ბრძანება N 20507

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.08.2023
№ დოკუმენტი 20507
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20507

18 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------”- ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2022 წლის 12 აგვისტოს, 18 ოქტომბრის და 22 დეკემბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 აპრილის №19000/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------”-ის (ს/ნ -------) №147015/21, №75575/1/2022 და №232608/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 ივლისის №005-110 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფართების ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაციის საფუძვლით დარიცხულ თანხებს და მიუთითებს შემდეგს:

● 2017 წლის 3 სექტემბერს გაფორმდა გაცვლის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „-------“ 2017 წელს საკუთრებაში გადასცა შპს „-------“ უძრავი ქონება. კერძოდ, მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა. შპს „-------“ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობანაგებობის სანაცვლოდ უნდა მიეწოდებინა რვა სართულიან შენობაში მე-2, მე-7, მე-8 სართულები, სამი ავტოფარეხი და 380 კვ.მ. ფართის ტერასა. ზემოაღნიშნული ფართები შავი კარკასის მდგომარეობაში შპს „-------“ 2019 წლიდან მიაწოდა შპს „-------“ ეტაპობრივად, შპს „-------“ ასევე შავი კარკასის (მშენებარე) მდგომარეობაში მოახდინა მისი საბაზრო ფასით რეალიზაცია. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის საფუძველზე კომპანიას სრულიად სამართლიანად ეკუთვნის დღგ-ს ჩათვლის მიღების უფლება, რომელიც ციფრობრივად უნდა აისახოს საგადასახადო შემოწმების აქტში შესაბამისი საბაზრო ფასების მითითებით.

●გადასახადის გადამხდელი აგრეთვე, აღნიშნავს, რომ შპს „-------“ და შპს „-------“ ერთმანეთის მიმართ წარმოადგენენ არაურთიერთდამოკიდებულ პირებს. ამიტომ, შემოწმების პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე საქონლის თითოეული მიმღებისათვის შეძენილი საქონლის ფასი წარმოადგენს საბაზრო ფასს. შპს „-------“ შავი კარკასის მდგომარეობაში (მშენებარე ფართი) 2019 წლის საანგარიშო პერიოდში შეიძინა უძრავი ქონება არაურთიერთდამოკიდებული პირისაგან - შპს „-------“, ხოლო ამის შემდგომ 2019 წლის საანგარიშო პერიოდიდან შპს „-------“ ასევე შავი კარკასის მდგომარეობაში იგივე უძრავი ქონების მხოლოდ ნაწილი საბაზრო ფასზე მეტად მიაწოდა ურთიერთდამოკიდებულ პირს. მეტი მტკიცებულებისათვის შპს „-------“ დამოუკიდებელი ექსპერტის (შემფასებლის) ჩართულობით განახორციელა რეალიზებული უძრავი ქონების საბაზრო ფასის გადამოწმება, რომელიც ფაქტობრივად იდენტური იყო შპს „-------“ საბაზრო ფასთან მიმართებაში. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების აქტში მოყვანილი საბაზრო ფასები არ შეესაბამება რეალობას. უსამართლოდ არის გაზრდილი საბაზრო ფასი და წინააღმდეგობაში მოდის არაურთიერთდამოკიდებული პირისგან - შპს „-------“ და დამოუკიდებელ ექსპერტის (შემფასებლის) საბაზრო ფასებთან მიმართებაში. შესაბამისად, ითხოვს, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელოს შპს „-------“ შავი კარკასის მდგომარეობაში (მშენებარე ფართი) შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ფასით, დამოუკიდებელ ექსპერტის (შემფასებლის) მიერ დადგენილი საბაზრო ფასით, რომელიც თითქმის იდენტურია რეალიზებულ საბაზრო ფასთან მიმართებაში.

● მოგების გადასახადთან მიმართებით მიუთითებს, რომ თუნდაც საბაზრო ფასის ცვლილების პირობებში უნდა მოხდეს კომპანიაში დამფუძნებლის მიერ განხორციელებული შეტანილი თანხების გათვალისწინება. ასევე, აცხადებს, რომ ერთ-ერთი უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების გამო დარიცხული მოგების გადასახადი უნდა იყოს ნაკლები, ნაცვლად 212 850 ლარისა შეადგენს 15 702,89 ლარს.

●გადასახადის გადამხდელის მიერ დაზუსტებული საჩივრით ასევე წარმოდგენილია საჯარო რეესტრიდან ამონაწერები და მითითებულია, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული ქონებები დაუბრუნდა საწარმოს და განხორციელებული ოპერაციები გაუქმებულია.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 მარტის №6560 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 20 ივლისის №19362 ბრძანება და ამავე თარიღის №005-110 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 997 882 ლარი, მათ შორის, გადასახადი 559 791 ლარი, ჯარიმა 207 795 ლარი, საურავი 230 296 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და 2023 წლის 10 თებერვლის №2444 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

„პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, რეალიზებული ქონების საბაზრო ფასისა და ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №2444 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2023 წლის 26 აპრილის №19000/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 აპრილის №19000/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია:

,,განსახილველ შემთხვევაში, ირკვევა, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული ქონებების კომპანიის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულია სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საკანონმდებლო ნორმები, მაგრამ შემოსავლების სამსახურის მიერ არ მომხდარა წარდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, უძრავი ნივთის ჩუქების/ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ხელშეკრულებების გაანალიზება, შეფასება, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მათი შესაძლო გავლენის კუთხით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული ქონებების კომპანიის საკუთრებაში დაბრუნების ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.’’

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ დამატებით თანხის დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

● შპს „-------’’ შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 6 საცხოვრებელი ბინისა და ტერასის ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაცია საბაზრო ფასზე დაბალი ფასით. გადამხდელი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე და 161-ე მუხლებით. დადგინდა, რომ გადამხდელს, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2019 წლის ივნისში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ურთიერდამოკიდებულ პირებთან რეალიზაციისას გამოყენებულია საბაზრო ფასი. შემოწმების მიერ საბაზრო ფასი აღებულია ამავე საცხოვრებელ კორპუსში არსებული, ამავე პერიოდში რეალიზებული ბინების, არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან. შემოწმებით დადგინდა გადამხდელის მიერ დღგ-ის 18% განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

● შპს „-------’’ და შპს „-------“ (ს/ნ -------) შორის 2017 წელს დადებულია გაცვლის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს „-------“ საკუთრებაში გადასცა შპს „-------“ (ს/კ -------) მიწა მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით, რომლის დემონტაჟის განხორციელება ევალებოდა შპს „-------“ და ამავდროულად მიწისა და შენობის სანაცვლოდ შპს „-------’’ მიიღო 8 სართულიანი შენობიდან მე-2, მე-7, მე-8 სართულები, სამი ავტოფარეხი და 380 კვ.მ. ტერასა. შპს „-------’’ ურთიერთდამოკიდებულ პირს (დირექტორის შვილს) აღნიშნული 6 ბინა და ტერასა მიჰყიდა საბაზროზე დაბალ ფასად. გადამხდელს ბინების რეალიზაციისას კვ.მ. ფასი დაფიქსირებული აქვს 38 აშშ დოლარიდან 347 აშშ დოლარის ფარგლებში. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით და 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. შესაბამისად, შემოწმებით დაკორექტირდა რეალიზებული ბინების ფასი. შემოწმებით დადგენილ იქნა იმავე საცხოვრებელ კორპუსში, იმავე პერიოდში რეალიზებული ბინების საბაზრო ფასების საშუალო მაჩვენებლი 705 აშშ დოლარი, ხოლო ტერასასთვის 564 აშშ დოლარი. შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობების მიხედვით გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

ამავე კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონომდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:

1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, იმპორტი, ექსპორტი, დროებით შემოტანა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო ამავე მუხლის 21 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისათვის ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ პირთა ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგებზე, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა გათავისუფლებული ოპერაციისა) განხორციელების შედეგად მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხა მის მიერ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე ნაკლებია. ამასთანავე, საქონლის ან/და მომსახურების მიმღებს აქვს დღგ-ისგან როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

„გადასახადის ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად:

3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);

გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ:

ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული;

ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის მითითებული დღგ-ის თანხა;

გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული; დ) უძრავი ნივთის მიწოდების ოპერაციაზე დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება ამ მუხლის მე-10- მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შპს „-------’’ შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 6 საცხოვრებელი ბინისა და ტერასის ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაცია საბაზრო ფასზე დაბალი ფასით. გადამხდელი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე, 161-ე, მე-19 და 981 მუხლებით და საწარმოს განესაზღვრა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის და მოგების გადასახადის ნაწილში. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადამხდელის მიერ უძრავი ქონება მიწოდებულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე საბაზრო ფასზე ნაკლებ ფასად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, მითითებულ ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.

2022 წლის 22 დეკემბერს გადამხდელის მიერ წარმოდგენილია დაზუსტებული საჩივარი, რომელშიც მიუთითებს, რომ მხარეების კომერციული ინტერესების და რისკების შეუთავსებლობის გათვალიწინებით გაუქმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები და მხარეებს შორის დადგებული გარიგებები გამოცხადდა ბათილად მათი დადების მომენტიდან. შესაბამისად, ყველა გასხვისებული ქონება დაუბრუნდა გამყიდველს. აღნიშნულის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ რადგან არ არსებობს მიწოდების ოპერაციები, არ არსებობს ამ ოპერაციებთან დაკავშირებული საგადასახადო დავის საფუძველი. საჩივარზე თანდართული აქვს საჯარო რეესტრიდან ამონაწერები.

● დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში მომჩივნის არგუმენტაციასთან და ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული ქონებების საწარმოს საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ უძრავი ნივთის ჩუქების/ნასყიდობის ხელშეკრულებების გაუქმების შესახებ ხელშეკრულებები შედგენილია/დამოწმებულია შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, კერძოდ 2022 წლის ნოემბრის და დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს მოახდინოს დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ ოპერაციასთან მიმართებით დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

● მოგების გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული უძრავი ქონების საბაზრო ფასსა და მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობა განიხილოს ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს„-------”- ის (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოგების გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული უძრავი ქონების საბაზრო ფასსა და მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობა განიხილოს ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფართების ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაციის საფუძვლით დარიცხულ თანხებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ორგანიზაციას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საცხოვრებელი ბინისა და ტერასის ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაცია საბაზრო ფასზე დაბალი ფასით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ურთიერდამოკიდებულ პირებთან რეალიზაციისას გამოყენებულია საბაზრო ფასი.

შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა. ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და 2023 წლის 10 თებერვლის №2444 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო აღნიშნულ ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2023 წლის 26 აპრილის №19000/2/2023 გადაწყვეტილებით. საჩივარი პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული უძრავი ქონების საბაზრო ფასსა და მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობა განიხილოს ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18; 19; 73(9); 981; 982; 275; 2021 წლამდე მოქმედი - 157; 161;