გადაწყვეტილება №27012/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27012/2/2026
19 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----- (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 23.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- ----- 27.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27012/2/2026).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის და რეალიზებული საქონლის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2025 წლის N 007-388 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.02.2026 წლის N 4064 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 70 602,66 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 41 006,62 ლარი;
დღგ - 36 512,74 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი - 4 493,88 ლარი;
ჯარიმა - 24 351,99 ლარი;
საურავი - 5 244,05 ლარი;.
ფაქტების აღწერა:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ავტონაწილებით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 12.01.2010 წელს. მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2024 წლის პირველი მარტიდან.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 01.02.2022 წლიდან 01.09.2025 წლამდე სრული, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 17.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული შეძენების დოკუმენტების (საბაჟოზე წარდგენილი ინვოისები) გათვალისწინებით, სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ჯგუფების მიხედვით რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი. დასაბეგრი შემოსავალი კი გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.
შემოწმების შედეგად დადგინდა მეორადი ნაწილების ფასნამატი 48%, ახალი ნაწილების ფასნამატმა შეადგინა 116%, ხოლო ჯამურმა - 104%. რპთ-მ 2025 წლის 11 ნოემბრის მონაცემებით (ინვენტარიზაციის თარიღისთვის) შეადგინა 255 239 ლარი (საბაზრო ფასით 606 476 ლარი მ.შ. დღგ 92 513.36 ლარი). შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის რეალიზებული პროდუქცია საბაზრო ფასით დადგინდა 621 422 ლარი (მ.შ. დღგ 111 855.93 ლარი).
მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2024 წლის 21 ივნისს. ამ თარიღისთვის ნაშთად არსებული საქონელზე მიეცა საბაჟო ოპერაციებში გადახდილი დღგ-ის თანხის პროპორციული ჩათვლა. ამავე თარიღიდან დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 442 100 ლარი, ჩასათვლელმა დღგ საბაჟო ოპერაციების შედეგად შეადგინა 43 065 ლარი.
შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ 36 513 ლარი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღამდე ყოველთვიური მცირე ბიზნესის გადასახადის დაანგარიშებისთვის დასაბეგრ შემოსავალში აღებულ იქნა შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით, ხოლო რეგისტრაციის შემდეგ შემოსავალი დღგ-ის გარეშე. შედეგად, საგადასახადო შემოწმების პერიოდში მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 541 844 ლარი. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზეც 23.12.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის N 28172 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის N 007-388 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.02.2026 წლის N 4064 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
საგადასახადო შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ჯგუფების მიხედვით რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად გამოანგარიშებული ფასნამატი, ცალკეული საქონელთა ჯგუფების მიხედვით (მეორადი ნაწილების ფასნამატი შეადგენს 48%-ს, ახალი ნაწილების ფასნამატი 116%-ს, ხოლო ჯამური ფასნამატი გამოვლინდა 104%), დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. მონაცემთა დამუშავების შედეგად ი/მ ----- რპთ-მ 2025 წლის 11 ნოემბრის მონაცემებისთვის (ინვენტარიზაციის თარიღისთვის) შეადგინა 255 239 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მოხდა ამ მონაცემების გადაანგარიშება და შედეგად, გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქცია საბაზრო ფასით დადგინდა 621 422 ლარი. ასევე, პირს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2024 წლის 21 ივნისი. დაანგარიშდა ამ თარიღისთვის ნაშთად არსებული საქონლის ღირებულება და მიეცა საბაჟო ოპერაციებში გადახდილი დღგ-ის თანხის პროპორციული ჩათვლა. ამავე თარიღიდან დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 442 100 ლარი, ჩასათვლელი დღგ საბაჟო ოპერაციების შედეგად შეადგენს 43 065 ლარს. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ- 36 513 ლარი. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღამდე ყოველთვიური მცირე ბიზნესის გადასახადის დაანგარიშებისთვის დასაბეგრ შემოსავალში აღებულ იქნა შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით, ხოლო რეგისტრაციის შემდეგ შემოსავალი დღგ-ის გარეშე. შედეგად, საგადასახადო შემოწმების პერიოდში მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 541 844 ლარი. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
ზემოაღნიშნულზე მითითებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, რპთ-ის გაანგარიშება, სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ჯგუფების მიხედვით რეალიზებულ საქონელზე ინვენტარიზაციის შედეგად გაანგარიშებული ფასნამატის გავრცელება და გაანგარიშებული ბრუნვის შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად გადანაწილება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის გაზრდა, განხორციელდა მართლზომიერად.
დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების რეალიზებულად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ნორმებსა და გადასახადის გადამხდელის მერ 2025 წლის 21 ნოემბერს რეგისტრირებულ განცხადებაზე (დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა, ID ----- ), რომლითაც გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ჩამოწერაზე, რადგან არ იყო წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან/და სხვა დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა დაუძლეველი ძალის ადგილზე, მისი მოქმედების არეალში გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობს განხორციელების, ამ საქმიანობისთვის განკუთვნილი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების არსებობის ფაქტი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი იმგვარი არგუმენტი/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდივიდუალური მეწარმე, აღრიცხვას აწარმოებს ელექტრონულად, ექსელში არსებული შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის ჟურნალით საქართველოს ფინანსთა მინისტრის N 999 ბრძანების შესაბამისად. შემოწმების პროცესში წარადგინა აღნიშნული ექსელის ფაილები, ამის მიუხედავად გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, რითიც დარღვეულ იქნა სსკ 75 მუხლის მე-5 ნაწილი და შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება N 22708, რომლითაც განსაზღვრულია ის საფუძვლები, რაც უნდა ახლდეს თან არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას. არაპირდაპირი მეთოდის პრინციპები კი გამოყენებულ იქნა რეპრესიული და სადამსჯელო ღონისძიების სახით, შემმოწმებელი აღნიშნავს, რომ „ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული შეძენები (საბაჟოზე წარდგენილი ინვოისებით). შედეგად, სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ჯგუფების მიხედვით რეალიზებულ საქონელზე გავრცელებული იქნა ინვენტარიზაციის შედეგად გამოანგარიშებული ფასნამატი. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შემოწმების შედეგად უსაფუძვლოდ დადგინდა ინვენტარიზაციის ფასნამატები ცალკეული საქონელთა ჯგუფების მიხედვით. შედეგად მეორადი ნაწილების ფასნამატმა შეადგინა 48 %, ახალი ა/მ ნაწილების ფასნამატმა 116 %, ხოლო ჯამური ფასნამატი გამოვლინდა 104 %. მონაცემთა დამუშავების შედეგად ი/მ „-----“ (პ.ნ. ----- ) რპთ-მ 2025 წლის 11 ნოემბრისთვის (ინვენტარიზაციის თარიღისთვის) შეადგინა 255 239,05 ლარი, ხოლო საბაზრო ფასით 606 476,46 ლარი (მ.შ. დღგ 92 513,36 ლარი). შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მოხდა ამ მონაცემების გადაანგარიშება და შედეგად გადამხდელის მიერ რეალიზებულმა პროდუქციამ საბაზრო ფასით შეადგინა 621 421,84 ლარი (მ.შ. დღგ 111 855,93 ლარი )“.
ინვენტარიზაციის დროს ფასნამატი დათვლილ იქნა არასწორად და შესაბამისად გავრცელებულ იქნა წინა პერიოდის რეალიზაციებზე მცდარი მიდგომით კერძოდ: იმპორტირებული საქონელის რეალიზაცია დაიწყო 2024 წ. მაისის თვეში, ავტონაწილების ბაზარი არის ძალიან კონკურენტული, ბაზარზე დამკვიდრების მიზნით საწყის ეტაპზე ჰქონდა მაქსიმუმ 30% იანი ფასნამატი, რომელიც გაგრძელდა 2025 წლის დასაწყისამდე, ხოლო 2025 წლიდან ეტაპობრივად გაზარდა ფასები ქვეყანაში შექმნილი ინფლაციური პროცესების და გაძვირებული ფასების შესაბამისად, შემოწმების დროს კი ჰქონდა 48-50% ფასნამატი. გაუგებარია საიდან დაადგინეს ფასნამატად 104%, ამავ დროს მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2025 წლის 18 ივნისს ხანძრის შედეგად განადგურდა მის მიერ იმპორტირებული 55 175 ლარის (20 000 აშშ დოლარის) თვითღირებულების საქონელი, რომელიც დასაწყობებული იყო ----- კუთვნილ შენობა - ნაგებობაში, აღნიშნულთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე N -----, აღნიშნული საქონელიც არაპირდაპირი მეთოდით ჩათვლილია რეალიზებულად 104 პროცენტიანი რენტაბელობიდან გამომდინარე, ყოველივე კი იწვევს არარეალურად დიდი ოდენობით თანხების დარიცხვას და წარმოადგენს სადამსჯელო და რეპრესიულ ღონისძიებას მიმართულს მის წინააღმდეგ, აგრეთვე აღნიშნულით დარღვეულია სსკ 145-ე მუხლით განსაზღვრული დაუძლეველი ძალის შესახებ დათქმა, რომლის შედეგადაც: ხანძრის შედეგად განადგურებული საქონელი არ უნდა ჩათვლილიყო რეალიზებულად. მიუხედავად ამისა, საგადასახადო ორგანომ იგი ჩართო ბრუნვაში. შემმოწმებელმა უსაფუძვლოდ ჩათვალა, რომ უნდა გამოეყენებია არაპირდაპირი მეთოდი, რა დროსაც მოიფიქრა ყველაზე არალოგიკური და რეპრესიული მიდგომა, კერძოდ: ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ივარაუდა, რომ მის მიერ მიღებულია 621 421,84 ლარის შემოსავალი (მ.შ დღგ 97 531,889), რომელიც გაავრცელა მის მიერ დეკლარირებული შემოსავლების პროპორციულად წინა პერიოდებში, ამასთანავე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დარიცხვები არის აშკარად არაპროპორციული და არღვევს სამართლიანი დაბეგვრის პრინციპს. შესაბამისად დააყენეს დღგ-ის რეგისტრაციაზე 21.06.2024 წლიდან, ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით კი მოხდა ასევე საშემოსავლო გადასახადის ზედმეტად დარიცხვა.
ვინაიდან შემოწმება ჩატარებულია საგადასახადო კანონმდებლობის უხეში დარღვევებით, სრულიად ვირტუალური და მოგონილი ბრალდებებით და ციფრებით, რაც წინააღმდეგობაშია, როგორც საგადასახადო კანონმდებლობასთან ასევე უზენაესი სასამართლოს ბს-854-846(კ-16) 18.07.2018, №ბს-566- 561(2კ-16) 24.01.2017 და სხვა მრავალ პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან, მომჩივანი ითხოვს გადაანგარიშდეს რპთ 255 239,05 - 55 175 = 200 064,05 ლარად, ხოლო შემოსავალი დაანგარიშებულ იქნეს 2025 წლის 30% რენტაბელობიდან და 2026 წლის 48-50% რენტაბელობიდან გამომდინარე, ჯამური ფასნამატად 40% გათვალისწინებით. შედეგად, უნდა გაუქმდეს მის მიმართ გამოცემული აქტები და უსაფუძვლოდ განსაზღვრული შემოწმების შედეგები.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 83-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი ვრცელდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე.
საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება ერთი პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N 415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N 5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის 61 ნაწილის თნახმად გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული პირობების გაუთვალისწინებლად ჩამოწეროს დაუძლეველი ძალის (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი, ავარია ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით განადგურდა/დაიკარგა სასაქონლო - მატერიალური ფასეულობები) ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობები. ხოლო, მე-8 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 და 61 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასაქონლო - მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 3716 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ამ წესის 32-ე-37-ე მუხლებით დადგენილი პირობებისა და პროცედურების გაუთვალისწინებლად, ჩამოწეროს დაუძლეველი ძალის (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი, ავარია ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით განადგურდა/დაიკარგა სასაქონლო - მატერიალური ფასეულობები) ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული, მათ შორის, საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის 61 ნაწილის ძალაში შესვლამდე განადგურებული/დაკარგული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობები.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზით, განადგურებული/დაკარგული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის საფუძველია:
ა) უფლებამოსილი ორგანოს (საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების) მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურებულია მიწისძვრის, წყალდიდობის, მეწყერის, ზვავის, ხანძრის, ავარიის ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოების არსებობის ფაქტი.
ბ) სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან/და სხვა დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება დაუძლეველი ძალის ადგილზე, მისი მოქმედების არეალში გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, ამ საქმიანობისთვის განკუთვნილი ობიექტის, სატრანსპორტო საშუალების, სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების არსებობის ფაქტი.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტების თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ადგენს განადგურებული/დაკარგული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტს, რომლის შედგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, საგადასახადო ორგანოს წარუდგენს:
ა) განადგურებული/დაკარგული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტს;
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცნობას;
გ) „განადგურებული/დაკარგული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაციას“ (დანართი N 244).
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N 22708 ბრძანებით დამტკიცებული „პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების 31 თავის მე-19 მუხლის მე3 პუნქტის შესაბამისად ფასნამატების დადგენის წყარო შეიძლება იყოს:
ა) პირველი - სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც იდენტიფიცირებადია პირის რეალიზაცია (შემდგომში - „დოკუმენტური ფასნამატი“);
ბ) მეორე - პირთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებ(ებ)ით, კერძოდ ინვენტარიზაციითა და დათვალიერებით, დაფიქსირებული ინფორმაცია (შემდგომში -„მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“);
გ) მესამე - შესადარისი პირის ან ამავე პირის სხვა საგადასახადო შემოწმების მასალები (შემდგომში - „სხვა შემოწმების ფასნამატი“);
დ) მეოთხე - შესადარისი მესამე პირებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია (შემდგომში - „მესამე პირების ფასნამატი“);
ე) მეხუთე - საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია (შემდგომში - „სხვა ფასნამატი“).
მომჩივანი აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოდ და არაპროპორციულად მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. აგრეთვე, არ ეთანხმება შემოწმების პროცესში განსაზღვრულ ფასნამატს და განმარტავს, რომ შესამოწმებელი პერიოდის საწყის ეტაპზე, 2024 წლის მაისის თვიდან ფასნამატი რეალურად იყო 30 პროცენტი, კონკურენტულობის და ინფლაციური პროცესების შესაბამისად ხდებოდა ფასნამატის პერიოდული ცვლილება, შემოწმების დროს ის შეადგენდა 48-50 პროცენტს.
2025 წლის 18 ივნისს ხანძრის შედეგად განადგურდა თვითღირებულებით 55 175 ლარის (20 000 დოლარის) იმპორტირებული ავტო - ნაწილები, რომელიც როგორც დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებული საქონელი არ უნდა ჩათვლილიყო რეალიზებულად.
აუდიტის დეპარტამენტის 02.04.2026 წლის N ----- წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მითითებული შემდეგი:
შემოწმების შედეგად გამოვლენილია დარღვევები. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილია ახსნა - განმარტება საქმიანობის შესახებ. ასევე ბანკის ამონაწერები და ცნობა ანგარიშების შესახებ, რითაც დგინდება, რომ მის მიერ საბანკო ანგარიშებზე მიღებული შემოსავალი არ იყო დაბეგრილი. გადამხდელს არ წარუდგენია არანაირი დამატებითი ინფორმაცია (ექსელში) მის მიერ რეალიზებული საქონლის რეალიზაციის შესახებ. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული მცირე ბიზნესის დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 92 487,01 ლარი. პირი შემოსავალში იღებდა მხოლოდ სალარო აპარატით რეალიზებული საქონლის თანხებს. შემოწმების ამ ეტაპზე ი/მ-ის ანგარიშზე ფიქსირდებოდა ჩარიცხვები, რომელიც იყო შემოსავალი მისი ძირითადი საქმიანობიდან. ჩარიცხული იყო ჯამში 63 339,01 ლარი. პირს არ ჰყავდა დაქირავებული მუშახელი. შესამოწმებელ პერიოდში საბაჟო ოპერაციებით შესყიდული საქონლის ღირებულება შეადგენდა 317 074,76 ლარს.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ნოემბრის N ----- სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ნოემბრის N 24760 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილზე განხორციელდა სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა.
შემოწმების შედეგად დადგინდა ინვენტარიზაციის ფასნამატები ცალკეული საქონელთა ჯგუფების მიხედვით. შედეგად მეორადი ნაწილების ფასნამატმა შეადგინა 48%, ახალი ა/მ ნაწილების ფასნამატმა 116%, ხოლო ჯამური ფასნამატი გამოვლინდა 104%.
მონაცემთა დამუშავების შედეგად ი/მ „-----“-ის (პ.ნ. ----- ) რპთ-მ 2025 წლის 11 ნოემბრისთვის (ინვენტარიზაციის თარიღისთვის) შეადგინა 255 239,05 ლარი, ხოლო საბაზრო ფასით 606 476,46 ლარი (მ.შ. დღგ 92 513,36 ლარი). შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მოხდა ამ მონაცემების გადაანგარიშება და შედეგად გადამხდელის მიერ რეალიზებულმა პროდუქციამ საბაზრო ფასით შეადგინა 621 421,84 ლარი.
ამასთან ერთად დადგინდა ი/მ „-----“ (პ.ნ. ----- ) დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი - 21.06.2024 წელი. დაანგარიშდა ამ თარიღისთვის არსებული საქონლის ნაშთის ღირებულება და მიეცა პროპორციული ჩათვლა საბაჟო ოპერაციებში გადახდილი დღგ-ის თანხის. ამავე თარიღიდან დასაბეგრმა დღგ-ის ბრუნვამ შეადგინა 442 099,96 ლარი, ჩასათვლელი დღგ საბაჟო ოპერაციების შედეგად 43 065,19 ლარი. შედეგად გადამხდელს დაერიცხა გადასახდელი დღგ-ის თანხა 36 513 ლარი.
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღამდე ყოველთვიური მცირე ბიზნესის გადასახადის დაანგარიშებისთვის დასაბეგრ შემოსავალში აღებულ იქნა შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით. ხოლო მის შემდეგ შემოსავალი დღგ-ის გარეშე.
შედეგად საგადასახადო შემოწმების პერიოდში მცირე ბიზნესის დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 541 843,84 ლარი.
რეალიზებული საქონლის ოდენობასთან დაკავშირებით, საბჭო იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივანი დოკუმენტურად ვერ ადასტურებს მისი საქონლის ხანძრის შედეგად განადგურების ფაქტს.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების არამართლზომიერება. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია.
რაც შეეხება საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გავცელებულ ფასნამატს, საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილზე არ არის ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიება - სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გამოიყენოს შესადარისი პირის ფასნამატი - სხვა შემოწმების ფასნამატი (აუდირებული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.02.2026 წლის N 4064 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოიყენოს სხვა შესადარისი პირის სხვა შემოწმების ფასნამატი (აუდირებული ფასნამატი) და სათანადო საფუძვლების არასებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის და რეალიზებული საქონლის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რეალიზებულ საქონელზე გამოყენებული იყო ფასნამატი, რის საფუძველზეც განისაზღვრა დამატებითი დასაბეგრი შემოსავალი და წარმოიშვა დღგ-ის გადახდის ვალდებულება. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმები. მიღებული გადაწყვეტილებები გასაჩივრდა როგორც შემოსავლების სამსახურში, ისე დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭოს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია, ხოლო რაც შეეხება საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გავრცელებულ ფასნამატს - აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გამოიყენოს შესადარისი პირის ფასნამატი - სხვა შემოწმების ფასნამატი (აუდირებული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 145-ე მუხლის 61; 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი; 92-ე მუხლის პირველი ნაწილი;.