ბრძანება N 12880
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12880
09.06.2023
შპს „------ --- ----ის“ (ს/ნ --------------)
(ფაქტ. მის: --------------------------------;
იურ. მის.:---------------------------------)
2023 წლის 10 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 მაისის სხდომაზე (ოქმი №56) განიხილა შპს „------ --- ----ის“ (ს/ნ --------------) №80906/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №EL206151, №EL206164, №EL206200 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს, 13 აპრილის №EL69050/1015, №EL69050/1019, 8 მაისის №041-14 საგადასახადო მოთხოვნებს და 2023 წლის 5 მაისის №9996 ბრძანებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალებები მიტოვებულ იქნა მესაკუთრეების მიერ და არაერთი მცდელობის მიუხედავად მათთან კონტაქტი ვერ მოხერხდა. საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში მოქცევა და კომპანიამ გადაწყვიტა სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა, რის თაობაზეც დაწერა განცხადება, რის შემდგომ საბაჟო ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 7 სატრანსპორტო საშუალებაზე სანქციის დაკისრების თაობაზე.
მომჩივანს მიაჩნია, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნები გამოცემულია 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით და აღნიშნულზე მითითებით ითხოვს მათ გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შპს „------ --- ----ის“ (ს/ნ --------------) №47855/21 (18.03.2022), №75497/21 (02.05.2022) და №189615/21 (19.10.2022) განცხადებებით, საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ შპს „------ --- ----ის“ მფლობელობაში არსებულ საბაჟო საწყობში (-----) 2017-2019 წლებში დროებით შენახულ სატრანსპორტო საშუალებებზე დარღვეული იყო საქონლის დროებით შენახვის ვადა. ამავე განცხადებებით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა სახელზეც იყო შემოყვანილი განცხადებებში მითითებული სატრანსპორტო საშუალებები არ ახორციელებდნენ შესაბამისი საბაჟო ფორმალობებს. გამომდინარე აქედან, საბაჟო დეპარტამენტს ეთხოვა განცხადებებში მითითებულ სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით გაეტარებინა საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმალობები, მათ შორის, საქონლის განკარგვის ღონისძიებები.
საბაჟო დეპარტამენტის ---ის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ ზემოაღნიშნული განცხადებების საფუძველზე, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ვის სახელზეც იყო შემოყვანილი განცხადებებში მითითებული სატრანსპორტო საშუალებები, გაეგზავნათ შეტყობინებები და ეთხოვათ, ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყოთ სატრანსპორტო საშუალებებზე შესაბამისი საბაჟო ფორმალობების განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ამასთან, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდა შპს „------ --- ----ის“ (ს/ნ --------------) კუთვნილი საბაჟო საწყობის (-----) დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ აღნიშნულ საბაჟო საწყობში, 2017-2019 წლებში დროებით შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ორი ერთეული სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ---------; ს/ნ ---------) იყო დაშლილი, გაძარცვული და განადგურებული (დათვალიერების აქტი 25.10.2022).
ვინაიდან, შპს „------ --- ----ის“ (ს/ნ --------------) მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის (ორი ერთეული სატრანსპორტო საშუალება) უკანონო განკარგვას/განადგურებას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, -----ის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ, 2023 წლის 13 აპრილს შედგენილ იქნა №EL206151 და №EL206164 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს „------ --- ----ს“ (ს/ნ --------------) სოლიდარულად (იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ერთად, ვის სახელზეც იყო შემოყვანილი უკანონოდ განკარგული სატრანსპორტო საშუალებები) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
№EL206164 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დაშვებულ იქნა შეცდომა და არასწორად განისაზღვრა საბაჟო სანქციის ოდენობა, რაც გასწორდა საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 5 მაისის №9996 ბრძანებით და აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა 2023 წლის 8 მაისის №041-14 საგადასახადო მოთხოვნა.
ამასთან ერთად, 2023 წლის 13 აპრილს გამოიცა №EL69050/1015 და №EL69050/1019 საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც შპს „------ --- ----ს“ (ს/ნ --------------) უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად – საურავი.
საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ, უკანონოდ განადგურებულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე (ს/ნ --------; ს/ნ ---------) ტექნიკური მონაცემების განსაზღვრა განხორციელდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ექსპერტიზის №----- და №------ დასკვნებით. ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული მონაცემების საფუძველზე კი განხორციელდა უკანონოდ განადგურებულ სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრა.
ამასთან ერთად ვინაიდან, მომჩივანმა არ გამორიცხა საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, 2023 წლის 13 აპრილს შედგენილ იქნა №EL206200 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი,რომლითაც შპს „------ --- ----ს“ (ს/ნ --------------) საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
მე-4 ნაწილით კი დადგენილია, რომ თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის დროებით შენახვის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №6) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დროებით შენახვა შესაძლებელია საბაჟო საწყობში, საბაჟო ორგანოს საწყობში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გარდა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „----“-ისა) ან შენახვის სხვა ადგილზე, სადაც არსებობს საქონლის შენახვის შესაბამისი პირობები“, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, „დროებით შენახული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია:
ა) ბუნებრივი ცვეთით;
ბ) შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით;
გ) საქონლის დაცულობის უზრუნველყოფის, ან/და იდენტიფიცირების ან/და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, განხორციელებული ოპერაციებით.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქცია შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და განსაზღვრავს საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებს, ნებართვების ფორმებსა და სანებართვო პირობებს.
მითითებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „თ“ და „რ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:
- საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას;
- გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ. მე-7 ნაწილის შესაბამისად კი, რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.
ამავე კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედი 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივანმა განცხადებებით (№47855/21 (18.03.2022), №75497/21 (02.05.2022) და №189615/21 (19.10.2022)), საბაჟო დეპარტამენტს აცნობა, რომ მის მფლობელობაში არსებულ საბაჟო საწყობში (----) 2017-2019 წლებში დროებით შენახულ სატრანსპორტო საშუალებებზე (ს/ნ ----------; ს/ნ ----------) დარღვეული იყო საქონლის დროებით შენახვის ვადა. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ საბაჟო საწყობის დათვალიერებისას დადგინდა, რომ 2017-2019 წლებში დროებით შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ორი ერთეული სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ---------; ს/ნ --------) იყო დაშლილი, გაძარცვული და განადგურებული (დათვალიერების აქტი 25.10.2022). ამასთან, მომჩივანმა არ გამორიცხა საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, რაც წარმოადგენს „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, რაც ასევე იწვევს ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობის შესრულების ვალდებულებას.
შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და ასევე, საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (172-ე და 176-ე მუხლები) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, რაც ასევე იწვევს პირის ვალდებულებას გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.
ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე და 176-ე მუხლების პირველი ნაწილების შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია, ხოლო ვინაიდან, არსებობს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე და 176-ე მუხლის პირველი ნაწილების შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნების წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
2023 წლის 8 მაისის №041-14 საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის კანონიერებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, საბაჟო ორგანოს მხრიდან №EL206164 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დაშვებული შეცდომის (არასწორად განისაზღვრა საბაჟო სანქციის ოდენობა) გასწორების მიზნით მიღებული 2023 წლის 5 მაისის №9996 ბრძანება და აღნიშნულის შემდგომ მომჩივნისთვის №041-14 საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ დებულებებს.
საჩივარში მითითებულ საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის 3 წლიან ვადასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 53-ე მუხლის მე2 ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია, მისი წარმოშობის დროდ მიიჩნევა მომენტი, როდესაც საბაჟო ორგანომ დაადგინა, რომ კონკრეტულ საქონელზე წარმოშობილია საბაჟო ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო ვალდებულება წარმოიშვა საბაჟო საწყობში დროებით შენახული უცხოური საქონლის (სატრანსპორტო საშუალებები) საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანისას, აღნიშნული ფაქტი კი საბაჟო ორგანოსთვის ცნობილი გახდა 2022 წელს – შპს „---- ---- -------ის“ (ს/ნ --------) №47855/21 (18.03.2022), №75497/21 (02.05.2022) და №189615/21 (19.10.2022) განცხადებებით. გამომდინარე აქედან, საბაჟო ორგანოს მხრიდან საბაჟო სანქციის შეფარდება განხორციელდა საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაცვით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,1. შპს „------ --- ----ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. ლევან წითელაშვილი
სადავო საკითხი
მომჩივანს მიაჩნია, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნები გამოცემულია 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით და აღნიშნულზე მითითებით ითხოვს მათ გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდა მომჩივანის კუთვნილი საბაჟო საწყობის დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ აღნიშნულ საბაჟო საწყობში, 2017-2019 წლებში დროებით შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ორი ერთეული სატრანსპორტო საშუალება იყო დაშლილი, გაძარცვული და განადგურებული .
ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვას/განადგურებას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, -----ის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ, 2023 წლის 13 აპრილს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც მომჩივანს სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად – საურავი.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 64(2 „დ“); 272(1); 302(6);
ასევე საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:49(1 „ა“„ბ“,3„ბ“);53(2);70(2,4);163(1,5,7);172(1);176(1);
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის დროებით შენახვის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №6) პირველი მუხლის პირველი პუნქტი;ამავე მუხლის მე-6 პუნქტი;
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „თ“ და „რ“ ქვეპუნქტები;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილი;