ბრძნება N 22608

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.10.2026
№ დოკუმენტი 22608
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22608

09 ოქტომბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის პირველი და 11 სექტემბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №88) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №104374/1/2026 და №104539/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 16 ივლისის №007-215 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაანგარიშება, ასევე, სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

2. წინა საგადასახადო შემოწმებით უპროცენტო სესხად განხილულ თანხაზე მიმდინარე შემოწმებით სარგებლის დარიცხვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

3. საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 5 თებერვლის №2303 და 29 ივნისის №14302 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი აპრილიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 16 ივლისის №16361 ბრძანება და ამავე თარიღის №007–215 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა 1 016 644 ლარი:

მათ შორის:

გადასახადი - 499 578 ლარი

დღგ - 138 749

მიწა - არასასოფლო - 2 376

მოგების გადასახადი - 2 975

საშემოსავლო გადასახადი - 355 478

ჯარიმა-305 096

საურავი- 211 970

 

საკითხი N1.

 

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

● შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 30 მარტს. 2017 წლის 2 ნოემბრიდან წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს. საწარმოს საქმიანობაა -------, -------, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. აღნიშნულ მისამართზე კომპანია აშენებს ორ „ა“ და „ბ“ საცხოვრებელ ბლოკს, საიდანაც „ა“ ბლოკი დასრულებულია, ხოლო „ბ“ ბლოკში საძირკველის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული მიწის ნაკვეთი კომპანიას მიღებული აქვს ფიზიკური პირი -------, რომელსაც სანაცვლოდ უნდა გადასცეს ხელშეკრულებით განსაზღვრული რაოდენობის ფართები. აღნიშნული ხელშეკრულება დადებულია 2018 წლამდე. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებდა საბუღალტრო პროგრამა „ორისში“, თუმცა საბუღალტრო პროგრამაში არასრულყოფილად იყო აღრიცხული სამეურნეო ოპერაციები. შესაბამისად, შემოწმება ფაქტობრივად არ დაეყრდნო საბუღალტრო პროგრამის მონაცემებს და იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ანგარიშების ამონაწერებით, საჯარო რეესტრის ელექტრონულ გვერდზე განთავსებული დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით. შედეგად, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა დაბეგრილი საცხოვრებელი კორპუსის ბინების/ავტოფარეხების/კომერციული ფართების მიწოდება, ასევე, ავანსად მიღებული თანხები. შემოწმებამ დასაბეგრი ოპერაციების გაანგარიშებისას გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2017-2018 წლებში დაბეგრილი ავანსების გაშიფვრები, ასევე, წინა შემოწმების მიერ 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში დაბეგრილი ავანსებიც. გარდა ამისა, შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დაბეგრილი ბარტერის ხელშეკრულების საფუძველზე მიწის მესაკუთრე ფიზიკური პირისთვის მიწოდებული მშენებლობის მომსახურების თანხები (01.01.2018 წლამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტი). გადასახადის გადამხდელს, ასევე, არასწორად ჰქონდა დაკორექტირებული დასაბეგრ ოპერაციაზე გადასახდელი დღგ. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე10 ნაწილით, 2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლის მე-6 ნაწილით, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 162-ე, 163-ე, 164-ე მუხლებისა და 309-ე მუხლის 111-ე ნაწილის მიხედვით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

● შპს „-------“ 2022 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში მიღებული ჰქონდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შპს „-------“-დან. აღნიშნული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაკორექტირდა, თუმცა კომპანიას არ ჰქონდა შემცირებული პირველადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დღგ. გადასახადის გადამხდელს განხორციელებული ჰქონდა ჩათვლები, როგორც ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ასევე, მისი გამნაშთავი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მეშვეობითაც. გადასახადის გადამხდელს ჰქონდა არაკვლიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, რის გამოც ვერ ახორციელებდა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურებას და შესაბამისად, დეკლარაციაში ჩასათვლელად წარდგენასაც. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა განცხადება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურების უფლების მოთხოვნასა და შემოწმების აქტში გათვალისწინებასთან დაკავშირებით. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე, 176-ე და 179-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები და დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● ვინაიდან საბუღალტრო პროგრამაში არასრულყოფილად იყო აღრიცხული სამეურნეო ოპერაციები, შემოწმება ფაქტობრივად არ დაეყრდნო საბუღალტრო პროგრამის მონაცემებს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებისა და ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №9-ის („სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“) შესაბამისად, შემოწმებამ შეისწავლა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში ნაღდი ფულის მოძრაობა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 912 056 ლარი, რომელიც ჩაითვალა ამავე პერიოდში დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, მომჩივანი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ არის სრულად გათვალისწინებული 2017-2018 წლებში მიღებული და დაბეგრილი ავანსის თანხები. ასევე, მიაჩნია, რომ 2017-2018 წლებში მიღებული და დაუბეგრავი ავანსის თანხებში არსებული კურსთა შორის სხვაობა გავლენას იქონიებს დასაბეგრი ბრუნვის ოდენობაზე და სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებაზე. საჩივარზე თანდართული აქვს 2018 წლის 5 აპრილის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და ითხოვს მიეცეს უფლება სრულად წარმოადგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან მიმართებით, მომჩივანი განმარტავს, რომ შპს „-------“ იყო საწარმოს ქვეკონტრაქტორი, რომელიც ასრულებდა სამშენებლო სამუშაოებს 2017 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, მან მოახდინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მთლიანად. 2022 წლის აპრილის თვიდან, კომპანიას ჰქონდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები, რაზეც წარმოდგენილი აქვს ფორმა 2-ები. მიუთითებს, რომ შპს „-------“ აქვს და ჰქონდა შეზღუდვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ვეღარ მოახდინა მათი კორექტირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს მიეცეს უფლება შპს „-------“- მა გამოწეროს ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს 2022 წლის აპრილის საწყისი კრედიტორული დავალიანებების გათვალისწინებას, რომელიც იქნა გადახდილი შესამოწმებელ პერიოდში. ასევე, ითხოვს შპს „-------“-ის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ფორმა-2-ის საფუძველზე ხარჯების გათვალისწინებას.

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ხოლო, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, რომლითაც ითხოვს სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებას, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა საქმის ზეპირი განხილვის დროს განაცხადა, რომ ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ გააჩნია და დავის განხილვის ეტაპზე ვერ იქნა წარმოდგენილი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად:

● დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, მომჩივანი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ არის სრულად გათვალისწინებული 2017-2018 წლებში მიღებული და დაბეგრილი ავანსის თანხები. ასევე, მიაჩნია, რომ 2017-2018 წლებში მიღებული და დაუბეგრავი ავანსის თანხებში არსებული კურსთა შორის სხვაობა გავლენას იქონიებს დასაბეგრი ბრუნვის ოდენობაზე და სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებაზე. საჩივარზე თანდართული აქვს 2018 წლის 5 აპრილის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და ითხოვს მიეცეს უფლება სრულად წარმოადგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

● დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან მიმართებით, მომჩივანი განმარტავს, რომ შპს „-------“ იყო საწარმოს ქვეკონტრაქტორი, რომელიც ასრულებდა სამშენებლო სამუშაოებს 2017 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, მან მოახდინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მთლიანად. 2022 წლის აპრილის თვიდან, კომპანიას ჰქონდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები, რაზეც წარმოდგენილი აქვს ფორმა 2-ები. მიუთითებს, რომ შპს „-------“ აქვს და ჰქონდა შეზღუდვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ვეღარ მოახდინა მათი კორექტირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს მიეცეს უფლება შპს „-------“- მა გამოწეროს ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

● სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს შპს „-------“-ის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ფორმა-2-ის საფუძველზე ხარჯების გათვალისწინებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. კურსთაშორის სხვაობებზე, დღგ-ის ჩათვლის უფლების და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები). დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საკითხი N2

 

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

გადასახდის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებში ფიქსირდებოდა „ხელფასის“, „მომსახურების“ და „დივიდენდის“ დანიშნულებით თანხების გადარიცხვა ფიზიკურ პირებთან, რომელიც არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან სრულყოფილად. ასევე, მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები წარმოდგენილი ჰქონდა ნულოვანი ფორმით. გადასახადის გადამხდელთან 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე პერიოდზე ჩატარდა სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. წინა შემოწმების მიერ 469 505 ლარი ჩათვლილი იყო დაქირავებულ პირზე (დირექტორზე) ------- შესამოწმებელ პერიოდში გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელიც დაიბეგრა სესხის გაცემის მომენტში მოგების გადასახადით, ხოლო 2022 წლის პირველ აპრილამდე გაანგარიშებული სარგებელი - საშემოსავლო გადასახადით. შესამოწმებელ პერიოდში არ ფიქსირდებოდა გაცემული სესხის უკან დაბრუნების ფაქტი. შესაბამისად, უპროცენტო სესხად გაცემულ თანხაზე გაგრძელდა სარგებლის დარიცხვა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი ითხოვს წინა საგადასახადო შემოწმების მიერ დირექტორზე გაცემული უპროცენტო სესხის დაბრუნებულად ჩათვლას და დივიდენდად გადაკვალიფიცირებას შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის პირველივე თვეში (2022 წლის აპრილი).

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება წინა საგადასახადო შემოწმებით უპროცენტო სესხად განხილულ თანხაზე დარიცხული სარგებლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და ითხოვს წინა შემოწმების მიერ დირექტორზე გაცემული უპროცენტო სესხის დაბრუნებულად ჩათვლას და დივიდენდად გადაკვალიფიცირებას შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის პირველივე თვეში (2022 წლის აპრილი). აცხადებს, რომ 2021 წელს მოხდა ფართების გაცემა დამფუძნებელზე ------- წილის სანაცვლოდ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სესხის დივიდენდად კვალიფიკაციის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და საწარმოს ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საკითხი N3.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. კურსთაშორის სხვაობებზე, დღგ-ის ჩათვლის უფლების და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) სესხის დივიდენდად კვალიფიკაციის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და საწარმოს ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაანგარიშება, ასევე, სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

2. წინა საგადასახადო შემოწმებით უპროცენტო სესხად განხილულ თანხაზე მიმდინარე შემოწმებით სარგებლის დარიცხვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

3. საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოწმებით დადგინდა, რომ რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა დაბეგრილი საცხოვრებელი კორპუსის ბინების/ავტოფარეხების/კომერციული ფართების მიწოდება, ავანსად მიღებული თანხები. გარდა ამისა, შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დაბეგრილი ბარტერის ხელშეკრულების საფუძველზე მიწის მესაკუთრე ფიზიკური პირისთვის მიწოდებული მშენებლობის მომსახურების თანხები. გადასახადის გადამხდელს, ასევე, არასწორად ჰქონდა დაკორექტირებული დასაბეგრ ოპერაციაზე გადასახდელი დღგ. ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

მომჩივანს მიღებული ჰქონდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც დაკორექტირდა, თუმცა კომპანიას არ ჰქონდა შემცირებული პირველადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დღგ. გადასახადის გადამხდელს განხორციელებული ჰქონდა ჩათვლები, როგორც ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ასევე, მისი გამნაშთავი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მეშვეობითაც. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები და დაერიცხა ჯარიმა.

შემოწმებამ შეისწავლა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში ნაღდი ფულის მოძრაობა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა ამავე პერიოდში დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

2. გადასახდის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებში ფიქსირდებოდა თანხების გადარიცხვა ფიზიკურ პირებთან, რომელიც არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან სრულყოფილად. გადასახადის გადამხდელთან წინა საგადასახადო შემოწმებით უპროცენტო სესხად განხილულ თანხაზე დარიცხული სარგებელი, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შესამოწმებელ პერიოდში არ ფიქსირდებოდა გაცემული სესხის უკან დაბრუნების ფაქტი. შესაბამისად, უპროცენტო სესხად გაცემულ თანხაზე გაგრძელდა სარგებლის დარიცხვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9-ბ); 101; 154; 159; 163; 164; 175; 176; 179; 269(7)