„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.12.2022
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/241/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თავდაცვის კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროს ნომერი 218

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) კანონმდებლობით განსაზღვრული სამშვიდობო/საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს;“. 3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) 65 წლის ან 65 წელზე მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – პენსიის ოდენობას დამატებული: ა.ა) საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის (გარდა ოფიცრებისა) ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 2 ლარზე ნამრავლი; ა.ბ) საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 5 ლარზე ნამრავლი; ა.გ) არასაკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სერჟანტთა შემადგენლობისთვის და უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 10 ლარზე ნამრავლი; ა.დ) არასაკონტრაქტო სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 15 ლარზე ნამრავლი;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ ნაწილს. იგი გამომდინარეობს თავდაცვის კოდექსის პროექტიდან და მიზნად ისახავს აღნიშნული კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ ახალ სამართლებრივ რეგულაციებთან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის თავდაცვის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანისთვის საჭიროა, კანონში შეტანილი იქნას შესაბამისი ცვლილება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ცვლილების შემდგომ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის სათანადო ნორმები შესაბამისობაში მოვა თავდაცვის კოდექსთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: თავდაცვის კოდექსის პროექტის შესაბამისად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციები, ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობა, როგორც ეს მოცემულია „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში გაერთიანდა ერთ ტერმინში „სამშვიდობო ოპერაციები“. „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც მითითებულია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში, თავდაცვის სფეროსა და სამხედრო სამსახურის მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სხვა აქტებთან ერთად ერთიანდება თავდაცვის კოდექსში და ცხადდება ძალადაკარგულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში თავდაცვის კოდექსის ნაცვლად მიეთითოს „კანონმდებლობის შესაბამისად“. აღნიშნული საშუალებას მოგვცემს, ტერმინის ცვლილებამ არ მოახდინოს ზეგავლენა შესაბამის პირთა წრეზე და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის სათანადო ნორმის მოქმედება გავრცელდეს, როგორც თავდაცვის კოდექსის ამოქმედებამდე, ასევე მისი ამოქმედების შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. თავდაცვის კოდექსის პროექტის მიხედვით, სამხედრო სამსახურის სახეები ყალიბდება ახლებურად. კერძოდ, სამხედრო სამსახური იყოფა რეგულარულ სამხედრო სამსახურად და სარეზერვო სამხედრო სამსახურად. თავის მხრივ:  რეგულარული სამხედრო სამსახური მოიცავს: - პროფესიულ სამხედრო სამსახურს; - წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს.  სარეზერვო სამხედრო სამსახური მოიცავს: - აქტიურ სარეზერვო სამსახურს; - სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურს. პროფესიული სამხედრო სამსახურის შემადგენლობაში აღარ მოიაზრება ტერმინი „კადრის სამხედრო სამსახური“, ვინაიდან იგი არის მოძველებული და არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას. თავდაცვის კოდექსის პროექტის მიხედვით, პროფესიული სამხედრო სამსახური იყოფა საკონტრაქტო - ვადიან, კონტრაქტის საფუძველზე ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურად და არასაკონტრაქტო - უვადო სამხედრო სამსახურად. ახალი მიდგომით, მასტერ სერჟანტისა და მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდების სამხედრო მოსამსახურეები მიეკუთვნებიან არასაკონტრაქტო სამხედრო სამსახურს, ვინაიდან, აღნიშნული წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეთა კარიერული განვითარება უტოლდება არასაკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეთა კარიერულ განვითარებას. წარმოდგენილი სიახლით საკონტრაქტო და არასაკონტრაქტო სამსახურის, შემადგენლობა განისაზღვრა შემდეგნაირად: საკონტრაქტო სამხედრო სამსახური - რიგითის, პირველი კლასის რიგითის, კაპრალის, კაპრალ-სპეციალისტის, უმცროსი სერჟანტის, სერჟანტის, უფროსი სერჟანტის, ლეიტენანტის, უფროსი ლეიტენანტისა და კაპიტნის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები. არასაკონტრაქტო სამხედრო სამსახური - მასტერ სერჟანტის, მთავარი სერჟანტის, მაიორის, ვიცე-პოლკოვნიკის, პოლკოვნიკის, ბრიგადის გენერლის, გენერალ-მაიორის, გენერალლეიტენანტისა და გენერლის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ დაირღვეს სამხედრო მოსამსახურეთათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის არსებული გაანგარიშების პრინციპი, აუცილებელია ცვლილება შევიდეს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში. ამასთან, მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვები „სამხედრო სარეზერვო“ იცვლება ტერმინით „სარეზერვო სამხედრო“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია თავდაცვის კოდექსის შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება დაკავშირებული არ არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.