გადაწყვეტილება №28236/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.11.2026
№ დოკუმენტი 28236/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28236/2/2026

05 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 5.10.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28236/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და ჩასათვლელი დღგის თანხა;

2. მცირე მეწარმის დეკლარაციით დეკლარირებულ თანხასა და შემოწმებით მიღებულ თანხას შორის სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2026 წლის №057-21 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.08.2026 წლის №19286 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 66 812,47 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 36 850,00

დღგ - 32 778,00

საშემოსავლო გადასახადი - 3 782,00

ქონების გადასახადი - 290,00

ჯარიმა - 16 742,00

საურავი - 13 220,47

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სტუმრების განთავსება/დაბინავება სასტუმროში, სასტუმროში შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზების მომსახურება და სასტუმროსთან დაკავშირებული სხვა მომსახურებები.

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.04.2026 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2026 წლის №057-21 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.08.2026 წლის №19286 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და ჩასათვლელი დღგ-ის თანხა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელი ახდენს სასტუმროების მოძიებას საქართველოს მასშტაბით, შემდეგ მათი სერვისის მიწოდებას ტენდერის საშუალებით საბიუჯეტი ორგანიზაციაზე, რომელსაც ესაჭიროება სასტუმროს მომსახურება სხვადასხვა მიზნით, ძირითადი დამკვეთია -------. საქმიანობა განხორციელებულია 2023-2024 წლებში. შესამოწმებელი პერიოდის ძირითად ნაწილში, გადასახადის გადამხდელი სარგებლობს მცირე მეწარმის სტატუსით - 2023 წლის 1 ნოემბრიდან 2025 წლის 1 აგვისტომდე. ი/მ ------- (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2015 წლის 14 მარტიდან. შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 341 356 ლარს. დღგ-ის გადამხდელია 2024 წლის 26 მარტიდან. მომსახურების ანაზღაურებაზე გადახდილი თანხების ჯამი შეადგენს 179 938 ლარს.

წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების და სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ი/მ ------- (ს/ნ -------), დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე უნდა დამდგარიყო 2024 წლის 26 იანვარს, ბოლო ჩარიცხვით 18 240 ლარი. 26.01.2024-26.03.2024 პერიოდზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 282-ე მუხლის მიხედვით.

გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში, ერთიანი ელექტრონული ბაზების მიხედვით, არის დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელი და შეზღუდული აქვს ფაქტურების ჩათვლა. ამასთან, ძირითად საქმიანობაზე მიღებული ფაქტურების (ეა-------; ეა-------; ეა-------) დღგ-ის ჯამი შეადგენს 3 032 ლარს, რომლის ჩათვლასაც ვერ ახერხებს. გადასახადის გადამხდელმა მომართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა შემოწმების ფარგლებში მათი ჩათვლა. საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ აღნიშნული დღგ-ის თანხით - 3 032 ლარი, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდება დამატებით დასარიცხი თანხები.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ძირითად ნაწილში გადამხდელი სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით, კერძოდ, 2023 წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდებში. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 341 356 ლარს. მეწარმე დღგ-ის გადამხდელია 2024 წლის 26 მარტიდან. მომსახურების ანაზღაურებაზე გადახდილი თანხების ჯამი შეადგენს 179 938 ლარს.

წარდგენილი საბანკო ამონაწერების და სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მეწარმე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე უნდა დამდგარიყო 2024 წლის 26 იანვარს, ბოლო ჩარიცხვით 18 240 ლარი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 26 იანვრიდან 26 მარტამდე საანგარიშო პერიოდზე დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, მეწარმე შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენს დღგ-ის არაკვალიფიციური სტატუსის მქონე გადამხდელს, შესაბამისად, შეზღუდული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლის უფლება. გადამხდელის მიერ ძირითად საქმიანობაზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის ჯამი შეადგენს 3 032 ლარს. გადამხდელმა მიმართა შემოსავლების სამსახურს და შემოწმების ფარგლებში მოითხოვა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ის თანხა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, დღგ-ის თანხის შემცირებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს არ უფიქსირდება მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის საფუძველზეც შეძლებდა დღგ-ის თანხის ჩათვლას. ამასთან, შემოწმების პროცესში, გადამხდელის მოთხოვნის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ მითითებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტში მითითებულია რომ დღგ-ის გადამხდელად უნდა დარეგისტრირებულიყო 2024 წლის 26 იანვარს, ბოლო ჩარიცხვით 18 240 ლარი 26.01.2024-26.03.2024 პერიოდზე გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.

აღნიშნული მსჯელობა არ შეესაბამება რეალობას, რადგან გადასახადის გადამხდელს მითითებულ პერიოდში არ გააჩნდა დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირების ვალდებულება. გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სტუმრების განთავსება/დაბინავება სასტუმროში, სასტუმროში შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზების მომსახურება და სასტუმროსთან დაკავშირებული სხვა მომსახურებები. მათ შორის ტურისტული მომსახურება, რაც არ იქნა გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადის დაანგარიშების დროს. ასევე არ იქნა გათვალისწინებული გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელს ეკუთვნოდა დღგ-ის გადასახდელი თანხის შემცირება. შესაძლებელია შემცირდეს საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამ კუთხით გადასახადის გადამხდელს არ მისცემია შესაძლებლობა წარედგინა მტკიცებულებები.

აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2026 წლის 27 აგვისტოს №19286 ბრძანებაში არ იმსჯელა სათანადოდ. ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული ბრძანების მიღების დროს მიუთითა ყველა სამართლებრივი ნორმა გარდა საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე4 ნაწილისა, რომლის შესაბამისად ამ „კარით გათვალისწინებულ შემთხვევებში დღგ-ის გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით“. შემოსავლების სამსახურის მიერ გასაჩივრებულ ბრძანებაში არ ყოფილა მითითებულ საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლი, რომელიც მიუთითებს დღგ-ისგან გათავისუფლების საფუძვლებს/შემთხვევებს - მათ შორის ტურისტული კომპანიებისა და ტურისტებისთვის გაწეულ მომსახურებას. არასწორია სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითება თითქოს მცირე მეწარმის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით დეკლარილებული თანხა 164 099 ლარით ნაკლებია რეალურად მიღებულზე.

გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურს სრულად წარუდგინა დოკუმენტაცია სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით. გასაჩივრებული აქტების მიღების დროს საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინა გარემოება, რომ საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ამ კარით გათვალისწინებულ შემთხვევებში დღგ-ის გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად იხდიდა დეკლარირებული გადასახადებს, თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელს მაინც დააკისრა ჯარიმა 16 742,00 ლარის ოდენობით. აღნიშნულს დაეთანხმა საჩივრის განმხილველი ორგანო და მიუთითა, რომ არ არსებობდა ჯარიმისგან გათავისუფლების საფუძველი, რასაც ი/მ ------- არ ეთანხმება. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად ახდენდა გადასახადების გადახდას შემოსავლების სამსახურის ქმედება ჯარიმის დაკისრების კუთხით მიმართულია გადასახადის გადამხდელის სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვისკენ, რაც სამომავლოდ ი/მ ------- უკარგავს სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების სურვილს საბოლოოდ კი ამცირებს სამომავლო გადასახადებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 601 მუხლის პირველი ნაწილი, შემოსავლების სამსახურმა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტები მიიღო საქმეში არსებული მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ რა დროსაც გადასახადის გადამხდელს არ მისცემია შესაძლებლობა წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები. გასაჩივრებულ №19286 ბრძანებაში შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საჩივრის განხილვის დროს არ წარუდგენია მტკიცებულებები, თუმცა ამის შესაძლებლობა გადასახადის გადამხდელს ისეც არ მისცემია, 2026 წლის 27 აგვისტოს №19286 ბრძანება მიღებული იქნა საჩივრის ავტორის მონაწილეობის გარეშე. საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ამ „კარით გათვალისწინებულ შემთხვევებში დღგ-ის გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით“. საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლი, რომელიც მიუთითებს დღგ-ისგან გათავისუფლების საფუძვლებს/შემთხვევებს - მათ შორის ტურისტული კომპანიებისა და ტურისტებისთვის გაწეულ მომსახურებას. განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურმა არ გამოიყენე მითითებული ნორმები რომელთა გამოყენების შემთხვევაშიც მიღებული იქნებოდა ი/მ ------- სასარგებლო გადაწყვეტილება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად იხდიდა დეკლარირებული გადასახადებს თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელს მაინც დააკისრა ჯარიმა 16742,00 ლარის ოდენობით.

ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №15316 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 7 ივლისის №057-21 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 30 ივნისის №AR02395 საგადასახადო შემოწმების აქტი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 27 აგვისტოს №19286 ბრძანება და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საქმის გარემოებათა შესწავლის შემდეგ მოახდინოს გადასახადების გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 26 მარტიდან. შემოწმების შედეგად დადგინდა რომ მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2024 წლის 26 იანვარს, ბოლო ჩარიცხვით 18 240 ლარი. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცის გარეშე საქმიანობის მთელ პერიოდზე (26.01.2024 - 26.03.2024), გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში, ერთიანი ელექტრონული ბაზების მიხედვით, არის დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელი და შეზღუდული აქვს ფაქტურების ჩათვლა. ამასთან, ძირითად საქმიანობაზე მიღებული ფაქტურების (ეა -------; ეა -------; ეა -------) დღგ-ის ჯამი შეადგენს 3 032 ლარს, რომლის ჩათვლასაც ვერ ახერხებს. გადასახადის გადამხდელმა მომართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა შემოწმების ფარგლებში მათი ჩათვლა. საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული დღგ-ის თანხით - 3 032 ლარი, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დამატებით დასარიცხი თანხები.

სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2026 წლის №101500-21-14 წერილით, წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით, მითითებულია შემდეგი:

შემოწმების აქტზე დართულია დღგ-ის გაანგარიშება, ხოლო რეგისტრაციის თარიღი დადგენილია საბანკო ჩარიცხვებით, საბანკო ამონაწერები კი გადმოგზავნილია გადასახადის გადამხდელის მიერ, სადაც ჩანს 12 კალენდარულ თვეში 100 000 ლარიან ზღვარზე შემოსავლის მიღწევის თარიღი - 2024 წლის 26 იანვარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის საფუძველზეც შეძლებდა დღგ-ის თანხის ჩათვლას. საგადასახადო შემოწმების აქტში, დარიცხვის თემების მე-3 საკითხი მიკუთვნებულია დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ნაწილს და ყველა დადასტურებული ფაქტურა ჩათვლილია შესამცირებელ თანხაში. შემოსავლების სამსახურის მიერ გასაჩივრებულ ბრძანებაში არ ყოფილა მითითებულ საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლი რომელიც მიუთითებს დღგ-ისგან გათავისუფლების საფუძვლებს/შემთხვევებს - მათ შორის ტურისტული კომპანიებისა და ტურისტებისთვის გაწეულ მომსახურებას, შემმოწმებლის პოზიციაა, რომ ი/მ ------- მიერ გაწეული მომსახურებები, რომელიც ასევე თვითონ აქვს აღნიშნული საჩივარში, არ წარმოადგენს დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციებს.

მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. მცირე მეწარმის დეკლარაციით დეკლარირებულ თანხასა და შემოწმებით მიღებულ თანხას შორის სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების და სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდიდან მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ მცირე მეწარმის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით დეკლარირებული თანხა, 164 099 ლარით ნაკლებია რეალურად მიღებულზე. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველი ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 88-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 90-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 93-ე მუხლის 11 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ამ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მცირე მეწარმის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით დეკლარირებული თანხა, 164 099 ლარით ნაკლებია რეალურად მიღებულზე. გადასახადის გადამხდელს დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2026 წლის №101500-21-14 წერილიდან ირკვევა, რომ მცირე მეწარმის საშემოსავლო გადასახადი გაანგარიშებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების მიხედვით, რომელიც გამყარებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული გვერდიდან მიღებული ინფორმაციით.

მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 7.07.2026 წლის №057-21 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა, ჯარიმა 16 742,00 ლარი და საურავი 13 220,47 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და ჩასათვლელი დღგის თანხა;

2. მცირე მეწარმის დეკლარაციით დეკლარირებულ თანხასა და შემოწმებით მიღებულ თანხას შორის სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცის გარეშე საქმიანობის მთელ პერიოდზე დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში, ერთიანი ელექტრონული ბაზების მიხედვით, არის დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელი და შეზღუდული აქვს ფაქტურების ჩათვლა. გადასახადის გადამხდელმა მომართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა შემოწმების ფარგლებში მათი ჩათვლა. საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, აღნიშნული დღგ-ის თანხით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დამატებით დასარიცხი თანხები.

შემოწმების აქტზე დართულია დღგ-ის გაანგარიშება, ხოლო რეგისტრაციის თარიღი დადგენილია საბანკო ჩარიცხვებით, საბანკო ამონაწერები კი გადმოგზავნილია გადასახადის გადამხდელის მიერ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის საფუძველზეც შეძლებდა დღგ-ის თანხის ჩათვლას - მომჩივანის მიერ გაწეული მომსახურებები არ წარმოადგენს დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციებს. მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მცირე მეწარმის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით დეკლარირებული თანხა ნაკლებია რეალურად მიღებულზე. გადასახადის გადამხდელს დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 172; 102; 90; 269(7)