ბრძანება N 2922
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2922
12 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ ------)
(მის.: --------)
2023 წლის 22 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ -------ს (ს/ნ -----) 2023 წლის 22 აგვისტოს №83207/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №006-369 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ საჩვრებში:
1. ნაწილობრივ ეთანხმება შემოწმების პოზიციას, განმარტავს, რომ 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით მიღებული შემოსავლები ნამდვილად განსხვავდება მეწარმის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ამავე პერიოდში მიღებული შემოსავლებისგან, თუმცა მაინც განსხვავებულია აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებული სხვაობისგან. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
2. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ვალდებულებებს, განმარტავს, რომ ტვირთების გადაზიდვას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებდა საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომანქანის მეშვეობით, თუმცა უწევდა სხვა სატვირთოების ქირაობა. უმეტეს შემთხვევაში სატვირთო ავტომანქანებს ქირაობდა თავისი ოჯახის წევრებისგან. ასეთ შემთხვევებში ანგარიშსწორება ცხადია საბაზრო ფასით ხდებოდა, გაწეული გადაზიდვის მომსახურების ღირებულება (ანგარიშფაქტურების მიხედვით) შეადგენს დაახლოებით 25 000 ლარს, რაც ნიშნავს იმას, რომ სულ მცირე აღნიშნული თანხის ოდენობით უნდა შემცირდეს საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები.
3. არ ეთანხმება შპს „-------“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლების გაუქმებას და ასევე, ითხოვს შპს „-------“ მიღებული შეძენების გამოქვითვას.
4. სესხის პროცენტის გამოქვითვასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ წარადგენს სესხის ხელშეკრულებას და ითხოვს აღნიშნული სესხის ხელშეკრულების გათვალისწინებას.
5. არ ეთანხმება საწვავის ხარჯის გაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებევრლის №3129 და 2023 წლის პირველი მაისის №9465 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------ს (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 19 ივლისის №17539 ბრძანება და ამავე თარიღის №006-369 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 125 318 ლარი, მათ შორის, გადასახადი 71 452 ლარი, ჯარიმა 32 643 ლარი, საურავი 21 223 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 19 სექტემბრის №22977 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 27 დეკემბრის №21012/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 სექტემბრის №22977 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 დეკემბრის №21012/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა არგუმენტირებული დასაბუთება შემოწმების აქტში დარიცხვის საფუძვლად მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, მომჩივანი არ ყოფილა დაბარებული შემოსავლების სამსახურში დავის განხილვისას.
18.12.2023 წელს გადასახადის გადამხდელმა დავების განხილვის საბჭოში წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი, სადაც გამოყოფს 5 სადავო საკითხს და წარმოადგენს თავის პოზიციას დარიცხვის მართლზომიერებასთან დაკავშირებით.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პოზიცია/არგუმენტაცია საჭიროებს შეფასებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს როგორც საშემოსავლო გადასახადის წლიური, ისე დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები. მათი მონაცემების შედარებისას ირკვევა, რომ 2020 და 2021 წლების ერთობლივი შემოსავალი ნაკლებია შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში დაფიქსირებულ დასაბეგრ ბრუნვებზე, რაც თავის მხრივ ძირითადად შესაბამისობაშია გადამხდელის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან. დღგ-ის დეკლარაციებთან გამოვლენილი სხვაობის მიხედვით, შესაბამისი წლების ერთობლივი შემოსავლები დაექვემდებარა გაზრდას. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ი/მ ------ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სატრანსპორტო გადაზიდვების განხორციელება საქართველოში, რისთვისაც ძირითადად იყენებს მის საკუთრებაში არსებულ სატვირთო ავტომობილს. გადამხდელმა, ორგზის მოთხოვნის მიუხედავად, შემოწმებას არ წარმოუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტების შეფასება. ამ გარემოების საფუძველზე, გამოყენებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით განსაზღვრული უფლება, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით გადაანგარიშებასთან დაკავშირებით. ამისათვის ანალიზი ჩაუტარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს, მ.შ. მის საკუთრებაში არსებული ავტომობილის მეშვეობით სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებულ გადაზიდვებს. შედარებით გამოვლინდა ისეთი გადაზიდვები, რომლებიც ვერ განიმარტებოდა გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის შესწავლით გამოვლინდა რამდენიმე გადახდა, რომელიც ასევე არ შეესაბამებოდა დოკუმენტურად გაფორმებულ მომსახურებებს. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ დღგ-ში დეკლარირებული მონაცემები ეყრდნობოდა გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებს, დადასტურდა ისეთი გადაზიდვების არსებობა, რაც გადამხდელს ასახული არ ჰქონდა გამოწერილ დოკუმენტებში და შესაბამისად, დეკლარირებულ მონაცემებშიც. სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების შესაფასებლად გამოყენებულ იქნა იმავე პერიოდებში გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ფასები გადაზიდვის დისტანციების მიხედვით. შესაბამის პერიოდებში მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ერთობლივი შემოსავლების გაზრდა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ი/მ ------ს შპს „------გან“ მიღებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები: ეა-------, ეა------ და ეა------, სადაც მითითებულია 2022 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეებში სულ 44 190 ლარის ღირებულების მომსახურების (სატვირთო მანქანის და მისაბმელის ტენტის შეკეთება, ზეთის შეცვლის მომსახურება და რემონტი) გაწევაზე. გადამხდელი შემოწმებასთან არ თანამშრომლობდა და ვერც საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შინაარსით არ დადასტურდა ასეთი მნიშვნელოვანი ხარჯების (რომლის ღირებულება გაცილებით აღემატება ამ სატრანსპორტო საშუალების შეძენის ღირებულებას) გაწევის გარემოებები და მიზნობრიობა. ვინაიდან შეუძლებელია აღნიშნული მომსახურებების დასაბეგრ ოპერაციებში და საერთოდ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურება შემოწმების მიერ ჩათვლები დაექვემდებარა გაუქმებას.
გადამხდელს წარმოდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, სადაც მითითებულია შესაბამისი გამოქვითვების შესახებ. გადამხდელმა შემოწმებისათვის არ წარმოადგინა გამოქვითვების დეტალური გაშიფვრა. შემოწმებამ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული დოკუმენტური შეძენების და სხვა ცნობილი მონაცემების საფუძველზე მოახდინა გამოქვითვების კორექტირება. მ.შ.: 1) გამოქვითვას არ დაექვემდებარა შპს „------“-სგან მიღებული შეძენები, ვინაიდან არ დასტურდება მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება; 2) გამოქვითვიდან გამოირიცხა 2022 წლის დეკლარაციით ნაჩვენები საპროცენტო ხარჯები, ვინაიდან მათი არსებობა და მიზნობრიობა სხვადასხვა მონაცემებით, მ.შ. საბანკო ანგარიშებით, არ დასტურდება; 3) გამოქვითვას დაექვემდებარა ბანკის მომსახურების ხარჯები (საბანკო ანგარიშის საფუძველზე); 4) გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე დეკლარირებული და შემდგომ პერიოდებში გადატანილი ზარალი, რაც შემოწმების მიხედვით არ დადასტურდა. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადამხდელმა, ორგზის მოთხოვნის მიუხედავად, შემოწმებას არ წარმოუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, სადაც დეტალურად იქნებოდა გაწერილი მ.შ. ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის ხარჯვა. წარმოდგენილი ფრაგმენტული მონაცემებით ცნობილი გახდა მხოლოდ გამოყენებული საწვავის ხარჯვის ნორმის შესახებ (45ლ 100 კმ-ზე). ამ და სხვა (მ.შ. გადამხდელის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშფაქტურებში მითითებული სატრანსპორტო გადაზიდვების დისტანციების შესახებ) მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეფასებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის რაოდენობა და ღირებულება. საწვავის შეძენაზე გაწეული სხვა ხარჯები, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება, ექვემდებარება ამოღებას შესაბამისი პერიოდების გამოქვითვებიდან. გარდა ამისა, შესაბამის შემცირებას ექვემდებარება სპეც. ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლები. საწარმოს დაერიცხა შესაბამისი გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ, მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება, ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან/და გადასახდელი (დარიცხვის მეთოდის გამოყენების მიხედვით) პროცენტები გამოიქვითება არა უმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან, არ გამოიქვითება ამ პირის მიერ მიღებული ხელფასის ხარჯზე. იგი გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ ეთანხმება შემოწმების პოზიციას, განმარტავს, რომ 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით მიღებული შემოსავლები ნამდვილად განსხვავდება მეწარმის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ამავე პერიოდში მიღებული შემოსავლებისგან, თუმცა მაინც განსხვავებულია აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებული სხვაობისგან. მომჩივანი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ტვირთების გადაზიდვას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებდა საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომანქანის მეშვეობით. მაღალი დატვირთვის პირობებში, გაიზარდა სატვირთო მანქანის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები. იმისათვის რომ კლიენტებთან ურთიერთობა არ გაფუჭებულიყო (ამ სფეროში მნიშვნელოვანია სტაბილური პარტნიორობა), უწევდა სხვა სატვირთოების ქირაობა. უმეტეს შემთხვევაში სატვირთო ავტომანქანებს ქირაობდა თავისი ოჯახის წევრებისგან. ასეთ შემთხვევებში ანგარიშსწორება ცხადია საბაზრო ფასით ხდებოდა, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. იყო შემთხვევები, როდესაც ისინი სარგებლობდნენ მომჩივნის მომსახურებით. ასეთ შემთხვევებში სასაქონლო ზედნადებში გამოჩნდებოდნენ სხვა პირები, მისი ოჯახის წევრების კლიენტები. სწორედ ასეთ შემთხვევებში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით გაზარდა შემოწმებამ დასაბეგრი ბრუნვები, როგორც დღგ-ის ასევე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. სულ ჯამში დედაზე - -------ზე და დაზე - --------ზე გაწეული გადაზიდვის მომსახურების ღირებულება (ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით) შეადგენს დაახლოებით 25 000 ლარს, რაც ნიშნავს იმას, რომ სულ მცირე აღნიშნული თანხის ოდენობით უნდა შემცირდეს საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები. მომჩივანი ითხოვს სადავო საკითხის მისი მონაწილეობით დამატებით შესწავლას.
მე-4 სადავო საკითხთან, სესხის პროცენტის გამოქვითვასთან დაკავშირებით, გადამხდელი განმარტავს, რომ წარადგენს სესხის ხელშეკრულებას ითხოვს აღნიშნული სესხის ხელშეკრულების გათვალისწინებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველი, მე-2 და მე-4 სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება: ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანებით დამტკიცებული ,,ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა) გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესის“ პირველი მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
2. გადასახადის გადამხდელი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვალდებულია სრულად აღრიცხოს ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაცია.
3. ერთობლივი შემოსავლიდან საწვავის ხარჯის გამოსაქვითად აუცილებელი პირობაა, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფილ იქნეს ქვემოთ მოყვანილი პირობების დაცვა და მისი დოკუმენტურად დადასტურება, კერძოდ:
ა) საწვავის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობა;
ბ) საწვავის შესაბამის ძირითად საშუალებაზე გაცემის დადასტურება;
გ) შეძენილი და გახარჯული საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია, ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მისთვის უცნობია თუ ვის გამოკითხვებზეა საუბარი საგადასახადო შემოწმების აქტში, მოცემულ მომენტამდე არ გადასცემია მასალები. თუმცა, როდესაც შემოწმება ამტკიცებს, რომ აღნიშნული ხარჯი დაუსაბუთებლად ბევრია და ავტომობილის ღირებულებასაც კი აღემატება, ყურადღების მიღმა ტოვებს იმ გარემოებას, რომ ავტომობილი არის 2005 წელს გამოშვებული. ამ წლოვანების სატვირთო ავტომობილის ფასი მართლაც არ არის მაღალი და ამის მთავარი მიზეზი სწორედაც რომ მაღალი საექსპლოატაციო ხარჯებია. იყო ფაქტები, როდესაც ძვირადღირებული დეტალები გამოსულა მწყობრიდან (ძრავი, გადაცემათა კოლოფი და ა.შ.), ასევე სამგზავრო ავტომობილზე ბევრად ძვირი ღირს ცვეთადი ნაწილები და საპოხი მასალები, საერთო ჯამში ავტომობილის საექსპლოატაციო ხარჯებმა 2020-2023 წლებში მართლა ბევრად გადააჭარბა მის ღირებულებას, მაგრამ როგორც უკვე აღნიშნა, ეს სავსებით ბუნებრივია. მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს მსგავსი საქმიანობით დაკავებული პირების სატვირთო ავტომობილების ხარჯების ანალიზი, რაც საშუალებას მისცემს, რომ დარწმუნდნენ მის მიერ წარმდგენილი ინფორმაციების მართებულობაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-3 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საწვავის ხარჯის გაანგარიშება განხორციელდა სასაქონლო ზედნადებებში მითითებული, ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილებს შორის მანძილის მიხედვით. აღნიშნული მიდგომით შეუძლებელია სრული სურათის აღდგენა, ვინაიდან არ არის გათვალისწინებული ტრანსპორტირების საწყის ადგილამდე მისვლის მანძილი. მაგალითად, ტრანსპორტირება დაიწყო 2021 წლის 1 ივნისს ქ. ------, -------ს ქ. №---დან და დასრულდა ქ. -------ში, -------ს ქ. №----ში. 2021 წლის 2 ივნისს ამავე სატვირთო ავტომობილით შესრულებულია რეისი ქ. --------დან, ---------დან ქ. --------ში, -------ს ქ. №----ში. მოცემულ შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის გაანგარიშებული ქ. ------, -------ს ქ. №-----დან ქ. ბათუმში, პორტამდე გავლილი მანძილი. მომჩივანი ითხოვს სადავო საკითხის მისი მონაწილეობით დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-5 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, საწვავის ხარჯი განსაზღვროს აუდირებული მონაცემების (აუდიტის დეპარტამენტში არსებული პრაქტიკის) მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------ს (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ, მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, საწვავის ხარჯი განსაზღვროს აუდირებული მონაცემების (აუდიტის დეპარტამენტში არსებული პრაქტიკის) მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ საჩივრებში:
1. ნაწილობრივ ეთანხმება შემოწმების პოზიციას, განმარტავს, რომ 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით მიღებული შემოსავლები ნამდვილად განსხვავდება მეწარმის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ამავე პერიოდში მიღებული შემოსავლებისგან, თუმცა მაინც განსხვავებულია აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებული სხვაობისგან. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
2. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ვალდებულებებს, ითხოვს შემცირდეს საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები.
3. არ ეთანხმება შპს -გან გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლების გაუქმებას და ასევე, ითხოვს შპს -გან მიღებული შეძენების გამოქვითვას.
4. სესხის პროცენტის გამოქვითვასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ წარადგენს სესხის ხელშეკრულებას და ითხოვს აღნიშნული სესხის ხელშეკრულების გათვალისწინებას.
5. არ ეთანხმება საწვავის ხარჯის გაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
2020 და 2021 წლების ერთობლივი შემოსავალი ნაკლებია შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში დაფიქსირებულ დასაბეგრ ბრუნვებზე, რაც თავის მხრივ ძირითადად შესაბამისობაშია გადამხდელის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან. დღგ-ის დეკლარაციებთან გამოვლენილი სხვაობის მიხედვით, შესაბამისი წლების ერთობლივი შემოსავლები დაექვემდებარა გაზრდას. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
მომჩივნის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სატრანსპორტო გადაზიდვების განხორციელება საქართველოში, გადამხდელმა შემოწმებას არ წარმოუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტების შეფასება. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების შესაფასებლად გამოყენებულ იქნა იმავე პერიოდებში გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ფასები გადაზიდვის დისტანციების მიხედვით. შესაბამის პერიოდებში მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ერთობლივი შემოსავლების გაზრდა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
მომჩივანს მიღებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები, სადაც მითითებულია 2022 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეებში სულ 44 190 ლარის ღირებულების მომსახურების (სატვირთო მანქანის და მისაბმელის ტენტის შეკეთება, ზეთის შეცვლის მომსახურება და რემონტი) გაწევაზე. გადამხდელი შემოწმებასთან არ თანამშრომლობდა და ვერც საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შინაარსით არ დადასტურდა ასეთი მნიშვნელოვანი ხარჯების (რომლის ღირებულება გაცილებით აღემატება ამ სატრანსპორტო საშუალების შეძენის ღირებულებას) გაწევის გარემოებები და მიზნობრიობა. ვინაიდან შეუძლებელია აღნიშნული მომსახურებების დასაბეგრ ოპერაციებში და საერთოდ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურება შემოწმების მიერ ჩათვლები დაექვემდებარა გაუქმებას.
გადამხდელს წარმოდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, სადაც მითითებულია შესაბამისი გამოქვითვების შესახებ. გადამხდელმა შემოწმებისათვის არ წარმოადგინა გამოქვითვების დეტალური გაშიფვრა. შემოწმებამ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული დოკუმენტური შეძენების და სხვა ცნობილი მონაცემების საფუძველზე მოახდინა გამოქვითვების კორექტირება. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადამხდელმა, ორგზის მოთხოვნის მიუხედავად, შემოწმებას არ წარმოუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, სადაც დეტალურად იქნებოდა გაწერილი მ.შ. ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის ხარჯვა. საწვავის შეძენაზე გაწეული სხვა ხარჯები, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება, ექვემდებარება ამოღებას შესაბამისი პერიოდების გამოქვითვებიდან. გარდა ამისა, შესაბამის შემცირებას ექვემდებარება სპეც. ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლები. საწარმოს დაერიცხა შესაბამისი გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველი, მე-2 და მე-4 სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-3 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-5 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, საწვავის ხარჯი განსაზღვროს აუდირებული მონაცემების (აუდიტის დეპარტამენტში არსებული პრაქტიკის) მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა")(9"ბ"), 79, 80(1), 100(3"ბ"), 102(1"ა"), 105(1)(2), 106"ა", 107(1), 121(3), 159(1"ა""ბ"), 163(1)(2), 164(1), 174, 175(1''ა"), 176(1''ა").
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 173(1), 174(1"ა")(2"ა.ა").
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.04.2011 წლის N 230 ბრძანება.