გადაწყვეტილება №22755/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22755/2/2024
31 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 2.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22755/2/2024).
დავის საგანი:
1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა და საურავის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №EL211215 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №EL77777/15 (001-15) საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5423 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 183 217,92 ლარი.
მათ შორის:
30.05.2023 წლის №EL77777/15 (001 - 15) საგადასახადო მოთხოვნა - 108 556,99 ლარი.
გადასახადი: 74 660,93
დღგ საბაჟო - 12 534,65
აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 61 225
იმპორტის გადასახადი - 901,28
საურავი - 33 896,06
30.05.2023 წლის №EL211215 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 74 660,93
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 16.12.2021 წლის №---------- (რეგ. №----------.) და 20.12.2021 №---------- (რეგ. №----------) მომართვებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 20.12.2021 წლის №39356 და 21.01.2022 წლის №1120 ბრძანებების საფუძველზე, 21.12.2021 წლიდან - 18.05.2023 წლის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა ----------ში მდებარე, მომჩივნის კუთვნილი საბაჟო საწყობების (----------; ----------) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და ამავე საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება.
საბაჟო საწყობში (----------) არსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთების შემოწმებისას (შემოწმების აქტი №----------), არ აღმოჩნდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) კუთვნილი, №---------- საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი „----------“ - 15 500 კოლოფი. კერძოდ, მითითებული დეკლარაციით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფილტრიანი სიგარეტის რაოდენობა შეადგენდა 115 000 კოლოფს („----------“ – 99 500 კოლოფი; „----------“ – 15 500 კოლოფი), შემოწმების შედეგად კი საბაჟო საწყობში აღმოჩნდა 110 980 კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი „----------“, ფილტრიანი სიგარეტი „----------“ კი საერთოდ არ აღმოჩნდა.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, რაზეც მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №EL211215 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 74 660,93 ლარის (უკანონოდ განკარგულ საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან, 30.05.2023 წელს გამოიცა №EL77777/15 (001-15) საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 74 660,93 ლარის და საურავი – 33 896,06 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.07.2023 წლის №18635 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 2.11.2023 წლის №20608/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18635 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 2.11.2023 წლის №20608/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 13.03.2024 წლის №5423 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „უ“ ქვეპუნქტებზე, 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-3 ნაწილზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ და „თ“ ქვეპუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და 272–ე მუხლზე.
დადგენილია, რომ შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობში (----------) არსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთების შემოწმებისას (შემოწმების აქტი №----------), აღნიშნულ საბაჟო საწყობში არ აღმოჩნდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) კუთვნილი, №---------- საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი „----------“ 15 500 კოლოფი. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია. ამასთან, ვინაიდან არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 49- ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ დანაკლისის წარმოშობის მტკიცების ტვირთის, ისე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი წინაპირობის - ბრალის არსებობა, წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მტკიცების ტვირთს, ხოლო დანაკლისის დადგენა კი უნდა მოხდეს საბაჟო ორგანოს მიერ ტვირთმფლობელის დოკუმენტაციასთან და საწყობის მონაცემებთან შედარების გზით, რაც საჩივრის ავტორის მითითებით არ მომხდარა და არ არის მითითებული სამართალდარღვევის ოქმში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 18.05.2023 წელს შედგა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობისთვის (----------) სანებართვო პირობების შესრულებისა და საბაჟო საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმების აქტი №----------, რომლითაც დასტურდება, რომ ეს დოკუმენტი შედგენილია ერთის მხრივ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების და მეორეს მხრივ შპს „----------“- ის (ს/ნ ----------) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ---------- (პ/ნ ----------) მიერ, რომელიც ხელმოწერითვე ადასტურებს, რომ ჩაიბარა აღნიშნული აქტი. შესაბამისად, შპს „----------“- ის (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობში (----------) არსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთები გადამოწმდა საბაჟო საწყობში ფაქტობრივად არსებულ საქონელთან (შემოწმების აქტი №----------) და გამოვლინდა, რომ აღნიშნულ საბაჟო საწყობში არ აღმოჩნდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) კუთვნილი, №---------- საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი „----------“ 15 500 კოლოფი.
ამდენად, საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა არგუმენტები, რომ ტვირთის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია, არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ არსებული საქონლის მიმართ არ განხორციელებულა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა და ისეთი ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საბაჟო დეპარტამენტმა გამოსცა 30.05.2023 წლის საბაჟო სამართალდარღვევის №EL211215 ოქმი და №001-15 საგადასახადო მოთხოვნა. სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივნის კუთვნილი საბაჟო საწყობის (----------; დანიშნულების კოდი ----------) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლისა და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმებისას (შემოწმების აქტი 18.05.2023 წლის №----------), აღნიშნულ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ფიზიკურად არ აღმოჩნდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ 3.12.2020 წლის №---------- საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული საქონელი - ფილტრიანი სიგარეტი ---------- (პროგრამული ნაშთი 15 500 კოლოფი) და შესაბამისად სახეზე იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
მომჩივანი მიუთითებს, რომ არ მოუხდენია საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, ვინაიდან შპს „----------“-ის 3.12.2020 წლის №---------- საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული საქონელი - ფილტრიანი სიგარეტი ---------- და ---------- (ეს სიგარეტები არის იდენტური და უნდა მოხდეს მათი ერთად განხილვა, პროგრამული ნაშთების შესაბამისად 15 500 და 99 500 კოლოფი) ჯამში 115 000 კოლოფიდან 110 980 კოლოფი 18.05.2023 წლის №---------- შემოწმების აქტის მიხედვით ინახებოდა კომპანიის კუთვნილ საბაჟო საწყობში (----------; დანიშნულების კოდი ----------).
მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებზე, 172- ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ კანონი ერთი მხრივ განასხვავებს 3 ტიპის დამოუკიდებელ და განსხვავებულ შემადგენლობას და ზღვარს ავლებს განკარგვას, დაკარგვას და განადგურებას შორის, ხოლო მეორე მხრივ, სამართალდარღვევად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს მხოლოდ უკანონო ქმედება.
საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვტილება №ბს552(კ-20) საქმეზე) ანალოგიურ საქმეებზე სამართალდარღვევის შემადგენლობა გულისხმობს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. შესაბამისად, თუნდაც დეკლარანტის მიერ მითითებულ დოკუმენტსა და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობას შორის სხვაობის გამოვლენა „ავტომატურად არ ქმნის პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობას“, არამედ არის შემდგომი მოკვლევის დაწყების საფუძველი, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობაა დაადგინოს „მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახე და საქონლის განადგურების/დაკარგვის/განკარგვის ფაქტი, დრო, ადგილი, ვითარება“.
ადმინისტრაციული ორგანოსთვის იმთავითვე ცნობილი იყო როგორც ტვირთის არსებობის თაობაზე (შესაბამისად ცნობილი იყო ისიც, რომ ტვირთი ვერ იქნებოდა განკარგული, დაკარგული ან განადგურებული) და ცნობილი იყო ასევე ტვირთის მესაკუთრის თაობაზეც (რადგანაც მიუთითებს როგორც ტვირთმფლობელს, ისე დროებითი შენახვის დეკლარაციას).
სამართალდარღვევის ოქმით არ არის დაკონკრეტებული თუ კონკრეტულად რომელი შედეგი დადგა - განკარგვა, დაკარგვა თუ განადგურება (რაც რეალურად არ მომხდარა და თავად ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს ტვირთის არსებობას) და არც იმას მიუთითებს იყო თუ არა ეს არარსებული ქმედება უკანონო.
როგორც ანალოგიურ საქმეებზე სასამართლო პრაქტიკა მიიჩნევს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვტილება №ბს-710-696(კ-14) საქმეზე), „დანაკლისის არსებობა თავისთავად ყოველთვის არ იწვევს საბაჟო საწყობის პასუხისმგებლობას“, არამედ, „პასუხისმგებლობას იწვევს ისეთი დანაკლისი, რომელიც საწყობის ბრალით არის გამოწვეული. დანაკლისი უნდა უკავშირდებოდეს უკანონო განკარგვას, რაც მოითხოვს დადასტურების აქტის შედგენას.“
გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკის თანახმად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვტილება №ბს-845(კ-21) საქმეზე) როგორც დანაკლისის წარმოშობის მტკიცების ტვირთის, ისე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი წინაპირობის - ბრალის, არსებობა წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მტკიცების ტვირთს. დამატებით, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით დანაკლისის დადგენა უნდა მოხდეს საბაჟო ორგანოს მიერ ტვირთმფლობელის დოკუმენტაციასთან და საწყობის მონაცემებთან შედარების გზით, რაც განსახილველ შემთხვევაში ასევე არ მომხდარა და არ არის მითითებული სამართალდარღვევის ოქმში.
გარდა ამისა, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვტილება №ბს-1163-1157(2კ-17) საქმეზე) „საქონლის განკარგვა უნდა დგინდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებისა და გარემოებების საფუძველზე“, რომელი მტკიცებულებებიც „უტყუარად უნდა ადასტურებდეს“ სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტს. იმ ვითარებაში კი, როდესაც ტვირთის არც განკარგვა, არც დაკარგვა და არც განადგურება მომხდარა იმთავითვე ცხადია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვერც არარსებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახეს, საქონლის განკარგვის ფაქტის დროს, ადგილს და ვითარებას ვერ დაადგენდა და ვერც კონკრეტულ უტყუარ მტკიცებულებებს და გარემოებებს დაეყრდნობოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიის მიმართ გამოცემულ იქნა სრულიად უკანონო სამართალდარღვევის ოქმი.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა აქტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მის გამოცემას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის განმარტებები.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელსა და დეკლარანტს შორის სამართალურთიერთობა წესრიგდება არა მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებადი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმებით, არამედ აგრეთვე მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე“.
გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკის მიხედვით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვტილება №ბს-845(კ-21) საქმეზე) „საქონლის განკარგვა უპირველეს ყოვლისა, ტვირთის მფლობელისათვის უნდა იყოს ზიანის მომტანი“. ხოლო, „სატვირთო- საბაჟო დეკლარაციაში ნაჩვენები მონაცემების სიზუსტეზე პასუხს აგებს დეკლარანტი“ და არა საბაჟო საწყობი.
აღსანიშნავია, რომ საქონლის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ შპს „----------“-ს არ მოუხდენია საქონლის განკარგვა. შესაბამისად, შეუძლებელია ვისაუბროთ ტვირთის რაიმე ფორმით დაკარგვაზე, განკარგვაზე ან მის განადგურებაზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას. მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა აქტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომელიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მის გამოცემას და შეძლებისდაგვარად უნდა გამორიცხოს ზოგადი ხასიათის განმარტებები. ცალსახაა რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
მომჩივანი ითხოვს ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №EL211215 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, 30.05.2023 წლის №001-15 საგადასახადო და შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5423 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემობათა გამო:
საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:
ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;
ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
3. საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
2. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:
ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;
ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:
ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;
ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;
გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია, რომ მომჩივნის საბაჟო საწყობში (----------) არსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთების შემოწმებისას (შემოწმების აქტი №----------), არ აღმოჩნდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) კუთვნილი, №---------- საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი „----------“ - 15 500 კოლოფი. კერძოდ, მითითებული დეკლარაციით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფილტრიანი სიგარეტის რაოდენობა შეადგენდა 115 000 კოლოფს („----------“ – 99 500 კოლოფი; „----------“ – 15 500 კოლოფი), შემოწმების შედეგად კი საბაჟო საწყობში აღმოჩნდა 110 980 კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი „----------“, ფილტრიანი სიგარეტი „----------“ კი საერთოდ არ აღმოჩნდა, რაზეც მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №EL211215 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის. ამასთან, 30.05.2023 წელს გამოიცა №EL77777/15 (001-15) საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელები და საურავი.
საბაჟო დეპარტამენტის 15.04.2024 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შპს „----------“-ის დირექტორი ---------- და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამშრომლები (----------; ----------) თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.01.2023 წლის განაჩენით (საქმე №1/3659-32; №092141221007) ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამავე განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი იურიდიული პირი – შპს „----------“ (ს/ნ ----------).
მითითებული განაჩენით დადგინდა, რომ შპს „----------“-ის საბაჟო საწყობიდან ხორციელდებოდა არადეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება იმპორტის გადასახდელების გადახდის გარეშე, ასევე უაქციზო სიგარეტის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანა და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება. საბაჟო საწყობის მიერ დარღვეული იყო არაერთი სანებართვო პირობა, მათ შორის, თვითნებურად მოხდა საბაჟო საწყობის ტერიტორიის გაზრდა მომიჯნავე არასაბაჟო ტერიტორიის ხარჯზე, დარღვეული იყო საბაჟო საწყობში განთავსებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების უწყვეტობა, რაც საბაჟო საწყობს საშუალებას აძლევდა საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის შეტანა და კონტროლის ზონიდან საქონლის გატანა განეხორციელებინა არასაბაჟო ტერიტორიის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად. ამავე განაჩენით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის გამო, 16.12.2021 წელს №---------- საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა 630 842 ლარის ღირებულების, ხოლო №---------- საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე – 1 913 225 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონლის დანაკლისი.
ამასთან საბაჟო საწყობში (----------) არსებული ნაშთების შემოწმებისას, №---------- საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული ფილტრიანი სიგარეტის ნაშთი შეადგენდა 115 000 კოლოფს, საიდანაც „----------“ იყო 99 500 კოლოფი, „----------“ კი 15 500 კოლოფი. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, საბაჟო საწყობში აღმოჩნდა 110 980 კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი „----------“, ფილტრიანი სიგარეტი „----------“ კი საერთოდ არ აღმოჩნდა. რაც შეეხება იმპორტის გადასახდელის და საურავის დარიცხვას 18.05.2023 წლის მდგომარეობით, საბაჟო კოდექსის 49- ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის პირობა. შესაბამისად, იმპორტის გადასახდელის და საურავის დარიცხვა განხორციელდა საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის დეკლარაციის (№----------) რეგისტრაციის (3.12.2020) მომენტიდან.
საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივანი წარმოადგენდა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს, საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელის ფაქტიური რაოდენობის დეკლარირებულთან შედარების შედეგად, გამოვლინდა საქონლის დანაკლისი, რის შედეგადაც კანონმდებლობის შესაბამისად, მომჩივანს წარმოეშვა იმპორტის გადასახდელის იმ ოდენობით გადახდის ვალდებულება, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.
მხარეთა არგუმენტაციის და საქმის მასალების გათვალისწინებით, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევას ან სხვა ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება და იმპორტის გადასახდელების დარიცხვა მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა და საურავის დაკისრება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საბაჟო საწყობში არსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთების შემოწმებისას, არ აღმოჩნდა კომპანიის კუთვნილი, საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი - 15 500 კოლოფი. კერძოდ, მითითებული დეკლარაციით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფილტრიანი სიგარეტის რაოდენობა შეადგენდა 115 000 კოლოფს (99 500 კოლოფი; 15 500 კოლოფი), შემოწმების შედეგად კი საბაჟო საწყობში აღმოჩნდა 110 980 კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი, მ,ეორე ფილტრიანი სიგარეტი კი საერთოდ არ აღმოჩნდა, რაზეც მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 30.05.2023 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის. ამასთან, 30.05.2023 წელს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელები და საურავი. საბაჟო დეპარტამენტის 15.04.2024 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შპს მომჩივანი კომპანიის დირექტორი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამშრომლები თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.01.2023 წლის განაჩენით (საქმე №1/3659-32; №092141221007) ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამავე განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი იურიდიული პირი – მომჩივანი კომპანია. მითითებული განაჩენით დადგინდა, რომ შპს მომჩივანის საბაჟო საწყობიდან ხორციელდებოდა არადეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება იმპორტის გადასახდელების გადახდის გარეშე, ასევე უაქციზო სიგარეტის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანა და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება. საბაჟო საწყობის მიერ დარღვეული იყო არაერთი სანებართვო პირობა, მათ შორის, თვითნებურად მოხდა საბაჟო საწყობის ტერიტორიის გაზრდა მომიჯნავე არასაბაჟო ტერიტორიის ხარჯზე, დარღვეული იყო საბაჟო საწყობში განთავსებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების უწყვეტობა, რაც საბაჟო საწყობს საშუალებას აძლევდა საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის შეტანა და კონტროლის ზონიდან საქონლის გატანა განეხორციელებინა არასაბაჟო ტერიტორიის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად. ამავე განაჩენით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის გამო, 16.12.2021 წელს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა 630 842 ლარის ღირებულების, ხოლო მეორე საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე – 1 913 225 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონლის დანაკლისი. ამასთან საბაჟო საწყობში არსებული ნაშთების შემოწმებისას, საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული ფილტრიანი სიგარეტის ნაშთი შეადგენდა 115 000 კოლოფს, საიდანაც ერთი იყო 99 500 კოლოფი, მეორე კი 15 500 კოლოფი. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, საბაჟო საწყობში აღმოჩნდა 110 980 კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი, მეორე ფილტრიანი სიგარეტი კი საერთოდ არ აღმოჩნდა. რაც შეეხება იმპორტის გადასახდელის და საურავის დარიცხვას 18.05.2023 წლის მდგომარეობით, საბაჟო კოდექსის 49- ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის პირობა. შესაბამისად, იმპორტის გადასახდელის და საურავის დარიცხვა განხორციელდა საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევას ან სხვა ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიმართ საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებული სანქციების გამოყენება და ასევე იმპორტის გადასახდელების დარიცხვა მართებულია.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172; 176.