გადაწყვეტილება №19433/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19433/2/2023
19.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 16.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19433/2/2023).
დავის საგანი:
1. დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა;
2. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
3. ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება;
4. ქონების გადასახადის გაანგარიშება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის №040-20 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 მარტის №5580 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 61 746 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 35 709
დღგ - 32 886
საშემოსავლო გადასახადი - 643 ლარი
ქონების გადასახადი - 2 180
ჯარიმა - 15 158
საურავი - 10 879
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 მაისის №11758 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის №31463 ბრძანება და №040-20 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 13 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 21 მარტის №5580 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ მომჩივანი რეგისტრირებულია მცირე მეწარმედ 2012 წლიდან, ხოლო სტატუსი გაუქმდა 2022 წლის იანვრიდან. აღნიშნულ პერიოდზე გამოვლინდა სხვაობა შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 79-ე, 90-ე, 93-ე, 43-ე მუხლებზე და „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლზე.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან 2022 წლის იანვრამდე (მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების თარიღამდე) პერიოდებზე გამოვლენილია სხვაობა შემოწმებით დადგენილ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის, რაზეც დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა ყოველგვარი დოკუმენტაციის მოთხოვნის გარეშე, ერთპიროვნულად იქნა გადაწყვეტილება მიღებული მომჩივნის დაუსწრებლად.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობას. მომჩივნის მიერ მიღებული ყველა შემოსავალი დეკლარირებულია და შესაბამისი გადასახადი გადახდილია ბიუჯეტში. ამასთან, საჩივარს თან ერთვის ყველა საჭირო დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასევე, შეუძლია წარმოადგინოს დამატებით თუ რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნა იქნება საჭირო.
გამორჩენილია დასადეკლარირებელი, დასაბეგრი შემოსავალი 2020 წლის 1 სექტემბერს მიღებული ბანკის ანგარიშზე 2 700 ლარი, სადაც დანიშნულება არის შესრულებული სამუშაოების ღირებულება. კერძოდ, 2020 წლის აგვისტოს თვეში საამშენებლო და სარემონტო მომსახურების გამწევ კომპანიებს მიეცათ სამუშაოების გაგრძელების შესაძლებლობა, მოიხსნა შეზღუდვები და სპეციალური მოთხოვნების შესრულების შემდეგ მიეცათ საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა.
შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან - 2019 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრამდე (მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების თარიღამდე) პერიოდებზე მთლიანად შემოსავალი შეადგენს 331 161 ლარს და 98 თეთრს, რაც დეკლარირებულია, გარდა 2020 წლის 1 სექტემბერს მიღებული 2 700 ლარისა, რაც ექვემდებარება დაბეგვრას. დანარჩენი 328 461 ლარი და 98 თეთრი დეკლარირებულია და შესაბამისად გადახდილია ყველა კუთვნილი გადასახადი ბიუჯეტში.
ასევე, გადახდილია ხელფასის საშემოსავლო გადასახადი დაქირავებულ პირებზე. წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები, ბანკის ამონაწერი და მიღებული შემოსავლის დამადასტურებელი საგადასახადო დავალება, ხელშეკრულება.
2020 წლიდან 2022 წლამდე, covid-19 პანდემიის პერიოდის გამო გამოცხადებული ლოქდაუნის და სახელმწიფოს მიერ მიღებული შეზღუდვების გამო, სამუშაოების განხორციელება მიმდინარეობდა ფორს-მაჟორულ სიტუაციაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
ამავე კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5-ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების თარიღამდე გამოვლენილია სხვაობა შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს მართლზომიერად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშებისა და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ მეწარმეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2020 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდიდან. გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად 2021 წლის 28 იანვრიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2, 92-ე, 157-ე, 160-ე, 161-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშებისა და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2020 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდიდან. გადასახადის გადამხდელი კი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 28 იანვრიდან. შესაბამისად, მეწარმეს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაუდგინდა 2020 წლიდან.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2, 92-ე, 157-ე, 160-ე, 161-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ნებაყოფლობითი რეგისტრაციის მომენტიდან - 2021 წლის 1 იანვრიდან წარდგენილია დღგ-ის დეკლარაციები, სადაც ასახულია დღგ-ით დასაბეგრი ყოველთვიური შემოსავალი, რაც დაბეგრილია და გადახდილია ბიუჯეტში.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 90-ე, 93-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ 2021 წლის 25 იანვარიდან შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა ნებაყოფლობითი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. აღნიშნული მომენტისთვის მიღებული შემოსავალი არ აღემატებოდა 100 000 ლარს. კერძოდ, შეადგენდა 24 678 ლარს.
რაც შეეხება ბანკში 2020 წლის 2 ოქტომბერს ჩარიცხულ 5 200 ლარს, სამუშაოების შესრულება ვერ მოხერხდა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, თანხა დაუბრუნდა დამკვეთ კომპანიას სალაროში. დანიშნულებაში ხაზგასმით არის მითითებული შესაძლებელი სამუშაოების ღირებულება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 157-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.
ამავე კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა; ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
შემოწმების აქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშებისა და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ მეწარმეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2020 წლის თებერვლის თვიდან, თუმცა მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 28 იანვრიდან. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ბანკში 2020 წლის 2 ოქტომბერს ჩარიცხულ იქნა 5 200 ლარი. სამუშაოების შესრულება ვერ მოხერხდა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო. თანხა დაუბრუნდა დამკვეთ კომპანიას სალაროში. დანიშნულებაში ხაზგასმით არის მითითებული შესაძლებელი სამუშაოების ღირებულება. შესაბამისად, აღნიშნული თანხა არ უნდა იქნას გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.
გადასახადის გადამხდელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნული თანხის უკან დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
3. ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება
ფაქტების აღწერა
2021 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელმა მიიღო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საცხოვრებელი ბინის შეძენაზე, რომლითაც მიიღო ჩათვლა. ოპერაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული ოპერაცია არ არის ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი ოპერაცია და შეძენილია პირადი საცხოვრებელი ფართი. მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება საცხოვრებელი ბინის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. შესაბამისად, ჩათვლილი თანხა ექვემდებარება გაუქმებას.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე, 176-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავებით დადგინდა, რომ მომჩივანმა 2021 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში მიიღო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საცხოვრებელი ბინის შეძენაზე, რომლითაც მიიღო დღგ-ის ჩათვლა. ოპერაციის შესწავლის შედეგად, არ დასტურდება აღნიშნული საცხოვრებელი ბინის გამოყენება ეკონომიკური საქმიანობისთვის, კერძოდ, შემოწმებისთვის წარდგენილი საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით, იჯარის პერიოდი და გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული სარემონტო სამუშაოების პერიოდი ერთმანეთს ემთხვევა.
ამასთან, ხელშეკრულებით საიჯარო ღირებულება შეადგენს 125 ლარს (ბინა საკადასტრო კოდით ----------; ---------- კვ.მ), რაც შემოწმებით მიჩნეული იქნა არაარსებითად. მეწარმემ, შემოწმების მიერ მოთხოვნილ ახსნა-განმარტებასთან ერთად, ასევე წარადგინა საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ურთიერთდამოკიდებულ პირთან (---------- დასთან) ღირებულებით 500 ლარი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული პერიოდები, თანხვედრაშია წინა ხელშეკრულების პერიოდთან.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საცხოვრებელი ბინის შეძენაზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება, აღნიშნული საცხოვრებელი ბინის ეკონომიკური საქმიანობაში გამოყენების დაუდასტურებლობის საფუძვლით, მართლზომიერია. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება 2021 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით შეძენილი საცხოვრებელი ბინის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, შემოწმებით მართლზომიერად იქნა შემცირებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შესაბამისად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2020 წლის 4 თებერვალს კომერციული მიზნებისთვის შეიძინა ბინა დეველოპერი კომპანიისგან, რომელიც გარემონტების შემდეგ გაქირავებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ჰოსტელად და სხვადასხვა პირებზე ხელშეკრულებით.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე, 176-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ 2021 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში მიიღო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საცხოვრებელი ბინის შეძენაზე, რომლითაც მიიღო დღგ-ის ჩათვლა. 2020 წლის 4 თებერვალს კომერციული მიზნებისთვის შიდა განვადებით უფლებამონაცვლესთან შეთანხმების ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ბინა დეველოპერული (სამშენებლო) კომპანიისგან შპს „----------“ (ს/ნ ----------). 2021 წლის აპრილში ბინა შეიძინა საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხის საფუძველზე. ამის შემდეგ გადავიდა მის მფლობელობაში საბანკო იპოთეკური კრედიტის საფუძველზე. სარემონტო სამუშაოები დაწყებული იყო შიდა განვადებით შეძენის პერიოდში, დაასრულა 2021 წლის აპრილის თვეში. აღნიშნული საცხოვრებელი ბინის გამოიყენებოდა ეკონომიკური საქმიანობისთვის. კერძოდ, წარდგენილი საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით, გაქირავებული ჰქონდა „----------“ (ს/----------), 2021 წლის 1 მაისიდან, 125 ლარად. შეძენილი ფართის ნაწილი რემონტის დამთავრების შემდეგ ასევე გაქირავებული ჰქონდა უცხოეთის მოქალაქეებზე:
1. „----------“ (----------), 500 ლარი, 20 სექტემბერი 2021 წელი;
2. „----------“ (----------), 500 ლარი, 20 სექტემბერი 2021 წელი;
3. „----------“ (----------), 1050 ლარი, 29 სექტემბერი 2021 წელი;
4. „----------“, 480 ლარი საქართველოს ბანკის ანგარიშზე გადმორიცხულია 2021 წლის 20 ოქტომბერს;
5. „----------“ (----------), 300 ლარი, 8 ოქტომბერი 2021 წელი;
6. „----------“ (----------), 200 ლარი გადმორიცხულია 2021 წლის 10 მაისს თიბისი ბანკში;
7.„----------“ (----------), 900 ლარი გადმორიცხულია 2021 წლის 29 მაისს;
8. „----------“ (----------), იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრობს შვილებთან ერთად, თვეში 500 ლარი, „----------“ და „----------“.
ასევე, ცხოვრობდა რამდენიმე უცხოელი.
შესაბამისად, შემოსავალი მიღებულია ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. იმ პერიოდში, როდესაც მოხდა შემოსავლის მიღება, შემოსავალი დაბეგრილია დღგ-ით (საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლი). ასევე, დაბეგრილია საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად
ასევე, პერიოდულად გაქირავებული იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და თანხა ჩარიცხულია ბანკის ანგარიშზე. კომუნალური გადასახადები გადახდილია მომჩივნის საბანკო ანგარიშებიდან.
ბინა (საკადასტრო კოდით ----------), ---------- კვ.მ, გამოყენებულია ეკონომიკური საქმიანობისთვის. აქედან გამომდინარე, არ ეთანხმება გადაწყვეტილებას ამ ნაწილში, ვინაიდან მეწარმე პირს უფლება აქვს ფართი გასცეს იჯარით, ქირით. შესაბამისად, ვალდებულია გადაიხადოს გადასახადები საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დღემდე შეძენილი ბინა გამოყენებულია ეკონომიკური საქმიანობისთვის. შემოსავალი იბეგრება და გადასახადებს იხდის ბიუჯეტში.
არ ეთანხმება შეძენილ ბინაზე (საკადასტრო კოდით ----------). ---------- კვ.მ, გამოწერილი ა/ფ დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას, ვინაიდან ბინის შეძენა მოხდა დეველოპერი (სამშენებლო) კომპანიისგან, რომელიც არის დღგ-ის გადამხდელი. ღირებულება გადახდილი აქვს იპოთეკური სესხით დღგ-ის ჩათვლით. ფართი გაქირავებული აქვს, ვინაიდან იხდის ბანკის იპოთეკურ სესხს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
ამავე კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა 2021 წლის თებერვლის თვეში მიიღო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საცხოვრებელი ბინის შეძენაზე, რომლითაც მიიღო დღგ-ის ჩათვლა. თუმცა, ოპერაციის შესწავლის შედეგად, არ დასტურდება აღნიშნული საცხოვრებელი ბინის გამოყენება ეკონომიკური საქმიანობისთვის. შესაბამისად, გაუქმდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა.
გადასახადის გადამხდელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნულ ფართს იყენებს ეკონომიკურ საქმიანობაში, მიღებული თანხები ჩართულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში და გადახდილია შესაბამისი გადასახადი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
4. ქონების გადასახადის გაანგარიშება
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელი პერიოდისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს გააჩნია ქონება, რომელზეც არ აქვს განხორციელებული დეკლარირება. შესაბამისად, მეწარმის უფლებამოსილი პირისგან გამოთხოვილი იქნა საბალანსო ღირებულებები, რის საფუძველზეც მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე, 205-ე და 43-ე მუხლებზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს გააჩნია ქონება, რომელზეც არ აქვს განხორციელებული დეკლარირება. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან, წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ არასწორად არის გაანგარიშებული ქონების გადასახადი. მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე, 205-ე, 43-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ქონების გადასახადი დაბეგრილია მიღებული შემოსავლის მიხედვით და გადახდილია ბიუჯეტში. ნაწილობრივ ეთანხმება დარიცხულ ქონების გადასახადს, ვინაიდან გამორჩენილი აქვს შესაბამის პერიოდში ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა. მოგვიანებით დეკლარირებულია და გადარიცხულია კუთვნილი ქონების გადასახადი ბიუჯეტში.
არ ეთანხმება ----------, სახელმწიფო ნომერი ----------, გამოშვების თარიღი 1996, დარიცხულ გადასახადს, ვინაიდან ავტომანქანა 2019 წლის 1 იანვრიდან იყო არამუშა მდგომარეობაში და დღემდე იმყოფება ხელოსანთან სარემონტოდ.
2020 წლის 4 თებერვალს, შიდა განვადებით, შეთანხმების საფუძველზე, შეიძინა ბინა დეველოპერული კომპანიიდან შპს „----------“. 2021 წლის აპრილში ბინაზე აიღო იპოთეკური სესხი, გარემონტების შემდეგ ბინა გაქირავებულია ჰოსტელად და სხვადასხვა პირებზე ხელშეკრულებით. შემოსავლის ნაწილი ჩარიცხულია ბანკში. გადასახადი გადახდილია.
გაწეული აქვს საკონსულტაციო სამუშაოები. შესაბამისად, წარმოადგინეს დოკუმენტაციას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:
გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
ამავე კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს გააჩნია ქონება, რომლის დეკლარირებაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, მომჩივანს მართლზომიერად დაერიცხა ქონების გადასახადი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 მარტის №5580 ბრძანება;
3. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა;
2. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
3. ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება;
4. ქონების გადასახადის გაანგარიშება.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების თარიღამდე გამოვლენილია სხვაობა შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს მართლზომიერად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშებისა და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ მეწარმეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2020 წლის თებერვლის თვიდან, თუმცა მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 28 იანვრიდან. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ბანკში 2020 წლის 2 ოქტომბერს ჩარიცხულ იქნა 5 200 ლარი. სამუშაოების შესრულება ვერ მოხერხდა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო. თანხა დაუბრუნდა დამკვეთ კომპანიას სალაროში. დანიშნულებაში ხაზგასმით არის მითითებული შესაძლებელი სამუშაოების ღირებულება. შესაბამისად, აღნიშნული თანხა არ უნდა იქნას გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.
3. გადასახადის გადამხდელმა 2021 წლის თებერვლის თვეში მიიღო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საცხოვრებელი ბინის შეძენაზე, რომლითაც მიიღო დღგ-ის ჩათვლა. თუმცა, ოპერაციის შესწავლის შედეგად, არ დასტურდება აღნიშნული საცხოვრებელი ბინის გამოყენება ეკონომიკური საქმიანობისთვის. შესაბამისად, გაუქმდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა.
4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს გააჩნია ქონება, რომელზეც არ აქვს განხორციელებული დეკლარირება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). მეოთხე სადავო ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 79; 90; 93; 202; 205; 275; 282
(2021 წლამდე მოქმედი): 157(1); 160; 161(1„ა“)