ბრძანება N 9762

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.05.2023
№ დოკუმენტი 9762
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9762

04.05.2023

ბრძანება

შპს „--------------“-ის (ს/ნ --------------)

(მის.---------------)

2023 წლის 24 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №41) განიხილა შპს „---------------“-ის (ს/ნ -------------) №78452/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №005-208 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

1.გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. ასევე, არ ეთანხმება შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას. მიიჩნევს, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს „--------------“-ის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაბეგრილია.

2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით არ არის მითითებული სამართლებრივი საფუძველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებულ დარიცხვასთან მიმართებაში, შესაბამისად, ამ ნაწილში დარიცხვა უნდა გაუქმდეს.

3. არ ეთანხმება საქონლის იმ ნაწილის რეალიზებულად განხილვას, რომლის ტრანსპორტირება, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, ხდება ისეთ მისამართებზე, სადაც არ არის გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ მოგებული არცერთი სახელმწიფო ტენდერი. აცხადებს, რომ რიგ შემთხვევებში რაიონიდან წამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მიდიოდნენ თავიანთ სახლში, ღამეს ათევდნენ და შემდეგ მიდიოდნენ დანიშნულების ადგილზე. რეალურად გადასახადის გადამდელის მიერ არ მომხდარა არცერთი მასალის რეალიზაცია.

4.გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განხილვის ნაწილში, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში საქვეანგარიშოდ გაცემული ჰქონდა თანხები მომსახურე ორგანიზაციებზე. არსებობს ამის დამადასტურებელი გასავლის ორდერები, მაგრამ საბუღალტრო პროგრამაში გატარებული არ იყო ბუღალტრის არყოფნის გამო. გაუგებარია რა პრინციპით დაიბეგრა შემმოწმებლის მიერ საბუღალტრო ნაშთები ისე, რომ აღნიშნულ თანხებს მიენიჭა ხელფასის კვალიფიკაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

ფაქტობრივი გარემოებები: საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივნისის №15256, 30 ივნისის №17052, 3 აგვისტოს №20840 და 16 ნოემბრის №28867 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „------------“-ის (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 28 დეკემბრის №33261 ბრძანება და №005-208 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 289 194 ლარი, მათ შორის, გადასახადი 58 368 ლარი, ჯარიმა 230 826 ლარი, საურავი 0 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. შპს „------------“-ის საქმიანობის სახეს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების ფარგლებში, შემსყიდველებისათვის სამშენებლო მომსახურების გაწევა. სასაქონლომატერიალური ფასეულობების შესყიდვას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების საიტზე არსებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რამდენიმე სახელმწიფო მუნიციპალიტეტისთვის გაწეული აქვს მომსახურება, რომელზეც არსებობს მიღება-ჩაბარებები და ფიქსირდება საბანკო ამონაწერში თანხის ჩარიცხვა. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული მომსახურებები არ აქვს დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით. შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

დასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. შესამოწმებელ პერიოდში შპს „------------“-ს შპს „-------------“ სამშენებლო მომსახურებაზე გამოწერილი აქვს 2 ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ნომრებით ---------------- და------------, რომლებიც გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი აქვს დამატებული ღირებულების გადასახადით. ასევე, გადასახადის გადამხდელს შპს „----------“ მიღებული აქვს ერთი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ნომრით ----------, რომელიც გათვალისწინებული აქვს დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანხით შემცირებულ იქნა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიღებული ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას. გადასახადის გადამხდელს სალდირებულად შეუმცირდა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.

3. შპს „-------------“ შესამოწმებელ პერიოდში ასრულებს რამდენიმე პროექტს, რომლითაც მომსახურებას უწევს სახელმწიფო მუნიციპალიტეტებს. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა საწარმოში საქონლის მოძრაობა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით უფიქსირდება საქონლის ტრანსპორტირება ისეთ მისამართებზე, რომლებსაც არ ითვალისწინებდა მის მიერ მოგებული არცერთი სახელმწიფო ტენდერი. შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ჩათვლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, ხოლო ამ რეალიზაციის ფარგლებში მიღებული ფულადი სახსრები სალაროზე ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შემოწმებამ იხელმძღვანელა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმებით, რის საფუძველზეც გაზრდილ იქნა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და აღნიშნული თანხები საანგარიშო პერიოდების მიხედვით ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ასევე, რეალიზებულად განხილული საქონლიდან მიღებული შემოსავლები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შპს „-------“-ისთვის ფიზიკურ პირებს გაწეული აქვთ მომსახურებები. აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გადასახადის გადამხდელს თანხები გადარიცხული აქვს საბანკო ანგარიშიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს,დ) პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება –იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა – იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის ივნისში ქ.------------- რაიონის გამგეობაზე გამოწერილი აქვს 59 920 (დღგ-ს ჩათვლით) ლარის ანგარიშ-ფაქტურა, შპს „-------- “-ზე გამოწერილი აქვს 74 286 (დღგ-ის ჩათვლით) ანგარიშ-ფაქტურა და სსიპ „----------“ (ყოფილი ------)“ გამოწერილი აქვს 408 989 (დღგ-ის ჩათვლით) ანგარიშ-ფაქტურა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 2022 წლის ივნისის თვის ნულოვანი დეკლარაცია.

რაც შეეხება მომჩივნის პოზიციას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნული სადავო საკითხის ნაწილში არ არის განსაზღვრული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებლივი ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არასრულად არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით,საგადასახადო შემოწმების აქტით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს „--------------“-ს შპს „------------“ სამშენებლო მომსახურებაზე გამოწერილი აქვს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც დაბეგრილი აქვს დამატებული ღირებულების გადასახადით. ასევე, შპს „-----------“ მიღებული აქვს ერთი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც გათვალისწინებული აქვს დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2022 წლის 12 დეკემბერს წარმოდგენილი წერილის თანახმად, ზემოაღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე დადგენილია სიყალბე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა არასრული ბუღალტრული პროგრამა ორისი, რომელიც შეიცავდა რიგ უზუსტობებს, შესაბამისად საქონლის მოძრაობაც არაზუსტად და არასრულად იყო ასახული პროგრამაში. კერძოდ, იყო შემთხვევები, როდესაც გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით უფიქსირდება საქონლის ტრანსპორტირება ისეთ მისამართებზე, რომლებსაც არ ითვალისწინებდა მის მიერ მოგებული არცერთი სახელმწიფო ტენდერი. მაგალითად, გადასახადის გადამხდელს ზედნადებით საქონელი მიტანილი ჰქონდა ---------- (ზედნადებში დასრულების ადგილად მითითებული იყო ---------და ა.შ), ხოლო პროგრამულად აღნიშნული საქონლის ხარჯი მიკუთვნებული ჰქონდა მის მიერ ---------- რაიონში განხორციელებულ ტენდერზე. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ შემდეგ ------------- მისამართებიდანაც არ ხდებოდა ზემოხსენებული საქონლის ტრანსპორტირებები ----------------შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული შემთხვევების ფარგლებში ტრანსპორტირებული საქონელი ჩათვლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, ხოლო ამ რეალიზაციის ფარგლებში მიღებული ფულადი სახსრები სალაროს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებლივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მეოთხე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელისთვის სხვადასხვა ფიზიკურ პირებს გაწეული ჰქონდათ მომსახურებები. თანხის გადარიცხვა ფიქსირდებოდა საბანკო ანგარიშებიდან, ხოლო გადასახადის გადამხდელს აღნიშნული მომსახურების ღირებულებები არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. მაგალითად, 2022 წლის 1 ივლისს ------------ გადარიცხულია 2 700 ლარი, დანიშნულებაში მითითებულია კონდიციონერის მონტაჟის ღირებულება. 2022 წლის 19 ივლისს ------------- გადარიცხულია 2 500 ლარი, დანიშნულებაში მითითებულია კალათის მომსახურეობის ღირებულება და სხვა. შემოწმების პროცესში, მოთხოვნის მიუხედავად, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული ფიზიკური პირების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (პირადი ნომერი). შესაბამისად, აღნიშნული თანხები დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------------“-ის (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.

2.გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით არ არის მითითებული სამართლებრივი საფუძველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებულ დარიცხვასთან მიმართებაში, შესაბამისად, ამ ნაწილში დარიცხვა უნდა გაუქმდეს.

3.არ ეთანხმება საქონლის იმ ნაწილის რეალიზებულად განხილვას, რომლის ტრანსპორტირება, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, ხდება ისეთ მისამართებზე, სადაც არ არის გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ მოგებული არცერთი სახელმწიფო ტენდერი.

4.გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განხილვის ნაწილში, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში საქვეანგარიშოდ გაცემული ჰქონდა თანხები მომსახურე ორგანიზაციებზე.

გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივანის საქმიანობის სახეს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების ფარგლებში, შემსყიდველებისათვის სამშენებლო მომსახურების გაწევა.დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რამდენიმე სახელმწიფო მუნიციპალიტეტისთვის გაწეული აქვს მომსახურება, რომელზეც არსებობს მიღება-ჩაბარებები და ფიქსირდება საბანკო ამონაწერში თანხის ჩარიცხვა. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული მომსახურებები არ აქვს დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით.

2.შესამოწმებელ პერიოდშიმომჩივანს შპს-თვის, სამშენებლო მომსახურებაზე, გამოწერილი აქვს 2 ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლებიც გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი აქვს დამატებული

ღირებულების გადასახადით. ასევე, გადასახადის გადამხდელს შპს-გან მიღებული აქვს ერთი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა რომელიც გათვალისწინებული აქვს დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში.

3.. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა საწარმოში საქონლის მოძრაობა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით უფიქსირდება საქონლის ტრანსპორტირება ისეთ მისამართებზე, რომლებსაც არ ითვალისწინებდა მის მიერ მოგებული არცერთი სახელმწიფო ტენდერი.

4.საბანკო ანგარიშების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანისთვის, ფიზიკურ პირებს გაწეული აქვთ მომსახურებები.

 

გადაწყვეტილება

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:მუხლი,136(3),61(3);73(5,9);154(1);158(1);159(1);163(2);164(1);174;175;176;178;280(1);282(3)