ბრძანება N 2255
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2255
07 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 24 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №87081/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 დეკემბრის №081-326 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ შემოსავლების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აცხადებს, რომ მის მიერ მიღებული შემოსავალი მთლიანად დეკლარირებულია, ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში სასტუმროში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და მათ ფონზე სირთულეები იყო დამსვენებლების მოზიდვასთან დაკავშირებით, ასევე, მძიმედ აისახა საქმიანობაზე პანდემიის პერიოდი.
2. არ ეთანხმება, შემოწმების მიერ, სასტუმროში საცხოვრებლად გამოყენებული ფართის პროპორციულად, ამავე სასტუმროს მშენებლობისას სამშენებლო მასალების შეძენაზე გაწეულ ხარჯზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას. აცხადებს, რომ აღნიშნული ფართი წარმოადგენს სასტუმროს და პირადი მიზნებისთვის მისი გამოყენება ხდებოდა მხოლოდ 22 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე, საცხოვრებელი სახლის მცირე რემონტის პერიოდში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის N22369 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ------- (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 15 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 19 დეკემბრის №31982 ბრძანება და 20 დეკემბრის №081-326 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 65 958 ლარი, მათ შორის, გადასახადი 38 523 ლარი, ჯარიმა 19 003 ლარი, საურავი 8 432 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობას წარმოადგენს სასტუმროს მომსახურების გაწევა (მისამართი: -------, -------, საკადასტრო კოდი -------). გადამხდელს 2020 წლის პირველი იანვრიდან აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 30 სექტემბრიდან. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის №24125 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა დათვალიერება. დათვალიერების შედეგების შესახებ შედგენილი ოქმის მიხედვით ი/მ ------- საკუთრებაშია 3 სასტუმრო: 3 სართულიანი, 4 სართულიანი და 9 სართულიანი. სამ სართულიანი სასტუმრო შედგება 6 ოთხადგილიანი ნომრისგან, 4 სართულიანი სასტუმრო - 3 ოთხადგილიანი, 5 სამ ადგილიანი და 3 ორადგილიანი ნომრებისგან, ცხრა სართულიანი სასტუმროს მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. 3 და 4 სართულიან სასტუმროებში სტუმრების მიღება დაიწყო 2020 წლიდან. 2020 წელს სასტუმროს კოვიდ პანდემიის გამო ფაქტობრივად შეჩერებული ჰქონდა საქმიანობა. გადასახადის გადამხდელი საბუღალტრო აღრიცხვას არ აწარმოებს, ასევე არ აქვს სასტუმროს მომსახურების ჟურნალი. გადამხდელს არ აქვს აღრიცხული სასტუმროს ყოველდღიური შემოსავლები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით.
რადგან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, 2021 - 2022 წლებში ნომრების გაქირავებიდან შემოსავლები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით. 2020 წელს პანდემიის გამო სასტუმროები არ ფუნქციონირებდნენ დატვირთვით და შესაბამისად, 2020 წლის პერიოდზე არ იქნა გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი, 2023 წელს კი არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლები არსებითად არ განსხვავდება დეკლარირებული შემოსავლებისგან. გათვალისწინებულ იქნა მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ობიექტის დათვალიერების ოქმის მონაცემები - გასაქირავებლად მზად მყოფი ნომრების რაოდენობა (სულ ჯამში 17 ნომერი) და საკონტროლო შესყიდვით დადგენილი ფასი (1 ადგილი - სტუმარი 50 ლარი). არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები გამოყენებულ იქნა მხოლოდ საკურორტო სეზონის პერიოდში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი). სასტუმროს დატვირთულობა განისაზღვრა აუდირებული სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტით 70%-ით (მშენებარე 9 სართულიან სასტუმროს ნომრებს მონაწილეობა არ მიუღიათ არაპირდაპირი მეთოდით შემოწმებით განსაზღვრული შემოსავლების გაანგარიშებისას). სასტუმროდან მიღებული შემოსავლების გაანგარიშებისას თითოეულ ნომერში გათვალისწინებულ იქნა 2 სტუმრის მიღება (მათ შორის 3 და 4 ადგილიან ნომრებშიც). შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის №24125 ბრძანებით ჩატარებული დათვალიერების შედეგად შედგენილი ოქმის შედეგებიდან ირკვევა, რომ ი/მ ------- ოჯახთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს 9 სართულიანი სასტუმროს მეორე სართულზე (მეორე სართული დაკავებულია მთლიანად, 1 სამ ადგილიანი და 6 ორადგილიანი ნომერი). გადამხდელის ახსნა-განმარტებით, აღნიშნული სასტუმროს მშენებლობა დაწყებულია 2020 წლის სექტემბრის თვიდან. შეძენილ სამშენებლო მასალებზე/მომსახურებაზე სრულად არის მიღებული დღგ-ის ჩათვლა. შესამოწმებელ პერიოდში ანგარიშ-ფაქტურებით სულ ჩათვლილია 188 420 ლარი. შემოწმების პროცესში წარმოდგენილია 9 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის პროექტი. პროექტის მიხედვით მთლიანი სასტუმროს ფართი შეადგენს 2 661.32 მ 2 -ს, მეორე სართულის ფართი კი 267.35 მ 2 -ს. შეძენილი სამშენებლო მასალები და მიღებული მომსახურება გამოიყენება 9 სართულიანი სასტუმროს მშენებლობაში. საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშდა ი/მ ------- მიერ 9 სართულიან სასტუმროში საცხოვრებლად გამოყენებული ფართის პროცენტულობა (10.04%) და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (2023 წლის ივლისის თვე), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლებიდან გაუქმებას/აღდგენას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი დღგ-ის თანხის 10.04%. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. ამასთან, გადამხდელს მიეცეს მითითება, რომ საგადასახადო შემოწმების შემდგომ პერიოდებში არ ჩაითვალოს პირად სარგებლობაში გამოყენებული ფართის პროპორციული მშენებლობის ხარჯის დღგ.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-90 მუხლის თანახმად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ი/მ ------- საკუთრებაშია 3 სასტუმრო: 3 სართულიანი, 4 სართულიანი და 9 სართულიანი. ცხრა სართულიანი სასტუმროს მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. 3 და 4 სართულიან სასტუმროებში სტუმრების მიღება დაიწყო 2020 წლიდან. 2020 წელს სასტუმროს კოვიდ პანდემიის გამო ფაქტობრივად შეჩერებული ჰქონდა საქმიანობა. გადასახადის გადამხდელი საბუღალტრო აღრიცხვას არ აწარმოებს, ასევე არ აქვს სასტუმროს მომსახურების ჟურნალი, არ აქვს აღრიცხული სასტუმროს ყოველდღიური შემოსავლები. რადგან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, 2021 - 2022 წლებში ნომრების გაქირავებიდან შემოსავლები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით. 2020 წელს პანდემიის გამო სასტუმროები არ ფუნქციონირებდნენ დატვირთვით და შესაბამისად, 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე არ იქნა გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი, 2023 წელს კი არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლები არსებითად არ განსხვავდება დეკლარირებული შემოსავლებისგან. შემოწმების პროცესში გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ობიექტის დათვალიერების ოქმის მონაცემები - გასაქირავებლად მზად მყოფი ნომრების რაოდენობა (სულ ჯამში 17 ნომერი) და საკონტროლო შესყიდვით დადგენილი ფასი (1 ადგილი - სტუმარი 50 ლარი). არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები გამოყენებულ იქნა მხოლოდ საკურორტო სეზონის პერიოდში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი), ხოლო სასტუმროს დატვირთულობა განისაზღვრა აუდირებული სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტით 70%-ით (მშენებარე 9 სართულიან სასტუმროს ნომრებს მონაწილეობა არ მიუღიათ არაპირდაპირი მეთოდით შემოწმებით განსაზღვრული შემოსავლების გაანგარიშებისას), სასტუმროდან მიღებული შემოსავლების გაანგარიშებისას თითოეულ ნომერში გათვალისწინებულ იქნა 2 სტუმრის მიღება (მათ შორის 3 და 4 ადგილიან ნომრებშიც). ზემოაღნიშნულის საფუძველზე, შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მცირე ბიზნესის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით დასაბეგრი შემოსავალი.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი საბუღალტრო აღრიცხვას არ აწარმოებს, ასევე არ აქვს სასტუმროს მომსახურების ჟურნალი, არ აქვს აღრიცხული სასტუმროს ყოველდღიური შემოსავლები, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დასაბეგრი პირი საქონელს ან მომსახურებას იყენებს, ისეთი ოპერაციებისთვის რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს, ხორციელდება დღგის თანხის მხოლოდ იმ ნაწილის ჩათვლა, რომელიც მიეკუთვნება ოპერაციებს, რომელზეც მას აქვს დღგის ჩათვლის მიღების უფლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ი/მ ------- ოჯახთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს 9 სართულიანი სასტუმროს მეორე სართულზე (მეორე სართული დაკავებულია მთლიანად, 1 სამ ადგილიანი და 6 ორადგილიანი ნომერი). გადამხდელის ახსნა-განმარტებით, აღნიშნული სასტუმროს მშენებლობა დაწყებულია 2020 წლის სექტემბრის თვიდან. შეძენილ სამშენებლო მასალებზე/მომსახურებაზე სრულად არის მიღებული დღგ-ის ჩათვლა. შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით სულ ჩათვლილია 188 420 ლარი. შემოწმების პროცესში წარმოდგენილია 9 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის პროექტი, რომლის მიხედვით მთლიანი სასტუმროს ფართი შეადგენს 2 661.32 მ 2 -ს., მეორე სართულის ფართი კი 267.35 მ 2 -ს. შეძენილი სამშენებლო მასალები და მიღებული მომსახურება გამოიყენება 9 სართულიანი სასტუმროს მშენებლობაში. საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშდა 9 სართულიან სასტუმროში საცხოვრებლად გამოყენებული ფართის პროცენტულობა (10.04%) და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (2023 წლის ივლისის თვე), ჩათვლებიდან გაუქმებას/აღდგენას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი დღგ-ის თანხის 10.04%.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ რადგან საქონელი/მომსახურება არ არის გამიზნული და არ გამოიყენება დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისათვის, დასაბეგრ პირს არ წარმოეშვება დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის უფლება. შესაბამისად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს, კონკრეტულ შემთხვევაში (დგინდება გადასახადის გადამხდელის ოჯახის ცხოვრების ფაქტი) არ უფიქსირდება ჩათვლილი დღგ-ის თანხის შესაბამისი დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელება, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია საგადასახადო შემოწმების მიერ, 9 სართულიან სასტუმროში საცხოვრებლად გამოყენებული ფართის პროცენტულობის გათვალისწინებით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის 10,04%-ის გაუქმება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტოს კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ
1. შემოსავლების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
2. სასტუმროში საცხოვრებლად გამოყენებული ფართის პროპორციულად, ამავე სასტუმროს მშენებლობისას სამშენებლო მასალების შეძენაზე გაწეულ ხარჯზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი საბუღალტრო აღრიცხვას არ აწარმოებს, ასევე არ აქვს სასტუმროს მომსახურების ჟურნალი, არ აქვს აღრიცხული სასტუმროს ყოველდღიური შემოსავლები, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები გამოყენებულ იქნა მხოლოდ საკურორტო სეზონის პერიოდში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი). სასტუმროს დატვირთულობა განისაზღვრა აუდირებული სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტით 70%-ით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით ჩატარებული დათვალიერების შედეგად შედგენილი ოქმის შედეგებიდან ირკვევა, რომ მომჩივანი ოჯახთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს 9 სართულიანი სასტუმროს მეორე სართულზე. შეძენილ სამშენებლო მასალებზე/მომსახურებაზე სრულად არის მიღებული დღგ-ის ჩათვლა. საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშდა მეწარმის მიერ 9 სართულიან სასტუმროში საცხოვრებლად გამოყენებული ფართის პროცენტულობა (10.04%) და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ჩათვლებიდან გაუქმებას/აღდგენას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი დღგ-ის თანხის 10.04%. ამასთან, გადამხდელს მიეცეს მითითება, რომ საგადასახადო შემოწმების შემდგომ პერიოდებში არ ჩაითვალოს პირად სარგებლობაში გამოყენებული ფართის პროპორციული მშენებლობის ხარჯის დღგ.
შემოწმებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 90; 159; 163; 164; 175