ბრძანება N 15370
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15370
08 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ის (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.:---) 2026 წლის 2 და 23 ივნისის
საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 11 და 25 ივნისის სხდომებზე (ოქმები: №50, №56) განიხილა ი/მ ---ს (ს/ნ---) 2026 წლის 2 ივნისის №102669/1/2026 და 23 ივნისის №103043/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 14 მაისის №056-27 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა Excell-ში, აუდიტორებს ოფიციალურად გადაეცა მონაცემთა ბაზა, ამონაწერები და რეპორტები, ასევე, წარმოდგენილი იყო პირველადი დოკუმენტაცია და შესაძლებელი იყო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დოკუმენტური ფასნამატის გამოთვლა. გადამხდელი არ ეთანხმება ასევე, შემოწმების შედეგად დადგენილ ფასნამატს და აღნიშნულის შედეგად განხორციელებულ დარიცხვას. მიიჩნევს, რომ დარღვეულია ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითება, რომელიც განსაზღვრავს ფასნამატის რიგითობას, რომ პირველ რიგში გამოიყენება გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. აუდიტორებს შეეძლოთ ეხელმძღვანელათ დოკუმენტური ფასებით და გამოეყვანათ შესაბამისი ფასნამატი, მაგალითისთვის, საქონლის ფაქტობრივი აღრიცხვის დროს აღმოჩნდა შარვლის ფაქტობრივი რაოდენობა 7 919 ერთეული, რომლის სარელიზაციო ფასი ჯამურად შეადგენდა 98 200 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნული საქონელი შეძენილია რამდენიმე საბაჟო დეკლარაციით. მოცემული ანალიზით შარვლის (რომლის წილი შეძენებში 51%-ია) ფასნამატი შეადგენს 33%-ს. ასევე, მოცემული ანალიზით, მაგალითად, ქურთუკის ფასნამატი, რომლის წილიც შეძენებში არსებითია (11%)- შეადგენს 38%-ის.
ასევე, აღნიშნავს, რომ მომჩივანი აღრიცხვას აწარმოებდა ექსელის საშუალებით, სადაც სისტემურად და ქრონოლოგიურად აისახებოდა საქონლის შეძენის ოპერაციები, იმპორტის ოპერაციები, სასაქონლო ზედნადებებით და ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული რეალიზაციები, სალარო ოპერაციები, გადასახადებით დასაბეგრი ოპერაციებისათვის არსებითი სხვა მონაცემები. გადამხდელი მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დარღვეულია სრულყოფილი კვლევის, ობიექტურობისა და მიუკერძოებელი შეფასების პრინციპი. ითხოვს შემოწმების აქტით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 16 თებერვლის №3292 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 11 მაისის შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 14 მაისის №10681 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №056-27 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 221 063 ლარი, მათ შორის, გადასახადი 126 557 ლარი, ჯარიმა 63 022 ლარი, საურავი 31 484 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
● საგადასახადო შემოწმების შედეგების განსაზღვრის მიზნით დამუშავებული და შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელთა დამუშავებისა და შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ი/მ --- ის მიერ რეალიზებულ პროდუქციაზე, შემოწმების მიერ ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, ვერ მოხდა დაკავშირება გაწერილ ზედნადებების პროდუქციას და იმპორტირებულ პროდუქციას შორის, ასევე, სმფ-ის ინვენტარიზაციით დადგინდა, რომ გადამხდელს იმაზე მეტი პროდუქცია ჰქონდა რეალიზებული, ვიდრე დეკლარირებულ ბრუნვაში ასახავდა, შესაბამისად, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა პირდაპირი მეთოდით.
შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად და გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, რეალიზებულ პროდუქციაზე, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული გავრცელებულ იქნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებული აუდირებული ფასნამატი-კატეგორიის შესაბამისად. გარდა ამისა, ჩასათვლელი თანხიდან ამოღებული იქნა 2022-წლის ჩასათვლელი დღგ (262 ლარი) და ჩათვლა გაეზარდა მიმდინარე პერიოდებზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტირების დღგ-ის თანხით და ასევე, საბაჟო დეკლარაციის დღგ-ის თანხით საქართველოს საგდასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების შესაბამისად.
შემოწმების შედეგად გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
● ი/მ ---ს მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2022 წლის პირველ ივლისს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში პირს წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. შემოწმების მიერ შედეგების დათვლისას მცირე ბიზნესის დასაბეგრი ბრუნვა დაკორექტირდა (გაიზარდა).
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%, ხოლო თუ დასაბეგრი პირის ერთობლივი შემოსავალი აღემატება 500 000 ლარს, გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება 3%-ის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ ი/მ ---ის დასაბეგრი შემოსავალი 2024 წელს აღემატება 500 000 ლარს, აქედან გამომდინარე პერიოდების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის დასაბეგრ შემოსავალზე გადასახადის განაკვეთი განისაზღვრა როგორც 1%-ის, ასევე, 3%-ის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით პირს წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე, 89-ე, 90-ე, 91-ე მუხლების მიხედვით და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებლი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5-ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად.
კერძოდ, რეალიზებულ პროდუქციაზე, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული, გავრცელებულ იქნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის არსებული ანალოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებული აუდირებული ფასნამატი კატეგორიის შესაბამისად. შედეგად გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. ამასთან, ვინაიდან გადამხდელს აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, შემოწმების მიერ დაკორექტირდა მცირე ბიზნესის დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%, ხოლო თუ დასაბეგრი პირის ერთობლივი შემოსავალი აღემატება 500 000 ლარს, გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება 3%-ის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ ი/მ ---ს დასაბეგრი შემოსავალი 2024 წელს აღემატება 500 000 ლარს, აღნიშნულიდან გამომდინარე პერიოდების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის დასაბეგრ შემოსავალზე გადასახადის განაკვეთი განესაზღვრა როგორც 1%-ის, ასევე, 3%-ის ოდენობით და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, მეწარმე აღრიცხვას ახორციელებს ექსელში, ასევე, წარადგინა ბუღალტრული პროგრამა (ორისი), რომელშიც მხოლოდ საქონელია აღრიცხული, არასწორი თვითღირებულებებით, ხოლო რეალიზაციები და ჩამოწერები არ არის აღრიცხული.
ამასთან, ვერ მოხდა შეძენილი საქონლისა და რეალიზებული (სასაქონლო ზედნადებებით) საქონლის დაკავშირება, რადგან გადამხდელს ჰქონდა ერთი დასახელების სხვადასხვა ფასიანი საქონელი, სხვადასხვა სახეობები, ზედნადებებში კი განზოგადებულად იყო წარმოდგენილი (მაგ.: შარვალი, მაისური). შემოწმება დაუკავშირდა გადამხდელს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რათა მას თვითონ დაეკავშირებინა რეალიზაციები და შეძენები ერთმანეთთან ფასნამატის დასადგენად. წარმოდგენლი ინფორმაციით, გადამხდელმაც ვერ დააიდენტიფიცირა ზუსტად შეძენა-რეალიზაციები (ფასნამატი ზოგიერთზე -200% და +300% იყო). ასევე, ვერ დააიდენტიფიცირა ინვენტარიზაციის შედეგების თვთღირებულებები. შესაბამისად, ვერც შემოწმების და ვერც გადამხდელის მოწოდებული ინფორმაციით ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად.
კერძოდ, რეალიზებულ პროდუქციაზე, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული, გავრცელებულ იქნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის არსებული ანალოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებული აუდირებული ფასნამატი კატეგორიის შესაბამისად. შედეგად გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.
ამასთან, ვინაიდან გადამხდელს აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, შემოწმების მიერ დაკორექტირდა მცირე ბიზნესის დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%, ხოლო თუ დასაბეგრი პირის ერთობლივი შემოსავალი აღემატება 500 000 ლარს, გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება 3%-ის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი 2024 წელს აღემატება 500 000 ლარს, აღნიშნულიდან გამომდინარე, პერიოდების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის დასაბეგრ შემოსავალზე გადასახადის განაკვეთი განესაზღვრა როგორც 1%-ის, ასევე, 3%-ის ოდენობით და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 90 (1,2,3).