გადაწყვეტილება №21172/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.02.2024
№ დოკუმენტი 21172/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№21172/2/2023

09 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 27.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21172/2/2023).

 

დავის საგანი:

1. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;

3. დღგ-ის ჩათვლილი თანხის შემცირება;

4. ფიზიკურ პირებისაგან მიღებული მომსახურების ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან;

5. არარეზიდენტ კომპანიაზე საქონლის შესაძენად გადასახდელი თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად განხილვა;

6. 2019 წელს ქონების გადასახადის (და მიმდინარე გადასახდელის) დარიცხვის მართლზომიერება;

7. 15.11.2019 წლის სავადო თარიღით დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადი;

8. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №039-15 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 3 008 197.09 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 537 379

დღგ - 137 644

მიწის გადასახადი (არასასოფლო) - (- 14 818)

მიწის გადასახადი (სასოფლო)- 13 531

მოგების გადასახადი - 1 073 806

საშემოსავლო გადასახადი - 322 382

ქონების გადასახადი - 4 834

ჯარიმა - 840 084

საურავი - 630 734.09

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ღორების გაზრდა, რომლის რეალიზაციას ახდენს როგორც ხორცის სახით, ასევე, აწარმოებს სხვადასხვა სახის ხორცპროდუქტებს.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 4.10.2019 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 16.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №33048 ბრძანება და ამავე თარიღის №039-15 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 2023 წლის 23, 24, 30 იანვარს და 28 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო იმ პირებზე, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, გადარიცხული თანხის მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განხილვის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს არარეზიდენტ კომპანიაზე გადასახდელი თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს ქონების გადასახადის გაანგარიშების საკითხი, იმ პერიოდზე, როცა შპს „----------“ არსებობდა არასრული კალენდარული წლის განმავლობაში, ქონებაზე გადასახადი განსაზღვროს აღნიშნული პერიოდის პროპორციულად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 15.11.2019 წლის სავადო თარიღით დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას;

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას საქონლის შესაძენად ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გადარიცხული აქვს თანხები, რომელზეც არ არის წარდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმების მიერ გაწეული ხარჯი, რომელზეც გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია, საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, მომჩივანი აცხადებს, რომ ხარჯი, რომელიც ჩაითვალა დოკუმენტურად დაუდასტურებლად, გაწეულია უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო გადარიცხვით და შემმოწმებლებს თავადაც შეეძლოთ დაედგინათ მისი მიზანშეწონილობა. გარდა ამისა, ძირითად ხარჯს წარმოადგენს სადაზღვევო კომპანია „----------“ სადაზღვევო გადახდები, შპს „----------“ საიჯარო მომსახურების გადახდები, შპს „----------“-ზე გადარიცხვები საფინანსო-ბუღალტრული მომსახურებისთვის (წარდგენილია შესაბამისი ხელშეკრულებები).

სამართლებრივი საფუძვლების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო იმ პირებზე, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, გადარიცხული თანხის მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განხილვის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო საკითხები ნაწილობრივ დაკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხების განხილვიდანაც ცალსახად გამოჩნდა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს სადავო საკითხები შესწავლილი სათანადოდ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. გადაწვეტილების თანახმად აუდიტის დეპარტამენტს საკითხების დამატებით შესწავლა დაავალა ისე, რომ სადავო არაკანონიერი ადმინისტრაციული აქტები ბათილად არ უცვნია.

ხარჯები, რომელიც შემოწმების შედეგად ჩაითვალა თითქოსდა დოკუმენტურად დაუსაბუთებლად არის გაწეული უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო გადარიცხვით და ადმინისტრაციულ ორგანოს თავადაც შეეძლო, ვალდებულიც იყო, დაედგინა-დაესაბუთებინა მათი მიზანშეწონილობა.

ამას გარდა, ძირითად ხარჯს წარმოადგენს სადაზღვევო კომპანია „----------“ დაზღვევისათვის გადახდები, შპს „----------“ (ს/ნ ----------) საიჯარო მომსახურებისათვის გადახდები, შპს „----------“-ზე (ს/ნ ----------) გადარიცხვები საფინანსო-ბუღალტრული მომსახურებისათვის, რომლებზეც წარდგენილია შესაბამისი ხელშეკრულებები.

მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი არასათანადოდაა შესწავლილი და ისე, რომ არ არის დადგენილი რეალობა, არასწორად ჩაითვალა ისეთ ხარჯებად, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან, შესაბამისად მოგების გადასახადით დაიბეგრა არასწორად, ზედმეტად და ექვემდებარება გაუქმებას.

მიაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხზე შემოსავლების სამსახურს უნდა მიეღო ცალსახა გადაწყვეტილება და გაეუქმებინა ზემოაღნიშნული მოტივით დარიცხული თანხები, თუნდაც იმიტომ, რომ ხარჯები გაწეულია გადარიცხვით და იურიდიულ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, ხოლო მიღებული გადაწყვეტილების თანახმად აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის ხელახლა შესწავლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან/და ფულადი სახსრების გადაცემის შემდეგი შემთხვევები: უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.

მომჩივანი წარმოადგენს იგივე არგუმენტს, რაც წარდგენილი ჰქონდა შემოსავლების სამსახურში.

მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო იმ პირებზე, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, გადარიცხული თანხის მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განხილვის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნა გათვალისწინებულია შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამდენად, ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და შემოსავლების სამსახურის ბრძანება უნდა დარჩეს ძალაში.

 

2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანია საქონლის რეალიზაციას ახდენს, როგორც საკუთარ მაღაზიაში, ასევე, აწვდის სხვადასხვა იურიდულ და ფიზიკურ პირებს. საწარმოს უფიქსირდება როგორც დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი, ასევე, დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. შემოწმების პროცესში დამუშავებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ასევე, დღგ-ისგან გათავისუფლებულ ბრუნვებს შორის. გამოვლენილი სხვაობით გაზრდილია საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტს არ ახლავს გაანგარიშება, თუ რა თანხები დაიბეგრა დამატებით. კომპანიის უმეტესი შემოსავლები გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ხოლო შემოსავლების ნაწილი, რაც იბეგრებოდა, ასახულია შესაბამის დეკლარაციებში. გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ დაშვებულია შეცდომები ინფორმაციის უსწორობის ან სხვა მიზეზით და ითხოვს დარიცხვის გადამოწმებას.

საკანონმდებლო ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმებას არ ახლავს გაანგარიშება თუ რა თანხები დაიბეგრა დამატებით. ამასთან, კომპანიის უმეტესი შემოსავლები გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით, ხოლო რაც იბეგრებოდა ასახულია შესაბამისი დეკლარაციებში. ამიტომ მიაჩნია, რომ ინფორმაციის უსწორობის ან სხვა მიზეზით დაშვებულია შეცდომა და ითხოვს მის გადამოწმებასა და დაკონკრეტებას, მითუმეტეს რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს თუ დააფიქსირებს რაიმე უსწორობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. დღგ-ისგან გათავისუფლება არსებობს ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე.

2. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლებით გულისხმობს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება დღგ-ის დარიცხვას (არ იბეგრება) და გამოიყენება ჩათვლის უფლება.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციები დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის ჩათვლის უფლებით, რაც ნიშნავს, რომ ამ ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში დასაბეგრ პირებს, უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩაითვალონ ამ ოპერაციებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებული დღგ.

მომჩივანი წარმოადგენს იგივე არგუმენტს, რაც წარდგენილი ჰქონდა შემოსავლების სამსახურში.

მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნა გათვალისწინებულია შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამდენად, ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და შემოსავლების სამსახურის ბრძანება უნდა დარჩეს ძალაში.

 

3. დღგ-ის ჩათვლილი თანხის შემცირება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების მიერ შესწავლილია მიღებული ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, მიღებული სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტების, საბაჟო ოპერაციებზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის სისწორე. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას ჩათვლილი აქვს მიღებული ავანსის ელ. ანგარიშ-ფაქტურები და მისი შესაბამისი ძირითადი ელ. ანგარიშ-ფაქტურები.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 174-ე მუხლების გათვალისწინებით, კომპანიას შეუმცირდა ზედმეტად ჩათვლილი დღგ-ის თანხები, რის შედეგადაც კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შემოწმებამ მოიცვა 2019 წლის 4 ოქტომბრიდან 2021 წლის 1 მაისამდე პერიოდები. შემოწმებით არ არის გათვალისწინებული ისეთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც გამოწერილია დაგვიანებით ან არ იყო დადასტურებული შემოწმების პერიოდში. აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით ეს თანხები ექვემდებარება ჩათვლას, რაც შეამცირებს შემოწმებით დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობას.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ითხოვს ყოველთვიურად შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით განხორციელდეს იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ის ჩათვლები, რაც არ იყო განხორციელებული შემოწმების პერიოდისათვის და ექვემდებარება ჩათვლას. საგადასახადო შემოწმებით დღგ-ის ნაწილში მოცულია 4.10.2019 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდი. ამ პერიოდში ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, რაც ექვემდებარება ჩათვლას, საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, აჭარბებს 83 000 ლარს.

აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ არ არის ჩათვლილი, რადგანაც გამოწერილია დაგვიანებით ან არ იყო დადასტურებული ცალსახაა, რომ დღეის მდგომარეობით ეს თანხები ექვემდებარება ჩათვლას, რაც შეამცირებს თვეების მიხედვით არასწორად ჩათვლილ თანხებს და შემოწმების შედეგად დარიცხულ დღგ-სთან ერთად შემცირდება ჯარიმა/საურავის თანხებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დღგ-ის თანხების ჩათვლის განხორციელებას შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ჩათვლის დოკუმენტია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

2. დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია: ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

მომჩივანი წარმოადგენს იგივე არგუმენტს, რაც წარდგენილი ჰქონდა შემოსავლების სამსახურში.

მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნა გათვალისწინებულია შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამდენად, ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და შემოსავლების სამსახურის ბრძანება უნდა დარჩეს ძალაში.

 

4. ფიზიკურ პირებისაგან მიღებული მომსახურების ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის მიერ წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ პირი დაქირავებულ თანამშრომლებზე გასცემს ხელფასს და ასევე უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკური პირებისაგან მიღებული მომსახურების ანაზღაურება როგორც ნაღდი, ასევე, უნაღდო ანგარიშსწორებით. წარდგენილი ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გაცემული ხელფასები არ აქვს სრულად ასახული შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ დაბეგრილია ისეთ ფიზიკურ პირებზე განაცემები, რომელზეც კომპანიას არ ევალებოდა საშემოსავლო გადასახადის დაკავება/დეკლარირება. ასეთებია, გადახდები ნოტარიუსზე და ინდივიდუალურ მეწარმეებად რეგისტრირებულ პირებზე.

საკანონმდებლო ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ეს საკითხი სრულყოფილად არაა შესწავლილი შემოწმებისას, რადგანაც შემოწმებით დაბეგრილია ისეთ ფიზიკურ პირებზე განხორციელებული ანაზღაურება, რომლებზეც შპს „----------“ არ ევალებოდა საშემოსავლო გადასახადის დაკავება-დეკლარირება. ასეთებია მაგალითად ნოტარიუს „----------“ (პ/ნ ----------) განხორციელებულ გადახდები (866 ლარი), ასევე ინდივიდუალურ მეწარმეებად რეგისტრირებულ პირებზე ი/მ „----------“ (პ/ნ ----------) და ი/მ „----------“ (პ/ნ ----------) გადახდილი თანხები (3 200 და 3 160 ლარი).

ამდენად, შემოწმების შედეგად ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვები ექვემდებარება შემცირებას და შემოსვლების სამსახურს უნდა მიეღო გადაწყვეტილება მათი ცალსახად გაუქმების შესახებ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

მომჩივანი წარმოადგენს იგივე არგუმენტს, რაც წარდგენილი ჰქონდა შემოსავლების სამსახურში.

მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნა გათვალისწინებულია შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამდენად, ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და შემოსავლების სამსახურის ბრძანება უნდა დარჩეს ძალაში.

 

5. არარეზიდენტ კომპანიაზე საქონლის შესაძენად გადასახდელი თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელი ეკონომიკური საქმიანობისათვის საჭირო საქონლის (ცხოველების საკვები) შეძენას ახორციელებს არარეზიდენტი კომპანიებისაგან. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მომწოდებელზე ანგარიშსწორება ხორციელდებოდა როგორც ნაღდი, ასევე, უნაღდო ანგარიშსწორებით, თუმცა შემმოწმებლისთვის არ არის წარდგენილი ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და არარეზიდენტ კომპანიასთან ურთიერთშედარების აქტი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და არარეზიდენტ კომპანიაზე გადასახდელი თანხა ჩათვლილია ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად, რაც საგადასახადო კოდექსის 98² მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, შესაბამის საანგარიშო პერიოდში დაიბეგრა მოგების გადასახადით და შემცირებულია აღნიშნულ კომპანიებზე საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხებით.

ამასთან, არარეზიდენტ კომპანიაზე გადასახდელი თანხის გადახდა, რომელიც დასტურდება დოკუმენტურად, წარმოშობს გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის უფლებას. გაცემულ სესხს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლით დაერიცხა სარგებელი სესხის საბაზრო ღირებულების ოდენობით და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ შემოწმების მიერ საკითხი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. არარეზიდენტისგან იმპორტით მიღებული საქონლის აუნაზღაურებელი ღირებულება ჩათვლილია ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად, რის მიზეზადაც საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ ვერ იქნა წარდგენილი შედარების აქტი მომწოდებელთან. მოცემულ შემთხვევაში მთავარია, რომ კომპანიიდან ფიზიკურ პირზე თანხა არ გაცემულა და არასწორადაა მოთხოვნილი თანხის მომწოდებელზე გადახდის დოკუმენტი ან შედარების აქტი. აღნიშნული პოზიცია და ამ მოტივით თანხის დარიცხვა ცალსახად არასწორია, რადგან არავითარი თანხა ფიზიკურ პირზე არ გაცემულა, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა და ვერც იარსებებდა. იმპორტული საქონლის მომწოდებლის მიმართ კრედიტორული დავალიანების რაიმე ფორმით ჩამოწერა არ წარმოადგენს იმის მტკიცებას, რომ ფიზიკურ პირზე თანხა გაიცა, პირიქით, კრედიტორის წინაშე დავალიანების ანაზღაურების უზრუნველყოფა იკისრა თავად ფიზიკურმა პირმა, კომპანიის დამფუძნებელმა. ნებისმიერ შემთხვევაში თუ არ აუნაზღაურდება მომწოდებელს დავალიანება, თუ მომწოდებელი აპატიებს და აღარ მოითხოვს ანაზღაურებას ან სხვა, მაინც არ არსებობს შემოწმებით განხორციელებული დაბეგვრის საფუძველი, რადგან არანაირი თანხის გაცემა ფიზიკურ პირზე არ განხორციელებულა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს სადავო საკითხთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ სადავო ოპერაციის კვალიფიკაციის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს არარეზიდენტ კომპანიაზე გადასახდელი თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნული საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია შემოწმების აქტში, ვინაიდან გამოირჩევა თანხობრივადაც დიდი ოდენობით და ასევე საკითხის პრინციპულად არასწორი ინტერპრეტაციით.

ითხოვს მკაფიო გადაწყვეტილების მიღებას და პირდაპირ მთლიანი ოდენობით გაუქმდეს დარიცხული თანხები რადგან, შემოწმების აქტით დაუსაბუთებლად, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე თანხები ისე ჩაითვალა ფიზიკურ პირზე (პირებზე) გაცემულად, როდესაც ფაქტობრივად ერთი ლარიც კი არ გაცემულა ფიზიკურ პირზე.

შემოწმებით დაშვებულია შეცდომა და არარეზიდენტისგან იმპორტით მიღებული საქონლის აუნაზღაურებელი ღირებულება ჩაითვლება ფიზიკურ პირზე გაცემულად. კერძოდ, თვეების მიხედვით დაანგარიშდა იმპორტირებული საქონლის ღირებულება, რომელსაც დააკლდა მომწოდებელზე გადარიცხული თანხები, ხოლო დარჩენილი ნაწილი ჩაითვალა ფიზიკურ პირზე (პირებზე) გაცემულ სესხად.

აღნიშნული მიზეზად შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ ვერ იქნა წარდგენილი შედარების აქტი მომწოდებელთან, მაგრამ ასეც რომ იყოს თავად საკითხისადმი მიდგომა არასწორია მოცემულ შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ კომპანიიდან ფიზიკურ პირზე თანხა არ გაცემულა და არასწორადაა მოთხოვნილი თანხის მომწოდებელზე გადახდის დოკუმენტი ან შედარების აქტი.

განმარტავს, რომ შემოწმების აქტში სრულიად უადგილოდ ნახსენებია საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლი და ჩათვლილია, რომ თითქოს ფიზიკურმა პირმა (პირებმა) მიიღეს თანხები შპს „----------“ და ვერ წარმოადგენს ამ თანხების იმპორტირებული საქონლის მომწოდებლისათვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად ეს თანხები ჩაითვალა ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხად და დაბეგრილია მოგების და საშემოსავლო გადასახადებით.

აღნიშნული პოზიცია და ამ მოტივით თანხების დარიცხვა უდავოდ არასწორია, რადგანა არავითარი თანხა ფიზიკურ პირზე არ გაცემულა და ამის არანაირი მტკიცებულება არც არსებობდა და ვერაც იარსებებდა.

იმპორტირებული საქონლის მომწოდებლის მიმართ კრედიტორული დავალიანების რაიმე ფორმით ჩამოწერა არ წარმოადგენს იმის მტკიცებას რომ ფიზიკურ პირზე თანხა გაიცა, პირიქით კრედიტორის წინაშე დავალიანების ანაზღაურების უზრუნველყოფა იკისრა თავად ფიზიკურმა პირმა კომპანიის დამფუძნებელმა.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არ აუნაზღაურებდა მომწოდებელს დავალიანებას, თუ მომწოდებელი აპატიებს და აღარ მოითხოვს ანაზღაურებას ან სხვა, მაინც არ არსებობს შემოწმებით განხორციელებული დაბეგვრის საფუძველი, რადგან არანაირი თანხის გაცემა ფიზიკურ პირზე არ განხორციელებულა.

ამდენად, გასაჩივრებით სადავო საკითხზე სწორედ ამის დადასტურებას ითხოვს, რომ როდესაც კომპანიიდან თანხა არ გაცემულა, იმპორტული საქონლის მომწოდებელზე კრედიტორული დავალიანების ჩამოწერა ნებისმიერ ფორმით, სწორად თუ შეცდომით უსაფუძვლოა, არასწორია და შესაბამისად არ შეიძლება ჩაითვალოს ფიზიკურ პირზე თანხის გაცემად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საკითხზე დარიცხვები გასაუქმებელია სრული მოცულობით. ამ საკითხზე მიღებულია ხელახალი შესწავლის გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც ცალსახაა და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული, რომ თუ თანხა არ გაცემულა არანაირი სესხის გაცემაც არ არსებობს და დარიცხვებიც ცალსახად უნდა გაუქმებულიყო.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის შესაბამისად:

3. მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

8. თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით: დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით: გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივანი წარმოადგენს იგივე არგუმენტს, რაც წარდგენილი ჰქონდა შემოსავლების სამსახურში.

მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს არარეზიდენტ კომპანიაზე გადასახდელი თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნა გათვალისწინებულია შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამდენად, ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და შემოსავლების სამსახურის ბრძანება უნდა დარჩეს ძალაში.

 

6. 2019 წელს ქონების გადასახადის (და მიმდინარე გადასახდელის) დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ღირებულება განსხვავდება შემოწმებით დადგენილი საშუალო წლიური საბალანსო ღირებულებისგან.

საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების გათვალისწინებით კომპანიას დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, შპს „----------“ დარეგისტრირდა 4.10.2019 წელს და 2019 წლის ქონების გადასახადი უნდა გადაეხადა კალენდარულ წელიწადში მისი არსებობის პერიოდიდან გამომდინარე მხოლოდ მეოთხედის ოდენობით. გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ შესასწორებელია მიმდინარე გადასახდელების დარიცხვაც.

საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს ქონების გადასახადის გაანგარიშების საკითხი, იმ პერიოდზე, როცა შპს „----------“ არსებობდა არასრული კალენდარული წლის განმავლობაში, ქონებაზე გადასახადი განსაზღვროს აღნიშნული პერიოდის პროპორციულად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების შედეგად ქონების გადასახადი დამატებით დარიცხვის ნაცვლად უნდა შემცირებულიყო, რადგან კომპანია დარეგისტრირდა 4.10.2019 წელს და 2019 წლის ქონების გადასახადი უნდა გადაეხადა კალენდარულ წელიწადში მისი არსებობის პერიოდიდან (3 თვე) გამომდინარე მხოლოდ მეოთხედი (1%/4).

კანონმდებლობის დაცვით 2019 წლის გადასახადი შეადგენ 5 091 და არა 20 346 ლარს, როგორც ეს შემმოწმებელმა გაიანგარიშა. ამდენად, ქონების გადასახადი შესამცირებელია 15 273 ლარით და ამასთანავე შესასწორებელია მიმდინარე (საავანსო) თანხების დარიცხვაც.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-8 ნაწილების თანახმად:

1. ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

2. საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

3. საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

8. თუ გადასახადის გადამხდელი საწარმო/ორგანიზაცია მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში არსებობს, იგი ქონებაზე გადასახადს იხდის ამ პერიოდის პროპორციულად.

მომჩივანი წარმოადგენს იგივე არგუმენტს, რაც წარდგენილი ჰქონდა შემოსავლების სამსახურში.

მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს ქონების გადასახადის გაანგარიშების საკითხი, იმ პერიოდზე, როცა კომპანია არსებობდა არასრული კალენდარული წლის განმავლობაში, ქონებაზე გადასახადი განსაზღვროს აღნიშნული პერიოდის პროპორციულად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნა გათვალისწინებულია შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამდენად, ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და შემოსავლების სამსახურის ბრძანება უნდა დარჩეს ძალაში.

 

7. 15.11.2019 წლის სავადო თარიღით დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადი

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში უფიქსირდება, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რომლებიც გადასახადის გადამხდელს ზედმეტად აქვს დეკლარირებული. საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა მიწაზე ქონების გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელი იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ კომპანია რეგისტრირებულია 4.10.2019 წელს არ ეთანხმება შემოწმებით 15.11.2019 წლის სავადო თარიღით დარიცხულ მიწაზე ქონების გადასახადს.

საკანონმდებლო ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს 15.11.2019 წლის სავადო თარიღით დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №33048 ბრძანების დანართში 16 012 ლარის შემცირების გარდა, პირდაპირაა მოცემული 15.11.2019 წლის სავადო თარიღით თანხების დარიცხვა, რაც აღრიცხვის ბარათზეც ასახულია.

აღნიშნული არასწორია და ექვემდებარება გაუქმებას. მიწის გადასახადის დარიცხვის არაკანონიერება მარტივად დასტურდება იმ უდავო ფაქტითაც, რომ კომპანია დაფუძნდა/დარეგისტრირდა 2019 წლის ოქტომბრიდან და ვერანაირად 1 აპრილისათვის ვერ იქნებოდა რაიმეს (მათ შორის მიწის) მესაკუთრე.

ამდენად, 15.11.2019 წლის სავადო თარიღით დარიცხული მიწის გადასახადები გასაუქმებელია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 და მე-7 ნაწილების მიხედვით:

2. საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

7. საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

მომჩივანი წარმოადგენს იგივე არგუმენტს, რაც წარდგენილი ჰქონდა შემოსავლების სამსახურში.

მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 15.11.2019 წლის სავადო თარიღით დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას.

აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნა გათვალისწინებულია შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამდენად, ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და შემოსავლების სამსახურის ბრძანება უნდა დარჩეს ძალაში.

 

8. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგად მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა სულ 840 084 ლარი, მათ შორის მოგების გადასახადში 538 800 ლარი, დღგ-ში 126 878 ლარი, საშემოსავლო გადასახადში 156 862 ლარი, ქონების გადასახადში 17 545 ლარი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №039-15 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი 630 734 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ცალსახაა რომ გადამხდელი კეთილსინდისიერია და თუ დაშვებული აქვს რაიმე უზუსტობა ეს გამოწვეულია არ ცოდნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;

3. დღგ-ის ჩათვლილი თანხის შემცირება;

4. ფიზიკურ პირებისაგან მიღებული მომსახურების ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან;

5. არარეზიდენტ კომპანიაზე საქონლის შესაძენად გადასახდელი თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად განხილვა;

6. 2019 წელს ქონების გადასახადის (და მიმდინარე გადასახდელის) დარიცხვის მართლზომიერება;

7. 15.11.2019 წლის სავადო თარიღით დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადი;

8. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. კომპანიას საქონლის შესაძენად ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გადარიცხული აქვს თანხები, რომელზეც არ არის წარდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმების მიერ გაწეული ხარჯი, რომელზეც გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია, საგადასახადო კოდექსის დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო იმ პირებზე, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, გადარიცხული თანხის მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განხილვის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

2. კომპანია საქონლის რეალიზაციას ახდენს, როგორც საკუთარ მაღაზიაში, ასევე, აწვდის სხვადასხვა იურიდულ და ფიზიკურ პირებს. საწარმოს უფიქსირდება როგორც დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი, ასევე, დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. შემოწმების პროცესში დამუშავებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ასევე, დღგ-ისგან გათავისუფლებულ ბრუნვებს შორის. გამოვლენილი სხვაობით გაზრდილია საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. შემოწმებამ მოიცვა 2019 წლის 4 ოქტომბრიდან 2021 წლის 1 მაისამდე პერიოდები. შემოწმებით არ არის გათვალისწინებული ისეთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც გამოწერილია დაგვიანებით ან არ იყო დადასტურებული შემოწმების პერიოდში. აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით ეს თანხები ექვემდებარება ჩათვლას, რაც შეამცირებს შემოწმებით დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობას. მომჩივნის მოთხოვნა გათვალისწინებულია შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით

4. შემოწმების მიერ დაბეგრილია ისეთ ფიზიკურ პირებზე განაცემები, რომელზეც კომპანიას არ ევალებოდა საშემოსავლო გადასახადის დაკავება/დეკლარირება. ასეთებია, გადახდები ნოტარიუსზე და ინდივიდუალურ მეწარმეებად რეგისტრირებულ პირებზე. მომჩივნის მოთხოვნა გათვალისწინებულია შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით

5. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ შემოწმების მიერ საკითხი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. არარეზიდენტისგან იმპორტით მიღებული საქონლის აუნაზღაურებელი ღირებულება ჩათვლილია ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად, რის მიზეზადაც საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ ვერ იქნა წარმოდგენილი შედარების აქტი მომწოდებელთან. მოცემულ შემთხვევაში მთავარია, რომ კომპანიიდან ფიზიკურ პირზე თანხა არ გაცემულა და არასწორადაა მოთხოვნილი თანხის მომწოდებელზე გადახდის დოკუმენტი ან შედარების აქტი. აღნიშნული პოზიცია და ამ მოტივით თანხის დარიცხვა ცალსახად არასწორია, რადგან არავითარი თანხა ფიზიკურ პირზე არ გაცემულა, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა და ვერც იარსებებდა. იმპორტული საქონლის მომწოდებლის მიმართ კრედიტორული დავალიანების რაიმე ფორმით ჩამოწერა არ წარმოადგენს იმის მტკიცებას, რომ ფიზიკურ პირზე თანხა გაიცა, პირიქით, კრედიტორის წინაშე დავალიანების ანაზღაურების უზრუნველყოფა იკისრა თავად ფიზიკურმა პირმა, კომპანიის დამფუძნებელმა. ნებისმიერ შემთხვევაში თუ არ აუნაზღაურდება მომწოდებელს დავალიანება, თუ მომწოდებელი აპატიებს და აღარ მოითხოვს ანაზღაურებას ან სხვა, მაინც არ არსებობს შემოწმებით განხორცელებული დაბეგვრის საფუძველი, რადგან არანაირი თანხის გაცემა ფიზიკურ პირზე არ განხორციელებულა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მომჩივნის მოთხოვნა გათვალისწინებულია შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით

6. მომჩივანი დარეგისტრირდა 2019 წლის 4 ოქტომბერს და 2019 წლის ქონების გადასახადი უნდა გადაეხადა კალენდარულ წელიწადში მისი არსებობის პერიოდიდან გამომდინარე მხოლოდ მეოთხედის ოდენობით. გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ შესასწორებელია მიმდინარე გადასახდელების დარიცხვაც. ი მომჩივნის მოთხოვნა გათვალისწინებულია შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით

7. გადასახადის გადამხდელი იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ კომპანია რეგისტრირებულია 2019 წლის 4 ოქტომბერს, არ ეთანხმება შემოწმებით 2019 წლის 15 ნოემბრის სავადო თარიღით დარიცხულ მიწაზე ქონების გადასახადს. მომჩივნის მოთხოვნა გათვალისწინებულია შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით

8. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ყველა ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3 „ზ“); 101(1); 102(1„ა“); 154(1„ა“); 159; 163(1); 164(1); 172; 174(1„ა“); 202(1); 203(1); 275;

(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)