინტერესებული პირის (მათი არსებობის შემთხვევაში) მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და მისამართი; ზ) იმ პირის ახსნა-განმარტება, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე; თ) საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები. 3. დისციპლინურ ოქმს ადგენს მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი. 4. დისციპლინურ ოქმს ხელს აწერენ: ა) დისციპლინური ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი; ბ) სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე. 5. ოქმს თან ერთვის მოწმის ან/და დაინტერესებული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლის ნამდვილობაც დასტურდება აღნიშნული პირის/პირების ხელმოწერით. 6. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე, რომლის მიმართაც არსებობს ვარაუდი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე, უარს იტყვის დისციპლინური ოქმის ხელმოწერაზე, დისციპლინური ოქმის შემდგენი თანამდებობის პირის მიერ ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ამ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უფლებამოსილია წარადგინოს შენიშვნები, აგრეთვე დაასაბუთოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 7. დისციპლინური ოქმი დაუყოვნებლივ გადაეცემა დისციპლინური საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს/თანამდებობის პირს. 8. დისციპლინური ოქმის ფორმა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. მუხლი 151. სადისციპლინო საბჭო 1. სადისციპლინო საბჭოს, როგორც სადისციპლინო წარმოების განმახორციელებელ ორგანოს, განხილვას ექვემდებარება: ა) სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის პროექტი ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად; ბ) სამხედრო მოსამსახურის განცხადება, საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში მის მიმართ შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის (გარდა სამსახურიდან გათავისუფლებისა) კანონიერების შესწავლის თაობაზე (დისციპლინური პასუხისმგებლობის გადასინჯვა). 2. სადისციპლინო საბჭო უფლებამოსილია: ა) განიხილოს ან/და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევის მიზნით; ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს წარუდგინოს რეკომენდაცია სამხედრო მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია ამ კოდექსის 153-ე მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 3. სადისციპლინო საბჭოების რაოდენობა, ტერიტორიული განსჯადობა და შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. მუხლი 152. დისციპლინური პასუხისმგებლობის გადასინჯვა 1. სამხედრო მოსამსახურე უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს მინისტრს მასზე დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის კანონიერების შესწავლის თაობაზე, გარდა სამსახურიდან გათავისუფლებისა. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს სამხედრო მოსამსახურეზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამ პირისათვის გაცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. 3. სამხედრო მოსამსახურეზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ჩერდება, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან, განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მუხლი 153. განცხადების განხილვა მინისტრი უფლებამოსილია: ა) სრულად დააკმაყოფილოს სამხედრო მოსამსახურის განცხადება და ძალადაკარგულად ცნოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს სამხედრო მოსამსახურის განცხადება და ძალადაკარგულად ცნოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილი; გ) არ დააკმაყოფილოს სამხედრო მოსამსახურის განცხადება და ძალაში დატოვოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დ) გასცეს წერილობითი მითითებები (დავალება) გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ. მუხლი 154. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება 1. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება იწყება მისი გაცნობიდან. 2. რიგგარეშე განწესში დანიშვნა აღსრულდება მისი დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში. 3. სხვადასხვა დისციპლინური გადაცდომისათვის წოდებრივი სარგოდან დაქვითვის ერთდროულად დაკისრების ან წოდებრივი სარგოდან დაქვითვის მოქმედების პერიოდში, ამ დისციპლინური პასუხისმგებლობის ხელახლა დაკისრების შემთხვევაში, დგინდება წოდებრივი სარგოდან დასაქვითი თანხის ჯამური ოდენობა. ყოველთვიურად დასაქვითი თანხა არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50%-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება მისი გადანაწილება მომდევნო თვეზე/თვეებზე. თავი XIV საომარი მდგომარეობა მუხლი 155. საომარი მდგომარეობის არსი 1. საომარი მდგომარეობა გულისხმობს საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვის ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებული წესების გამოცხადებას. 2. საომარი მდგომარეობა ცხადდება საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კოდექსის მიხედვით და მიზნად ისახავს ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას. მუხლი 156. შეტყობინება საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა და გაუქმების შესახებ საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა და გაუქმების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ ატყობინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. მუხლი 157. საომარი მდგომარეობის გამოცხადება 1. საომარ მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრის წარდგინებით. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ბრძანების გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ ცხადდება და ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილ საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ ბრძანებას ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ საქართველოს პარლამენტი საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას. 2. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებაში უნდა აღინიშნოს საომარი მდგომარეობის გამოცხადების მოტივი. 3. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში და ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით. 4. გადაწყვეტილება საომარი მდგომარეობის გაუქმების შესახებ მიიღება საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა და დამტკიცებისთვის დადგენილი წესით. მუხლი 158. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საომარი მდგომარეობის დროს 1. საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც დეკრეტის გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე, და იგი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან. დეკრეტი მოქმედებს საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დეკრეტი გამოიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანხმობით. დეკრეტი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან. დეკრეტი დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. საქართველოს პარლამენტი დეკრეტს ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ საქართველოს პარლამენტი დეკრეტს არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას. 2. საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი დეკრეტი, რომელიც ზღუდავს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილ უფლებებს და აჩერებს საქართველოს კონსტიტუციის მე13 მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-17 მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედებას, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. უფლებების შეზღუდვის შესახებ დეკრეტზე საქართველოს პრემიერმინისტრის თანახელმოწერა ჩაითვლება ამ დეკრეტის გამოცემად და აღნიშნული დეკრეტი ძალაში შედის ამ მომენტიდან, ხოლო ნორმის შეჩერების შესახებ დეკრეტი ძალაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. დეკრეტის ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში და ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით. 3. ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის შესახებ ინფრომაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ ატყობინებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს. მუხლი 159. თავდაცვის ძალების გამოყენება საომარი მდგომარეობის დროს გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას საქართველოს პარლამენტის მიერ. საომარი მდგომარეობის დროს დეკრეტით შეიძლება თავდაცვის ძალებში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოების გაერთიანება. მუხლი 160. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები საომარი მდგომარეობის დროს 1. საომარი მდგომარეობის მოქმედებისას, კონკრეტულ გარემოებათა მიხედვით, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, შეუძლიათ გამოიყენონ შემდეგი ღონისძიებები: ა) გააძლიერონ საზოგადოებრივი წესრიგისა და იმ ობიექტების დაცვა, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახლეობის საქმიანობას და მეურნეობის ფუნქციონირებას; ბ) დროებით გაასახლონ მოქალაქეები საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან. ამასთან, აუცილებლად მისცენ მუდმივი ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომები; გ) საომარი მდგომარეობის მოქმედების ადგილებში შემოიღონ მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი; დ) აუცილებლობის შემთხვევაში შეუზღუდონ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებსთავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფელის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე; ე) დროებით ჩამოართვან მოქალაქეებს კუთვნილი ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, ტყვიაწამალი, ხოლო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს - აგრეთვე სასწავლო-სამხედრო ტექნიკა, ფეთქებადი, რადიაქტიური ნივთიერებანი და მასალები, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებები; ვ) აკრძალონ კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა; ზ) შეიტანონ ცვლილებები სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების გეგმებში, აგრეთვე გადაწყვიტონ მათი სამეურნეო საქმიანობის სხვა საკითხები, დააწესონ საჯარო დაწესებულებების, აგრეთვე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საწარმოების) მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი; თ) საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული საჭიროებიდან გამომდინარე, დროებით, საომარი მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში, გადააყენონ თანამდებობიდან სტრატეგიული და მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დანიშნონ მათი შემცვლელი პირები; დროებით აკრძალონ ასეთ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მუშამოსამსახურეთა სამუშაოდან საკუთარი სურვილით განთავისუფლება, საპატიო მიზეზით დათხოვნის შემთხვევების გარდა. დროებით გადაყენებული პირები საომარი მდგომარეობის გაუქმებისთანავე უნდა აღადგინონ თავიანთ თანამდებობებზე, თუ არ არსებობს თანამდებობებიდან მათი განთავისუფლების კანონიერი საფუძველი; კ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოიყენონ საჯარო დაწესებულებებდან, აგრეთვე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან (მათ შორის, საწარმოებიდან) რესურსები საომარი მოქმედებების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის. იმავე მიზნით ისარგებლონ სხვა იურიდიული, აგრეთვე ფიზიკური პირების კუთვნილი ქონებითა და მატერიალური საშუალებებით, მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით, რომელიც გაიცემა საომარი მდგომარეობის დამთავრების შემდეგ; ლ) აკრძალონ გაფიცვები; მ) ჩააბან შრომისუნარიანი მოქალაქეები საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობაში, შრომის ანაზღაურებით, აგრეთვე საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციაში და უზრუნველყონ მათი შრომის უსაფრთხოება; ნ) შეზღუდონ ან აკრძალონ იარაღით, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებებით, აგრეთვე სპირტიანი სასმელებითა და სპირტის შემცველი ნივთიერებებით ვაჭრობა; ო) შემოიღონ საკარანტინო ღონისძიებები და განახორციელონ სხვა სავალდებულო სანიტარიულ დაეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები; პ) კანონმდებლობის შესაბამისად, კონტროლი დაუწესონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს; ჟ) შემოიღონ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესები; რ) შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და შეამოწმონ ისინი; ს) შეამოწმონ დოკუმენტები პირთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას მოაწყონ მოქალაქეთა, როგორც პირადი, ასევე მათი ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება; ტ) შემოიღონ კომენდანტის საათი. 2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში უფლებამოსილება აქვთ გააუქმონ ქვემდგომი ორგანოების ნებისმიერი გადაწყვეტილება. 3. საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს საომარი მდგომარეობის პერიოდში ცალკეულ ადგილებში შეცვალოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა კანონით დადგენილი ტერიტორიული განსჯადობა. 4. თუ საომარი მდგომარეობის მოქმედების ადგილებში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი ფუნქციების ჯეროვან შესრულებას, კანონმდებლობის შესაბამისად, საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, რომელიც თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, შეიძლება შემოღებულ იქნეს დროებითი მმართველობა, რითაც იგი საქართველოს მთავრობას დააკისრებს ვალდებულებას, დადგენილებით შექმნას მმართველობის განმახორციელებელი დროებითი ორგანო ან დანიშნოს თანამდებობის პირი და განსაზღვროს მისი უფლებამოსილებები. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებები დროებით შეჩერდება, ხოლო მათი ფუნქციების შესრულება დაეკისრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ მმართველობის განმახორციელებელ დროებით ორგანოს ან დანიშნულ თანამდებობის პირს, რომელსაც უფლება აქვს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად: ა) გამოიყენოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებები; ბ) დროებით შეასრულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების ფუნქციები; გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წარუდგინოს წინადადებები სახელმწიფო, სამეურნეო და სოციალური მშენებლობის საკითხებზე; დ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით, დაიქვემდებაროს შესაბამის ადგილზე განლაგებული სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები. 6. საომარი მდგომარეობის შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებს კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობა. 7. საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის თავდაცვის ძალების გამოყენება და მათი მოქმედებაში მოყვანა ხდება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. 8. საომარი მდგომარეობის მოქმედების დროს ან მისი თავიდან აცილებისათვის, ლიკვიდაციის სამუშაოთა წარმოებასთან დაკავშირებით დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უზრუნველყოფს საცხოვრებელი სადგომებით, უნაზღაურებს მიყენებულ მატერიალურ ზარალს, ეხმარება სამუშაოზე მოწყობაში და უწევს სხვაგვარ დახმარებას. ბინის მიცემის, ზარალის ანაზღაურებისა და სხვა საჭირო დახმარების გაწევის პირობებსა და წესს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 9. ამ მუხლის „გ“, „დ“, „ვ“, „კ“ და „მ“-„ჟ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 161. ეროვნული თავდაცვის საბჭო 1. საომარი მდგომარეობის დროს იქმნება სათათბირო ორგანო − ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი. 2. ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრები არიან: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საბჭოს წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრები. 3. ეროვნული თავდაცვის საბჭო კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის დროს წარმოქმნილ საკითხებს და ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს ქვეყნის თავდაცვის ორგანიზებისა და საომარი მდგომარეობის საჭიროებებთან დაკავშირებით. 4. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით იწვევს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ. 5. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომა, როგორც წესი, დახურულია. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომა შეიძლება ღიად გამოცხადდეს. 6. ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრებს ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის გამართვის ადგილსა და დროს აცნობებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 7. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომების ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 8. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. 9. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 10. ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის ოქმი ინახება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მუხლი 162. საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაცია 1. საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისათვის მოხმობილი ძალების მოქმედებათა კოორდინაციის, ხელმძღვანელობისა და თანამოქმედების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, შესაძლებელია საქართველოს მთავრობას დაეკისროს ვალდებულება, დადგენილებით ადგილებზე შექმნას დროებითი ორგანოები ან/და დანიშნოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი და განსაზღვროს მათი/მისი უფლებამოსილებანი. 2. საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან კომენდანტი გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც ამ კანონის ფარგლებში აწესრიგებს საომარი მდგომარეობის რეჟიმის ხელშეწყობის საკითხებს. 3. საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამთავრობო დაწესებულების გადაწყვეტილებით საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისათვის შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. მუხლი 163. ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებამოვალეობები საომარი მდგომარეობის დროს 1. საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, ქვეყნის თავდაცვის ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, იურიდიული პირების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, მოსამსახურეები მათი თანხმობის გარეშე, დროებით გადაიყვანონ ისეთ სამუშაოზე და რეჟიმზე, რომელიც არ არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული. 2. მოქალაქეებს კომენდანტის საათის დროს შეიძლება აეკრძალოთ ოფიციალურად გაცემული საშვების, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში ყოფნა, თავიანთი ბინის ფარგლებს გარეთ გამოსვლა. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესის დამრღვევ პირებს აკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო ვისაც თან დოკუმენტები არა აქვს, მათი პიროვნების დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 72 საათისა. დაკავებულნი შეიძლება პირადად გაისინჯონ, აგრეთვე _ გაუსინჯონ ნივთები. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობის შესაბამისად. თავი XV თავდაცვის სფეროში მოხალისეობა მუხლი 164. მოხალისეობის არსი თავდაცვის სფეროში 1. თავდაცვის სფეროში მოხალისეობა (შემდგომ - მოხალისეობა) არის ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ორგანიზაციული მოწესრიგების ფარგლებში, ნებაყოფლობით, ანაზღაურების გარეშე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ფიზიკური პირის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მისი უნარჩვევების თავდაცვის სფეროში გამოყენება. 2. მოხალისეობა არ გულისხმობს ანაზღაურებადი სამუშაოს ჩანაცვლებას და არ უნდა იქნეს გამოყენებული როგორც იაფი მუშახელის წყარო.მოხალისეობრივი საქმიანობა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობისთვის თავის ასარიდებლად. 3. სახელმწიფო ხელს უწყობს მოხალისეობის ორგანიზებას. მოხალისეობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხები განსაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით. 4. საომარი/საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს მოხალისეების გამოყენება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 165. მოხალისის სტატუსი 1. თავდაცვის სფეროში მოხალისე (შემდგომ - მოხალისე) შეიძლება გახდეს 18 წლის ასაკს მიღწეული პირი. 2. მოხალისის სტატუსის მინიჭებაზე/შეჩერებაზე/შეწყვეტაზე, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის გათვალისწინებით, გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო. 3. მოხალისის სტატუსი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა, ქვემოთ მოცემული პირობების ერთობლივად არსებობის შემთხვევაში, ენიჭება პირს: ა) რომელიც არის თავდაცვის სფეროში მოხალისეთა ორგანიზაციის (შემდგომ - მოხალისეთა ორგანიზაცია) წევრი; ბ) რომელმაც გაიარა შესაბამისი მომზადება; გ) რომელიც დარეგისტრირდა თავდაცვის სფეროში არსებულ მოხალისეთა რეესტრში (შემდგომ - მოხალისეთა რეესტრი) და გააფორმა მოხალისეობრივი ხელშეკრულება. 4. მოხალისის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს: ა) თუ იგი არის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი და აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 ნაწილის მხოლოდ „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას; ბ) სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნების მიუხედავად. 5. პირს მოხალისის სტატუსი შეუჩერდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) თუ დაიწყო წარმოება მისთვის მოხალისის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით. 6. მოხალისის სტატუსის შეჩერებაზე მიღებული გადაწყვეტილება უქმდება, თუ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება მოხალისის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. 7. პირს მოხალისის სტატუსი უწყდება და მოხალისეობრივი ხელშეკრულება შეუწყდება: ა) მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვისთანავე; ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისას. 8. მოხალისეთა ორგანიზაციის ლიკვიდაცია/სტატუსის შეჩერება/სტატუსის შეწყვეტა არ იწვევს მოხალისის სტატუსის შეწყვეტას. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული პირობის არსებობის შემთხვევაში, მოხალისის საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას ახორციელებს ამ კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მუხლი 166. მოხალისეთა ორგანიზაცია 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს მოხალისეობასთან დაკავშირებული საქმიანობა შეუძლია განახორციელოს, ყველა შემდეგი პირობის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში: ა) მის თანადამფუძნებლად განისაზღვრება ამ კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) იგი აკმაყოფილებს სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს; გ) მას მიენიჭება მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი. 2. მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად, სუბიექტი (მოხალისეთა ორგანიზაციის კანდიდატი) მიმართავს სამინისტროს.სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, იგი იძენს მოხალისეთა ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსს. 3. მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებაზე/შეჩერებაზე/შეწყვეტაზე, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის გათვალისწინებით, გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო. 4. მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის კრიტერიუმები და წესი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. მოხალისეთა ორგანიზაციას თავდაცვის სფეროში მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი შეუწყდება: ა) თუ იგი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლებამოვალეობას; ბ) ვეღარ აკმაყოფილებს მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს; გ) ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი აქტით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 6. მოხალისეთა ორგანიზაციას უჩერდება მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი, თუ დაიწყო წარმოება მისთვის ამ სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით. 7. მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უქმდება, თუ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. მუხლი 167. სახელმწიფოს უფლებამოსილებები თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებით 1. მოხალისეთა ორგანიზაციის/მოხალისეთა ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების კოორდინაციისა და კონტროლის მიზნით, სამინისტროს სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სამინისტრო უფლებამოსილია: ა) კონკრეტული მიზნების მისაღწევად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიული პირზე/მოხალისეთა ორგანიზაციაზე გასცეს გრანტი; ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი/მოხალისეთა ორგანიზაციას/მოხალისეთა ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტს/მოხალისეს მიანიჭოს უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონებით; გ) წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში: გ.ა) უზრუნველყოს მოხალისის სამედიცინო მომსახურება და რეაბილიტაცია, თუ მოხალისის ჯანმრთელობა გაუარესდა სამინისტროს ან ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ორგანიზებული ღონისძიების განხორციელებისას; გ.ბ) მოხალისეთა სისტემის განვითარების მიზნით, უზრუნველყოს სპორტული და სასწავლო სივრცეების ფუნქციონირება, სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში საგანმანათლებლო კურსების დაგეგმვა; გ.გ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ღონისძიებაში ჩართული პირები უზრუნველყოს კვებით, სამედიცინო მომსახურებით, განთავსებით, შესაბამისი ქონებით/აღჭურვილობით/ტექნიკითა და ტრანსპორტირებით; 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამინისტროსთან შეთანხმებით: ა) უფლებამოსილია: ა.ა) ხელი შეუწყოს კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციას; ა.ბ) უზრუნველყოს სამხედრო-პატრიოტული და სალაშქრო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება, სამხედრო-ისტორიული თემატიკის მომზადება; ბ) აფორმებს ხელშეკრულებას მოხალისეთა ორგანიზაციასთან/მოხალისეთა ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტთან; გ) აფორმებს მოხალისეობრივ ხელშეკრულებას მოხალისესთან; დ) მოხალისეზე გასცემს მოხალისის დამადასტურებელ მოწმობას; ე) გეგმავს ან/და განახორციელებს სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს მოხალისეობასთან დაკავშირებით; ვ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გრანტი, ქონდეს საკუთარი შემოსავალი ან/და სხვა დაფინანსება; ზ) ახორციელებს მოხალისეთა ორგანიზაციისა და მოხალისის მიერ ამ კოდექსისა და მათთან გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებას, აგრეთვე მათ მიერ მიღებული ქონებისა და ფულადი სახსრების ხარჯვას. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მონაწილეობას იღებს მოხალისეთა ორგანიზაციის მართვაში ამ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით. მუხლი 168. მოხალისეთა ორგანიზაცია და მოხალისეთა ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტი 1. მოხალისეთა ორგანიზაციის/მოხალისეთა ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტის საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში განსაზღვრული კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და მოხალისეთა ორგანიზაციასა/მოხალისეთა ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტს შორის იდება ხელშეკრულება. 3. მოხალისეთა ორგანიზაცია, ამ კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეთანხმებით: ა) დასახული მიზნების მისაღწევად, უფლებამოსილია ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფო უწყებებთან; ბ) საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია ისარგებლოს სამინისტროს/სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში არსებული ქონებით; გ) უზრუნველყოფს მომზადების შესაბამისი პროგრამის, კურსის, თუ ცალკეული ღონისძიების დაგეგმვას სამინისტროს სისტემაში შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეთანხმებით. 4. მოხალისეთა ორგანიზაცია ვალდებულია: ა) იზრუნოს ორგანიზაციის წევრის/მოხალისის კვალიფიკაციის ამაღლებაზე; ბ) ორგანიზაციის წევრს/მოხალისეს განუმარტოს უფლებები და მოვალეობები; გ) მესამე პირს აუნაზღაუროს ზიანი, რომელიც ამ პირს ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიადგა; დ) ორგანიზაციის წევრს/მოხალისეს აუნაზღაუროს ზიანი და სამედიცინო მომსახურების ხარჯი, რომელიც პირს მოხალისეთა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ან მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებისას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიადგა; ე) მოხალისეობის მიზნების მიღწევის მიზნით მიღებული გრანტი ან/და სხვა დაფინანსება გადასცეს ამ კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს; ვ) ამ კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით, წარუდგინოს მას ინფორმაცია გაწეული/დაგეგმილი საქმიანობის შესახებ; ზ) შეასრულოს ამ კოდექსის მოთხოვნები, ხელშეკრულების პირობები, აგრეთვე სამინისტროს და ამ კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის კანონისმიერი მოთხოვნები. მუხლი 169. მოხალისეთა ორგანიზაციის წევრი 1. მოხალისეთა ორგანიზაციის წევრი შეიძლება გახდეს პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი. 2. პირი 18 წლის ასაკამდე მოხალისეთა ორგანიზაციის წევრი შეიძლება გახდეს თავისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ ორგანიზაციის წევრობა არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი განათლებისა და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. მუხლი 170. მოხალისეთა რეესტრი 1. პირის მოხალისეთა რეესტრში დარეგისტრირებას და რეესტრიდან ამორიცხვას უზრუნველყოფს მხოლოდ ამ კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. მოხალისეთა რეესტრის წარმოება ხორციელდება მოხალისეთა ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 3. მოხალისეთა აღრიცხვის მიზნით, მოხალისეთა ელექტრონულ სისტემაში შეიტანება პირთან დაკავშირებული შემდეგი მონაცემები: ა) საიდენტიფიკაციო მონაცემები - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი, რეგისტრაციისა და საცხოვრებელი მისამართები, საკონტაქტო ინფორმაცია, ფოტოსურათი, ასევე ინფორმაცია მოქალაქეობის შესახებ; ბ) ფიზიკური მახასიათებლები - სისხლის ჯგუფი, სიმაღლე, წონა, ფეხის და თავის ზომა; გ) ინფორმაცია პირის განათლების, კვალიფიკაციის, უნარების, განსაკუთრებული ნიჭისა და სამუშაო გამოცდილების, სპეციფიკური საქმიანობისა და დასაქმების შესახებ; დ) პირის მიერ სამხედრო, სარეზერვო სამხედრო, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის, საბრძოლო მოქმედებებში და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესახებ ინფორმაცია; ე) ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 4. პირის მოხალისეთა რეესტრში დარეგისტრირებისა და რეესტრიდან ამორიცხვის წესი განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით. 5. მოხალისეთა ორგანიზაცია, ხელს უწყობს მოხალისეთა რეესტრის ფორმირებას. ამ ორგანიზაციას შეიძლება მიეცეს მოხალისეთა რეესტრის გაცნობის უფლებამოსილება, რომელიც რეგულირდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული მინისტრის სამართლებრივი აქტით. 6. ამ თავით გათვალისწინებული პერსონალური ინფორმაციის დამუშავება (შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, ან გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება) ხორციელდება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მხოლოდ მოხალისეთა აღრიცხვის, გამოძახების, მომზადების, აგრეთვე სტატისტიკის წარმოების მიზნით, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია კანონიერი მიზნის მისაღწევად. 7. მოხალისეთა რეესტრში არსებული ინფორმაცია წარმოადგენს სამინისტროსა და ამ კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის შიდაუწყებრივი ხასიათის ინფორმაციას და არ მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. მუხლი 171. მოხალისის უფლებები, მოვალეობები და სოციალური დაცვა 1. ეს კოდექსი არ ზღუდავს მოხალისის უფლებას, ისარგებლოს იმ უფლებებითა და თავისუფლებებით, რომლებიც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. 2. მოხალისე უფლებამოსილია: ა) ისარგებლოს ამ კოდექსით და სხვა სამართლებრივი აქტებით მისთვის დადგენილი სოციალური გარანტიებით; ბ) ისარგებლოს შესაბამისი ქონებით. 3. მოხალისე ვალდებულია: ა) თავისი საქმიანობა, აგრეთვე ნებისმიერი აქტივობა/ღონისძიება, რომელიც დაკავშირებული იქნება მოხალისეობასთან, განახორციელოს ამ კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეთანხმებით, სამართლებრივი და ეთიკური პრინციპებისა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით; ბ) ამ კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/მოხალისეთა ორგანიზაციას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია იმ საფრთხისა თუ რისკის შესახებ, რომელიც შეიძლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებამ გამოიწვიოს; გ) იზრუნოს ქონებაზე, რომელსაც იგი თავისი საქმიანობის განხორციელებისას იყენებს; დ) დროულად განაცხადოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან სხვა ისეთი ვითარების შესახებ, რომელიც მას ხელს უშლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში. 4. სამინისტროს/ამ კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებისას, მოხალისის დაჭრა/დასახიჩრების ან დაღუპვის შემთხვევაში, მასზე/მისი ოჯახის წევრზე ვრცელდება ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით სამხედრო მოსამსახურისათვის ასეთ შემთხვევებისათვის დაწესებული სოციალური გარანტიები. 5. მოხალისის ქმედებით მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხალისემ აღნიშნული ქმედება განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიდინა. მოხალისე ვალდებულია აანაზღაუროს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანი. 6. მოთხოვნის შემთხვევაში, ამ კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მოხალისეზე გასცემს ცნობას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მოხალისის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მისი ხანგრძლივობის თაობაზე. სასწავლებელი/დამსაქმებელი, წარდგენილი ცნობის საფუძველზე, ვალდებულია მოხალისეს გაცდენილი დრო, წელიწადში არაუმეტეს ხუთი დღისა, ჩაუთვალოს საპატიოდ, ასევე შეუნარჩუნოს შრომის ანაზღაურება/სტიპენდია. 7. უმუშევრობის სტატუსის მქონე მოხალისეს უნარჩუნდება უმუშევრის სტატუსი. მას უფლება აქვს, ისარგებლოს იმ შეღავათითა და დახმარებით, რომლებიც კანონმდებლობით უმუშევართათვის არის გათვალისწინებული. მუხლი 172. ხარჯების ანაზღაურება 1. სამინისტრო/ამ კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია მოხალისეს აუნაზღაუროს მოხალისეობრივი ღონისძიებისათვის აუცილებელი ხარჯები, მათ შორის: ა) საკონსულო მომსახურების (შესაბამისი ვიზის გაფორმების, ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების) ხარჯები; ბ) მგზავრობის ხარჯები; გ) საცხოვრებლის დაქირავების (ადგილის დაჯავშნის და ცხოვრების) ხარჯები; დ) კვების, კომუნიკაციისა და სადღეღამისო ხარჯები. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება ორგანიზაციის წევრის/მოხალისის მიმართ ეკისრება მოხალისეთა ორგანიზაციას თუ, ღონისძიება დაგეგმილი იყო მის მიერ. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურება არ ცვლის მოხალისეობის უანგარო ხასიათს. მუხლი 173. ორგანიზაციის წევრის/მოხალისის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამინისტრო/ამ კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი/მოხალისეთა ორგანიზაცია/მოხალისეთა ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტი ვალდებულია: ა) ორგანიზაციის წევრი/მოხალისე უზრუნველყოს უსაფრთხო გარემოთი, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა ორგანიზაციის წევრის/მოხალისის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად; ბ) ორგანიზაციის წევრს/მოხალისეს დროულად, გონივრულ ვადაში, გასაგები ფორმით მიაწოდოს სრული და ობიექტური ინფორმაცია ყველა ფაქტორის შესახებ, რომლებიც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მოქმედებს; აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს ორგანიზაციის წევრი/მოხალისე პერსონალური დამცავი აღჭურვილობით. მუხლი 174. მოხალისეობრივი ხელშეკრულება 1. მოხალისესთან მოხალისეობრივი ხელშეკრულება ფორმდება მოხალისეთა რეესტრში მისი დარეგისტრირების შემდეგ. 2. მოხალისეობრივი ხელშეკრულებით განისაზღვრება მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხები, პირობები, აგრეთვე მხარეთა უფლება-მოვალეობანი. 3. მოხალისეობრივი ხელშეკრულება იდება წერილობით, განსაზღვრული ვადით, მხარეთათვის გასაგებ ენაზე. ხელშეკრულება შეიძლება რამდენიმე ენაზე დაიდოს. თუ, ხელშეკრულება რამდენიმე ენაზე იდება, იგი უნდა შეიცავდეს დათქმას იმის თაობაზე, თუ რომელ ენაზე დადებულ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა ხელშეკრულების დებულებათა შორის განსხვავების შემთხვევაში. 4. სამინისტროსთან შეთანხმებით, მოხალისეობრივ ხელშეკრულებას ამტკიცებს და მას მოხალისესთან აფორმებს ამ კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მუხლი 175. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერა 1. მოხალისემ შესაძლებელია მოხალისეობრივი საქმიანობა განახორციელოს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეთანხმებით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს. თავი XVI გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 176. სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში 1. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრება 12 თვით. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში სპეციალური პენიტენციური სამსახურში, სახელმწიფო უსაფრთხოების, საქართველოს დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურებში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, მათ შორის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიას სახით, პირი მიიღება 2025 წლის 1 იანვრამდე. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ უწყებაში 2025 წლის 1 იანვრამდე დანიშნულ/ჩარიცხულ წვევამდელს, 4 წლის განმავლობაში უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლად. 4. ამ მუხლის პირველ ან/და მე-3 ნაწილებში მოცემული სამსახურის ვადის გასვლის შემდგომ, პირს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში. 5. პირმა, რომელიც 2025 წლის 1 იანვრამდე გაწვეული იქნა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 12 თვის ვადით, იგი უნდა დაასრულოს აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ. 6. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის შესაბამისი უწყების მოთხოვნები, ასევე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ვადები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 7. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ უწყებაში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, აღნიშნული საკითხები ასევე რეგულირდება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. 8. სამხედრო მოსამსახურესთან, რომელსაც სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული აქვს კონტრაქტი და ამ კოდექსის შესაბამისად აღარ მიეკუთვნება საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შემადგენლობას, გაფორმებული კონტრაქტი ძალაში რჩება კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე. 9. ამ კოდექსის 89-ე მუხლი არ ვრცელდება ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაბალ თანამდებობაზე დანიშნულ, ფაქტობრივი წოდების შესაბამისი განათლების, უნარების ან/და გამოცდილების არმქონე სამხედრო მოსამსახურეზე. 10. ამ კოდექსის ამოქმედების შემდგომ, ზოგიერთი სამხედრო მოსამსახურისათვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება, მაგრამ არაუმეტეს ერთი საფეხურისა, განხორციელდეს ამ მუხლის მე-11 ნაწილში მოცემული ვადების დაცვით, ხოლო შემდგომი მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება ამ კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად. 11. გარდამავალ პერიოდში მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებელი ვადებია: ა) I კლასის რიგითიდან - კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე - 2 წელი; ბ) სერჟანტიდან - უფროს სერჟანტამდე – 3 წელი; გ) უფროსი ლეიტენანტიდან - კაპიტნამდე – 3 წელი; დ) კაპიტნიდან - მაიორამდე – 3 წელი; ე) მაიორიდან - ვიცე-პოლკოვნიკამდე – 4 წელი. 12. პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება და სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სიტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან შესაბამის სხვა უწყებაში, მიეცემა შესაძლებლობა ამ კოდექსით განსაზღვრული მორიგი წოდების მინიჭებისათვის დადგენილი ვადებისა და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სპეციალური კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით იმსახუროს სამხედრო სამსახურში არაუმეტეს 2025 წლის 1 იანვრამდე. 13. 2025 წლის 1 იანვრის შემდგომ, ამ მუხლის მე-12 ნაწილით განსაზღვრულ უწყებაში, არსებული სამხედრო წოდებები, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით გაუთანაბრდეს შესაბამის სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს. 14. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეს (წვევამდელს), რომელიც 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მუშაობდა ამ სამსახურის სისტემაში, მინიჭებული აქვს სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება და 2019 წლის პირველი იანვრიდან სამსახური გააგრძელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში ჩაეთვლება საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობის ვადა. 15. პირს, რომელიც დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან და მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება ამ კოდექსის ამოქმედების შემდგომ, მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ყოფნის ვადაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნიდან, აღნიშნულ რეზერვში ჩარიცხვამდე პერიოდი. 16. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, მისი სურვილის შემთხვევაში, ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ოდენობით და ოჯახური პირობების გამო 10 კალენდარული დღის ოდენობით. 17. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სამხედრო მოსამსახურის შესაბამისი ფუნქციის/გვარეობის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილების შესრულება აღნიშნული სამხედრო მოსამსახურისთვის სავალდებულოა. სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილების წესი/სხვა შემთხვევები განისაზღვრება ამ უწყების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 177. სპეციალური წოდებები სამინისტროს სისტემაში 1. ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ პირველადი სახელმწიფო სპეციალური წოდება პირს მიენიჭება ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი დაინიშნება მხოლოდ სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციისა და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში. 2. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში მოცემულ ქვედანაყოფებში დასაქმებული მოსამსახურისა, ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ შეუნარჩუნდება მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდება და აღარ მიენიჭება მორიგი. მუხლი 178. მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზება გარდამავალ პერიოდში 1. 2024 წლის პირველ იანვრამდე: ა) სამინისტროს უფლება-მოვალეობები, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად დაკავშირებულია სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან (გაწვევის ორგანიზება, გაწვევა, გაწვევისაგან გათავისუფლება ან გადავადება, სამედიცინო შემოწმება), სარეზერვო სამხედრო სამსახურთან (აღრიცხვა, აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ჩარიცხვა, გამოძახება, გაწვევა, გაწვევისაგან გათავისუფლება ან გადავადება, სამედიცინო შემოწმება), განახორციელოს მუნიციპალიტეტის მერმა/თბილისის რაიონის გამგებელმა, მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა/თბილისის რაიონის გამგეობის სტრუქტურულმა ერთეულმა; ბ) შესაბამისი უწყების/ორგანოს/სასწავლებლის/დამსაქმებლის უფლება-მოვალეობები, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად დაკავშირებულია სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან (გაწვევის ორგანიზება, გაწვევა, გაწვევისაგან გათავისუფლება ან გადავადება), სარეზერვო სამხედრო სამსახურთან (აღრიცხვა, აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ჩარიცხვა, გამოძახება, გაწვევა, გაწვევისაგან გათავისუფლება ან გადავადება), განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულთან/თბილისის რაიონის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულთან მიმართებაში. 2. გარდამავალ პერიოდში სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, პირი ვალდებულია ასევე გამოცხადდეს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულში/თბილისის რაიონის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში. 3. ამ კოდექსით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილება. 4. მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად: ა) 2023 წლის პირველ ივლისამდე ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; ბ) 2023 წლის პირველი ივლისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე სამინისტრო. 5. 61-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 73-ე მუხლის მე-9 და მე-11 ნაწილებით, 74-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 75-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 76-ე მუხლის მე-5 ნაწილით და 111-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებები 2023 წლის 1 ივლისამდე განახორციელოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. ამასთან, ამ კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია წარედგინოს ასევე სამინისტროს. 6. მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის მერიაში (აჟარის, თიღვის, ქურთის, ერედვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში - გამგეობაში), ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობაში იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომ - მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული/თბილისის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეული). 7. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის საერთო ხელმძღვანელობის, კოორდინაციისა და კონტროლის მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება ცენტრალური გამწვევი კომისია, ხოლო ცენტრალური გამწვევ კომისიასთან - წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი ცენტრი. 8. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის მუნიციპალიტეტში/თბილისის რაიონში იქმნება გამწვევი კომისია, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი ან თბილისის რაიონის გამგებელი. გამწვევი კომისიის შემადგენლობაში წევრის სტატუსით შედიან სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერიის/თბილისის რაიონის მოსამსახურე. 9. გამწვევი კომისიის მიერ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, პირის წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრამდე მიყვანას და უკან მგზავრობას, აგრეთვე აღნიშნულ პერიოდში მის კვებას, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი. აღნიშნულ ვალდებულებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი ასრულებს ნებაყოფლობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის გამოცხადების ადგილი სცილდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს. 10. გარდამავალ პერიოდში მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული/თბილისის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეული სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს, ასევე ინფორმაციას, მიმდინარეობასთან და შედეგებთან დაკავშირებით, მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის სამინისტროს, რომელიც ამ მონაცემებს შეჯერებული სახით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 11. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვას და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ორგანიზებას უწევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებისა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ამ კანონის შესაბამისად სამხედრო აღრიცხვას და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ორგანიზებას უწევს აჟარის მუნიციპალიტეტი. 12. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებები შეესაბამება ამ კოდექსით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს. 13. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას რამდენიმე გამწვევი კომისია და განსაზღვროს მათი შემადგენლობები. 14. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად გამოიყენება ამ კოდექსით სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული შესაბამისი დებულებები. 15. ამ კოდექსის ამოქმედებამდე სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირების შესაბამის კატეგორიებში აღრიცხვის მიზნით, ამ კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, სამინისტრომ, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება. 16. პირს, რომელმაც ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოთქვა სურვილი და გადაიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი, აღნიშნული საფუძვლით სარგებლობა შეუძლია 18 თვის ვადით, 25 წლის ასაკის მიღწევამდე. მუხლი 179. სამხედრო წოდების მინიჭება იმ პირთათვის, რომელთაც ვერ დაასრულეს სამხედრო წოდების მისანიჭებელი სპეციალური პროგრამა 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყოფილ სტუდენტს, რომელმაც ჩააბარა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისაღები სახელმწიფო გამოცდები და 2009 წლის 1 სექტემბრამდე არ მინიჭებია სამხედრო წოდება, მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ: ა) მან სამხედრო კათედრის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა სამხედრო კათედრის ან სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები; ბ) ის სამხედრო კათედრის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმების დროისათვის იმყოფებოდა აღნიშნული კათედრის დამამთავრებელ კურსზე; გ) მან სამხედრო კათედრის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა სამხედრო კათედრის ან სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ვერ ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები აღნიშნული კათედრის გაუქმების გამო. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულს, რომელსაც 2009 წლის 1 სექტემბრამდე არ მინიჭებია სამხედრო წოდება, მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ: ა) მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები; ბ) ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმების დროისათვის იმყოფებოდა აღნიშნული კათედრის დამამთავრებელ კურსზე; გ) მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ვერ ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები აღნიშნული კათედრის გაუქმების გამო. მუხლი 180. სამხედრო წოდებების გათანაბრება 1. ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ, თავდაცვის ძალების რეზერვში მყოფი პირების სამხედრო წოდებები გათანაბრდეს შემდეგი წესით: ა) ეფრეიტორი და II კლასის ეფრეიტორი გაუთანაბრდეს – რიგითს, ხოლო მატროსი, უფროსი მატროსი და II კლასის მატროსი – საზღვაო რიგითს; ბ) I კლასის ეფრეიტორი გაუთანაბრდეს – I კლასის რიგითს, ხოლო I კლასის მატროსი – I კლასის საზღვაო რიგითს; გ) ბატალიონის სერჟანტი და შტაბის სერჟანტი გაუთანაბრდეს – მასტერ სერჟანტს, ხოლო ხომალდის მიჩმანი და შტაბის მიჩმანი – მასტერ მიჩმანს; დ) ბრიგადის სერჟანტი გაუთანაბრდეს – მთავარ სერჟანტს; ე) უმცროსი ლეიტენანტი გაუთანაბრდეს – ლეიტენანტს. 2. შესაბამისმა უწყებამ და მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ მოქმედი სამხედრო მოსამსახურისა და თავდაცვის ძალების რეზერვში მყოფი პირის სააღრიცხვო მონაცემების შეცვლა ამ მუხლის შესაბამისად. მუხლი 181. მისაღები სამართლებრივი აქტები 1. საქართველოს მთავრობამ ამ კოდექსის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში: ა) დაამტკიცოს სამხედრო ფიცის ტექსტი. ბ) მიიღოს: ბ.ა) საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის მიერ სხვა პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი; ბ.ბ) სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტის სამივლინებო თანხის ოდენობა და ანაზღაურების წესი; ბ.გ) სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტის მიერ სხვა პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. 2. მინისტრმა ამ კოდექსის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში: ა) დაამტკიცოს სამინისტროს მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან, მის მიმართ განსახორციელებელ სამედიცინო მომსახურებასთან და შესაბამის ანაზღაურებასთან, ასევე ჯანმრთელობის გამო შვებულებასთან დაკავშირებული საკითხები; ბ) განსაზღვროს სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი დაწინაურების წესი, პროცედურები და წოდების კატეგორიები; გ) გამოსცეს საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა და ანაზღაურების შენარჩუნების წესი; დ) დაამტკიცოს სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და ჩატარების წესი, აგრეთვე დაავადებათა ნუსხა; ე) განსაზღვროს სამშვიდობო ოპერაციაში წარსაგზავნი სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებისა და მივლინების ორგანიზაციული საკითხები, ასევე არასამხედრო კონტინგენტის მივლინების საკითხები; ვ) განსაზღვროს ქმედება ან/და მასთან დაკავშირებული საკითხები, რომლისთვისაც სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა. 3. ამ კოდექსის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა. მუხლი 182. კოდექსის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტების მოქმედება 1. ამ კოდექსის 183-ე მუხლში მოცემული ძალადაკარგული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, აგრეთვე სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებითა და სამხედრო სამსახურის საკითხებზე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები, ასევე ამ კოდექსის ამოქმედებამდე და ამ კოდექსის ამოქმედების შემდგომ, მათ საფუძველზე განხორციელებული ქმედებები ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამის სამართლებრივი აქტების გამოცემამდე. 2. შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემამდე/მიღებამდე, მოქმედებს/გამოიყენება ამ მუხლის პირველ ნაწილში მოცემული სამართლებრივი აქტები. მუხლი 183. ძალადაკარგულად გამოსაცხადებელი აქტები ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს: ა) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997); ბ) ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 16, 16/05/2006); გ) „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 39(46), 06/08/1999); დ) ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი (პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998); ე) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 17 სექტემბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, 41, 08/10/1997); ვ) „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 07 მარტის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი, 26/03/2018); ზ) „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი (სსმ, 21, 12/07/2002); თ) „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997); ი) „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი (სსმ, 22, 19/06/2007). მუხლი 184. კოდექსის ამოქმედება 1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-11 ნაწილისა, 33-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, 63-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5-მე-7 ნაწილებისა, 65-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, 66-ე მუხლის პირველი-მე-5 ნაწილებისა, 68-ე მუხლის მეორე ნაწილისა, 69-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებისა, 72-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებისა, 73-ე მუხლის პირველი-მე-8, მე-11 და მე-15 ნაწილებისა, 75-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა, 77-ე მუხლის პირველი-მე-7 ნაწილებისა, 78-ე მუხლის პირველი-მე-5 ნაწილებისა, მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, მე-12 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, 79-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა, 99-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, 103-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, 104-ე მუხლის „ა“-„ნ“ ქვეპუნქტებისა, 106-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილებისა, 107-ე მუხლისა და 111-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კოდექსის: ა) მე-10 მუხლის მე-11 ნაწილი, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 63-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5მე-7 ნაწილები, 65-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 66-ე მუხლის პირველი-მე-3 და მე-4-მე-5 ნაწილები, 68-ე მუხლის მეორე ნაწილი, 72-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილები, 73-ე მუხლის პირველი-მე-8, მე-11 და მე-15 ნაწილები, 75-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 77-ე მუხლის პირველი-მე-7 ნაწილები, 99ე მუხლის მე-3 ნაწილი, 103-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„ნ“ ქვეპუნქტები, 106-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილები, 107-ე მუხლი და 111-ე მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან; ბ) 33-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 69-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილი, 78-ე მუხლის პირველიმე-5 ნაწილები, მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, მე-12 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 79-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „თავდაცვის კოდექსი“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: - თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლება; - სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ნორმებში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება; - თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის არარსებობა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: - თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის სამართლებრივი საფუძვლების დახვეწა; - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ნატო) სამართლებრივი მექანიზმების თავსებადობის ხელშეწყობა; - სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგების საჭიროება; - თავდაცვის სფეროში არსებული მოქმედი სამართლებრივი აქტების კონსოლიდირება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: - სახელმწიფო თავდაცვის ორგანიზების სამართლებრივი საფუძვლების დახვეწა; - თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლება; - სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის, პრინციპებისა და დოკუმენტების განსაზღვრა; - თავდაცვის ძალების მეთაურის დანიშვნის წესისა და მისი უფლებამოსილების განსაზღვრა; - სამხედრო წოდებებს შორის არსებული მინიმალური ვადების მოწესრიგება და თანამედროვე დასავლური სტანდარტების დაწინაურების სისტემის მექანიზმის უზრუნველყოფა; - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ნატო) სამართლებრივი მექანიზმების თავსებადობის ამაღლება; - სამხედრო სამსახურის არსისა და სახეების ახლებურად განსაზღვრა; - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესება; - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეთათვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა; - სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახელის შეცვლა - წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური; - წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 12-თვიანი ვადის შემცირება და რეფორმა; - სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობის უზრუნველყოფა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში; - თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის შექმნა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: დღეისათვის თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება შემდეგი სამართლებრივი აქტებით: - საკანონმდებლო: 1. ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი. 2. ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი. 3. „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი. 4. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი. 5. ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 17 სექტემბრის კანონი. 6. „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი. 7. „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი. 8. „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი. 9. „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი. - კანონქვემდებარე ნორმატიული: 1. „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილება. 2. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილება. 3. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სპეციალური წოდების მქონე პირთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულება. 4. „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანება. 5. „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის № 582 ბრძანება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმიანობასთან და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, საჭიროებს დაზუსტებას/შეცვლას. ამასთან, ერთი და იგივე საკითხი, დარეგულირებულია სხვადასხვა სამართლებრივი აქტით (მაგალითად: სამხედრო სამსახურში მიღების, სამსახურის გავლისა და სამსახურიდან დათხოვნის საკითხები რეგულირდება ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებითა და „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით). შესაბამისად, ზემოაღნიშნულ სამართლებრივ აქტებში ხშირად გვხვდება ნორმათა დუბლირება/კოლიზია. ამდენად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული თავდაცვის კოდექსის პროექტის შემუშავება, რომელიც ახლებურად დაარეგულირებს სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, განხორციელდება თავდაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების კოდიფიკაცია, რაც უზრუნველყოფს, როგორც შესაბამის სამართლებრივ აქტებში არსებულ ნორმათა დუბლირების/კოლიზიის აღმოფხვრას, ასევე თავდაცვის სფეროში ერთიანი, კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის შექმნას. პროექტის მიღება ხელს შეუწყობს სახელმწიფო თავდაცვის ორგანიზების სამართლებრივი საფუძვლების დახვეწას, თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ნატო) სამართლებრივ თავსებადობას, სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას. პროექტით წარმოდგენილია გარკვეული სიახლეები. კერძოდ: - 2024 წლიდან სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედრო მოსამსახურეთათვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა თავდაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და კრიტერიუმების მიხედვით. ეს ხელს შეუწყობს სამხედრო მოსამსახურეთათვის სოციალური გარანტიის ზრდას და მოტივაციის ამაღლებას. - გაიზრდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრა-დასახიჩრების ან დაღუპვის შემთხვევაში დაწესებული კომპენსაციის ოდენობა და იგი, ასევე გავრცელდება სამინისტროს სისტემის სამოქალაქო პირებზე. - შემცირდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის 12-თვიანი ვადა. ამასთან, სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცვლება სახელწოდება და მას ეწოდება „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“. პროექტის მიხედვით, განისაზღვრა კოდექსის მიზანი და რეგულირების სფერო. კოდექსის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად, თავდაცვის ორგანიზების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. რაც შეეხება რეგულირების სფეროს, იგი ეფუძნება ტოტალური თავდაცვის მიდგომას, ეროვნული მედეგობის გაძლიერებას, ეროვნული წინააღმდეგობის ორგანიზებასა და ამოცანით მართვას, რომელთა განხორციელების გზები და პრინციპები უნდა აისახოს ეროვნული და უწყებრივი დონის კონცეპტუალურ დოკუმენტებში. ასევე, კოდექსის რეგულირების სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილებისა და სტრუქტურის განსაზღვრა, სამხედრო აღრიცხვა, სამხედრო სამსახურის გავლა, თავდაცვის რეზერვის მართვა, სამხედრო განათლება, საერთაშორისო სწავლება, სამშვიდობო ოპერაცია, წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა, საომარი მდგომარეობის რეგულირება, მოხალისეობა თავდაცვის სფეროში. პროექტის მიხედვით შემოღებულ იქნა ერთგვაროვანი ტერმინოლოგია, რაც პრობლემურ საკითხს წარმოადგენს დღევანდელ კანონმდებლობაში. განისაზღვრა სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის არსი და პრინციპები, სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის (ეროვნული და უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული) დოკუმენტების სახეები, მათი შემუშავების, დამტკიცებისა და კოორდინაციის წესი. პროექტით განისაზღვრა სამინისტროს სტრუქტურა და ფუნქციები. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ფუნქციების გათვალისწინებით, ერთიანდებიან სამინისტროს სამოქალაქო ოფისში ან თავდაცვის ძალებში. შესაბამისად, სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების ფუნქციები, ასევე მათი ერთობლივი ფუნქციები მოცემულია ცალ-ცალკე. პროექტის შესაბამისად, ახლებურად განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურის დაჭრა-დასახიჩრების ან დაღუპვისათვის დაწესებული საკომპენსაციო თანხის ოდენობა. კერძოდ, კომპენსაციის ოდენობა დაჭრა-დასახიჩრების შემთხვევაში ნაცვლად 7 000 ლარისა განისაზღვრა 20 000 ლარით, ხოლო დაღუპვის შემთხვევაში - ნაცვლად 15 000 ლარისა 30 000 ლარით. რაც შეეხება საბრძოლო დავალების შესრულების, სამშვიდობო ოპერაციაში ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის, ასევე საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს დაღუპვის ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში 2013 წელს დაწესებულ 100 000 ლარიან ერთჯერად დახმარებას, რჩება უცვლელი. ამასთან, სიახლის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სამოქალაქო (მათ შორის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე) პირებზე დაჭრადასახიჩრებისა და დაღუპვის შემთხვევაში გავრცელდება სამხედრო მოსამსახურის ანალოგიური სოციალური გარანტები, ვინაიდან მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება ხშირად უწევთ იმავე პირობებში და რისკის ქვეშ (სამხედრო წვრთნები, სამშვიდობო ოპერაციები, საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს), როგორც სამხედრო მოსამსახურეებს. „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულებით დარეგულირებულია სამხედრო მოსამსახურის (მათ შორის დაჭრილი და დაშავებული), ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტისა და მოქნილობის მიზნით, სამინისტროს მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან, მის მიმართ განსახორციელებელ სამედიცინო მომსახურებასთან და შესაბამის ანაზღაურებასთან, ასევე ჯანმრთელობის გამო შვებულებასთან (მათ შორის, დაჭრილი/დასახიჩრებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების ვადა) დაკავშირებული საკითხები დარეგულირდება თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით. პროექტის მიხედვით, თავდაცვის მინისტრი უფლებამოსილი იქნება დაადგინოს, როგორც სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სოციალური გარანტიები, ასევე სამინისტროს მიზნებიდან გამომდინარე, განსაზღვროს იმ პირთა სოციალური გარანტიები, რომლებიც არ არიან სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები. აღნიშნული ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში ან სამშვიდო ოპერაციების დროს, სამინისტროს ზოგიერთმა მოსამსახურემ სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. აღნიშნული კატეგორიის მოსამსახურეები სახელმწიფოსთვის, მათ შორის თავდაცვის ძალებისთვის, წარმოადგენენ მნიშვნელოვან რგოლს, შესაბამისად, მათ კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელმწიფოსათვის წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრო ინტენსიურად ახორციელებს შესაბამისი სოციალური ღონისძიებების გატარებას და იღებს ვალდებულებას განახორციელოს მათი ფიზიკური რეაბილიტაცია, მიუხედავად იმისა, ეს პირი კვლავ წარმოადგენს თუ არა სამინისტროს სისტემის თანამშრომელს. შესაბამისად, სოციალური გარანტია ასევე შეიძლება დაუწესდეს პირს, რომელიც არ იქნება სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, მაგრამ დაჭრილ და დაშავებულ მოსამსახურეს მკურნალობის დროს, მათ შორის საზღვარგარეთ, შეიძლება ახლდეს როგორც თანმხლები/მომვლელი პირი (მაგ. ოჯახის წევრი). აღნიშნული საკითხი დღეს რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულებით. - საქართველოში ჩატარებულ სამხედრო სწავლებებში მონაწილე პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები, სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნენ სამინისტროს ობიექტებში განთავსებით, სამედიცინო მომსახურებით, შეიარაღებითა და საბრძოლო მასალით, ტრანსპორტით, კვებით, სანივთე ქონებით, ფარმაცევტული და სხვა საშუალებებით. აღნიშნული ღონისძიებებით ასევე შეიძლება უზრუნველყოფილი იქნენ სხვა უწყების მოსამსახურეები, რომლებიც სწავლობენ სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ან/და მონაწილეობას იღებენ სამინისტროს ეგიდით გამართულ ერთობლივ წვრთნებში (მაგალითად კვება, სანივთე ქონებით უზრუნველყოფა). პროექტის მიხედვით, სამინისტროს სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით, სამინისტროს ობიექტებთან გარკვეულ დისტანციაზე მშენებლობისა და სხვა საქმიანობის განხორციელება, აუცილებელი იქნება წინასწარ შეთანხმდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან. აღნიშნული განპირობებულია პერიმეტრის კონტროლისა და შეზღუდული ხილვადობის პირობებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით, ასევე ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების დაცვის საჭიროებით. პროექტით ასევე განისაზღვრა: - საქართველოს თავდაცვის ძალების სახეობა და შემადგენლობა; - საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მართვის დონეები: სტრატეგიული, ოპერატიული, ტაქტიკური; - საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის დაწესების საფუძველი; - საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების წესი; - საქართველოს სახელმწიფო თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, განისაზღვრა სამინისტროს კომპეტენცია დანერგოს და განავითაროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელშემწყობი სტანდარტიზაციისა და ეროვნული კოდიფიკაციის სისტემა, რომელიც თავსებადი იქნება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა (ნატო) და ევროკავშირის სტანდარტებთან. პროექტით განისაზღვრა საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი სტატუსი, საქმიანობის ძირითადი პრინციპები, უფლებამოსილებები, იძულების ღონისძიებების გამოყენების სფეროები და ფარგლები, სამხედრო ფუნქციები. ახლებურად განისაზღვრა სამხედრო სამსახურის არსი და სახეები. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. ტერმინი „კადრის სამხედრო სამსახური“ არის მოძველებული და აღარ შეესაბამება დღევანდელ რეალობას. შესაბამისად, სამხედრო სამსახურის სახეები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:  რეგულარული სამხედრო სამსახური, რომელიც მოიცავს: - პროფესიულ სამხედრო სამსახურს; - წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს.  თავდაცვის ძალების რეზერვი მოიცავს: - აქტიურ რეზერვს; - სამობილიზაციო რეზერვს. თავის მხრივ, აქტიური რეზერვი შედგება ტერიტორიული რეზერვისგან და სპეციალისტთა რეზერვისგან, ხოლო სამობილიზაციო რეზერვი - მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვისაგან და ზოგადი სამობილიზაციო რეზერვისაგან. პროექტის მიხედვით, ერთ-ერთი ფუნდამენტური სიახლეა სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მომზადება ხორციელდება სპეციალური პროგრამების მეშვეობით, მათ შორის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით. ამასთან, ზოგიერთი კატეგორიის სამხედრო წოდების მინიჭება და თანამდებობრივი დაწინაურება ხდება შესაბამისი კურსების გავლისა და თანამდებობრივი და წოდებრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩაბარების შემდგომ, შერჩევის საბჭოს ჩართულობით, რომლის შესაძლებლობასაც მოკლებულია სხვა უწყება. შედეგად ვიღებთ ოფიცრებს, რომლებსაც მიღებული არ აქვთ სათანადო დონის სამხედრო განათლება და შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია პირისათვის, რათა საჭიროების შემთხვევაში, იმსახუროს სამხედრო ქვედანაყოფებში ან რეზერვში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სიახლის მიხედვით, 2025 წლიდან, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი იქნება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. რაც შეეხება პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება და სამხედრო სამსახურს გადის სხვა უწყებაში, 2025 წლიდან მიეცემა შესაძლებლობა სამსახური გააგრძელოს სახელმწიფო სპეციალური წოდებით. პროექტის მიხედვით, სამხედრო ფიცის ტექსტს, სამინისტროს წარდგინებით დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამხედრო ფიცის დადება უნდა დასტურდებოდეს სამხედრო მოსამსახურის ხელმოწერით. სიახლის მიხედვით, სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადი იქნება: - სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამედიცინო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სახელმწიფო ან სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში განხორციელებული საქმიანობა; - საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციის თანამდებობაზე განხორციელებული საქმიანობა, რომელიც ემსახურება საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესრულებას. სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან აღნიშნული საქმიანობის შეთავსება აუცილებელია შესაბამისი სპეციალობის მქონე სამხედრო მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველსაყოფად, ასევე საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად. ამასთან, სამხედრო მოსამსახურისათვის ზემოაღნიშნული წარმოადგენს დამატებით მნიშვნელოვან პრივილეგიას და ემსახურება მისი მოტივაციის ამაღლებას. ახლებურად განისაზღვრა განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის წესი. კერძოდ, განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობის ვადის პროპორციულად (სამმაგი, ორმაგი და ერთნახევარი ოდენობით) აღარ მოხდება წელთა ნამსახურობის ვადის გადაანგარიშება და იგი შეეხება მხოლოდ შრომის ანაზღაურების ოდენობას, ვინაიდან წელთა ნამსახურობის გადაანგარიშება ზეგავლენას ახდენს მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების ვადაზე. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე ვერ ახერხებს დააკმაყოფილოს ის კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელია მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად (უცხო ენის შესწავლა, შესაბამისი კურსების გავლა). რაც შეეხება წელთა ნამსახურობის გადაანგარიშებას, იგი განხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისათვის. პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის უმაღლესი სამხედრო წოდების მქონე ოფიცერი, თანამდებობაზე დაინიშნება და თანამდებობიდან გათავისუფლდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ. შეიცვალა ზოგიერთი კატეგორიის სამხედრო წოდების მინიჭების ვადა:  I კლასის რიგითიდან - კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე - ნაცვლად 2 წლისა 1 წელი;  სერჟანტიდან - უფროს სერჟანტამდე - ნაცვლად 3 წლისა - 4 წელი;  უფროსი ლეიტენანტიდან - კაპიტნამდე – ნაცვლად 3 წლისა - 4 წელი;  კაპიტნიდან - მაიორამდე – ნაცვლად 3 წლისა - 4 წელი;  მაიორიდან - ვიცე-პოლკოვნიკამდე – ნაცვლად 4 წლისა - 5 წელი. მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად არსებული ვადის შეცვლა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: - პირველი კლასის რიგითიდან კაპრალამდე სამხედრო წოდების მინიჭების ვადის შემცირება გამოიწვევს კაპრალამდე და უმცროს სერჟანტამდე უფრო სწრაფ წოდებრივ ზრდას, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო მოსამსახურის მოტივაციის ამაღლებას, რომ მიენიჭოს სერჟანტის სამხედრო წოდება. - სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე წოდების მინიჭების ვადის ზრდა ხელს შეუწყობს სერჟანტთა შემადგენლობის წოდებრივი ზრდის ვადის დაბალანსებას (20 წელი). ამასთან, აღნიშნული ცვლილება თანხვედრაში მოვა საქართველოს თავდაცვის ძალებში სერჟანტების რაოდენობრივ მოთხოვნებთან. კერძოდ, დაბალი რანგის სერჟანტების მეტი რაოდენობის საჭიროება მაღალი რანგის სერჟანტებთან შედარებით. - ოფიცერთა შედარებით დაბალ წოდებაში მორიგი სამხედრო წოდების მინიჭებისათვის არსებული მცირე ვადები იწვევს ოფიცრის მაღალ წოდებამდე სწრაფად ზრდას. შესაბამისად, პირმა შეიძლება ვერ მიიღოს სათანადო განათლება და გამოცდილება (საკარიერო კურსები; უცხო ენის კურსები და ა. შ.). ამასთან, წოდების მისანიჭებლად არსებული მცირე ვადა იწვევს მაღალი რანგის ოფიცერთა სიჭარბის წარმოქმნას სამინისტროში არსებულ საშტატო ნუსხებთან შედარებით. ამდენად, მორიგი სამხედრო წოდების მინიჭებისათვის დადგენილი ვადის გასვლის მიუხედავად, მაღალი წოდების საშტატო თანამდებობების სიმცირის გამო, ვერ ხერხდება ოფიცერთა საკმარისი რაოდენობის დაწინაურება. ოფიცრის პირველი უმაღლესი სამხედრო წოდება (ბრიგადის გენერალი) შეიძლება მიენიჭოს პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს თუ მას ორი წლის განმავლობაში ეკავა პოლკოვნიკის და ერთი წლის განმავლობაში უმაღლესი ოფიცრის საშტატო კატეგორიის თანამდებობა. აღნიშნული ეფუძნება შემდეგ გარემოებას - სამხედრო მოსამსახურემ, პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მინიჭებისა და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მიზანშეწონილია იმსახუროს გარკვეული პერიოდი, რათა მიიღოს შესაბამისი გამოცდილება და აიმაღლოს ცოდნის დონე. პარტნიორ ქვეყნებში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, „არმიის გენერლის“ სამხედრო წოდებას ეწოდა „გენერლის“ სამხედრო წოდება. როგორც წესი, მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად, აუცილებელია სამხედრო განათლების მიღება, უცხო ენის (ძირითადად ინგლისურის) შესწავლა, და შესაბამისი გამოცდილების შეძენა. შესაბამისად, მშვიდობიან პერიოდში სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭება არ არის მიზანშეწონილი. რაც შეეხება საომარ მდგომარეობას, გარკვეული თანამდებობის შევსებისათვის შეიძლება წარმოიქმნას ვადამდე წოდების მინიჭების საჭიროება. ამდენად, პროექტის მიხედვით, მორიგი სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს. პროექტის მიხედვით, სამხედრო წოდება პირს ჩამოერთმევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ. სამხედრო წოდების ჩამორთმევის შემთხვევაში, პირს შეუწყდება სოციალური გარანტიების მიღების უფლება, რომლებიც წარმოექმნა სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით. კარიერული იერარქიის დაგეგმვის უზრუნველსაყოფად, ზოგიერთი კატეგორიის სამხედრო მოსამსახურის ზღვრული ასაკი განისაზღვრა განსხვავებულად. კერძოდ: რიგითთა შემადგენლობას, საბრძოლო ქვედანაყოფებში უწევთ რთული დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკურ დატვირთვასთან. ამასთან, მათ არ უწევთ კარიერული დაწინაურება. შესაბამისად, მიზანშეწონილია მათი ზღვრული ასაკი ნაცვლად 50 წლისა განისაზღვროს 45 წლით, რათა დროულად განხორციელდეს მათი როტაცია, ასევე, გაჩნდეს მეტი მოტივაცია მაღალ წოდებაში დასაწინაურებლად. გაიზარდა მთავარი სერჟანტის ზღვრული ასაკი და ნაცვლად 50 წლისა განისაზღვრა 55 წელი. რიგითთა, კაპრალთა და სერჟანტთა წოდებრივ იერარქიაში, მთავარი სერჟანტი წარმოადგენს ყველაზე მაღალი წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს. შესაბამისად, მას მიღებული აქვს სათანადო განათლება (რაზედაც გაწეულია მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯები) და გააჩნია მრავალმხრივი კარიერული გამოცდილება. შესაბამისად, უწყება დაინტერესებულია მთავარი სერჟანტის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე შეინარჩუნოს ხანგრძლივი დროით. სამინისტროს სისტემაში სამედიცინო პერსონალის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც აქვს სამედიცინო განათლება და ამავდროულად დანიშნულია სამედიცინო ქვედანაყოფში ან უკავია სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობა - ზღვრული ასაკი გაუგრძელდება 55 წლამდე. სიახლის მიხედვით, საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტისა და მოქნილობის მიზნით, პოლკოვნიკისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის ზღვრულ ასაკს, ნაცვლად საქართველოს მთავრობისა, გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. სიახლის მიხედვით, კოდექსის ამოქმედების შემდგომ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი მიღებული იქნება მხოლოდ სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში. პირს, რომელიც სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურს გადის სხვა ქვედანაყოფებში, შეუნარჩუნდება აღნიშნული წოდება, მაგრამ აღარ მიენიჭება მორიგი, თუმცა სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლების მიხედვით შესაძლებელია წარმოეშვათ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება. პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს 2023 წლის პირველი ივლისიდან, ხოლო მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვას, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას და გაწვევას 2024 წლის პირველი იანვრიდან. ამასთან, განისაზღვრა სამხედრო აღრიცხვის სახეები და წესი, ასევე სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებები. სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაციის დამუშავება განხორციელდება მხოლოდ სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფის, აგრეთვე სტატისტიკის წარმოების მიზნით, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია კანონიერი მიზნის მისაღწევად, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ სიახლეს წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ახლებური მიდგომების ჩამოყალიბება. კერძოდ, დანერგილია ახალი სარეზერვო სისტემა, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს რეზერვის დაკომპლექტება იმ პირებისაგან, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სამსახური, მათ შორის სავალდებულო სამხედრო სამსახური, ვინაიდან საომარი მოქმედებების დროს, პირს უნდა გააჩნდეს ოცეულში ჩართვისა და ბრძოლის უნარი. ამდენად, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის სათანადოდ მომზადება. ამისათვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებობს სპეციალური საწყისი საბრძოლო მომზადების კურსები (BCT), რომელიც პირს აძლევს საშუალებას შეიძინოს სამხედრო მოსამსახურისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა უწყებებში/დაწესებულებებში, სადაც პირი გადის სავალდებულო სამხედრო სამსახურს, არ ხორციელდება სპეციალური საწყისი საბრძოლო მომზადების კურსების (BCT) გავლა. ამასთან, სხვა უწყებაში/დაწესებულებაში გაწვეული პირი ასრულებს არასამხედრო ამოცანებს. ამდენად, პირს შეიძლება გავლილი ჰქონდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური მაგრამ, მას ვერ ექნება ის უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია რეზერვზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად და ოცეულის დონეზე ჩართვის უზრუნველსაყოფად. „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპიდან გამომდინარე და ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, პირის ოცეულის დონეზე მომზადებისათვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა ახლებური ხედვა სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით. სიახლე ითვალისწინებს სამსახურის 12-თვიანი ვადის შემცირებას, ასევე, წვევამდელების მიერ მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სრულფასოვანი სამხედრო სამსახურის, მათ შორის საწყისი და შემდგომი საბრძოლო მომზადების გავლას, უკეთესი მატერიალურტექნიკური და სოციალური დაცვის პირობების შეთავაზებას, ასევე სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას. ამდენად: - სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცვალა სახელი და ეწოდა - „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“; - იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება. კერძოდ 12თვიანი ვადის ნაცვლად შემოთავაზებულია სამსახურის დიფერენცირებული ვადები:  საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე;  დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე;  უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე. გაწვევა განხორციელდება სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით. - წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის მართვისა და ფუნქციონირების საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ; - წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. აღნიშნული სიახლეების ამოქმედება იგეგმება 2025 წლის პირველი იანვრიდან, ვინაიდან ამ პერიოდამდე უნდა განხორციელდეს შესაბამისი პერსონალის (ინსტრუქტორები) გადამზადება და ინფრასტრუქტურის მომზადება. ასევე, სხვა უწყებებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის საკონტრაქტო სამსახურით ჩანაცვლებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება, მათ შორის ფინანსური უზრუნველყოფა. - იგეგმება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირების შრომის ანაზღაურების ზრდა. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს შეუნარჩუნდება: - სამუშაო ადგილი, დაწესებულების სამართლებრივი ფორმის მიუხედავად; - ანაზღაურება სახელმწიფო სამსახურში, ასევე მის სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში; - „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სხვა სოციალური დაცვის გარანტიები. ამასთან: - პირს, რომელიც გაწვეულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, ან დაასრულა იგი, კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება დაუფინანსდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი. - წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირი, სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ისარგებლებს მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლებით. სიახლეს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობა. კერძოდ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, შესაძლებელია დაექვემდებაროს შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. ასეთ შემთხვევაში, მას საკუთარი სურვილით შეეძლება შეარჩიოს და გაიაროს სამხედრო სამსახურის გავლის ერთ-ერთი ფორმა - 6, 8 ან 11 თვის ხანგრძლივობით, ან ჩაირიცხოს შესაბამის სამხედრო მომზადების პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს, ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტის მიერ ზაფხულის პერიოდში შეკრებების გავლას. სტუდენტს, რომელსაც 11-თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ ექნება აკადემიური ხარისხი მიენიჭება ლეიტენანტის სამხედრო წოდება, ხოლო სამხედრო სამსახურის სხვა ფორმების გავლის შემთხვევაში - რიგითის სამხედრო წოდება. აღნიშნული სისტემის ამოქმედება საშუალებას მოგვცემს:  მოკლე დროში მეტი ადამიანი გადავამზადოთ სამხედრო პროფესიებში;  საზოგადოებაში გაიზარდოს დადებითი დამოკიდებულება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისადმი, ვინაიდან - პირი დიდი ხნით აღარ მოსწყდება ოჯახს და თავის ძირითად საქმიანობას;  ჯარში ყოფნის პერიოდი რეალურად იქნება მორგებული სამსახურის იდეას, რომელიც აუცილებელია სამხედრო უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის;  შემცირდეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მსურველთა რაოდენობა. სტუდენტებს, ასევე, საშუალება ეძლევათ გაიარონ რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამა. კერძოდ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტმა, ასევე პირმა, რომელსაც მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ნებაყოფლობით, შესაძლოა გაიაროს მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამა. ამასთან, პირს მიენიჭება ლეიტენანტის სამხედრო წოდება, თუ პროგრამის წარმატებით დასრულების დღისთვის მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან პროგრამის დასრულებიდან 5 წლის ვადაში წარმოადგინა ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი და არ შესრულებია 35 წელი. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის დასრულების დღისთვის არ აქვს მინიჭებული ბაკალავრის აკადემიური ხარისხი - მიენიჭება უმცროსი/უფროსი/მთავარი სერჟანტის წოდება. გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და 2000 ლარის ნაცვლად (18 თვით გადავადებისათვის), განისაზღვრა 10 000 ლარით, ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის უფლების გამოყენება პირს ექნება მხოლოდ ერთხელ. შესაბამისად, პირი, გამოძახების შემთხვევაში, მომდევნო წელს დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაციის დამუშავება განხორციელდება: - მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფის, აგრეთვე სტატისტიკის წარმოების მიზნით, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია კანონიერი მიზნის მისაღწევად; - ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. პროექტით ასევე განისაზღვრა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პირობები, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო პირის პრივილეგიები, წვევამდელის უფლება-მოვალეობები, მათ შორის გაწვევისაგან გათავისუფლებისა და გადავადების, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების დროებით შეჩერებისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლები. აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება არაკეთილსინდისიერი ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ შესაძლებლობა დაეხმარონ ცალკეულ პირებს თავი აარიდონ გაწვევას. პროექტის მიხედვით, პროფესიული სამხედრო სამსახური დაიყოფა: - საკონტრაქტო - ვადიან, კონტრაქტის საფუძველზე ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურად; - არასაკონტრაქტო - უვადო სამხედრო სამსახურად. სიახლის მიხედვით, საკონტრაქტო სამსახურის სერჟანტთა შემადგენლობიდან, მასტერ სერჟანტისა და მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდება გადავა არასაკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ვინაიდან, აღნიშნული წოდებები წარმოადგენს სერჟანტთა შემადგენლობის კარიერის ყველაზე მაღალი დონის საფეხურებს და მათი სამსახურებრივი ურთიერთობა მიზანშეწონილია რეგულირდებოდეს ვადიანი კონტრაქტის გარეშე, კოდექსით დადგენილი სამხედრო სამსახურის გავლის პირობებით. კადრების განკარგულებას ეწოდა თანამდებობიდან დროებით გათავისუფლება. მისი ვადა განისაზღვრება ოთხი თვით და ოთხივე თვე იქნება ანაზღაურებადი. პროექტით ასევე განისაზღვრა პროფესიულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული საკითხები: შერჩევის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესი, სამუშაო/დასვენების დრო, შვებულება, სამსახურში მიღება და დათხოვნა, თანამდებობრივი გადაადგილება, უფლებამოსილების შეჩერება და სხვა. თავდაცვის ძალების რეზერვის შემადგენლობა განისაზღვრა შემდეგნაირად: - აქტიური რეზერვი: ა) ტერიტორიული რეზერვი; ბ) სპეციალისტთა რეზერვი. - სამობილიზაციო რეზერვი. ა) მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვი; ბ) ზოგადი სამობილიზაციო რეზერვი. სარეზერვო სამსახურის მოქნილობის უზრუნველსაყოფად, სამსახურში ჩარიცხული პირის მაქსიმალური ასაკი ყველა კატეგორიისათვის განისაზღვრა 60 წელი. ამასთან, სიახლის მიხედვით, პირს, რომელსაც შეუსრულდება 18 წელი, ჩაირიცხება მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში. მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, 27 წლის ასაკის მიღწევამდე არ იხსნება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის აღრიცხვიდან და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. პროექტით ასევე განისაზღვრა: - რეზერვის დაკომპლექტებისა და გავლის პრინციპები; - სამობილიზაციო რეზერვის მართვის სისტემის შექმნის პირობები; - რეზერვისტების მომზადებისა და აღრიცხვის პრინციპები; - სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლებისა და გადავადების საფუძვლები; - რეზერვში გაწვეულ პირთა უფლება-მოვალეობა, მათი სოციალური გარანტია, პასუხისმგებლობა სარეზერვო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებისათვის. საკანონმდებლო დონეზე, განისაზღვრა სამხედრო განათლების მიზანი, პროგრამა და სახეები, ასევე სამხედრო განათლების განმახორციელებელი სუბიექტები, სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წყარო, სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესი და ჩარიცხული პირის სტატუსი. სამხედრო განათლების პროგრამები შეიძლება გაიაროს: - სამხედრო მოსამსახურემ; - საქართველოს მოქალაქემ, რომელიც არ არის სამხედრო მოსამსახურემ; - უცხო ქვეყნის მოქალაქემ. სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია და საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით. აღიარება განხორციელდება საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობისა და ჩატარების საფუძვლები, სწავლებაში მონაწილე სუბიექტები, საერთაშორისო სწავლების ჩატარების ორგანიზაციული საკითხები, მონაწილე სუბიექტების სამართლებრივი სტატუსი და დაქვემდებარების საკითხები, საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობის რესურსებით უზრუნველყოფა, საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველი. დაიხვეწა სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის საფუძვლები. განისაზღვრა სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტები, სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტების წარგზავნისა და გამოწვევის საფუძვლები, მათი სამართლებრივი სტატუსი, დაქვემდებარებისა და რესურსებით უზრუნველყოფის საკითხები, სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე უცხო ქვეყნის პერსონალისა და კონტრაქტორების მხარდაჭერის საკითხები, სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველი. საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანი და დისციპლინური წარმოების პრინციპები, ასევე მათი საფუძვლები და სახეები, დისციპლინური პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები და მისი გამოყენების წესი, ვადა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნის საფუძვლები, დისციპლინური საქმეების განხილვისა და წარმოების წესი, სადისციპლინო საბჭოს ქვემდებარეობა და უფლებამოსილება, დისციპლინური პასუხისმგებლობის გადასინჯვისა და განცხადების განხილვის საფუძვლები. კონკრეტული დისციპლინური გადაცდომები და პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უფლებამოსილი პირი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. პროექტში გაერთიანდა „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დებულებები. ,,ტოტალური თავდაცვის“ პრინციპი და მიდგომა გულისხმობს ეროვნული რესურსების მთელი პოტენციალის მზადყოფნასა და მობილიზების უნარს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპის გათვალისწინებით, კოდექსით განისაზღვრება თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნული დადებითად აისახება სამხედრო მიმართულებით წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზების მიზნებზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელი შეუწყოს კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციას, ასევე უზრუნველყოს დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის სამხედროპატრიოტული და სალაშქრო ღონისძიებების გატარება, სამხედრო-ისტორიული თემატიკის მომზადებას. მოხალისეთა ორგანიზაციის/მოხალისეთა ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების კოორდინაციისა და კონტროლის მიზნით, სამინისტროს სისტემაში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მოხალისეზე, დაღუპვის ან დაჭრა/დასახიჩრების შემთხვევაში, გავრცელდება სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი სოციალური გარანტიები. გარდამავალი დებულებებით განისაზღვრა: - გარდამავალი პერიოდისათვის სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ურთიერთობები; - შესაბამისი რეგულირების სფეროს სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით, კოდექსის ამოქმედების შემდგომ სამართლებრივი აქტების იურიდიულ ძალის შენარჩუნების საკითხები; - სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების საკითხები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის (კოდექსის) ძირითადი ნაწილი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობასთან დაკავშირებული ნორმა ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, სამხედრო მოსამსახურეთათვის ბინების მშენებლობის პროექტი ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს და პირველი ეტაპი თითქმის დასრულების სტადიაზეა. 2023 წლიდან ასევე იგეგმება მეორე ეტაპის დაწყება. შესაბამისად, კანონის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ბინების მშენებლობასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია ამოქმედდეს 2024 წლიდან. სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვსა და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ცალკეული დებულებები ასევე ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, აღნიშნულ თარიღამდე გასატარებელია რიგი საორგანიზაციო ღონისძიებები. კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უნდა შეიქმნას შესაბამის სამსახური, რომელიც კოორდინაციას გაუწევს მოქალაქეთა აღრიცხვას, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ღონისძიებებს (სამედიცინო შემოწმება, გაწვევა და სხვა). ამასთან, ამ პერიოდამდე უნდა განხორციელდეს რეგიონებში არსებული სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი სამსახურების საქმიანობის ანალიზი (მატერიალურ ტექნიკური ბაზა, ადამიანური რესურსები და სხვა). რაც შეეხება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირებას, ასევე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, აღნიშნულ პერიოდამდე უნდა განხორციელდეს შესაბამისი უწყებების ასიგნებებში დამატებითი თანხების ასახვა, რაც დაკავშირებულია წვევამდელების ჩანაცვლებასთან სხვა მოსამსახურეებით. ამასთან, ვადის შემცირება და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, გამოიწვევს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირების რაოდენობის ზრდას თავდაცვის სამინისტროს სიტემაში, რისთვისაც საჭიროა შესაბამის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ინსტრუქტორების მომზადება. ასევე 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს ნორმა, რომელიც უკავშირდება სამხედრო სამსახურის გავლას მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, რათა ერთიანი მიდგომით დაიგეგმოს და განხორციელდეს სამხედრო სამსახურის კარიერული განვითარების პოლიტიკა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: მოქმედი კანონმდებლობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებელი 18 თვით გადავადებისათვის შეადგენს 2000 ლარს და პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ორჯერ 25 წლის ასაკამდე. პროექტის მიხედვით, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი იქნება ერჯერადი და შეადგენს 10 000 ლარს. ნორმა ძალაში შევა კოდექსის პროექტის ამოქმედებისთანავე და გავლენას მოახდენს როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან ამ მოსაკრებლის 90% მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 10% მუნიციპალიტეტის/ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში. გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება შემთხვევათა რაოდენობაზე. რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, 2022 წლის საგაზაფხულო გაწვევაზე სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი გადაიხადა 281-მა პირმა, თანხამ შეადგინა 562,000 ლარი. 2021 წელს აღნიშნულმა მოსაკრებელმა ჯამურად შეადგინა 998,070 ლარი, საიდანაც 896,263 ლარი მიიმართა სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 101,807 ლარი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში. კანონპროექტი ასევე მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის სახით, რადგან პროექტი ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას, სადაც დასაქმებულთა რიცხოვნობა განისაზღვრება 19 ერთეულით და მათი წლიური შრომის ანაზღაურება საშუალოდ 600,000 ლარით. მათ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადახასადი კი მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. პროექტის მიხედვით 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. შესაბამისად, სხვა უწყებებში სავალდებულოდ გაწვეული სამხედრო მოსამსახურეები უნდა ჩაანაცვლოს ხელშეკრულებით მიღებულმა კონტინგენტმა. ამდენად, აღნიშნული ღონისძიების დასაფინანსებლად, 2025 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ ეტაპზე არსებული რეალობიდან გამომდინარე, წელიწადში საჭირო იქნება შემდეგი ხარჯების (სავარაუდო) გამოყოფა:  სპეციალური პენიტენციური სამსახური - 19 215 000 ლარი.  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - 6 597 840 ლარი.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - 46 433 763 ლარი. ჯამი - 72 246 603 ლარი წლის განმავლობაში. შენიშვნა: საქართველოს დაზვერვის სამსახური და სახელმწიფო უსაფთხოების სამსახური - გაწვევა არ მიმდინარეობს და შესაძლოა მომავალშიც არ დადგეს საჭიროება. პირის, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაწვევის შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დამატებით გასაწევი სავარაუდო ხარჯები 2025 წლიდან იქნება 15 000 000 ლარი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული პირის შრომის ანაზრაურება ამ ეტაპზე შეადგენს 125 ლარს. იგეგმება ზრდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს საკითხი მსჯელობის საგანია. სულ ჯამში სხვა უწყებების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარჯი: 87 246 603 ლარი. ზემოაღნიშნული რეფორმის გატარების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხარჯები უნდა აისახოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში. რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამის რეალიზების შემთხვევაში, პროგრამის დაფინანსება განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან/და სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასიგნებებიდან. შესაბამისად, სავარაუდო ფინანსური რესურსი, რომელიც მოიცავს კვების, სანივთე ქონების, სამედიცინო მომსახურების, დაზღვევის, სტიპენდიის, კომუნალურ და სხვა ხარჯებს, ერთი წლის განმავლობაში შეადგენს 532 145 (ხუთას ოცდათორმეტი ათას ას ორმოცდახუთი) ლარს, ხოლო ორი წლის განმავლობაში - 1 064 290 (ერთი მილიონ სამოცდაოთხი ათას ორას ოთხმოცდაათი) ლარს. რაც შეეხება ინსტრუქტორების/მასწავლებლების და ინფრასტრუქტურულ ხარჯებს, ამ ნაწილში თანხების ზრდა არ იქნება მოსალოდნელი, ვინაიდან აღნიშნული განხორციელდება სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაზაზე. ხარჯების სავარაუდო ოდენობები მოცემულია ცხრილში: # კლასიფიკაცია სავარაუდო ფინანსური რესურსი (ლარი) 1 კვება, საველე სწავლებებზე მშრალი ულუფა 135 000 2 სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და საველე 492750 აღჭურვილობა 3 საწვავი 4 სამედიცინო 3 040 საშუალებები (მედიკამენტები/შესახვევი 3 100 მასალები და სხვა) 5 კომუნალური ხარჯი (ბუნებრივი აირი, ნარჩენების 18 200 გატანა) 6 დაზღვევა 52 200 7 სტიპენდია 360 000 სულ 1 064 290 საწყის ეტაპზე, პროგრამისათვის მოცემული ხარჯები 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში და „BDD“ დოკუმენტში გათვალისწინებული არ არის. იზრდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრა-დასახიჩრების ან დაღუპვის შემთხვევაში დაწესებული კომპენსაციის ოდენობა და იგი, ასევე გავრცელდება სამინისტროს სისტემის სამოქალაქო პირებზე. აღნიშნული ღონისძიებებისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 500 000 ლარი, აქედან დაჭრილებისა და დასახიჩრებულების სასარგებლოდ მიმდინარე წელს დღეის მდგომარეობით გაცემულია 128 000 ლარი. 2023 წლისთვისაც 500 000 ლარის გათვალისწინება იგეგმება. კანონპროექტის ერთ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა თანადაფინანსებით. სამხედრო მოსამსახურეთა ბინებით უზრუნველყოფის პროგრამის პირველი ეტაპი დაიწყო 2020 წლის ბოლოს და დასრულდება უახლოეს მომავალში. აშენდება 1092 ბინა და დაჯდება დაახლოებით 97 000 000 ლარი. მეორე ეტაპი ანალოგიური ოდენობის ბინებით და დაახლოებით ანალოგიური ბიუჯეტის ფარგლებში იგეგმება რომ დაიყოს 2023 წელს. რაც შეეხება თანადაფინანსების საკითხს ამ ეტაპზე იყო 50/50 ზე. მოხალისეთა ორგანიზაციის/მოხალისეთა ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების კოორდინაციისა და კონტროლის მიზნით, სამინისტროს სისტემაში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სსიპ-ში დასაქმებული იქნება სულ 19 თანამშრომელი - 1 პოლკოვნიკი, 3 ვ/პ-კ, 3 მაიორი, დანარჩენი კი სამოქალაქო პირები. მათი შრომის ანზღაურება შეადგენს საშუალოდ 600 000 ლარს წელიწადში. ამასთან, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული უძრავი ქონებისა და სატრანსპორტო საშუალებების ხარჯზე, ხოლო საოფისე ინვენტარისა და კომუნალური ხარჯები დაფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან. აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნა იგეგმება თავდაცვის კოდექსის ამოქმედებიდან უახლოეს პერიოდში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიხედვით, რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამაზე მიღებული პირი უზრუნველყოფილი იქნება სტიპენდიით (300 ლარის ოდენობით), ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევით, კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში კვებითა და შესაბამისი სანივთე ქონებით. ასევე, დაუწესდება სამხედრო მოსამსახურისათვის კანონმდებლობით დადგენილი შეღავათები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტიპენდიის დაწესების ვალდებულება არ გააჩნია და მისი უზრუნველყოფა განხორციელდება კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით (მაგ. წარჩინებული მსმენელი, იღებს თუ არა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტიპენდიას და სხვა). პირისათვის, რომელიც ვერ გაივლის მომზადების პროგრამას სრულად ან/და შეწყვეტს მას, რაიმე სახის ფინანსური შედეგი არ დადგება. გაიზრდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრა-დასახიჩრების ან დაღუპვის შემთხვევაში დაწესებული კომპენსაციის ოდენობა. სიახლის მიხედვით განხორციელდება სამხედრო მოსამსახურეთა ბინებით უზრუნველყოფა თანადაფინანსებით. სიახლის მიხედვით სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადი იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების და საავიაცო სფეროში საქმიანობა, შესაბამისად, მათ შეეძლებათ ამ საქმიანობებიდან მიიღონ დამატებითი შემოსავალი. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებელი 2000 ლარიდან (18 თვით გადავადებისთვის) იზრდება 10 000 ლარამდე (ერთი წლით გადავადებისათვის). სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული პირის შრომის ანაზრაურება ამ ეტაპზე შეადგენს 125 ლარს. იგეგმება ზრდა, თუმცა ამ ეტაპზე ჯერ მსჯელობის საგანია. სიახლის მიხედვით წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს შეუნარჩუნდება: ა) სამუშაო ადგილი, დაწესებულების სამართლებრივი ფორმის მიუხედავად; ბ) ანაზღაურება სახელმწიფო სამსახურში, ასევე მის სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში; გ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სხვა სოციალური დაცვის გარანტიები. პირი რომელიც გაწვეული იქნება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, ან დაასრულა იგი, კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება დაუფინანსდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირი, სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სარგებლობს მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლებით. მოხალისეთა ორგანიზაციის/მოხალისეთა ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების კოორდინაციისა და კონტროლის მიზნით, სამინისტროს სისტემაში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სსიპ-ში დასაქმდება 19 თანამშრომელი, რომლებიც მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას. ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ პირველადი სახელმწიფო სპეციალური წოდება პირს მიენიჭება ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი დაინიშნება მხოლოდ სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციისა და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში, ხოლო სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, გარდა მოცემულ ქვედანაყოფებში დასაქმებული მოსამსახურისა, ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ შეუნარჩუნდება მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდება და აღარ მიენიჭება მორიგი. აღნიშნული გავლენას იქონიებს იმ პირებზე ვისაც ვეღარ მიენიჭება მორიგი წოდება, ვინაიდან აღარ გაეზრდებათ წოდებრივი სარგო. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: პროექტში ერთიანდება „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებელი 18 თვით გადავადებისათვის, შეადგენს 2000 ლარს და პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ორჯერ 25 წლის ასაკამდე. პროექტის მიხედვით, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი იქნება ერჯერადი და შეადგენს 10 000 ლარს. ნორმა ძალაში შევა კოდექსის პროექტის ამოქმედებისთანავე. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის მომზადებისა და განხილვის პროცესში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებმა და დეპუტატებმა, აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის (ODC) სამსახურის წარმომადგენლებმა, აშშ-ის თავდაცვის ინსტიტუტის (DIILS) წარმომადგენლებმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში, სახელმწიფო უწყებებმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს დაზვერვის სამსახურმა, სახალხო დამცველის აპარატმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა (რეორგანიზაციამდე), საქართველოს პროკურატურამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დარგის ექსპერტებმა, სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოში არსებულმა თითქმის ყველა რელიგიურმა გაერთიანებამ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.