გადაწყვეტილება №26036/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.11.2025
№ დოკუმენტი 26036/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26036/2/2025

21 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 16.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26036/2/2025).

 

დავის საგანი:

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ შესრულებული სამუშაოების დაკვალიფიცირება დაქირავებით მუშაობად და საწარმოს მიერ გაწეული შესაბამისი ხარჯის სახელფასო განაცემად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №14373 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №021-54 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 25.09.2025 წლის №20841 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 233 714.02 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 127 732.94

მოგების გადასახადი - 352.94

საშემოსავლო გადასახადი - 127 380

ჯარიმა - 63 869

საურავი - 42 112.08

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რომელთა შესასრულებლად შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებში იყენებდა ქვეკონტრაქტორებისგან - მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდივიდუალური მეწარმეებისაგან მიღებულ მომსახურებებს.

აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2025 წლის №7327 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 27.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:

შემოწმების შედეგად შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები, საბანკო ანგარიშების ამონაწერები, მომსახურების ხელშეკრულებები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, აგრეთვე საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული გამოკითხვის ოქმები. აღნიშნულის საფუძველზე ირკვევა, რომ რამდენიმე პირთან (------ძე (პ/ნ -------), ------ი (პ/ნ ------), -----ი (პ/ნ -----), ------ა (პ/ნ -----)) დაკავშირებით, საგადასახადო ორგანოს აქვს საკმარისი საფუძველი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, შეცვალოს მათ მიერ შესრულებული სამუშაოების კვალიფიკაცია და საწარმოს მიერ გაწეული შესაბამისი ხარჯები განიხილოს სახელფასო განაცემებად.

ირკვევა, რომ აღნიშნულმა პირებმა მცირე ბიზნესის სტატუსი აიღეს საწარმოს მოთხოვნით, მათგან ორი მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებამდეც უკვე მუშაობდა საწარმოში დაქირავებულ პირად და შემდეგაც, ოთხივე მათგანზე გადახდილი თანხები რეალურად წარმოადგენდა სახელფასო ანაზღაურებას, რომლის გაცემა ხდებოდა თვეების მიხედვით რეგულარულად. ამ პირთა დეკლარირებული შემოსავლები მთლიანად ან უმეტესად შედგებოდა აღნიშნული საწარმოდან მიღებული თანხებიდან, არ უფიქსირდებათ მშენებლობასთან/რემონტთან დაკავშირებით შეძენები და სამუშაოები მთლიანად სრულდებოდა დამკვეთის მიერ (საწარმოს) შეძენილი მასალებით.

შეფასებისათვის ასევე გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის 6.05.2020 წლის №12359 ბრძანებით დამტკიცებული „კითხვარი სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ“, რომლითაც ირკვევა, რომ ამ ფიზიკური პირების მიერ შესრულებული სამუშაოები აკმაყოფილებს დაქირავებით მუშაობის კრიტერიუმებს.

ზემოაღნიშნულის შედეგად, აღნიშნული ხარჯები გადაკვალიფიცირდა როგორც სახელფასო განაცემები და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №14373 ბრძანება და ამავე თარიღის №021-54 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 25.09.2025 წლის №20841 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილი ფაქტობრივ გარემოებზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე და ზემოაღნიშნული პირების მიერ საგამოძიებო ორგანოს გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებულ პოზიციაზე, სადაც მიუთითებენ, რომ შპს „------“-ში დასაქმებული იყვნენ მუშებად და სამეწარმეო საქმიანობას არ ახორციელებდნენ.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო ორგანომ არასწორად გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის პირობები და ასევე არასწორად გადმოცემს ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ შემოწმების აქტში მითითებულ ინდ. მეწარმეებთან ნამდვილად დადებულია ხელშეკრულებები მომსახურებაზე, სადაც თვალნათლივ ჩანს თუ რა სამუშაოები უნდა შეესრულებინათ და შესაბამისად თუ რა ოდენობის ანაზღაურება უნდა მიეღოთ შესრულებული სამუშაოებისათვის. სამუშაოების დამთავრების შემდეგ აღნიშნულ პიროვნებებთან კანონის სრული დაცვით ფორმდებოდა (გაფორმებულია) შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები. შესაბამისად, ხდებოდა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება უნაღდო ანგარიშსწორების წესით და თავის მხრივ ინდ. მეწარმეების მიერ ხდებოდა მიღებული შემოსავლების დეკლარირება და გადასახადების გადახდა ბიუჯეტში.

ყოვლად გაუგებარია თუ რატომ მიიჩნია შემმოწმებელმა მითითებული პიროვნებები კომპანიის თანამშრომლებად. შემოწმების აქტში ასევე, თანამშრომლად განხილვის გარემოებად მითითებულია, რომ მათზე ხდებოდა თვეების მიხედვით რეგულარულად თანხების გაცემა, აღნიშნულ გარემოებას შემმოწმებელი გადმოსცემს არასწორად, კერძოდ ი/მ -----ს 2022 წელს მომსახურების თანხა ჩარიცხული არ აქვს აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, სექტემბრის თვეში, 2023 წლის თებერვლის თვეში, 2024 წლის ივლისის და აგვისტოს პერიოდში. ასევე, ამავე პიროვნებას მომსახურების თანხები მიღებული აქვს თვეში რამდენჯერმე. ანალოგიური მდგომარეობაა დანარჩენ სამ ინდ. მეწარმესთან.

აღნიშნული პიროვნებები, რომ არ იყვნენ კომპანიის თანამშრომლები და ასრულებდნენ მომსახურებას, ადასტურებს ის გარემოება, რომ კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში ზოგიერთ თვეებში მათ მიერ კომპანიისგან მიღებული თანხები ნაკლებია მათ მიერ აღნიშნულ თვეებში დეკლარირებულ მონაცემებთან, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მითითებული ინდ. მეწარმეები გარდა იმისა, რომ ურთიერთობდნენ კომპანიასთან ასევე, სამუშაოებს ასრულებდნენ სხვა კომპანიაშიც, მაგალითად ------ძე 2024 წლის მარტის თვეში, ანალოგიური სიტუაციაა აპრილის თვეში - კომპანიისგან მიღებული 8 000 ლარის ნაცვლად დეკლარირებულია 9 885 ლარი. ანალოგიური მდგომარეობაა დანარჩენ ინდ. მეწარმეებთან.

აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომს შესამოწმებელ პერიოდში ძირითადად სარემონტო სამშენებლო სამუშაოებს უსრულებდა შპს ----ს სხვადასხვა ობიექტებზე. ხელშეკრულების 1.3 და 1.4 მუხლში მკაცრად განსაზღვრულია სამუშაოს დასახელება, სახეობები, მოცულობა და ღირებულება, რომელიც წარმოდგენილია ხარჯთაღრიცხვის სახით ხელშეკრულებაზე დანართად და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მენარდე (შპს -----) ვალდებულია მკაცრად დაიცვას წარდგენილი ხარჯთაღრიცხვები. მითითებული ხარჯთაღრიცხვებში კი საშემოსავლო გადასახადის ხარჯი გათვალისწინებული არ არის, რის გამოც კომპანიამ ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით სამუშაოები განახორციელა მცირე ბიზნესის სტატუსის ქვეშ მყოფი ინდ. მეწარმეების მეშვეობით, ორმხრივად ხელმოწერილი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, რასაც იმ პერიოდში მოქმედი საგადასახდო კანონმდებლობა არ კრძალავდა. ამავე ხელშეკრულების 4.1.44 მუხლი მენარდეს (შპს -----) უფლებას აძლევდა სამუშაოებზე გამოეყენებინა ქვემონარდე პირები, მოცემულ შემთხვევაში კომპანიის მიერ მომსახურების ხელშეკრულებით დაქირავებული მცირე ბიზნესის სტატუსის მატარებელი ინდ. მეწარმეები.

კომპანიის მიერ წარმოდგენილი ზემოთ მითითებული მტკიცებულებები არ შეიცავდა არცერთ გარემოებას, რასაც შეიძლება გამოეწვია შესამოწმებელ პერიოდში მითითებული ინდ. მეწარმეების განხილვა თანამშრომლებად, გათვალისწინებით იმ გარემოებისა, რომ მათთან დადებული მომსახურების ხელშეკრულებები ძალაშია, არც მხარეებს გაუუქმებიათ და არც სასამართლოს მიერ არის გამოცხადებული ბათილად.

შემმოწმებელმა მითითებული ხელშეკრულებები საეჭვოდ მიიჩნია საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული გამოკითხვის ოქმების საფუძველზე, რომელიც არ გადასცემია და შესაბამისად მასზე რაიმე განმარტების გაკეთება შეუძლებელია. დავის განმხილველ ორგანოს კარგად მოეხსენება, რომ მხოლოდ გამოკითხვის ოქმები, რომელზედაც სხვა მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე გამოტანილი თუ არ არის გამამტყუნებელი განაჩენი, ყოვლად შეუძლებელია მიჩნეულ იქნას მტკიცებულებად და ეჭვქვეშ დააყენოს მხარეების მიერ ხელმოწერილი და უკვე შესრულებული ხელშეკრულებები. ასევე განმარტავს, რომ შემმოწმებელს ხელშეკრულებების სიყალბეზე საერთოდ არ მიუმართავს და თუ რატომ გახდა ეს ხელშეკრულებები საეჭვო გაუგებარია, რომელიც დადებულია სამოქალაქო კოდექსის მუხლების სრული დაცვით და მის საეჭვოობაზე არანაირი პრეტენზია მხარეებს არ წარუდგენიათ. ეს ხელშეკრულება მხარეების მიერ უკვე სრულად არის შესრულებული და ამასთან, იმ დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ორივე მხარის მიერ გადახდილია საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადასახადები, ასევე დეკლარირებულია დროულად ორივე მხარის მიერ.

შემმოწმებლის მიერ შეფასებისათვის ასევე, გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის 6.05.2020 წლის №12359 ბრძანებით დამტკიცებული კითხვარი და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ზემოთ მითითებული მცირე ბიზნესის სტატუსის მატარებელი ინდ. მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაოები ჩაითვალა, რომ აკმაყოფილებს დაქირავებით მუშაობის კრიტერიუმებს. კომპანიის მიერ კითხვარი შევსებულია სწორად და გულახდილად და ოთხივე შემთხვევაში სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობა დაკლასიფიცირდა მომსახურების გაწევად.

აქვე აღსანიშნია, რომ მითითებული ბიზნესის სტატუსის მატარებელი ინდ. მეწარმეები ვერ იქნებოდნენ თანამშრომლები, რადგან ისინი ვერ და არ სარგებლობდნენ შრომის კოდექსის 21-ე მუხლით (მივლინება), 22-ე მუხლით (პროფესიული განვითარების ხელშეწყობა), 24-ე მუხლით (სამუშაო დროის ხანგრძლივობა), 27-ე მუხლით (ზეგანაკვეთური სამუშაო), ამავე კოდექსის VI თავით (შვებულება).

კომპანია სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს 2019 წლიდან, კომპანია ყოველთვის იყო კეთილსინდისიერი გადამხდელი, ბიუჯეტთან ანგარიშსწორებასა და დეკლარირებას ყოველთვის ახდენდა დროულად, ყოველთვის ცდილობდა ბიუჯეტისთვის არ მიეყენებინა ფინანსური ზიანი, კომპანია ორიენტირებულია იყო ემუშავა ზედმიწევნით პატიოსნად, კანონის სრული დაცვით. კომპანიას მცირე მეწარმეების გარდა ჰყავდა შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებული თანამშრომლები, ასევე ჰყავდა ფიზიკური პირები, რომლებიც მომსახურებას უწევდნენ, ფიზიკურ პირებზე გაცემული მომსახურებები და ხელფასები სრულად არის დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით და საპენსიო შენატანით, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ კომპანია არავის არ აიძულებდა დამდგარიყო ინდივიდუალურ მეწარმედ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საჩივრის განხილვას მისი თანდასწრებით, სადავო აქტების ბათილობას საწარმოს მიერ გაწეული შესაბამისი ხარჯების სახელფასო განაცემად განხილვის ნაწილში და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ შემოწმების შედეგად, მომჩივნის მიერ რამოდენიმე ფიზიკურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული განაცემი გადაკვალიფიცირდა, როგორც სახელფასო განაცემი და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანი განმარტავს, რომ:

- შემოწმების აქტში მითითებულ ინდ. მეწარმეებთან დადებული ხელშეკრულებებით თვალნათლივ ჩანს თუ რა სამუშაოები უნდა შეესრულებინათ და რა ოდენობის ანაზღაურება უნდა მიეღოთ შესრულებული სამუშაოებისათვის და სამუშაოების დამთავრების შემდეგ აღნიშნულ პიროვნებებთან ფორმდებოდა (გაფორმებულია) შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები;

- აღსანიშნია, რომ ი/მ -----ს 2022 წელს მომსახურების თანხა ჩარიცხული არ აქვს აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, სექტემბრის თვეში, 2023 წლის თებერვლის თვეში, 2024 წლის ივლისის და აგვისტოს პერიოდში. ასევე, ამავე პიროვნებას მომსახურების თანხები მიღებული აქვს თვეში რამდენჯერმე. ანალოგიური მდგომარეობაა დანარჩენ სამ ინდ. მეწარმესთან.

- კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში ზოგიერთ თვეებში მათ მიერ კომპანიისგან მიღებული თანხები ნაკლებია მათ მიერ აღნიშნულ თვეებში დეკლარირებულ მონაცემებთან, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მითითებული ინდ. მეწარმეები გარდა იმისა, რომ ურთიერთობდნენ კომპანიასთან ასევე, სამუშაოებს ასრულებდნენ სხვა კომპანიაშიც.

- შესამოწმებელ პერიოდში ძირითადად სარემონტო/სამშენებლო სამუშაოებს უსრულებდა შპს ----ს სხვადასხვა ობიექტებზე. მითითებული ხელშეკრულება მენარდეს (შპს -----) უფლებას აძლევდა სამუშაოებზე გამოეყენებინა ქვემონარდე პირები, მოცემულ შემთხვევაში კომპანიის მიერ მომსახურების ხელშეკრულებით დაქირავებული მცირე ბიზნესის სტატუსის მატარებელი ინდ. მეწარმეები.

- მხოლოდ გამოკითხვის ოქმები, რომელზედაც სხვა მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე გამოტანილი თუ არ არის გამამტყუნებელი განაჩენი, ყოვლად შეუძლებელია მიჩნეულ იქნას მტკიცებულებად, ეჭვქვეშ დააყენოს მხარეების მიერ ხელმოწერილი და უკვე შესრულებული ხელშეკრულებები.

- შემოსავლების სამსახურის უფროსის 6.05.2020 წლის №12359 ბრძანებით დამტკიცებული კითხვარის შევსებით ოთხივე შემთხვევაში სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობა დაკლასიფიცირდა მომსახურების გაწევად.

- მითითებული ბიზნესის სტატუსის მატარებელი ინდ. მეწარმეები ვერ იქნებოდნენ თანამშრომლები, რადგან ისინი ვერ და არ სარგებლობდნენ შრომის კოდექსის 21-ე მუხლით (მივლინება), 22-ე მუხლით (პროფესიული განვითარების ხელშეწყობა), 24-ე მუხლით (სამუშაო დროის ხანგრძლივობა), 27-ე მუხლით (ზეგანაკვეთური სამუშაო), ამავე კოდექსის VI თავით (შვებულება).

საჩივარს ახლავს ზემოთ ხსენებულ პირებთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები, კომპანიის საბუღალტრო პროგრამიდან 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდის ანგარიშის (3110) ბარათი, შპს ----თან 28.06.2022 წელს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება სადემონტაჟო და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ, ხარჯთაღრიცხვები, კითხვარი სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობების დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2025 წლის №--21-14 წერილი, სადაც მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით, მითითებულია შემდეგი:

კომპანიის საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რომელთა შესასრულებლად შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებში იყენებდა ქვეკონტრაქტორებისგან - მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდივიდუალური მეწარმეებისაგან შესრულებულ სამუშაოებს. შემოწმების შედეგად შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები, საბანკო ანგარიშების ამონაწერები, მომსახურების ხელშეკრულებები, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში არსებული მონაცემები, აგრეთვე საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული გამოკითხვის ოქმები. აღნიშნული მასალების შეჯერების საფუძველზე, რამდენიმე პირთან დაკავშირებით გამოიკვეთა, რომ შემოწმებას გააჩნდა საკმარისი საფუძველი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, მომხდარიყო მათ მიერ შესრულებული სამუშაოების კვალიფიკაციის შეცვლა და საწარმოს მიერ გაწეული შესაბამისი გადარიცხვების განხილვა სახელფასო განაცემებად. არსებული მასალებიდან მ.შ. საგამოძიებო სამსახურიდან გამოგზავნილი გამოკითხვის ოქმებიდან ირკვეოდა, რომ აღნიშნულმა პირებმა მცირე ბიზნესის სტატუსი აიღეს საწარმოს მოთხოვნით, მათგან ორი მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებამდეც უკვე მუშაობდა საწარმოში დაქირავებულ პირად და შემდეგაც ოთხივე მათგანზე გადახდილი თანხები რეალურად წარმოადგენდა სახელფასო ანაზღაურებას, რომლის გაცემა ძირითადად ხდებოდა თვეების მიხედვით რეგულარულად. ამ პირთა დეკლარირებული შემოსავლები მთლიანად ან უმეტესად შედგებოდა აღნიშნული საწარმოდან მიღებული თანხებიდან, არ უფიქსირდებათ მშენებლობასთან/რემონტთან დაკავშირებით შეძენები და სამუშაოები სრულდებოდა დამკვეთის მიერ (საწარმოს) შეძენილი მასალებით. შეფასებისათვის ასევე, გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის 6.05.2020 წლის №12359 ბრძანებით დამტკიცებული „კითხვარი სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ“, რომლის თანახმად ამ ფიზიკური პირების მიერ შესრულებული სამუშაოები აკმაყოფილებდა დაქირავებით მუშაობის კრიტერიუმებს. ამდენად, აღნიშნული ხარჯები დაკვალიფიცირდა როგორც სახელფასო განაცემი.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხზე და ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ შესრულებული სამუშაოების დაკვალიფიცირება დაქირავებით მუშაობად და საწარმოს მიერ გაწეული შესაბამისი ხარჯის სახელფასო განაცემად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №7327 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა რომ შემოწმების შედეგად შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები, საბანკო ანგარიშების ამონაწერები, მომსახურების ხელშეკრულებები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, აგრეთვე საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული გამოკითხვის ოქმები. აღნიშნულის საფუძველზე ირკვევა, რომ რამდენიმე ფიზიკურ პირთან დაკავშირებით, საგადასახადო ორგანოს აქვს საკმარისი საფუძველი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, შეცვალოს მათ მიერ შესრულებული სამუშაოების კვალიფიკაცია და საწარმოს მიერ გაწეული შესაბამისი ხარჯები განიხილოს სახელფასო განაცემებად.რადგან აღნიშნულმა პირებმა მცირე ბიზნესის სტატუსი აიღეს საწარმოს მოთხოვნით, მათგან ორი მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებამდეც უკვე მუშაობდა საწარმოში დაქირავებულ პირად და შემდეგაც, ოთხივე მათგანზე გადახდილი თანხები რეალურად წარმოადგენდა სახელფასო ანაზღაურებას, რომლის გაცემა ხდებოდა თვეების მიხედვით რეგულარულად. ამ პირთა დეკლარირებული შემოსავლები მთლიანად ან უმეტესად შედგებოდა აღნიშნული საწარმოდან მიღებული თანხებიდან, არ უფიქსირდებათ მშენებლობასთან/რემონტთან დაკავშირებით შეძენები და სამუშაოები მთლიანად სრულდებოდა დამკვეთის მიერ (საწარმოს) შეძენილი მასალებით.

შეფასებისათვის ასევე გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის 6.05.2020 წლის №12359 ბრძანებით დამტკიცებული „კითხვარი სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ“, რომლითაც ირკვევა, რომ ამ ფიზიკური პირების მიერ შესრულებული სამუშაოები აკმაყოფილებს დაქირავებით მუშაობის კრიტერიუმებს.ზემოაღნიშნულის შედეგად, აღნიშნული ხარჯები გადაკვალიფიცირდა როგორც სახელფასო განაცემები და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14373 ბრძანება და №021-54 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №20841 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხზე და ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(4.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“);