გადაწყვეტილება №27582/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.08.2026
№ დოკუმენტი 27582/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27582/2/2026

07 აგვისტო 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---- “-ის 15.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27582/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. საგადასახადო შემოწმების ჩატარების შემდეგ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გათვალისწინება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის №024-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.05.2026 წლის №11010 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 202 366,51 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 135 958,8

დღგ - 61 716,6

საშემოსავლო გადასახადი - 74 242,2

ჯარიმა - 54 796,46

საურავი - 11 611,25

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენს საცალო და საბითუმო ვაჭრობა მინერალური სასუქებით, მცენარეთა დაცვის საშუალებებით. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 8.05.2024 წლიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 15.11.2025 წლიდან. აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 8.05.2024 წლიდან 1.01.2026 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის №024-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.05.2026 წლის №11010 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული პროგრამით და არ გააჩნია სრულყოფილი საბუღალტრო ჩანაწერები, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის მოწოდებულ იქნა საბანკო ამონაწერები და ახსნა-განმარტებები. საქონლის შეძენას ახდენდა ადგილობრივ ბაზარზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №--- საქმე, შპს „---“-ის (ს/ნ ---) მიერ ფალსიფიკაციის, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლის ფაქტზე, ჩადენილი ანგარებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მომჩივნის შემოსავლების განსაზღვრის მიზნით შესწავლილ იქნა საგამოძიებო სამსახურად მიღებული აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები (ე.წ. შავი ჩანაწერები), გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 16 დეკემბრის №27560 „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ“ ბრძანების საფუძველზე მომჩივნის კუთვნილ ობიექტებში 2025 წლის 16 დეკემბერს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად ელექტრონული ბაზების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და საქმეში არსებული მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოვლინდა დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლები, რომლის მიხედვითაც უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებულმა, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2.03.2025 წელს და შემოწმებით აღნიშნული თარიღით განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პირველადი თარიღი (ნაცვლად გადასახადის გადამხდელის მიერ დარეგისტრირებული 15.11.2025 წლისა). შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 327 541,36 ლარი. ხოლო მის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ, შესამოწმებელ პერიოდში დღგით დასაბეგრი ბრუნვის შემცირება 2 030 ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით. ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის პირი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ხოლო მის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ, შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირებისთვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შედგა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, სადაც დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით მიღებულად ჩაითვალა ზემოთ მითითებული მასალების საფუძველზე საქონლის რეალიზაციის საერთო თანხა. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს უმეტეს საქონელზე არ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი შესყიდვის დოკუმენტები, ხოლო დანარჩენ საქონელზე სრულყოფილად ვერ ხერხდება შემოსავლების იდენტიფიცირება იმ საქონლის სახეობებისა და ღირებულების მიხედვით, რომლის რეალიზაციითაც მიღებულია ისინი.

შესაბამისად, ხარჯები განისაზღვრა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოზე დაყრდნობით და ხარჯად ჩაითვალა რეალიზებული პროდუქციის საბაზრო ღირებულების 75%-ის ოდენობა. შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების დანართი №9-ის გათვალისწინებით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის სალაროში დარჩენილი არაგონივრული ნაშთი, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, და გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დადგენა, ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად რეალიზებული პროდუქციის საბაზრო ღირებულების 75%-ის ხარჯად ჩათვლა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში დარჩენილი არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ პროდუქციის რეალიზაცია დაიწყო 2025 წლის აპრილის თვეში. აღნიშნულ ფაქტს მოწმობს საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალური ამონაწერის, საბანკო ამონაწერის და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების თარიღები. ასევე, კომპანია საქმიანობიდან გამომდინარე საჭიროებს სურსათის ეროვნული სააგენტოდან ნებართვას, რომელიც მიღებული აქვს 2025 წლის აპრილში. ჟურნალები, რომლითაც იხელმძღვანელა შემოწმებამ არ შეესაბამება რეალობას. მათი წარმოება განპირობებულია მხოლოდ საბანკო კრედიტის მისაღებად. ვინაიდან 2025 წლის დეკლარირებული ბრუნვები და საბანკო ოპერაციები არ იყო საკმარისი კრედიტის დასამტკიცებლად კრედიტ ოფიცერმა თავად მოითხოვა ჟურნალები. ასევე, ფულის ნაშთის გაანგარიშების ცხრილში ხარჯი ჩასმულია სიტუაციური სახელმძღვანელო №0256-ის მიხედვით, თუმცა ნაცვლად საბაზრო ღირებულების 75%-ისა გათვალისწინებულია თვითღირებულების 75%. კერძოდ საბაზრო ფასიდან ამოღებულია ფასნამატი და მერეა დაანგარიშებული 75%.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული პროგრამით და არ გააჩნია სრულყოფილი საბუღალტრო ჩანაწერები. საქონლის შეძენას ახდენდა ადგილობრივ ბაზარზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №--- საქმე, შპს „---“-ის (ს/ნ ---) მიერ ფალსიფიკაციის, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლის ფაქტზე. შემოსავლების განსაზღვრისთვის შესწავლილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №--- საქმეში არსებული მასალები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 16 დეკემბრის №27560 ბრძანების საფუძველზე 2025 წლის 16 დეკემბერს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალები.

გამოვლინდა დღგით დასაბეგრი შემოსავლები, რომლის მიხედვითაც უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აჭარბებს 100 000 ლარს 2.03.2025 წელს და შემოწმებით აღნიშნული თარიღით განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პირველადი თარიღი (ნაცვლად გადასახადის გადამხდელის მიერ დარეგისტრირებული 15.11.2025 წლისა). საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შედგა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, სადაც დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით მიღებულად ჩაითვალა ზემოთ მითითებული მასალების საფუძველზე საქონლის რეალიზაციის საერთო თანხა.

დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს უმეტეს საქონელზე არ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი შესყიდვის დოკუმენტები, ხოლო დანარჩენ საქონელზე სრულყოფილად ვერ ხერხდება შემოსავლების იდენტიფიცირება იმ საქონლის სახეობებისა და ღირებულების მიხედვით, რომლის რეალიზაციითაც მიღებულია ისინი.

შესაბამისად, ხარჯები განისაზღვრა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოზე დაყრდნობით და ხარჯად ჩაითვალა რეალიზებული პროდუქციის საბაზრო ღირებულების 75%-ის ოდენობა. საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საწარმოს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა, ხოლო საგადასახადო შემოწმებით შემოსავლები განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით. დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით მიღებულად ჩაითვალა მითითებული მასალების საფუძველზე საქონლის რეალიზაციის საერთო თანხა.

გადასახადის გადამხდელს უმეტეს საქონელზე არ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი შესყიდვის დოკუმენტები, ხოლო დანარჩენ საქონელზე სრულყოფილად ვერ ხერხდება შემოსავლების იდენტიფიცირება იმ საქონლის სახეობებისა და ღირებულების მიხედვით, რომლის რეალიზაციითაც მიღებულია ისინი. ხარჯები განისაზღვრა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოზე დაყრდნობით და ხარჯად ჩაითვალა რეალიზებული პროდუქციის საბაზრო ღირებულების 75%-ის ოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საგადასახადო შემოწმების ჩატარების შემდეგ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გათვალისწინება ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელს 2025 წლის დეკემბრის თვეში მიღებული და დადასტურებული აქვს საგადასახადო ელექტრონული ანგარიშფაქტურა: ეა---- (თანხით 16 200 ლარი, დღგ-ის თანხა - 2 471,19 ლარი). აღნიშნული ანგარიშფაქტურით შეძენილი ბეტონი გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულია როგორც ძირითადი საშუალება. გადასახადის გადამხდელის მიერ ზემოთ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის თანხა 2 471,19 ლარი სრულად არის ჩათვლილი იმავე პერიოდში. გადასახადის გადამხდელი ახდენს ისეთი საქონლის რეალიზაციას, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება და ასევე ისეთი საქონლის რეალიზაციას, რომელზეც მას ეს უფლება არ აქვს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უნდა მოეხდინა დღგ-ის თანხის მხოლოდ იმ ნაწილის ჩათვლა, რომელიც მიეკუთვნება ოპერაციებს, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება. დღგ-ის თანხის ჩასათვლელი ნაწილის პროცენტი შეადგენს 31%-ს. საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად ყოველწლიურად ჩასათვლელი დღგ-ის თანხა უძრავ ნივთზე გაიანგარიშება ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 174-179-ე მუხლების საფუძველზე შემოწმებით დაკორექტირდა ზედმეტად შემცირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ პუნქტზე და მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 179-ე მუხლზე, 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელს 2025 წლის დეკემბრის თვეში მიღებული და დადასტურებული აქვს საგადასახადო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა--- (თანხით 16 200 ლარი, დღგ-ის თანხა 2 471 ლარი). აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილი ბეტონი გადამხდელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულია როგორც ძირითადი საშუალება. გადამხდელის მიერ ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის თანხა სრულად არის ჩათვლილი იმავე პერიოდში.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ისეთი საქონლის რეალიზაციას, რომელზეც დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება აქვს და ასევე, ისეთი საქონლის რეალიზაციას, რომელზეც ეს უფლება არ აქვს. შესაბამისად, გადამხდელს უნდა განეხორციელებინა დღგ-ის თანხის მხოლოდ იმ ნაწილის ჩათვლა, რომელიც მიეკუთვნება ოპერაციებს, რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.

შემოწმებით, დღგ-ის თანხის ჩასათვლელი ნაწილის პროცენტი შეადგენს 31%. შედეგად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა ზედმეტად შემცირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგის თანხის ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციაზე და საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით შემოწმების მიერ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინებულია შესამოწმებელ პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო დანარჩენი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ არის გამოწერილი შესამოწმებელ პერიოდზე, არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დღგ-ის რეგისტრაციის პერიოდის ცვლილებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა, თუმცა შემოწმების პროცესში ჩათვლების ნაწილში შემოწმებით დადგენილ რეგისტრაციის პერიოდიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე ანგარიშ-ფაქტურები მომწოდებლების მიერ არ იყო გამოწერილი სრულად, რამაც გამოიწვია ჩასათვლელი დღგ-ის თანხის შემცირება. დღეის მდგომარეობით აღნიშნული მომწოდებლებისგან მომჩივნის მოთხოვნის შესაბამისად გამოწერილია ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შესაბამისად საგადასახადო შემოწმების შედეგების სწორად განსაზღვრის მიზნით უნდა განხორცილდეს აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების გათვალისწინება ჩათვლების ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმებით დადგენილ რეგისტრაციის პერიოდიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე ანგარიშ-ფაქტურები მომწოდებლების მიერ არ იყო გამოწერილი სრულად. დღეის მდგომარეობით აღნიშნული მომწოდებლებისგან გამოწერილია ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშფაქტურები. უნდა განხორცილდეს აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების გათვალისწინება ჩათვლების ნაწილში. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, გადასახადის გადამხდელისთვის შესამოწმებელ პერიოდზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები არ იძებნება დღეის მდგომარეობით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ არ არის მითითებული/წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის ჩათვლის უფლებასთან დაკავშირებით, ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. საგადასახადო შემოწმების ჩატარების შემდეგ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გათვალისწინება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შედგა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, ხოლო ხარჯები განისაზღვრა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოზე დაყრდნობით და ხარჯად ჩაითვალა რეალიზებული პროდუქციის საბაზრო ღირებულების 75%-ის ოდენობა. შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების დანართი №9-ის გათვალისწინებით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის სალაროში დარჩენილი არაგონივრული ნაშთი, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის მიერ ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის თანხა 2 471,19 ლარი სრულად არის ჩათვლილი იმავე პერიოდში. გადასახადის გადამხდელი ახდენს ისეთი საქონლის რეალიზაციას, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება და ასევე ისეთი საქონლის რეალიზაციას, რომელზეც მას ეს უფლება არ აქვს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უნდა მოეხდინა დღგ-ის თანხის მხოლოდ იმ ნაწილის ჩათვლა, რომელიც მიეკუთვნება ოპერაციებს, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება. დღგ-ის თანხის ჩასათვლელი ნაწილის პროცენტი შეადგენს 31%-ს. საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად ყოველწლიურად ჩასათვლელი დღგ-ის თანხა უძრავ ნივთზე გაიანგარიშება ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 174-179-ე მუხლების საფუძველზე შემოწმებით დაკორექტირდა ზედმეტად შემცირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 174 (1); 175 (1); 176(1).