გადაწყვეტილება №25028/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.06.2025
№ დოკუმენტი 25028/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25028/2/2025

06 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 7.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25028/2/2025).

 

დავის საგანი:

1. დირექტორებზე გაცემული სესხის უპროცენტო სესხად განხილვა;

2. დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილს შორის სხვაობის დღგით დაბეგვრა;

3. უძრავი ქონების მიწოდებამდე ანაზღაურებული თანხის დღგ-ით დაბეგვრა და დადგენილი შემოსავალის დირექტორებზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

4. შპს „-------“ გადახდილად ნაჩვენები თანხის და შპს „-------“ მიწოდებული საქონლის/მომსახურების თანხის დირექტორებზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №081-260 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 მარტის №4631 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 3 658 749,55 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 2 033 023

დღგ - 514 740

მოგების გადასახადი - 417 309

საშემოსავლო გადასახადი - 1 100 974

ჯარიმა - 1 070 108

საურავი - 555 618,55

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ივნისის №15009 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანს საქმიანობის 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №27498 ბრძანება და ამავე თარიღის №081-260 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელიც 2025 წლის 18 მარტის №4631 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დირექტორებზე გაცემული სესხის უპროცენტო სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების და საწარმოში დანიშნული რეაბილიტაციის გუნდის მიერ წარმოდგენილი საწარმოს სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის პროგრამის მიხედვით დგინდება, რომ ფიზიკურ პირებზე (გენერალურ დირექტორზე და დირექტორზე) გაცემულია სესხი 2 954 770 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხიდან შესამოწმებელ პერიოდში გაცემულია 2 364 770 ლარი, ხოლო 590 000 ლარი გენერალურ დირექტორზე სესხის სახით გაცემულია 2020 წლის 31 დეკემბერს. აღნიშნული სესხის თანხა შესამოწმებელ პერიოდში უკან არ დაბრუნებულა, ხოლო სესხის გაცემის შემდეგ, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები კომპანიის მიერ არ არის შესრულებული. შესამოწმებელ პერიოდში, აღნიშნულ სესხებზე, კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებზე დაყრდნობით არ არის მისაღები სარგებელი დარიცხული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დირექტორებზე გაცემული სესხის თანხა, 2 364 770 ლარი (მოგების გადასახადის გარეშე), დაიბეგრა მოგების გადასახადით 15%-იანი განაკვეთით. მომჩივანი ასევე დაჯარიმდა 275-ე მუხლის შესაბამისად, მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის №34 ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად (წლიური საპროცენტო განაკვეთი 20%) გაანგარიშებულ იქნა გენერალური დირექტორის ------- და დირექტორის ------- მიერ მიღებული სარგებელი, რაც განხილულ იქნა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა დირექტორებზე გაცემული სესხის უპროცენტოდ გაცემულ სესხად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. განსახილველ შემთხვევაში, შემოწმების აქტში არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ შპს ,,-------“ იმყოფება რეაბილიტაციის პროცესში, რომლის შესაბამისადაც, მოვალე პირებს, მათ შორის დირექტორებს ევალებათ მიღებული თანხების შესაბამისი სარგებლით დაბრუნება. ასევე, შემოწმების აქტში არ არის მითითებული თუ შემოწმების პერიოდის კონკრეტულად რომელ თარიღში ხდება სესხის გაცემა და როგორ მოხდა დარიცხული გადასახადის გამოანგარიშება.

შესაბამისად, მიაჩნია, რომ საკითხი დამატებით შესასწავლად უნდა დაუბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს და დაევალოს კომპანიის წარმომადგენელთან ერთად განხილვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება, ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გენერალურ დირექტორზე და დირექტორზე გაცემული აქვს სესხი 2 364 770 ლარის ოდენობით. აღნიშნული სესხის თანხა შესამოწმებელ პერიოდში უკან არ დაბრუნებულა, ხოლო სესხის გაცემის შემდეგ, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები კომპანიის მიერ არ არის შესრულებული. აღნიშნულ სესხებზე, კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებზე დაყრდნობით არ არის მისაღები სარგებელი დარიცხული.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განხორციელებულ დარიცხვას, მაგრამ არ წარმოადგენს იმგვარ არგუმენტებს/დოკუმენტებს, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილს შორის სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ- ით დასაბეგრი 18%-იანი ბრუნვა დეკლარირებული აქვს 7 255 373 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე, შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილ საწარმოს სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის პროგრამაზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებულ ინფორმაციასა და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 7 490 345 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილს შორის სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა. ამასთან, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შემოწმების აქტში არ არის მითითებული კონკრეტული გარემოებები ან ოპერაციები, რომლებიც საფუძვლად ედება აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ შეფასებას. გაუგებარია თუ საიდან დაადგინა საგადასახადო აუდიტმა სხვაობა. იმ შემთხვევაში თუ სხვაობის მიზეზს წარმოადგენს საჯარო რეესტრში გადაფორმებული ბინების დღგ-ით სრულად დაბეგვრა, არასწორია, რადგან განსახილველ შემთხვევაში საკითხი ეხება მშენებარე უძრავი ქონებების გადაცემას, რასთან დაკავშირებითაც საგადასახადო კოდექსის 163-ე და 160-ე მუხლებით დადგენილია, რომ თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში მშენებარე ობიექტზე დარეგისტრირდა, ამ ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით მისი მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად განიხილება; სსკ-ის გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.

შესაბამისად, ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვა ექვემდებარება გაუქმებას არა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დარიცხვის საფუძველი ზემოთ მითითებული გარემოებაა, არამედ იმის გამო, რომ შემოწმების აქტი ამ ნაწილში სრულიად დაუსაბუთებელია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შემოწმების აქტში არ არის მითითებული კონკრეტული გარემოებები ან ოპერაციები, რომლებიც საფუძვლად ედება აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ შეფასებას.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 5.05.2025 წლის №36445-21-14 წერილი, სადაც აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ შემოწმების მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე (დღგ-ის დეკლარაციები, ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილ საწარმოს სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის პროგრამაზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებულ ინფორმაციებზე და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 7 490 345 ლარს. კერძოდ, საწარმოს სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის პროგრამაში, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის ბრუნვა (1410/3120 ანგარიშებიდან) უფიქსირდება 7 490 345 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმების მიმდინარეობისას ინფორმაცია ჰქონდა საწარმოს უფლებამოსილ წარმომადგენელს. საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ ბინების შემსყიდველი ფიზიკური პირები კომპანიას სისტემატიურად ურიცხავენ ბინის ღირებულებას საბანკო ანგარიშზე. კომპანიას აღნიშნული თანხები აღრიცხული აქვს პროგრამაში, მაგრამ დღგ-ის დეკლარაციაში ნაჩვენები არ აქვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილს შორის სხვაობის, 234 972 ლარის დღგ-ით დაბეგვრა მართებულია, არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. უძრავი ქონების მიწოდებამდე ანაზღაურებული თანხის დღგ-ით დაბეგვრა და დადგენილი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

საწარმოს ფიზიკურ პირებთან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის და ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ტიპის ხელშეკრულებების (შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ფართები არ არის გამოსყიდული) საფუძველზე რეალიზებული აქვს „ბ“ ბლოკის ფართები. ხელშეკრულებების შინაარსით დგინდება, რომ მყიდველებს თანხა გადახდილი აქვთ ნაღდი ანგარიშსწორებით ხელშეკრულების გაფორმების თარიღებში. რეალიზებული ფართების ღირებულება შეადგენს 2 624 695 ლარს (დღგ-ის გარეშე), აღნიშნული ბინების რეალიზაცია არ არის ასახული სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის პროგრამაში და საწარმოს აღნიშნულ რეალიზაციებზე არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგენილი საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე ანაზღაურებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით.

ამასთან, საწარმოს მიღებული თანხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ასევე, არ დასტურდება აღნიშნული თანხის სალაროში არსებობის ფაქტი. დამატებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა დირექტორების მიერ შესაბამის პერიოდებში ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანი ასევე დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს, რომ უძრავი ქონების მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე ანაზღაურებული თანხა მართლზომიერად დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, მართლზომიერად ჩაითვალა შემოწმებით დამატებით დადგენილი შემოსავალი დირექტორების მიერ შესაბამის პერიოდებში ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის რეაბილიტაციის რეჟიმში ყოფნის პერიოდში მოხდა კომპანიის ოპერაციების შესწავლა გადახდისუუნარობის მასის სწორად დადგენის მიზნით, რის შედეგადაც გამოიკვეთა სადავო ხელშეკრულებების ბათილობის და ასევე კომპანიის დირექტორების (------- და -------) მიერ კომპანიის ქონების (სადავო თანხის) მითვისების ნიშნები. შესაბამისად, კომპანიამ (წარმოდგენილი წინა რეაბილიტაციის მმართველის, თინათინ შუღაროვას მიერ) სასამართლოში გაასაჩივრა კომპანიასა და ფიზიკურ პირებს შორის გაფორმებული სადავო ხელშეკრულებები უძრავი ქონების ნასყიდობის (გამოსყიდვის უფლებით) თაობაზე, მოითხოვა ამ ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და ქონებებზე საკუთრების უფლების კომპანიის სახელზე აღრიცხვა. სასარჩელო განცხადებების სიმრავლის გამო (50-ზე მეტი სარჩელია წარდგენილი) დანართის სახით წარმოადგენს ერთ-ერთ სარჩელს. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში მზად არის შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ყველა სასარჩელო განცხადება.

კომპანიამ ასევე განცხადებით მიმართა ------- პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება საქმის გარემოებების შესწავლისა და შპს „-------“ დაკავშირებული პირის/პირების, დირექტორების ------- (-------) და ------- (-------) ქმედებების სამართლებრივი შეფასების მიზნით, რადგან მათ ქმედებებში არის სისხლის სამართლის კოდექსის, ეკონომიკური დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაულის / დანაშაულებების ნიშნები. კერძოდ, განცხადებაში აღინიშნა, რომ პირადად დირექტორების მიერ შესაძლოა მითვისებული იყოს კომპანიის კუთვნილი თანხები.

აღნიშნული გარემოებებიდან დასტურდება, რომ შემოწმების აქტში მითითებული თანხა არ შეიძლება ჩაითვალოს დირექტორების მიერ მიღებულ ხელფასად და ასევე ამ ეტაპზე არასწორი იქნება მიჩნეული იქნას, რომ კომპანიის მიერ განხორციელებულია სადავო ხელშეკრულებებით ბინების რეალიზაცია. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება, რომ ეს თანხები არ არის გადახდილი ან ადგილი არ ჰქონია ნასყიდობას (მოჩვენებითი გარიგებაა), სასამართლოს წესით მოხდება სადავო ხელშეკრულებების ბათილად ცნობა რაც თავისთავად გამორიცხავს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის არსებობას, ხოლო თუ გამოძიებით დადგინდება დირექტორების მიერ სადავო თანხების მიღება, მათ დაევალებათ კომპანიისგან მითვისებული თანხების დაბრუნება, რაც ცხადია ადასტურებს, რომ სახეზე არ არის ხელფასის გაცემა. ამდენად, ამ ნაწილში შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვა დაუსაბუთებელია და ექვემდებარება გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საწარმოს ფიზიკურ პირებთან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის და ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებების საფუძველზე რეალიზებული აქვს ფართები. მყიდველებს თანხა გადახდილი აქვთ ნაღდი ანგარიშსწორებით ხელშეკრულების გაფორმების თარიღებში. გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ბინების რეალიზაცია არ არის ასახული სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის პროგრამაში და საწარმოს აღნიშნულ რეალიზაციებზე არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული იყო ორი ტიპის ხელშეკრულებები, ყიდვა გამოსყიდვის უფლებით და ნასყიდობის ხელშეკრულებები. ამასთან, ხელშეკრულებები, რომელიც შემოწმებით რეალიზებულად ჩაითვალა (საჯარო რეესტრშიც იყო გადაფორმებული ამ ხელშეკრულებების საფუძველზე (ბ კორპუსის ბინები)) დაიბეგრა დღგ-ით და ასევე ჩაითვალა დირექტორზე მიღებულ ხელფასად. შემოწმების მიმდინარეობისას არ იყო წარმოდგენილი არცერთი სასამართლო გადაწყვეტილება ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე. ამასთან არცერთი ბინა იყო გამოსყიდული.

მომჩივნის წარმომადგენელმა, საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, დააზუსტა, რომ გამოსყიდვის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, ამასთან არსებობს სასამართლოს 2 გადაწყვეტილება, სადაც ჩაითვალა, რომ კომპანიას ეს ბინები არ გაუსხვისებია და ბათილად იქნა ცნობილი. აღნიშნული გადაწყვეტილებები გასაჩივრებულია შემდეგომ ეტაპზე.

საქმეზე წარმოდგენილი ინფორმაციის, მხარეთა მიერ ზეპირ განხილვაზე გაკეთებული განმარტებების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჩივრის განხილვის ეტაპზე არ არსებობს სასამრთლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მომჩივნის მიერ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ან ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ტიპის ხელშეკრულებების ბათილობასთან დაკავშირებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია კანონშესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. შპს „-------“ გადახდილად ნაჩვენები თანხის და შპს „-------“ მიწოდებული საქონლის/მომსახურების თანხის დირექტორებზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

საწარმოს დირექტორს შესამოწმებელ პერიოდში საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით შპს „-------“ (ს/ნ -------) გადახდილად აქვს ნაჩვენები 779 181 ლარი, შესაბამისად, აღნიშნული თანხით შემცირდა საწარმოს სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი.

მხარეებიდან მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შპს „-------“ (ს/ნ -------) მიმართ კომპანიას გააჩნია დავალიანება 901 733 ლარი, ხოლო 779 181 ლარიდან 188 921 ლარი არ არის გადახდილი. შემოწმების მიმდინარეობისას აღნიშნული თანხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის წარდგენილი, ასევე არ დასტურდება აღნიშნული თანხის სალაროში არსებობის ფაქტი.

შესაბამისად, 188 921 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორის მიერ შესაბამის პერიოდებში ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საწარმოს არ აქვს აღრიცხული შპს „-------“ (ს/ნ -------) მიწოდებული საქონლის/მომსახურების შესაბამისი შემოსავალი 16 786 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). აღნიშნული თანხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი, ასევე არ დასტურდება აღნიშნული თანხის სალაროში არსებობის ფაქტი. შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორების მიერ შესაბამის პერიოდებში ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საწარმოს ასევე შეეფარდა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, მართლზომიერად იქნა განხილული შპს „-------“ (ს/ნ -------) გადახდილად ნაჩვენები 188 921 ლარის და ასევე შპს „-------“ მიწოდებული საქონლის/მომსახურების თანხის დირექტორების მიერ შესაბამის პერიოდებში ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიისთვის არ არის მიწოდებული რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება აქტში მითითებული გარემოებების სისწორე. შესაბამისად, მიაჩნია, რომ შემოწმების აქტის მე-6 და მე-7 საკითხების ნაწილში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საკითხების შესწავლა კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობით. ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 15.11.2024 წლის განჩინების შესაბამისად, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება გააჩნია რეაბილიტაციის მმართველს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

დადგენილია, რომ გადამხდელს არ აქვს აღრიცხული შპს „-------“ მიწოდებული საქონლის/მომსახურების შესაბამისი შემოსავალი. აღნიშნული დასტურდება გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით და ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთან, შპს „-------“ (ს/ნ -------) გადახდილად ნაჩვენები აქვს 779 181 ლარი. მესამე მხარეებიდან მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შპს „-------“ (ს/ნ -------) კომპანიას გააჩნია დავალიანება 901 733 ლარი, ხოლო 779 181 ლარიდან 188 921 ლარი არ არის გადახდილი.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელს პროგრამაში ნაჩვენები/აღრიცხული ჰქონდა მესამე მხარესთან გადახდილი კრედიტორული დავალიანება, (ერთ-ერთ დირექტორს, კერძოდ ------- უნდა ჰქონოდა გადახდილი აღნიშნული თანხა), თუმცა როდესაც შემმოწმებელმა გამოითხოვა ინფორმაცია, აღნიშნული თანხის გადახდა არ დადასტურდა, შესაბამისად ჩაითვალა ხელფასად.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განხორციელებულ დარიცხვას, მაგრამ არ წარმოადგენს იმგვარ არგუმენტებს/დოკუმენტებს, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. დირექტორებზე გაცემული სესხის უპროცენტო სესხად განხილვა;

2. დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილს შორის სხვაობის დღგით დაბეგვრა;

3. უძრავი ქონების მიწოდებამდე ანაზღაურებული თანხის დღგ-ით დაბეგვრა და დადგენილი შემოსავალის დირექტორებზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

4. გადახდილად ნაჩვენები თანხების მიწოდებული საქონლის/მომსახურების თანხის დირექტორებზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გენერალურ დირექტორზე და დირექტორზე გაცემული აქვს სესხი. აღნიშნული სესხის თანხა შესამოწმებელ პერიოდში უკან არ დაბრუნებულა, ხოლო სესხის გაცემის შემდეგ, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები კომპანიის მიერ არ არის შესრულებული. დირექტორებზე გაცემული სესხის თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით.

2. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგით დასაბეგრი 18%-იანი ბრუნვა განსხვავდება შემოწმების მიერ დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისგან. შემოწმებით დადგენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით.

3. საწარმოს ფიზიკურ პირებთან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის და ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ტიპის ხელშეკრულებების საფუძველზე რეალიზებული აქვს ფართები. ხელშეკრულებების შინაარსით დგინდება, რომ მყიდველებს თანხა გადახდილი აქვთ ნაღდი ანგარიშსწორებით ხელშეკრულების გაფორმების თარიღებში. აღნიშნული ბინების რეალიზაცია არ არის ასახული სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის პროგრამაში და საწარმოს აღნიშნულ რეალიზაციებზე არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმებით დადგენილი საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე ანაზღაურებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით.

ამასთან, საწარმოს მიღებული თანხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ასევე, არ დასტურდება აღნიშნული თანხის სალაროში არსებობის ფაქტი. დამატებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა დირექტორების მიერ შესაბამის პერიოდებში ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

4. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით უფიქსირდება გადახდილი თანხა. აღნიშნული თანხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის წარდგენილი, ასევე არ დასტურდება აღნიშნული თანხის სალაროში არსებობის ფაქტი. აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორების მიერ შესაბამის პერიოდებში ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 982(3-ზ); 101; 154; 159; 163;